პუბლიკაციის თარიღი 22.08.2025
მოქმედების პერიოდი 22.08.2025 — 18.09.2025
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2025 წლის 21 აგვისტო
დაბა ლენტეხი
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ლენტეხის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 სექტემბრის №16 (www.matsne.gov.ge, 010250050.35.115.016228, 25/09/2017 წ.) დადგენილება
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი
დანართი №1
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია საქართველოს კონსტიტუციისა და ,,ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, ამ დებულების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗.
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო
საბჭო არის მუნიციპალიტეტის სათათბირო საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
მუხლი 3🔗.
საბჭოს ძირითადი ამოცანები
საბჭოს ამოცანებია:
ა) თემატური მოკვლევის საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევების შესწავლა, კონკრეტული რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის შესაბამის პროგრამებსა და ბიუჯეტში ასახვის მიზნით;
ბ) არსებული მუნიციპალური, სახელმწიფო პროგრმებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი კამპანიების წარმოება;
გ) საბჭოს საქმიანობის მიზნებისთვის სტატისტიკური მონაცემების დამუშავება სქესის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაცემების გათვალისწინებით;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული აქტივობების (საუკეთესო პრაქტიკის) შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, მათ შორის სოციალურ მედიაში;
ე) ქალებისა და ბავშვების უფლებების შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო სესიების ჩატარება სკოლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ახალგაზრდულ სივრცეებში;
ვ) განიხილოს ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს რეკომენდაციები;
ზ) უფლება აქვს გამოითხოვოს ქალთა და ბავშთა საკითხების შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი შემთხვევებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე სპეციალისტები ან/და ექსპერტები;
ი) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლის და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;
კ) ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ლ) დაიცვას საბჭოს მიერ მუშაობის პროცესში მოპოვებული პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაცია;
მ) საკრებულოს წარუდგინოს საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტები;
ნ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი;
ო) წელიწადში ერთხელ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში ქალთა და ბავშვთა სოციალური და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 4🔗.
საბჭოს სტრუქტურა და ფორმირება
1. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე ან/და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს სხვა წევრები და საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, მერიის შემდგომში (მერია) სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები (არაუმეტეს 5 წარმომადგენელისა) და მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.
საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში, ასევე შეიძლება შედიოდნენ: ბიზნეს სექტორის, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები. საბჭოს შემადგელობა განისაზღვრება არანაკლებ 20 წევრით. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და სხვა წევრებისაგან. მის შემადგენლობას შესაბამისი ბრძანებით ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) საბჭოს წევრის მიერ საბჭოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3-ჯერ გამოუცხადებლობა;
გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
დ) საბჭოს წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ე) გარდაცვალება;
ვ) მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა უფლებამოსილების შეწყვეტა და საჯარო მოხელეთა გათავისუფლება.
მუხლი 5🔗.
საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. საბჭოს პირველ სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევს მოადგილეს და მდივანს.
2. საბჭოს ყოველ მორიგ სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში სხდომას იწვევს და უძღვება საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვის მიზნით შესაძლებელია მოწვეულ იქნეს საბჭოს რიგგარეშე სხდომა.
3. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს საბჭოს წევრებთან შეთანხმებით ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს, საბჭოს წევრს და დაინტერესებულ პირს საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
7. საბჭოს სხდომები და გადაწყვეტილებები ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე წევრები.
8. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საჯაროა და ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.
9. საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და წინადადებები ეგზავნება მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს და თანამდებობის პირებს შემდგომში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გათვალისწინების მიზნით.
მუხლი 6🔗.
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
მუხლი 7🔗.
საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.