ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება „ევგენი იოფე საქართველოს წინააღმდეგ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№21487/21
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/09/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეოთხე სექციის

განჩინება

საჩივარი №21487/21
ევგენი იოფე საქართველოს წინააღმდეგ

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია) 2025 წლის 4 თებერვალს, კომიტეტის სახით, შემდეგი შემადგენლობით:

          ტიმ ეიკ, თავმჯდომარე,
          ანა მარია გიერა მარტინს,
          ანდრას იაკობ, მოსამართლეები,
და სიმონ პეტროვსკი, განმწესრიგებლის მოადგილე,

გაითვალისწინა რა:

საჩივარი (№21487/21) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2021 წლის 15 აპრილს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოში შეიტანა საქართველოს მოქალაქემ, ბ.-ნმა ევგენი იოფემ (შემდგომში „მომჩივანი“), დაბადებული 1945 წელს, მცხოვრები თბილისში, რომელსაც წარმოადგენდა ბ-ნი მ. ჯახუა, ადვოკატი, რომელიც საქმიანობს თბილისში;

გადაწყვეტილება, ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ.-ნი ბ. ძამაშვილი, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული მომჩივნის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების სავარაუდო შეზღუდვასთან დაკავშირებული პრეტენზიების და საჩივრის დანარჩენი ნაწილის მიუღებლად ცნობის შესახებ;

მხარეთა მოსაზრებები;

2021 წლის 17 სექტემბრის წერილი მომჩივნის ადვოკატისგან, რომელიც ატყობინებდა სასამართლოს მომჩივნის გარდაცვალებისა და მისი მეუღლის სურვილის შესახებ, რომ გაეგრძელებინა საქმისწარმოება მომჩივნის საჩივართან დაკავშირებით;

ითათბირა რა, გადაწყვიტა შემდეგი:

საქმის არსი

1. საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს უარს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო მომჩივნის საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვაზე. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული მისი უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.

2. 2013 წლის 2 ივლისს მომჩივანმა, სააქციო საზოგადოება „TAM“-ის (თბილავიამშენის) ყოფილმა აქციონერმა, სხვა ყოფილ აქციონერებთან ერთად, წამოიწყო სამოქალაქო სამართალწარმოება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ. ისინი ითხოვდნენ ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რომლის თანახმადაც 2010 წელს აქციები გადაეცა სახელმწიფოს. 2017 წლის 26 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 2019 წლის 6 დეკემბერს აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.

3. 2020 წლის 17 იანვარს მომჩივანმა, სხვა მოსარჩელეებთან ერთად, შეიტანა საკასაციო საჩივარი. 2020 წლის 2 მარტს უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარს ჰქონდა პროცედურული ხარვეზები, სხვა მიზეზებს შორის, მომჩივნის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. მომჩივანს ეთხოვა 6000 ლარის (დაახლოებით 2000 ევრო) ოდენობის ბაჟის გადახდა მისთვის განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში.

4. 2020 წლის 23 მარტს მომჩივანმა მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება, მის ფინანსურ სირთულეებზე მითითებით. 2020 წლის 2 აპრილს უზენაესმა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან დაასკვნა, რომ მომჩივანთან მიმართებით მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო. მომჩივანს კიდევ 7 დღე მიეცა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

5. 2020 წლის 15 ივნისს მომჩივანმა კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება. მოთხოვნაზე მას ისევ ეთქვა უარი უზენაესი სასამართლოს მიერ 2020 წლის 25 ივნისს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანმა არ წარადგინა „უტყუარი მტკიცებულება“, რაც დაასაბუთებდა მის მოთხოვნას სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. სასამართლომ მომჩივანს კვლავ 7-დღიანი ვადა მისცა (განჩინების გამოტანიდან) ბაჟის გადახდისთვის. ზემოაღნიშნული განჩინების შესახებ მომჩივანმა შეიტყო 2020 წლის 4 აგვისტოს.

6. მიუხედავად ვადის გაგრძელებისა, მომჩივანმა არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი. შედეგად, 2020 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად დატოვა. აღნიშნული განჩინება, რომელიც იყო საბოლოო, მომჩივნის ადვოკატს ჩაბარდა 2020 წლის 16 ოქტომბერს .

7. მომჩივანი დაობდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული მისი უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, რადგან უზენაესმა სასამართლომ მისი სარჩელი განუხილველად დატოვა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის საფუძვლით.

სასამართლოს შეფასება

8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საბოლოო განჩინება, რომლითაც მომჩივანს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის 25 ივნისს გამოიტანა, და რომ მომჩივანს ამ განჩინების შესახებ ეცნობა 2020 წლის 4 აგვისტოს (იხ. პარაგრაფი 5 ზემოთ). შემდგომ შვიდდღიან პერიოდში, რომელიც უზენაესმა სასამართლომ მისცა მას შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, მომჩივანმა არაფერი მოიმოქმედა. მან არც ახალი მტკიცებულება წარადგინა მისი ფინანსური მდგომარეობის დასასაბუთებლად და არც სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა (იხ. პარაგრაფი 6 ზემოთ). მისი უმოქმედობის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ ხედავს, თუ რა მოლოდინი უნდა ჰქონოდა მომჩივანს, რომ შემდგომი სამართალწარმოების დროს (იხ. იქვე) ის მიიღებდა რაიმე კომპენსაციას იმის გამო, რომ მისი საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა (იხ. საქმე Olczak v. Poland, N30417/96, კომისიის 1998 წლის 8 ივლისის განჩინება, დაუზუსტებელი; საქმე „სიჭინავა საქართველოს წინააღმდეგ“ [კომიტეტი], N4496/11, §§22-23, 2023 წლის 15 ივნისი; და საქმე Kondakovs v. Latvia [კომიტეტი], N22677/11, § 25, 2016 წლის 12 იანვარი).

9. აქედან გამომდინარე, ეს საჩივარი, შეტანილი 2021 წლის 15 აპრილს, წარდგენილი იყო 6 თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მომჩივანს ეცნობა ძალაში შესული საბოლოო განჩინება სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით. სასამართლო, შესაბამისად, ასკვნის, რომ მომჩივნის საჩივარი, კონვენციის მე-6 მუხლის ფარგლებში, არ დაკმაყოფილდეს კონვენციის 35-ე მუხლის §§ 3 (a) და მე-4 პუნქტების საფუძველზე.

ამ მოტივით, სასამართლო ერთხმად

ცნობს საჩივარს მიუღებლად.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და შეტყობინება გაგზავნილია წერილობითი ფორმით 2025 წლის 6 მარტს.

                       

        სიმონ პეტროვსკი                                            ჟოლიენ შუკინგი
განმწესრიგებლის მოადგილე                                თავმჯდომარე