გეოლოგიური და ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური სამუშაოებით დასაქმებულ მუშაკთათვის საველე ანაზღაურების გადახდის შესახებ
მიღების თარიღი 18.05.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №573
სარეგისტრაციო კოდი 000000310.02(0).000.000336 1
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 5, 29/05/1992
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.05.1992 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
გეოლოგიური და ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური სამუშაოებით დასაქმებულ მუშაკთათვის საველე ანაზღაურების გადახდის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
მთავრობის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №573
1992 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
გეოლოგიური და ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური სამუშაოებით დასაქმებულ მუშაკთათვის საველე ანაზღაურების გადახდის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ა დ გ ე ნ ს:
1. დამტკიცდეს დებულება საველე ანაზღაურების გადახდის შესახებ, რომლითაც განისაზღვროს საველე ანაზღაურების გადახდის საერთო წესი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გეოლოგიური და ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური სამუშაოების შემსრულებელი ორგანიზაციებისათვის.
2. დაწესდეს საველე ანაზღაურების დღიური ნორმა 30 მანეთის ოდენობით, მუშაკის თანამდებობრივი განაკვეთის (ტარიფის) მიუხედავად შემოსავლის ინდექსაციის შემთხვევაში საველე ანაზღაურების ოდენობა პროპორციულად იცვლება.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის
მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საველე ანაზღაურების გადახდის შესახებ
1. ეს დებულება განსაზღვრავს საველე ანაზღაურების გადახდის საერთო წესს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გეოლოგიური და ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური სამუშაოების შემსრულებელი ორგანიზაციებისათვის.
2. საველე ანაზღაურებას უხდიან მუშაკებს, რომლებიც სამუშაოებს ასრულებენ გეოლოგიურ, ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და მათ მომსახურე ორგანიზაციებში საველე პირობებით გამოწვეული გაზრდილი ხარჯების დასაფარავად.
3. საველე ანაზღაურების მიღების უფლება აქვთ: ძირითად და დამხმარე ქვედანაყოფთა მუშაკებს, იმათ, ვინც საველე პირობებში იმყოფება და დროებით ცხოვრობენ სამუშაოთა წარმოების ადგილზე. ასეთივე უფლება აქვთ ტრანსპორტის, მუშათა მომარაგების სკოლების, საბავშვო ბაღების, სამედიცინო დაწესებულებებისა და სხვა ქვედანაყოფების მუშაკებს თუ ჩამოთვლილი ქვედანაყოფები შექმნილია საველე ორგანიზაციების მომსახურებისათვის და იქ მომუშავენი დროებით ცხოვრობენ სამუშაოთა წარმოების ადგილზე.
იმ შემთხვევაში, თუ გეოლოგიური და ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური საველე სამუშაოები ქალაქში ტარდება და ეს ქალაქი არ არის მუშაკის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, საველე ანაზღაურება გაიცემა საერთო წესით.
4. საველე ანაზღაურება გაიცემა ყველა კალენდარული საველე დღისათვის, რომელიც ტაბელში არის გატარებული, და მიეცემა ყველა მუშაკს, რომელსაც აქვს მისი მიღების უფლება. ორგანიზაციის საველე პერიოდი 2 წლის განმავლობაში განისაზღვრება ტექნიკური პროექტით და ფორმდება ორგანიზაციის ბრძანებით.
საველე პირობებში მუშაობისას საველე ანაზღაურება გაიცემა გამოსასვლელ დღეებზეც; ეს წესი ვრცელდება სამუშაოებზეც, რომლებიც ხორციელდება ვახტური მეთოდითა და შეჯამებული სამუშაო დროით მომუშავეებზე.
საველე პერიოდის დაწყებისა და დამთავრების დღეები ითვლება ორ დღედ.
5. საველე ანაზღაურება გაიცემა მუშაკებზე თანამდებობებისა და განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს (ტარიფული განაკვეთის) მიუხედავად საველე დღეზე 30 მანეთის ოდენობით. შემოსავლის ინდექსაციის შემთხვევაში საველე ანაზღაურების ოდენობა პროპორციულად შეიცვლება: იგი გაიზრდება ან შემცირდება.
6. საველე დატვირთვა არ იბეგრება, არ მიიღება მხედველობაში საშუალო ხელფასის გაანგარიშებისას და არ ჩაითვლება მოხმარების ფონდში.
7. მუშაკის მივლინებისას საველე ანაზღაურების გადახდა წყდება და მივლინების თანხები გაიცემა საერთო წესით.
8. საველე ანაზღაურების გადახდა მუშაკებს არ შეიძლება შეუწყდეთ:
ა) დროებითი შრომისუუნარობისას;
ბ) ქალებს დეკრეტული შვებულების დროს, ბავშვის დაბადებისას;
გ) საველე ორგანიზაციის პროფკომიტეტის განთავისუფლებულ თავმჯდომარედ არჩევისას.