აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/311
2025 წლის 20 აგვისტო
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 4 ივლისის 14-1425185795 განცხადება – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თვითმმართველ ქალაქ ბათუმში მოსახლეობის რაოდენობისა და ურბანული განვითარების დინამიკის ზრდის ფონზე, დღის წესრიგში დადგა ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დამატებითი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობის საჭიროება. აღნიშნული მიმართულებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი ახორციელებს ახალი ქუჩების, მათ შორის, ქალაქ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელების (შეერთების) მშენებლობის პროექტს. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ოქტომბრის №გ-15.15232973 განკარგულებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოწონებულ იქნა ,,ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელების (შეერთების) მშენებლობის პროექტი.“
პროექტის განხორციელების შედეგად ქალაქის ამ კონკრეტულ დასახლებაში, კერძოდ: ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით და პირიქით გაუმჯობესდება ურბანული განვითარების პერსპექტივა, გატარდება სატრანსპორტო მოძრაობის ოპტიმიზაცია და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იქნება ორმხრივი, რაც გარკვეულწილად თავიდან აიცილებს გრიბოედოვი-ფარნავაზ მეფის კვეთასთან და ჯავახიშვილი-ფიროსმანის ქუჩების კვეთასთან ხელოვნურ საცობებს, ვინაიდან ახალი ქუჩის მონაკვეთი ორივე მიმართულებით უზრუნველყოფს სატრანსპორტო ნაკადების თავისუფლად გატარებას. ასევე აღნიშნული ქუჩის მონაკვეთზე შესაძლებელი იქნება სამგზავრო სატრანსპორტო მარშრუტების გადანაწილება, რაც მოქალაქეებს გაუმარტივებს გადაადგილების სისწრაფეს. ახალი ქუჩის მონაკვეთი ასევე გაამარტივებს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მარტივად და შეუფერხებლად მოხვედრას, ვინაიდან აღნიშნულ დასახლებაში განთავსებულია ორი საჯარო და ერთი კერძო სკოლა. გამარტივდება და გაადვილდება სასწრაფო სამედიცინო, სახანძრო-სამაშველო და პოლიციის სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებისათვის გადაადგილება.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს, რომ ახალი ქუჩის მოწყობა შეესაბამება ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიას, რაც საბოლოო ჯამში გულისხმობს ქალაქისთვის თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტიან სატრანსპორტო სისტემას. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია შემდგომ მისი მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქ ბათუმის სატრანსპორტო, ეკონომიკურ და ურბანულ განვითარებას.
პროექტის განხორციელების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი „ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ (ს/ნ 445532308) მიერ დადებული 2024 წლის 6 აგვისტოს №71 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილ იქნა გზის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია, ხოლო „ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ (ს/ნ 445532308) მიერ დადებული 2025 წლის 5 თებერვლის №29 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით შეძენილია სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის, ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის და ფიროსმანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობის სამუშაოები.
განმცხადებელი მიუთითებს, რომ პროექტიდან გამომდინარე, სამი ერთეული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების) მესაკუთრეებთან მიღწეულია შეთანხმება და დასრულდა მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კომპენსაციის საკითხი, ხოლო მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ, სს ,,პოლიგრაფისტის“ (ს/ნ 245419177) საკუთრებაში არსებულ ქ. ბათუმში, გორგილაძის ქ. №91-ში მდებარე №05.23.12.034 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 585.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 300.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 135.37 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ხორციელდება ,,ქალაქ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელების (შეერთების) მშენებლობის პროექტი“.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. ბათუმში, გორგილაძის ქ. №91-ში მდებარე №05.23.12.034 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 585.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობის (№1/1-საერთო ფართი 135.37კვ.მ) მესაკუთრეა სს ,,პოლიგრაფისტი“ (ს/ნ 245419177).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა სს ,,პოლიგრაფისტის“ (ს/ნ 245419177) საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, გორგილაძის ქ. №91-ში მდებარე №05.23.12.034 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 585.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 300.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 135.37 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობა.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო უძრავი ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2025 წლის 14 აგვისტოს სხდომის ოქმის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ,,ქალაქ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელების (შეერთების) მშენებლობის პროექტი" ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას (ს/ნ 245576826) მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ სს ,,პოლიგრაფისტის“ (ს/ნ 245419177) საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, გორგილაძის ქ. №91-ში მდებარე №05.23.12.034 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 585.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 300.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 135.37 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობაზე.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ენუქიძე