ცალკეული სახეობის სამეწარმეო საქმიანობაზე ნებართვის გაცემის დროებითი წესის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №322
1992 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
ცალკეული სახეობის სამეწარმეო საქმიანობაზე ნებართვის გაცემის დროებითი წესის შესახებ
„სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. ნება დაერთოთ საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებს მისცენ უფლება შემდეგი სახის სამეწარმეო საქმიანობაზე:
– საქართვლოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის გეოლოგიის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტმა და საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტრომ – შესაბამისად წიაღისეულის მოპოვებასა და დამუშავებაზე, ძვირფასი ლითონებისაგან ნაკეთობათა წარმოებაზე;
– საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპორტული, სანადირო და სხვა სახის იარაღის შეკეთებაზე;
– საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ მედიკამენტების წარმოებასა და რეალიზაციაზე, სამედიცინო პრაქტიკაზე;
– საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის ინფორმაციის სამინისტრომ – შესაბამისად უმავთულო კავშირგაბმულობით მომსახურებასა და ტელერადიოარხების შექმნაზე, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ – იურიდიულ პრაქტიკაზე, საგამოძიებო, საადვოკატო და დაცვით საქმიანობაზე;
– საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტრომ – შრომითი მოწყობის კერძო დაწესებულებათა შექმნაზე;
– საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ – სასწავლო დაწესებულებათა შექმნაზე;
– საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ – კინო და ვიდეოფილმების წარმოებაზე;
– საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ – სალომბარდო მომსახურებაზე, გასართობი და აზარტული თამაშობათა ორგანიზაციაზე;
– საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ – ვეტერინარული პრაქტიკისა და შხამქიმიკატების წარმოებაზე;
ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს წარმოებასა და რეალიზაციაზე გაუქმდეს ლიცენზირების წესი, ხოლო პროდუქციის უსაფრთხოებასა და მოსახმარებლად ვარგისიანობაზე კონტროლი განხორციელდეს დადგენილი წესის თანახმად.
2. ნებართვა (ლიცენზია) მედიკამენტებისა და შხამქიმიკატების წარმოებაზე, სამედიცინო და ვეტერინარულ პრაქტიკაზე, იურიდიულ პრაქტიკაზე, საგამოძიებო, საადვოკატო და დაცვით საქმიანობაზე მიეცემა ინდივიდუალურ მეწარმეს (საწარმოს), თუ მასში მომუშავე პირს (პირებთ, აქვთ შესაბამისი განათლება.
წიაღისეულის მოპოვებასა და დამუშავებაზე, უმავთულო კავშირგაბმულობით მომსახურებაზე ნებართვა (ლიცენზია) ტელერადიოარხების შექმნაზე მიეცემა იმ ინდივიდუალურ მეწარმეს ან საწარმოს, რომელიც წარადგენს წარმოების ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.
სხვა დანარჩენი საქმიანობის განსახორციელებლად ნებართვა (ლიცენზია) მიეცემა ყველა ინდივიდუალურ მეწარმეს და საწარმოს, რომელსაც კანონმდებლობით უფლება აქვს განახორციელოს ეს საქმიანობა.
3. ნებართვის (ლიცენზიის) მიღებისათვის მეწარმე მიმართავს შესაბამის ორგანოს წერილობითი განცხადებით. ნებართვა გაიცემა შესაბამისი საბუთების სრულად წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში, ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ შემუშავებული ფორმით.
უარი ლიცენზიის გაცემაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ლიცენზიის მოქმედების ვადა ინდივიდუალური მეწარმისათვის არის 2 წელი, საწარმოსათვის – 5 წელი.
4. ლიცენზიის მიღებისათვის ინდივიდუალური მეწარმე იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს, 500 მანეთს, ხოლო საწარმო – 1000 მანეთს. აღნიშნული თანხები ჩაირიცხება ლიცენზიის გამცემი ორგანოს სპეციალურ ანგარიშზე.
5. ლიცენზია შეიძლება ჩამოერთვას მის მფლობელს, თუ:
– იგი თავისი საქმიანობით არღვევს მოქალაქეთა და ორგანიზაციათა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს;
– თავისი საქმიანობით იგი საფრთხეს უქმნის მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ან თუ მან გამოიწვია საზოგადოებრივად საშიში შედეგი.
ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხს წყვეტს ლიცენზიის გამცემი ორგანო ლიცენზიის ჩამორთმევასთან დაკავშირებულ დავებს განიხილავს სასამართლო.
6. ეს დადგენილება გამოქვეყნდეს პრესაში.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ბერიძე
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტი