სოციალური დაზღვევის კომისიის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 18.05.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №571
სარეგისტრაციო კოდი 000000020.02(0).000.000334 17
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 5, 29/05/1992
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.05.1992 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
სოციალური დაზღვევის კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
მ თ ა ვ რ ო ბ ი ს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №571
1992 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
სოციალური დაზღვევის კომისიის შექმნის შესახებ
სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სისტემის რეორგანიზაციისა და სრულყოფის, ადგილებზე სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის უკეთ განხორციელების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ა დ გ ე ნ ს:
1. შეიქმნას 1992 წლის 1 ივლისამდე საქართველოს რესპუბლიკის ყოველ დაწესებულებაში, საწარმოში, კოლმეურნეობაში, კოოპერატივში, სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციაში (საკუთრების ფორმის მიუხედავად) სოციალური დაზღვევის კომისია ამჟამად არსებული პროფკავშირთა სახელმწიფო სოციალური დაზღვევის, საკოლმეურნეო სოციალური დაზღვევის და ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახების ბავშვთა დახმარების დამნიშვნელი კომისიების ნაცვლად.
2. დამტკიცდეს გაერთიანების, საწარმოს, დაწესებულების, კოლმეურნეობის, კოოპერატივის, სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების სოციალური დაზღვევის კომისიის თანდართული სანიმუშო დებულება.
3. სოციალური დაზღვევის კომისიამ გადაიბაროს ამ დადგენილებით გაუქმებული კომისიებისაგან მუშა-მოსამსახურეებისათვის დახმარების დანიშვნის საბუთები, ოქმები, საგზურების გაცემის აღრიცხვის ჟურნალები და მოქმედი დებულების საფუძველზე ორგანიზაცია გაუწიოს მუშაკთა სოციალური დაზღვევის საქმიანობას.
4. საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან არსებულმა სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანმა რესპუბლიკურმა ფონდმა უზრუნველყოს აღნიშნული კომისიები შესაბამისი სახელმძღვანელო-საინსტრუქციო მასალებით.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის
მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე
სანიმუშო დებულება
გაერთიანების, საწარმოს, დაწესებულების, კოლმეურნეობის, კოოპერატივისა და სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების სოციალური დაზღვევის კომისიის შესახებ
I. ზოგადი დებულებანი
საწარმოები, დაწესებულებები, კოლმეურნეობები, კოოპერატივები, სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ყველა იურიდიული უფლების მქონე სოციალური დაზღვევის შენატანების გადამხდელები (დამზღვევები"), საკუთრების ფორმის მიუხედავად, ორგანიზაციის ხელმძღვანელის განკარგულებით ქმნიან სოციალური დაზღვევის კომისიას ადმინისტრაციის წარმომადგენლის თავმჯდომარეობით.
კომისია იქმნება ორგანიზაციაში, სადაც ირიცხება არანაკლებ 30 მუშაკი, ხოლო უფრო მცირერიცხოვან ორგანიზაციაში, ასევე ორგანიზაციის ხელმძღვანელების განკარგულებით, გამოიყოფა ადმინისტრაციის წარმომადგენელი - სოციალური დაზღვევის საკითხთა ორგანიზატორი.
კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მდივანს, რომელიც თავმჯდომარესთან ერთად პასუხისმგებელია ორგანიზაციის ადმინისტრაციის, აგრეთვე სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი რესპუბლიკური ფონდის შესაბამისი რეგიონალური განყოფილების წინაშე, სოციალური დაზღვევის ხაზით კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სახის დახმარების დანიშვნის, მათი გაცემისა და სხვა მატერიალური უზრუნველყოფის ორგანიზაციისათვის.
კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი შესაბამისი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.
გლეხურ მეურნეობაში დასაქმებულთა და მოიჯარეთა სოციალური დაზღვევის უზრუნველყოფის მიზნით საკრებულოსთან ამავე წესით იქმნება სოციალური დაზღვევის კომისია.
II. კომისიის მოვალეობანი
1. კომისია მოვალეა მოქმედი დებულების საფუძველზე ადმინისტრაციასთან ერთად განახორციელოს მუშა-მოსამსახურეთა და მათი ოჯახების წევრთა სოციალური უზრუნველყოფის ორგანიზაცია, კერძოდ:
ა) დანიშნოს სოციალური დაზღვევის სახსრებიდან გასაცემი დახმარებები;
- ერთდროული დახმარება ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით;
- დახმარებები ბავშვებისათვის 1,5 წლამდე და 1,5 წლიდან 6 წლის ასაკის შესრულებამდე;
- დახმარება ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახების ბავშვებისთვის;
- დახმარება დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის გამო;
- დახმარება მუშაკის ან მისი ოჯახის წევრის დაკრძალვისთვის;
ბ) განსაზღვროს არსებული წესის მიხედვით მომუშავე პენსიონერებისათვის პენსიის გაცემის პირობები;
გ) ორგანიზაცია გაუწიოს მუშაკთათვის პენსიების დასანიშნად სათანადო საბუთების მომზადებასა და წარდგენას პენსიის დამნიშვნელ ორგანოებში;
დ) მიიღოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი რესპუბლიკური ფონდის შესაბამისი რეგიონალური განყოფილებიდან სანატორიულ-საკურორტო მკურნალობისა და დასვენების, ბავშვთა გამაჯანსაღებელი კერების საგზურები; დადგენილი წესის საფუძველზე ორგანიზაცია გაუწიოს აღნიშნული საგზურების განაწილებას, გაცემას და სხვა სახის საკურორტო მომსახურებას;
ე) უზრუნველყოს განაწილებული საკურორტო საგზურების რეალიზაციით მიღებული შემოსავლების სოციალური დაზღვევის ფონდში აღრიცხვა და ფონდის შესაბამისი რეგიონალური განყოფილების წინაშე ანგარიშგება არსებული წესის შესაბამისად.
III. კომისიის უფლებანი
კომისიას უფლება აქვს შეამოწმოს:
- სოციალური დაზღვევის ანარიცხების, მოქალაქეთა მიერ ფონდში სავალდებულო შენატანების დარიცხვისა და გადახდის სისწორე;
- წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით დროებით შრომისუუნარობისათვის გაცემული დახმარებების თანხების ფონდში სრულად რეგრესირება;
- დანიშნული დახმარებების ბუღალტრული გაანგარიშების, გაცემის მდგომარეობის, კვარტალური ანგარიშების შედგენის და დროულად წარმოდგენის სისწორე (ანგარიშები დასტურდება კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით).
IV. კომისიის საქმიანობა
კომისია:
- სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი რესპუბლიკური ფონდის შესაბამის რეგიონალურ განყოფილებასთან ერთად ადგენს სოცდაზღვევის ხარჯთაღრიცხვას;
- აანალიზებს სოციალური დაზღვევის ხარჯთაღრიცხვის შესრულების მდგომარეობას, ახორციელებს ქმედითი ღონისძიებებს მისი ეფექტიანად შესრულებისა და დაზღვეულთა უკეთ მომსახურებისათვის;
- კომისია კვარტალში ერთხელ აანალიზებს დროებითი შრომისუუნარობის მდგომარეობასა და მის გამომწვევ მიზეზებს, ახორციელებს ღონისძიებებს ავადობისა და ტრავმატიზმის პროფილაქტიკისათვის.
- მონაწილეობს ტრავმატიზმის გამომწვევი მიზეზების გამოკვლევასა და სათანადო საბუთების შედგენაში.
- გააკონტროლებს ხანგრძლივად მოავადეთა დადგენილ ვადებში გაგზავნას საექიმო შრომით საექსპერტო კომისიაში. ატარებს, შესაბამისი ღონისძიებებს დაწესებული პერიოდულობის დაცვისათვის.
V. კომისიის მუშაობის წესი
კომისია თანამშრომლობს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი რესპუბლიკური ფონდის შესაბამის რეგიონალურ განყოფილებასთან.
დახმარებების დანიშვნის საკითხს კომისია განიხილავს ამ დებულების შესაბამისად
სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სახსრებიდან შეძენილი ყველა საგზურის განაწილება ხდება კომისიის სხდომაზე.
კომისიის ფუნქციების უკეთ შესასრულებლად კომისიის წევრებისაგან შეიძლება შეიქმნას ცალკეული საკითხების განსახილველი სხვადასხვა ჯგუფი.
კომისია თავისი მუშაობის შესახებ პერიოდულად აბარებს ანგარიშს ორგანიზაციის მუშაკთა კრებას.