საქართველოს რესპუბლიკის წითელი წიგნის მეორე გამოცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №433 |
|
1992 წლის 17 აპრილი ქ. თბილისი |
საქართველოს წითელი წიგნის პირველმა გამოცემამ შექმნა საფუძვლიანი წინამძღვრები იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა განსაკუთრებული იურიდიული სტატუსის დასაბუთებისათვის. საქართველოს რესპუბლიკის წითელი წიგნის მეორე გამოცემაში შესატან ცხოველთა და მცენარეთა მდგომარეობიდან გამომდინარე მათ დასაცავად განსახორციელებელ ღონისძიებათა რიგითობის დიფერენცირებულად მიდგომის უზრუნველსაყოფად დაზუსტდა სტატუსის კატეგორიების შკალა და მათი შინაარსი დამუშავდა საერთაშორისო წითელი წიგნის შკალის შესაბამისად. გარდა ამისა, წითელი წიგნის მეორე გამოცემაში ცხოველთა სამყაროს დაემატა ფეხსახსრიანების, მოლუსკების, რგოლიანი ჭიების რიგი, რამაც განაპირობა წითელი წიგნის მეორე გამოცემაში შეტანილ ცხოველთა სამყაროს სახეობათა რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა.
საქართველოს რესპუბლიკის წითელი წიგნის მეორე გამოცემის უზრუნველსაყოფად საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. დამტკიცდეს „საქართველოს რესპუბლიკის წითელი წიგნის“ მეორე გამოცემის პირველ ტომში („ცხოველთა სამყარო“) შესატან იშვიათ და გადაშენების პირას მისულ გარეულ ცხოველთა სახეობების თანდართული ნუსხა.
2. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოს რესპუბლიკის წითელი წიგნის“ შესახებ.
3. დამტკიცდეს „საქართველოს რესპუბლიკის წითელ წიგნში“ შეტანილ რესპუბლიკის ტერიტორიაზე გავრცელებულ იშვიათ და გადაშენების პირას მისულ გარეულ ცხოველთა და მცენარეთა სახეობების მოპოვების (შეგროვების) თანდართული წესი.
4. დამტკიცდეს „საქართველოს რესპუბლიკის წითელი წიგნის“ მეორე გამოცემის პირველი ტომის („ცხოველთა სამყარო“) მთავარი სარედაქციო კოლეგია, დანართის თანახმად.
5. საქართველოს რესპუბლიკის ინფორმაციის სამინისტროს ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტმა უზრუნველყოს საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ მომზადებული „საქართველოს რესპუბლიკის წითელი წიგნის“ სამენოვანი (ქართულ-რუსულ-ინგლისური) გამოცემა.
6. საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტრომ და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ უზრუნველყონ საქართველოს რესპუბლიკის ინფორმაციის სამინისტროს ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტისათვის „საქართველოს რესპუბლიკის წითელი წიგნის“ მეორე გამოცემის პირველი ტომის მასალების დასრულებული სახით ჩაბარება 1992 წლის აპრილამდე, ხოლო მეორე ტომისა - 1993 წლის იანვრამდე.
7. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს რესპუბლიკის ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი გაანგარიშების საფუძველზე გამოუყოს მას შესაბამისი სახსრები „საქართველოს რესპუბლიკის წითელი წიგნის“ მეორე გამოცემასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი ო. ქვილითაია
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის
მოვალეობის შემსრულებელი ბ. ბერიძე
ნ უ ს ხ ა
„საქართველოს რესპუბლიკის „წითელ წიგნში“ შესატან იშვიათ და გადაშენების პირას მისულ ცხოველთა სახეობებისა
ძუძუმწოვრები
რიგი მწერიჭამიები
რადეს ბიგა
ფუღუ
მცირე კბილთეთრა
რიგი ხელფრთიანები
მეჰელის ცხვირნალა
ყურგრძელი მღამიობი
სამფეროვანი მღამიობი
გრძელფრთიანი ღამურა
გიგანტური ღამურა
მცირე მეღამურა
მაჩქათელა
რიგი მღრღნელები
ამიერკავკასიური ზაზუნა
რიგი მტაცებლები
კავკასიური წაულა
ჭრელტყავა
კავკასიური წავი
ზოლებიანი აფთარი
წინააზიური ჯიქი
ველის, ანუ ხალებიანი კატა
კავკასიური ფოცხვერი
რიგი ვეშაპისნაირები
შავი ზღვის აფალინა
რიგი წყვილჩლიქოსნები
ნიამორი
ჯეირანი, ანუ ქურციკი
კავკასიური ირემი
კავკასიური ჯიხვი
კავკასიური არჩვი
ფრინველები
I. რიგი ლაკლაკისნაირნი
დიდი ოყარი, ანუ დიდი თეთრი ყანჩა
პატარა ოყარი, ანუ პატარა თეთრი ყანჩა
იშხვარი, ანუ ყარყატი
ლაკლაკი
II. რიგი ბატისნაირნი
სისინა (წითელნისკარტა)
გედი
მყივანი (ყვითელნისკარტა)
გედი
III. რიგი შავარდნისნაირნი
შაკი
ევროპული ქორცქვიტა
თეთრკუდა არწივი, ანუ ფსოვი
ველის არწივი
ბეგობის არწივი
ჩია არწივი
მთის არწივი
კრავიჭამია, ანუ ბატკანძერი
სვავი
ორბი
გველიჭამია არწივი, ანუ ძერაბოტი
ბარი, ანუ გავაზი
შავარდენი
ფასკუნჯი
IV. რიგი ქათმისნაირნი
კავკასიური შურთხი
დურაჯი
გნოლი
კავკასიური როჭო
V. რიგი წეროსნაირნი
ხონთქრის ქათამი, ანუ პორფირიონი
რუხი წერო
წერო ტურფა
სავათი
სარსარაკი
VI. რიგი ბუსნაირნი
ზარნაშო
VII. რიგი კოდალასნაირნი
სირიული ხეკოდალა, ანუ სირიული კოდალა
VIII. რიგი ბეღურასნაირნი
წითელთავა ღაჟო
წითელმუცელა ბოლოცეცხლა
წითური ასპუჭაკა
ულვაშა წიწკანა
წითელთავა ნარჩიტა
მოკლეთითა მგლინავა
წითელფრთიანი კოჭობურა
დიდი კოჭობა
ამფიბიები და რეპტილიები
რიგი კუდიანი ამფიბიები
კავკასიური სალამანდრა
მცირეაზიური ტრიტონი
რიგი უკუდო ამფიბიები
სირიული მყვარი
კავკასიური ჯვრიანა
რიგი კუსნაირნი
ხმელთაშუა ზღვის კუ
რიგი ხვლიკები
კავკასიური ჯოჯო
თურქული ხვლიკი
რიგი ქერცლიანები
გრძელფეხა სცინკი
აზიური თვალტიტველა ხვლიკი
დასავლური მახრჩობელა
ესკულაპის მცურავი
ამიერკავკასიური მცურავი
ოთხზოლიანი მცურავი
კავკასიური გველგესლა
ცხვირრქოსანი გველგესლა
ამიერკავკასიური გიურზა
თევზები
რიგი ზუთხისნაირნი
ატლანტური ზუთხი
ფორეჯი (ჯარღალა)
შავი ზღვის კოლხური
ზუთხი
რიგი ორაგულისნაირნი
შავი ზღვის ორაგული
რიგი კობრისნაირნი
ჭანარი
რიგი გველთევზასნაირნი
მდინარის გველთევზა
ფეხსახსრიანები
ა. მწერები
I. რიგი ნემსიყლაპიები
სამეგრელოს ტურფა
ნემსიყლაპია ასიმილის
ლინდენის ისარა
ნემსიყლაპია ფატიმა
გურზმუცელა ნემსიყლაპია
წვრილთვალება მხრეულა
II. რიგი ჩოქელანი
ფრთამოკლე ჩოქელა
III. რიგი ემბიები
რელიქტური ემბიუმი
IV. რიგი სწორფრთიანები
ველის მტაცებელი კუტკალია
უნაგირიანი მტაცებელი კუტკალია
V. რიგი ხეშეშფრთიანები
კავკასიური ბზუალა
იბერიული ბზუალა
დიდი ლამაზტანა
ირემა - ხოჭო
ალპური ხარაბუზა
ხარაბუზა რეზუსი
სუნიანი სტაფილინი
VI. რიგი სიფრიფანაფრთიანები
ფიჭვის მცირე ბოლორქიანა
ხავსის ბაზი
თიხნარის ბაზი
სომხური ბაზი
ირანული ბაზი
ბერძნული ბაზი
ველის დიდი ბაზი
ბაზი ლეზუსი
ზოლებიანი ბაზი
ბაზი სიმულანტი
ქინძისთავულვაშიანი მელიტურგა
ნარნარი მეგახილე
ხის მღრღნელი ფუტკარი
იისფერი ქსილკოპა
VII. რიგი ბადეფრთიანები
ოლივერინა
ჭრელი ასკალაფი
VIII. რიგი ქერცლფრთიანები
კავკასიური წმინდადმხვიარა
ლედერერის ბრამეა (კოლხური ბრამეა)
ღამის მცირე ფარშავანგთვალა
სფინქსი „მკვდართავა“
კომაროვის სფინქსი
ოლეანდრის სფინქსი
სფინქსი - მღამიობი
დაწინწკლული დათუნელა
ამიერკავკასიური მღვიმის დათუნელა
დათუნელა - ბანოვანი
ჟოლოსფერბაბთიანი ხვატარი
ცისფერბაბთიანი ხვატარი
დეზურას ხვატარი
მაქაონი
პოდალირი (მერცხალკუდა)
აპოლონი
მნემოზინა (შავი, ანუ ტყის აპოლონი)
ნორდმანის აპოლონი
(კავკასიური აპოლონი)
კავკასიური ზერინთია
კავკასიური ყვითელა
ყვითელა ავრორინა
ამიერკავკასიური აისი
(ლიმონისფერი აისი)
გრუნერის აისი
ჰევიტსონის ხავერდულა
ირანული ხავერდულა
საადის მცირე ხავერდულა
ფატუა
რომანოვის ცისფერა
კალიმახი
ცისფერა მელეაგრი
ბ. კიბოსნაირები
IX. რიგი ათფეხანი
კოლხური ფოთოფეხა კიბო
X. მოლუსკები
რიგი ლიმაცისნაირნი
ვაზის ლოკოკინა ბუხა
XI. რგოლიანი ჭიები
რიგი ლუნბრიკომორფა
ჩვეულებრივი ამიერკავკასიური ჭიაყელა
ხეობის ჭიაყელა
ლაგოდეხის ჭიაყელა.
დებულება
„საქართველოს რესპუბლიკის წითელი წიგნის“ შესახებ
1. „საქართველოს რესპუბლიკის წითელი წიგნი“ (შემდგომში „წითელი წიგნი“) არის ძირითადი სამეცნიერო დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრულია რესპუბლიკის ტერიტორიაზე გავრცელებული ცხოველებისა და მცენარეების იშვიათი სახეობების (ქვესახეობების, პოპულაციების) თანამედროვე მდგომარეობა, რის საფუძველზეც ხორციელდება მათი დაცვის, კვლავწარმოებისა და რაციონალურად გამოყენების გრძელვადიანი პროგნოზირება და პრაქტიკულ ღონისძიებათა შემუშავება.
2. წითელ წიგნს აწარმოებს საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტისა და „საქშავზღვათევზმშენის“ სამმართველოს მონაწილეობით.
3. წითელი წიგნის წარმოებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა დაფინანსება ხდება სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე.
4. წითელ წიგნში შეიტანება იშვიათი და გადაშენების გზაზე მდგარი გარეულ ცხოველთა და ველურად მზარდ მცენარეთა სახეობები (ქვესახეობები, პოპულაციები), რომლებიც მუდმივად ან დროებით ბინადრობენ (აღმოცენდებიან) ბუნებრივ პირობებში საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ან მიეკუთვნებიან საქართველოს რესპუბლიკის კონტინენტური შელფის ბუნებრივ სიმდიდრეებს.
5. წითელ წიგნში ცხოველებისა და მცენარეების ამა თუ იმ სახეობების (ქვესახეობების, პოპულაციების) შეტანის საფუძველს წარმოადგენს მათი რაოდენობა, გავრცელების არეალის შემცირება და საარსებო პირობების შეცვლა-შეკვეცა ან სხვა მონაცემები, რითაც დასტურდება მათი დაცვისა და კვლავწარმოებისათვის სასწრაფო ზომების მიღების აუცილებლობა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ წიგნში შეტანილი და საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით ბინადარ ცხოველთა და მცენარეთა სახეობანი წითელ წიგნში შეიტანება იმ შემთხვევაში, როდესაც ამას მოითხოვს მათი რიცხოვნობისა და საარსებო პირობების მდგომარეობა.
6. წითელ წიგნში ამა თუ იმ ცხოველთა და მცენარეთა სახეობების შეტანის (ამოღების) შესახებ წინადადებანი შეიძლება წარდგენილ იქნეს სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო ან სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე ცალკეული მეცნიერისა და მოქალაქის მიერ.
7. ცხოველებისა და მცენარეების ამა თუ იმ სახეობის მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე წითელ წიგნში შეტანის (ამოღების) რეკომენდაციებს შეიმუშავებს საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსთან შექმნილი სამეცნიერო საბჭო.
8. გადაწყვეტილება ცხოველებისა და მცენარეების ამა თუ იმ სახეობათა წითელ წიგნში შეტანის (ამოღების) თაობაზე სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე. მიიღება საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიასთან შეთანხმების შემდეგ
9. წითელი წიგნი შედგება ორი ტომისაგან. პირველი ტომი შეიცავს მონაცემებს ცხოველთა სამყაროს შესახებ, მეორე ტომი მცენარეული სამყაროს შესახებ. წითელი წიგნის თითოეული ტომი შეიძლება გამოიცეს ერთი წიგნის ან რამდენიმე ნაწილის სახით და დანართად შეიცავდეს წითელი წიგნიდან ამოღებული შესაბამისი ცხოველებისა და მცენარეების ანოტირებულ ნუსხას, დებულების ტექსტს და წითელ წიგნთან დაკავშირებულ სხვა ნორმატიულ დოკუმენტებს.
10. წითელ წიგნში სახეობათა აღწერის წესს ადგენს საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად.
11. წითელ წიგნში შეტანილ ცხოველთა და მცენარეთა სახეობანი, რომელნიც ახალი სამეცნიერო ინფორმაციის შემოსვლასთან დაკავშირებით მიჩნეული იქნებიან აღდგენილად, ექვემდებარებიან წითელი წიგნიდან ამოღებას.
12. საქართველოს რესპუბლიკის ინფორმაციის სამინისტროს ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტი საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოფს წითელი წიგნის გამოცემას ყოველ 10 წელიწადში ერთხელ გაუმჯობესებული გაფორმებითა და პოლიგრაფიული შესრულებით.
წითელი წიგნის ტირაჟს განსაზღვრავენ საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტრო და საქართველოს რესპუბლიკის ინფორმაციის სამინისტროს ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტი.
წითელი წიგნის ტირაჟის აუცილებელი ნაწილი შესაბამის ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში გასავრცელებლად გადაეცემა საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს, ხოლო დანარჩენ ნაწილს გაავრცელებს საქართველოს რესპუბლიკის ინფორმაციის სამინისტროს ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტი მის მიერვე დადგენილი წესის შესაბამისად.
13. წითელ წიგნში შეტანილ ცხოველთა და მცენარეთა სახეობების დაცვის ეფექტიანობის გაძლიერების, მათი შენარჩუნებისა და კვლავწარმოების ღონისძიებათა ოპერატიული დაგეგმვისათვის, წითელი წიგნის გამოცემისა და გავრცელებისაგან დამოუკიდებლად, საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს წითელ წიგნში შეტანილ (ამოღებულ) ცხოველთა და მცენარეთა სახეობების სიების გავრცელებას იმ სამინისტროებში, უწყებებში, სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებებსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში, რომელთა საქმიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვასა და გამოყენებასთან.
14. წითელ წიგნში შეტანილ ცხოველთა და მცენარეთა სახეობები საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ექვემდებარება განსაკუთრებულ დაცვას.
წითელ წიგნში შეტანილ ცხოველთა და მცენარეთა სახეობების, ბუდეების, კვერცხების, ნაყოფის თესლის, ამ ცხოველთა და მცენარეთა ნაწილების (ან პროდუქტების) მოპოვება (შეგროვება), საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებიდან გატანა ან შემოტანა ცხოველთა და მცენარეთა იმ სახეობებისა, რომლებიც მიჩნეული არიან წითელ წიგნში შეტანილ სახეობათა ზიანის მომტანად, შეიძლება მოხდეს განსაკუთრებულ შემთხვევაში, მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვით.
აღნიშნული ნებართვის გაცემის წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.
ნებართვის ფორმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტრო.
15. საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები ვალდებული არიან წითელ წიგნში შეტანილ ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გავრცელებაზე, რიცხოვნობაზე, მდგომარეობასა და სარგებლობაზე მათ ხელთ არსებული მონაცემები წარუდგინონ ორგანოებს, რომლებიც აწარმოებენ. აღნიშნულ ცხოველთა და მცენარეთა სახელმწიფო აღრიცხვას, გამოყენებას და რომლებიც აწარმოებენ შესაბამისი ბუნებრივი რესურსების სახელმწიფო კადასტრს.
16. განსაკუთრებით იშვიათი და გადაშენების გზაზე მდგარ გარეულ ცხოველთა და მცენარეთა იმ სახეობების შენარჩუნების მიზნით, რომელთა კვლავწარმოება ბუნებრივ პირობებში შეუძლებელია, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები რესპუბლიკის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე და საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოფენ ამ სახეობათა გამრავლების შინაურ პირობებს და შემდგომში მათ ბუნებაში ჩასახლებას.
17. სახელმწიფო კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი საწარმოები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, აგრეთვე მოქალაქენი ვალდებული არიან ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების რეგულირების სახელმწიფო ორგანოებს და ადგილობრივ ვეტერინარულ სამსახურებს აცნობონ წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებისა და მცენარეების სახეობათა დაღუპვისა და დაავადების ყველა შემთხვევა.
18. წითელ წიგნში შეტანილ გარეულ ცხოველთა და მცენარეთა სახეობების დაცვა, გარდა საამისოდ უფლებამოსილი სპეციალური სახელმწიფო სამსახურებისა, ევალებათ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს.
19. წითელ წიგნში შეტანილი და სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებულ ცხოველთა და მცენარეთა სახეობების განზრახ განადგურება და მოსპობა განიხილება როგორც დანაშაული, რომელიც ისჯება საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების თანახმად.
20. წითელ წიგნში შეტანილ ცხოველთა და მცენარეთა სახეობების უკანონოდ მოპოვებით ან განადგურებით მიყენებული ზარალი ანაზღაურდება დადგენილი წესით, სპეციალურად შემუშავებული ნიხრებით.
წითელ წიგნში შეტანილ ცხოველთა და მცენარეთა სახეობების მოპოვებით ან განადგურებით სახელმწიფოებისათვის მიყენებული ზარალის განმსაზღვრელ ნიხრებს ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს წარდგინებით რესპუბლიკური გაერთიანება „საქტყემეურნეობასთან“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან და „საქშავზღვათევზმშენის“ სამმართველოსთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ.
„საქართველოს რესპუბლიკის წითელ წიგნში“ შეტანილ რესპუბლიკის ტერიტორიაზე გავრცელებულ იშვიათ და გადაშენების გზაზე მდგარ ცხოველთა და მცენარეთა სახეობების მოპოვების (შეგროვების) წესი
1. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს სსრ 1981 წლის 19 ივნისის კანონის და რესპუბლიკის ტერიტორიაზე გავრცელებულ იშვიათ და გადაშენების გზაზე მდგარ სახეობათა გარეულ ცხოველთა და მცენარეთა წიგნის „საქართველოს რესპუბლიკის წითელი წიგნის“ დებულების შესაბამისად იშვიათი და გადაშენების გზაზე მდგარ სახეობათა მოპოვება (შეგროვება) სპეციალურად შექმნილი პირობებში მოსაშენებლად და შემდეგ ბუნებრივ პირობებში გასაშვებად (გასავრცელებლად), აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი და სხვა მიზნებისათვის დაიშვება განსაკუთრებული ნებართვით, რომელსაც გასცემენ საამისოდ სპეციალურად უფლებამოსილი ცხოველთა და მცენარეთა დაცვისა და გამოყენების მოწესრიგების სახელმწიფო ორგანოები.
2. ცხოველთა და მცენარეთა სახეობების ბუდეების, კვერცხების, ნაყოფის, თესლის, ამ ცხოველთა და მცენარეთა ნაწილების ან პროდუქტების მოპოვება (შეგროვება) შეიძლება მოხდეს განსაკუთრებულ შემთხვევაში, რესპუბლიკური გაერთიანება „საქტყემეურნეობასთან“ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების და „საქშავზღვათევზმშენის“ სამმართველოს დასკვნის საფუძველზე.
3. წითელ წიგნში შეტანილ ცხოველთა და მცენარეთა სახეობების ბუდეების, კვერცხების, ნაწილების ან ამ ცხოველთა და მცენარეთა პროდუქტების მოპოვების (შეგროვების) ნებართვის გაცემის შესახებ ფუნქციებს, მითითებულს მეორე პუნქტში, ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტრო.
4. სახელმწიფო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები იშვიათ ცხოველთა და მცენარეთა მოპოვების (შეგროვების) შესახებ განაცხადის პირველი ეგზემპლარს უგზავნიან საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს; მორე ეგზემპლარს - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესაბამის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს ან თევზების, უხერხემლოებისა და წყლის სხვა ცხოველებისა და მცენარეების შესახებ რესპუბლიკაში თევზის დაცვის, თევზის მარაგის წარმოებისა და თევზჭერის მარეგულირებელ სამმართველოს.
განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) განაცხადის ავტორის სრული დასახელება (საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია და მისი მისამართი);
ბ) ცხოველთა, მცენარეთა სახეობა (ქვესახეობა, პოპულაცია) და ცხოველთა და მცენარეთა ბუდეების, კვერცხების, ნაყოფის, თესლის, ნაწილების ან პროდუქტების მოსაპოვებელი რაოდენობა;
გ) მოპოვების (შეგროვების) სავარაუდო ადგილი (ავტონომიური რესპუბლიკა, ქალაქი, რაიონი, სატყეო მეურნეობა, საზოგადოებრივი მეურნეობა, კვარტალი) და ვადები (წელი, სეზონი, კვარტალი, თვე);
დ) მოპოვების (შეგროვების) მიზანი, სამეცნიერო დაწესებულებისათვის სამეცნიერო თემის სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი;
ე) განაცხადში მითითებულ მოსაპოვებელ (შესაგროვებელ) ცხოველთა, მცენარეთა ბუდეების, კვერცხების, ნაყოფის, თესლის, ამ ცხოველთა და მცენარეთა ნაწილების ან პროდუქტების რაოდენობის და მოპოვების (შეგროვების) სავარაუდო ვადების დასაბუთება;
ვ) იმ პიროვნების სახელი, მამის სახელი, გვარი ან ორგანიზაციის დასახელება და ადგილმდებარეობა, რომელიც განახორციელებს მოპოვებას (შეგროვებას).
განაცხადს ხელს აწერს წარმოების, დაწესებულების ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მოწმდება ბეჭდით. საქართველოს რესპუბლიკაში ცალკეულ მცხოვრებთა განაცხადი იშვიათ ცხოველთა ან მცენარეთა მოპოვებაზე (შეგროვებაზე) არ მიიღება და არ განიხილება.
5. რესპუბლიკური გაერთიანება „საქტყემეურნეობა“ ან თევზის დაცვის, თევზის მარაგის აღწარმოებისა და თევზჭერის მარეგულირებელი სამმართველო იშვიათ ცხოველთა ან მცენარეთა მოპოვებაზე (შეგროვებაზე) განაცხადს განიხილავს ერთი თვის ვადაში და დასკვნას უგზავნის საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს, ხოლო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები. ამავე ვადაში წერილობით რეკომენდაციას წარუდგენენ ამავე სამინისტროს, რომელშიც მითითებული იქნება განაცხადში აღნიშნულ ცხოველთა ან მცენარეთა მოპოვების (შეგროვების) შესაძლებლობის ან აკრძალვის შესახებ.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესაბამის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, რესპუბლიკურ გაერთიანება „საქტყემეურნეობას“ და თევზის დაცვის, თევზის მარაგის აღწარმოებისა და თევზჭერის მარეგულირებელი სამმართველოს შეუძლიათ განაცხადის ავტორს დამატებით მოსთხოვონ განაცხადში მითითებულ ცხოველთა ან მცენარეთა ბუდეების, კვერცხების, ნაყოფის, თესლის, ამ ცხოველთა და მცენარეთა ნაწილების ან პროდუქტების მოპოვების (შეგროვების) დამატებითი დასაბუთება. ამ შემთხვევაში ერთი თვის ვადა იანგარიშება აღნიშნული დამატებითი დასაბუთების მასალების მიღების დღიდან.
6. საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტრო იშვიათ ცხოველთა და მცენარეთა მოპოვების (შეგროვების) შესახებ განაცხადის საფუძველზე, რესპუბლიკური გაერთიანება „საქტყემეურნეობიდან“ თევზის დაცვის, თევზის მარაგის აღწარმოებისა და თევზჭერის მარეგულირებელი სამმართველოდან და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიდან მიღებული სამეცნიერო რეკომენდაციების (დასკვნების) საფუძველზე მათი მიღებიდან ათი დღის ვადაში გასცემს განსაკუთრებული ნებართვას იშვიათ ცხოველთა ან მცენარეთა (დაწესებული ფორმით) მოპოვების შესახებ, რომელიც სათანადო კონტროლის განხორციელების მიზნით შესაბამისად გაეგზავნება იმ უწყებებს, რომლის ტერიტორიაზე დაიშვება ნებართვა იშვიათ ცხოველთა და მცენარეთა მოპოვებაზე (შეგროვებაზე) ან განაცხადის ავტორს უგზავნის მოტივირებულ წერილს ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
იშვიათ ცხოველთა და მცენარეთა მოპოვების (შეგროვების) ნებართვის ფორმას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი.
7. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც იშვიათ ცხოველთა და მცენარეთა მოპოვება გადაუდებელია შექმნილ საშიშ ვითარებასთან ან სხვა გაუთვალისწინებელ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად ოპერატიული წესით განიხილავს შემოსულ მოთხოვნას და თავის გადაწყვეტილებას ატყობინებს რესპუბლიკური გაერთიანება „საქტყემეურნეობას“ თევზის დაცვის, თევზის მარაგის აღწარმოებისა და თევზჭერის მარეგულირებელ სამმართველოს.
8. საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს წითელ წიგნში შეტანილ იშვიათ ცხოველთა ან მცენარეთა მოპოვებაზე (შეგროვებაზე) ნებართვა ინახება და რეგისტრაციაში ტარდება ადგილებზე, სატყეო, თევზდაცვის ორგანიზაციაში, რომლებიც ამის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემენ თავიანთ სპეციალურ ნებართვებს (საგზურს, ლიცენზიას, ტყის ბილეთს ან სხვა ნებართვას) იშვიათ ცხოველთა ან მცენარეთა მოპოვების (შეგროვების) შესახებ, რომლებიც განეკუთვნება წითელ წიგნში შეტანილ სახეობებს.
9. იშვიათ ცხოველთა ან მცენარეთა მოპოვება (შეგროვება) საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს მხოლოდ განსაკუთრებული ნებართვით (რეგისტრაციაში გატარების გარეშე ან ადგილებზე რეგისტრაციით), მაგრამ შესაბამისი სპეციალური ნებართვის (საგზური, ლიცენზია, ტყის ბილეთი ან სხვა ნებართვის) გარეშე, რომელიც გაცემული იქნება იმ ორგანოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც მოხდება იშვიათ ცხოველთა ან მცენარეთა მოპოვება (შეგროვება), არ დაიშვება და განხილულ უნდა იქნეს როგორც დადგენილი წესის დარღვევა.
ასევე ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევად უნდა ჩაითვალოს იშვიათ ცხოველთა და მცენარეთა მოპოვება (შეგროვება) სპეციალური ნებართვის (ლიცენზია, საგზური, ტყის ბილეთი და სხვ.) ადგილზე გაფორმებისა და საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროში გაფორმებისა და რეგისტრაციის გარეშე.
10. საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებმაც დადგენილი წესით მიიღეს ნებართვები იშვიათ ცხოველთა და მცენარეთა მოპოვებაზე (შეგროვებაზე) ვალდებული არიან. მათი გამოყენების შემდეგ ერთი თვის ვადაში, მაგრამ ამ არა უგვიანეს ნებართვაში მითითებული ვადის გასვლიდან ერთი თვის შემდეგ წერილობით აცნობონ საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს და იმ ორგანოს, რომელმაც გასცა სპეციალური ნებართვა მისი გამოყენების შესახებ.
იშვიათ ცხოველთა და მცენარეთა მოპოვების (შეგროვების) ნებართვის სრულად გამოუყენებლობის შემთხვევაში ისინი უნდა დაუბრუნდეს იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც ისინი გასცა, ნებართვის გამოუყენებლობის მიზეზების განმარტებით,
11. აიკრძალოს საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე იმ სახეობათა ცხოველებისა და მცენარეების მოპოვება (შეგროვება), რომლებიც განეკუთვნებიან საქართველოს რესპუბლიკის წითელ წიგნში შეტანილი სახეობებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით.
დანართი
საქართველოს რესპუბლიკის წითელი წიგნის მეორე გამოცემის პირველი ტომის მთავარი სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობა
დავით ნაკანი - საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი.
ლეონიდე გაბუნია - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;
ირაკლი ელიავა - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი;
გურამ ქუთათელაძე - საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს ცხოველთა სამყაროს დაცვის რესპუბლიკური სპეციალიზებული ინსპექციის უფროსი;
ბორის ყურაშვილი- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის
მოვალეობის შემსრულებელი ბ. ბერიძე