,,საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-208 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-156
სარეგისტრაციო კოდი
340.090.000.22.032.009.092
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 109, 16/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.190.000.22.032.009.092

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-156

2006 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-208 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-208 ბრძანებაში (სსმ III, 16.09.2005, №109, მუხ. 1207) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმა №1–ა და ფორმა №2–ა დამტკიცდეს ახალი თანდართული რედაქციით;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმა №1–ა და ფორმა №2–ა-ს გაცემის წესი ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსმა (ლ. ორკოშნელი) „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს მ. დეკანოიძეს.

4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი


 

საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქციის გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების გაცემის წესი

    მუხლი 1

1. წინამდებარე წესი შემუშავებულია ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. ამ წესის მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ვეტერინარი სპეციალისტებისათვის.

    მუხლი 2

1. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, სხვა ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთების გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ ვეტერინარული მოწმობების ფორმა №1-ა და №2-ა თანხლებით, რომელთაც გასცემენ სურსათის უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საქალაქო და რაიონული სამმართველოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურების ვეტერინარი სპეციალისტები. ვეტერინარულ მოწმობაზე მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს გამცემი სამსახურის ვეტერინარი სპეციალისტის ხელმოწერა და სამსახურის ბეჭდის ანაბეჭდი, რომლითაც მოწმდება ვეტერინარული მოწმობა.

2. ვეტერინარული მოწმობა ფორმა №1-ა იბეჭდება ცენტარალიზებულად სტამბური წესით, დანომრილია, დატანილია წითელი ფერის ორნამენტები, რომლებიც ქმნიან საერთო წითელ ფონს, ივსება ქართულ ენაზე და გაიცემა: ყველა სახის შინაურ ცხოველებზე, მათ შორის ფრინველზე, ბეწვიან ცხოველებზე, ლაბორატორიულ ზოოპარკისა და ზღვის ცხოველებზე, ფუტკარზე, ცოცხალ თევზზე და სხვა ჰიდრობიონტებზე, ცხოველების ემბრიონებზე და სპერმაზე, განაყოფიერებულ ქვირითზე, საინკუბაციო კვერცხზე.

3. ვეტერინარული ფორმა №2-ა იბეჭდება ცენტრალიზებულად სტამბური წესით, დანომრილია, მასზე დატანილია ცისფერი ორნამენტები ბადის სახით, რომელიც ქმნის საერთო ცისფერ ფონს, ივსება ქართულ ენაზე და გაიცემა: ხორცზე (ტანხორცები, ნახევარფაბრიკატები, მეოთხედები, ხორცის ბლოკები, მიღებული ყველა სახის შინაური და გარეული ცხოველისაგან, ნახევარტანხორცები), სუბპროდუქტებზე შპიკზე, ნედლ და გადამდნარ ცხიმზე, გამშრალ და დაკონსერვებულ სისხლზე, ხორცპროდუქტებზე (უმად შებოლილი, გამოყვანილი, დამარილებული, მოხარშული, მოხარშულ-შებოლილი, ნახევრად შებოლილი ძეხვეულის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები), ხორცის კონსერვებზე, საკვებ ალბუმინსა და ჟელატინზე; რძესა და რძის პროდუქტებზე (უმი რძე და ნაღები, მშრალი რძის პროდუქტები, კაზეინი, ყველი, ცხოველური კარაქი, რძის კონსერვები); თევზზე (ახალი, გაგრილებული, გაყინული, დამარილებული, შებოლილი, გამოყვანილი); სასურსათო კვერცხზე, მეფუტკრეობის პროდუქტებზე; მეცხოველეობის ნედლეულზე (ტყავი, მატყლი, ბეწვი, ფრთა-ბუმბული, ენდოკრინული და ნაწლავის ნედლეული, სისხლი, ძვალი, სხვა სახის ნედლეული – არასასურსათო სუბპროდუქტები, რქა – ჩლიქის ნედლეული, ჯაგარი, ანავარცხნი, ტყავის ჩამონაჭერი, ტექნიკური ალბუმინი; კაზეინი და ჟელატინი; ნაღველი; ნედლეული ბიოლოგიური მრეწველობისათვის; ნანადირევი ტროფეები); ცხოველთა საკვებზე (ცხოველური წარმოშობის საკვები; პრემიქსები, საკვებდანამატები, საკვები დანიშნულების მიკრობიოლოგიური სინთეზის პროდუქტები, სხვა საკვები, მათ შორის მცენარეული წარმოშობის); საკვები მიზნით გამოსაყენებელ ფრინველის სკინტლზე (ნაკელზე).

4. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ვეტერინარული მოწმობების ფორმა №1-ა და ფორმა №2-ა იბეჭდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დაკვეთით და გაიცემა რაიონულ და საქალაქო სამმართველოებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებზე მკაცრი საბუღალტრო აღრიცხვით. ისინი ივსება ორ ეგზემპლარად. შევსებული მეორე პირები (ყუები) სამი წლის განმავლობაში ინახება საქალაქო და რაიონის სამმართველოებში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებში.

5. სხვადასხვა მელნით, სხვადასხვა ხელით, შესწორებებით, გაურკვევლად, უბეჭდოდ, ხელმოუწერლად, თანამდებობის სრული დასახელების გარეშე შევსებული ვეტერინარული მოწმობები ითვლება არასრულყოფილად და ანულირდება.

6. კონტროლს ვეტერინარული მოწმობების ფორმა №1-ა და ფორმა №2-ა აღრიცხვასა და სწორად გაცემაზე აწესებს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური.