გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/20547-25
საქმე №330211925011715415
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა
და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
2025 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ზვიად ესებუა
განმცხადებელი – შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალი“ (ს/ნ: 400115362)
წარმომადგენელი – გიორგი ეპიტაშვილი
მოთხოვნა – გაკოტრების რეჟიმის გახსნა
განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2025 წლის 24 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის“ წარმომადგენელმა გიორგი ეპიტაშვილმა შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით.
განმცხადებელმა მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოადგინა შემდეგი არგუმენტაცია: შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალი“ ახორციელებდა სამედიცინო-სამკურნალო საქმიანობას სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. 2023 წელს კოვიდპანდემიის დასრულების შემდეგ კომპანიას შეექმნა მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები, რამაც განაპირობა კლინიკის ფინანსური რეორგანიზაციის აუცილებლობა. მკვეთრად შემცირდა პაციენტთა რაოდენობა, მიღებული შემოსავალი ვერ უზრუნველყოფდა კლინიკის მინიმალურ მოთხოვნილებებს; დაგროვდა ფინანსური ვალდებულებები მიმწოდებლებთან, კლინიკის პერსონალის და დამფუძნებელი პარტნიორების მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ივლისს მიღებული განჩინებით შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალს“ შეუჩერდა საქმიანობა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიის მთლიანი ვალდებულებები აღემატება კომპანიის მთლიან აქტივების ჯამს. კერძო სამართლის იურიდიული პირების მიმართ დავალიანება შეადგენს 4 013 414.68 ლარს და 183 292 აშშ დოლარს; ფიზიკური პირების მიმართ – 647 755.48 ლარს; საგადასახადო ვალდებულება – 95 012.87 ლარს, საპენსიო ფონდის მიმართ დავალიანება – 148 267.32 ლარს. აქტივების ჯამი შეადგენს 1 901 165.98 ლარს, კომპანიის მთლიანი ვადამოსილი ვალდებულებების ჯამი 2025 წლის 16 ივნისის მდგომარეობით მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს 279%-ით აღემატება; მოვალემ შეწყვიტა საქმიანობა და არ არსებობს მისი გაგრძელების ალბათობა; შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალი“ შეყვანილია მოვალეთა რეესტრში. შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის“ მიმართ 2023 წლის 25 ნოემბრიდან მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება. აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაწყებულია მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რითაც საფრთხე ემუქრება იმ კრედიტორთა მოთხოვნებს, რომლის თაობაზე არ არის დაწყებული იძულებით აღსრულება. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნარჩენი მატერიალური საშუალებების გამჭვირვალე და დაბალანსებული ლიკვიდურობის მეშვეობით სათანადო პროპორციის დაცვით კრედიტორული მოთხოვნების დაკმაყოფილების ყველაზე ოპტიმალური გზა არის გაკოტრების რეჟიმის გახსნა.
სასამართლოს 2025 წლის 30 ივლისის განჩინებით განმცხადებელს შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალს“ (ს/ნ: 400115362) განჩინებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა; აღნიშნული განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) გამოქყვეყნდა 2025 წლის 1 აგვისტოს.
2025 წლის 7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის“ წარმომადგენელმა (კანცელარიის რეგისტრაციის №740852).
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია ა) შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე“ ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოიცავს მის აქტივებს და ვალდებულებებს, მათ შორის სამომავლო და პირობით ვალდებულებებს (დანართი 1) და ინფორმაცია შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის“ ბალანსის შესახებ, მიმდინარე შემოსავლების და ხარჯების აღწერილობით (დანართი 2). შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის“ ბალანსში მითითებულია უარყოფითი მაჩვენებელი კომპანიის აქტივებსა და ვალდებულებებს შორის, რაც წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი კომპანიის გადახდისუუნარობის საქმეზე. ბ) შსს-ს მომსახურებს სააგენტოს ცნობა მოვალის საკუთრებაში სატრანსპორტო საშუალებების არ ქონის თაობაზე (დანართი 6); გ) შემოსავლების სამსახურის ცნობა საბანკო დაწესებულებების შესახებ, სადაც მოვალე კომპანიას გახსნილი აქვს საბანკო ანგარიშები (დანართი 7); დ) თითოეული იმ საბანკო დაწესებულებიდან ცნობები, სადაც მითითებულია საბანკო დაწესებულებაში არსებული ანგარიშებისა და მათზე არსებული ფულადი თანხების ნაშთების შესახებ ინფორმაცია; ე) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის“ წილობრივი მონაწილეობის შესახებ, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ მოვალე კომპანის არ გააჩნია წილები და არ არის რეგისტრირებული პარტნიორად სხვა კომპანიებში (დანართი 15). განმცხადებლის მითითებით დებიტორული მოთხოვნები მოვალეს გააჩნია სსიპ – ჯანმრთეობის ეროვნული სააგენოს ს/ნ 200294510 მიმართ (დანართი 16). მოვალე კომპანია აღარ განახორციელებს სამედიცინო სფეროში შესაბამის საქმიანობას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით (დანართი ძირითად განცხადებაზე 9), ხოლო რაც შეეხება ლიზინგის ხელშეკრულებას, რომელიც სს „თიბისი ლიზინგთან“ იყო გაფორმებული და რეგისტრირებული საჯარო რეესტრში – შეწყვეტილია სს „თიბისი ლიზინგის“ მხირდან მისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც დასტურდება შესაბამისი 06.08.2025 წლის №3368/25 წერილით (დანართი №17), თუმცა სს „თიბისი ლიზინგის“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. შესაბამისად, ამ ხელშეკრულების თაობაზე ჩანაწერი, ფორმალურად კვლავ საჯარო რეესტრის სააღრიცხო მონაცემებში დარჩენილია. განმცხადებლის მითითებით გაკოტრების რეჟიმის გახნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯებს, რასაც გადახდისუუნარობის მასის საერთო ღირებულება განაპირობებს (დანართი 1, დანართი 4, დანართი 9 და დანართი 12). განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია მინდობილობა, რაც ადასტურებს გიორგი ეპიტაშვილის სათანადო უფლებამოსილებას (დანართი 19).
სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს და მიიჩნია, რომ შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის“ განცხადება დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი, შემდეგ გარემოებათა გამო:
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება იწყება რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება განხორციელდეს ა) რეაბილიტაციის რეჟიმით; ბ) გაკოტრების რეჟიმით.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის“ განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის შესაბამისადაც, იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი და მის მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 47-ე, 50-ე, 55-ე, 99-ე, მე-100 მუხლებით; ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოვალე შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის“ (ს/ნ 400115362) განცხადება დასაშვებად იქნეს ცნობილი.
2. შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის“ (ს/ნ 400115362) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.
3. შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის“ (ს/ნ 400115362) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – დავით ბასილაია (პ/ნ 19001010474, ტელ. 593529495; მისამართი: ქ. თბილისი, მირიანაშვილის XIII, ჩიხი №24; davitbasilaia@yahoo.com), რომელიც შერჩეულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 74-ე მუხლის საფუძველზე.
4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:
ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;
ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;
გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;
ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;
თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;
ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
5. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე, მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი, ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ, ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას.
6. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, ვალდებულია, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან – 15 დღის ვადაში, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.
7. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში.“
8. გაკოტრების მმართველი ვალდებულია, მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.
9. გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.
10. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;
ბ) აწარმოოს დავები;
გ) განახორციელოს შეცილება;
დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;
ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების, შესრულება;
ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;
ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;
თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
11. გაკოტრების მმართველი ვალდებულია, მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
12. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით, მოიწვიონ კრედიტორთა კრება.
13. განჩინება, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე; ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).
14. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძ ლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე ზვიად ესებუა