საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული ორგანოების შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 15.06.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №651
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000353 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 6, 30/06/1992
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.06.1992 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის
ეროვნული ორგანოების შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
მთავრობის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №651
1999 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის
ეროვნული ორგანოების შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნავს, რომ უკანასკნელ დრომდე საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის ორგანოები შეადგენდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ განაყოფებს და თავის მოღვაწეობაში ხელმძღვანელობდნენ, ძირითადად, საკავშირო დებულებებით, ინსტრუქციებითა და დირექტივებით.
საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით და 1992 წლის 1 ივნისიდან სამოქალაქო თავდაცვის სისტემის რესპუბლიკის იურისდიქციაში გადაცემის გამო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ა დ გ ე ნ ს:
1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული სისტემა და ამიერიდან საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის შტაბს ეწოდოს საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველო.
ანალოგიურად გარდაიქმნას მისდამი დაქვემდებარებული სამოქალაქო თავდაცვის ორგანოები და შეიქმნას:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველო;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველო;
ქ. თბილისის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველო;
საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების სამოქალაქო თავდაცვის განყოფილებები.
2. მიენიჭოთ სამოქალაქო თავდაცვის ორგანოებს საუწყებათაშორისო ორგანოს უფლებები და დაეკისროთ მშვიდობიან დროს სტიქიური უბედურებების, ავარიებისა და კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოთა ორგანიზაცია, ხოლო განსაკუთრებული პერიოდის პირობებში მოსახლეობის დაცვისა და მატერიალურ ფასეულობათა ზარალის შემცირების ღონისძიებათა დასახვა და განხორციელება.
3. დაინიშნოს საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლკოვნიკი რევაზ გიორგის ძე ნაფეტვარიძე.
4. საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის მთავარმა სამმართველომ (რ. ნაფეტვარიძე):
ერთი თვის ვადაში წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოსა და რეგიონალური სამმართველოების სტრუქტურისა და ორგანიზაციულ-საშტატო განრიგების პროექტები;
1992 წლის ბოლომდე დაამუშაოს საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოსა და რეგიონალური სამმართველოების დებულებები, უწყებრივი ინსტრუქციები და დაამტკიცოს არსებული წესის შესაბამისად;
უზრუნველყოს ყოფილი საკავშირო ორგანოებიდან გადაცემული სამხედრო ტექნიკის, კავშირგაბმულობის საშუალებების, სხვა ქონების მიღება და გამოყენება;
უზრუნველყოს საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს დაქვემდებარების ორგანოებისათვის პრაქტიკული დახმარების გაწევა და მათი საქმიანობისადმი სათანადო კონტროლის დაწესება.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის
მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე