საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლის შესახებ დროებითი დებულებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების კადრების შერჩევის შესახებ დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №530 |
|
1992 წლის 4 მაისი ქ. თბილისი |
2. აღნიშნული დროებითი დებულება და ინსტრუქცია გავრცელდეს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სტრუქტურულ დანაყოფზე, მათ შორის შინაგან ჯარებზეც.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის –
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის
მმართველის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კ. გელაშვილი
დროებითი დებულება
საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლის შესახებ
I. ზოგადი დებულებანი
1. დროებითი დებულება განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოების სისტემაში რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ ფუნქციონალურ უფლებებს, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას.
შინაგან საქმეთა ორგანოების ყველა მუშაკი თავის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ ასრულებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ შინაგან საქმეთა ორგანოებისათვის დაკისრებულ ფუნქციებს.
სამსახურის დაწყებისას შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები დებენ ფიცს.
შინაგან საქმეთა ორგანოების (ნებით დაქირავებულ მოსამსახურეებსა და მუშებზე) ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი შრომითი კანონმდებლობა.
2. შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახუროდ ხელშეკრულების საფუძველზე მიიღებიან ორივე სქესის მოქალაქენი 20-დან 30 წლის ასაკამდე, რომლებიც ფლობენ სახელმწიფო ენას, მუდმივად ცხოვრობენ საქართველოს რესპუბლიკაში და პირადი ზნეობრივი მონაცემების, განათლების დონის, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით უნარი შესწევთ შეასრულონ შინაგან საქმეთა ორგანოებისათვის დაკისრებული მოვალეობანი.
3. შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახუროდ როგორც წესი, მიიღებიან ახალგაზრდები, რომლებსაც გავლილი აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური ან უმაღლეს სასწავლებელში სწავლისას სამხედრო კათედრა ან ოჯახური პირობების გამო არ იყვნენ გაწვეული და აღებული აქვთ სამხედრო ბილეთი.
4. შინაგან ჯარში სამსახუროდ გაიწვევიან წვევამდელები. მილიციის უმაღლეს სპეციალურ სკოლაში სასწავლებლად დაშვებულია იმ ახალგაზრდების მიღება, რომლებსაც არა აქვთ გავლილი სავალდებულო სამხედრო სამსახური.
5. მოქალაქენი, რომლებსაც სურვილი აქვთ დაიწყონ სამსახური შინაგან საქმეთა ორგანოებში, გადიან სამედიცინო შემოწმებას ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრისათვის.
მოთხოვნებს შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა ჯანმრთელობის მიმართ განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
სამსახურში მიღებისას დამატებითი მოთხოვნები
6. ცალკეული დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, იმ პირთა მიმართ, რომლებმაც გამოთქვეს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის სურვილი, დადგენილია დამატებითი მოთხოვნები.
7. ოპერატიულ აპარატში სამსახუროდ მიიღებიან პირები, რომლებსაც აქვთ ოპერატიული საქმიანობისადმი მიდრეკილება.
8. შინაგან საქმეთა ორგანოების საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის (დაცვის) დანაყოფებში მიიღებიან პირები, რომელთა სიმაღლე აღემატება 170 სანტიმეტრს, ხოლო სამწყობრო დანაყოფებში არანაკლებ 172 სანტიმეტრისა.
9. საგზაო (სახავტოინსპექცია, საგზაო–საზედამხედველო სამსახური) დანაყოფებში მისაღებ პირს უნდა ჰქონდეს ავტომობილის მძღოლის კვალიფიკაცია.
შესაძლებელია შინაგან საქმეთა მინისტრმა გარკვეულ სამსახურში დასანიშნი პირისათვის დაადგინოს სხვა დამატებითი მოთხოვნებიც.
სამსახურში მიღების შეზღუდვები და სათანადო თანამდებობების დაკავების აკრძალვა
10. სამსახურში პირის მიღება აკრძალულია, როდესაც:
ა. შინაგან საქმეთა ცენტრალური სამედიცინო კომისიის მიერ გაცემულია უარყოფითი დასკვნა სამსახურში მისაღები პირის ჯანმრთელობის შესახებ;
ბ. სამსახურში მისაღებ პირს აქვს ნასამართლობა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის. ამასთან, ნასამართლობის მოხსნას ან გაქარწყლებას მნიშვნელობა არა აქვს;
გ. მისი ასაკი აღემატება 30 წელს. (იმ შემთხვევაში, როდესაც პირი გადადის შინაგან საქმეთა ორგანოებში სასამსახუროდ ისეთი ორგანიზაციიდან, რომელიც წესდების საფუძველზე მუშაობს ან როდესაც წინა სამსახური შეიძლება ჩაეთვალოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის სტაჟში, მისაღები პირის ასაკი არ იზღუდება);
დ. პირით ადრე მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და დათხოვნილ იქნა ორგანოს მუშაკის ღირსებისა და ავტორიტეტის დისკრედიტაციისათვის;
ე. სამსახურში მისაღები პირის უახლოესი ნათესავები (მამა, დედა, ძმები, დები, ცოლი, ქმარი) გასამართლებული იყვნენ ჩადენილი მძიმე დანაშაულისათვის ან სასამართლოს მიერ ცნობილი არიან განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებად.
სამსახურში მისაღები პირის შემოწმების დროს შესაძლოა, მიღებულ იქნეს სხვა მაკომპრომეტირებელი მონაცემები. ამ შემთხვევაში სამსახურში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ხელმძღვანელი, რომელიც სარგებლობს დანიშვნის უფლებით.
სამსახურში მიღებისას წამოჭრილ დავას განიხილავენ შინაგან საქმეთა მინისტრი ან მისი მოადგილეები ან ის თანამდებობის პირები, რომლებიც აგრეთვე სარგებლობენ სამსახურში მიღების უფლებით.
11. შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკი ყოველდღიურ ფუნქციონალურ მოვალეობათა შესრულებისას მოქმედი კანონმდებლობის გარდა ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკთა ღირსების კოდექსის მოთხოვნებით.
იგი ვალდებულია:
ა. ყოველთვის ახსოვდეს, რომ არის ხელისუფლების წარმომადგენელი, იცავს მოქალაქეთა და სახელმწიფოს ინტერესებს;
ბ. იყოს კომპეტენტური და ობიექტური, მისი სამსახურებრივი მოქმედებანი უნდა იყოს იურიდიულად დასაბუთებული, გარშემო მყოფთათვის გასაგები, ნათელი და არაშეურაცხმყოფელი;
გ. ახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც მიმართავს შინაგან საქმეთა ორგანოების თანამდებობის პირს, სჯერა მისი, ელის მისგან დახმარებას. ყურადღება ადამიანისადმი, მისი საზრუნავის გაზიარება და სათანადო დახმარების ოპერატიულად აღმოჩენა – ეს არის შინაგან საქმეთა ორგანოებისა და კანონების მიმართ მოქალაქეთა მხრიდან პატივისცემის ამაღლების უტყუარი საშუალება;
დ. მუდამ ახსოვდეს, რომ იგი როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, ყოველთვის არის მოქალაქეთა განსაკუთრებული ყურადღების არეში, ოჯახსა თუ სამსახურში მისი ქცევის საფუძველზე უყალიბდებათ აზრი მთლიანად შინაგან საქმეთა ორგანოების შესახებ;
ე. არ მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკური პარტიების და სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობაში;
ვ. თავისი საქმიანობის მთავარ დევიზად გაიხადოს მცნება – „კანონი და კანონიერება“;
ზ. უცილობლად შეასრულოს ღირსების კოდექსის მოთხოვნები.
ამ მოთხოვნების დარღვევისათვის მუშაკს ეკისრება მორალური და დისციპლინური პასუხისმგებლობა.
II. შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკთა თანამდებობაზე დანიშვნა და სამსახურებრივი გადაადგილება
12. შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკის თანამდებობაზე დანიშვნისა და უწყებრივი სპეციალურ სასწავლო დაწესებულებაში მსმენელად მიღების დღედ ითვლება სათანადო ბრძანების გამოცემის ბრძანებაში კონკრეტულად აღნიშნული დღე.
მუშაკის გადაყვანა ზემდგომ, თანაბარ ან დაბალ თანამდებობაზე ითვლება სამსახურებრივ გადაადგილებად.
13. შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკთა სამსახურებრივი გადაადგილება ხდება:
ზემდგომ (უფრო მაღალი ანაზღაურებით) თანამდებობაზე – თანამდებობრივ დაწინაურებასთან დაკავშირებით;
ბ. თანაბარ (თანაბარი ანაზღაურებით) თანამდებობაზე – სხვა თანამდებობების დაკომპლექტების აუცილებლობის დროს ან მუშაკის უფრო მიზანშეწონილად გამოყენების ინტერესებთან დაკავშირებით, მისი სამსახურებრივი ჩვევებისა და პირადი თვისებები, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა (ახლო) სპეციალობით მუშაობისათვის მომზადების გათვალისწინებით;
გ. მუშაკის მიერ თავის სპეციალობის მიხედვით სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებით, ან სწავლის დამთავრების შემდეგ თანამდებობაზე დანიშვნისას.
შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკთა სამსახურებრივი გადაადგილება შეიძლება როგორც ერთი და იგივე ორგანოს ფარგლებში, ასევე სხვა ორგანოში გადაყვანით. მუშაკის გადაადგილება სხვა ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში.
სხვა თანამდებობაზე გადაადგილებისას გარანტირებული უნდა იყოს მუშაკის გამოყენება თავისი ძირითადი ან მსგავსი სპეციალობის და მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით; ახალი სპეციალობით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში მან თანამდებობაზე დანიშვნამდე უნდა გაიაროს სათანადო გადამზადება ან კვალიფიკაციის ამაღლება.
14. შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკთა გადაყვანა დაბალ (უფრო დაბალი ანაზღაურებით) თანამდებობაზე შეიძლება მოხდეს:
ა. პირადი თხოვნის საფუძველზე;
ბ. თანამდებობათა შემცირების შემთხვევაში;
გ. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე;
დ. ატესტაციის საფუძველზე;
ე. დისციპლინური წესით;
ვ. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
პირადი შემადგენლობის ბრძანებებში უნდა აღინიშნოს დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის მიზეზი.
მუშაკები, რომლებიც დაქვეითებული იყვნენ თანამდებობათა შემცირების გამო და თავისი კვალიფიკაციით პასუხობენ ადრე დაკავებულ ან მის ტოლ თანამდებობის მოთხოვნებს, სარგებლობენ მომავალი დაწინაურების უპირატესობით.
15. შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკების გადაადგილების უფლებით (მათი ნომენკლატურის შესაბამისად) სარგებლობენ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება და მთავრობა, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, შინაგან საქმეთა ორგანოების ხელმძღვანელები – მათ მიერ დანიშნული მუშაკების მიმართ.
16. თანამდებობიდან განთავისუფლებული მუშაკი გამონაკლისის სახით (მისი კვალიფიკაციის, საქმიანი და პირადი თვისებების გათვალისწინებით) შეიძლება ჩაირიცხოს კადრების განკარგულებაში მისთვის მთლიანი ხელფასის შენარჩუნებით პირველი ორი თვის მანძილზე და ხელფასის ნახევრის შენარჩუნებით შემდგომი ორი თვის მანძილზე. კადრების განკარგულებაში ყოფნის ხანგრძლივობა ოთხ თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
კადრების განკარგულებაში მუშაკების ჩარიცხვის უფლებით სარგებლობს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე კადრების დარგში. იგივე უფლებებით სარგებლობენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროების ანალოგიური ხელმძღვანელები. სამინისტროს უწყებრივი სამსახურებისა და ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელებს შეუძლიათ წარმოადგინონ შესაბამისი მოტივირებული შუამდგომლობები.
17. მოსამსახურე პირთა ურთიერთობის რეგულირებისა და მათი სამსახურის სტიმულირებისათვის შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკებისათვის დადგენილია შემდეგი სპეციალური წოდებები:
რიგითი შემადგენლობა
მილიციის რიგოსანი, შინაგანი სამსახურის რიგოსანი
უმცროს მეთაურთა შემადგენლობა
მილიციის უმცროსი სერჟანტი, შინაგანი სამსახურის უმცროსი სერჟანტი;
მილიციის სერჟანტი, შინაგანი სამსახურის სერჟანტი;
მილიციის უფროსი სერჟანტი, შინაგანი სამსახურის უფროსი სერჟანტი;
მილიციის ზემდეგი, შინაგანი სამსახურის ზემდეგი.
საშუალო მეთაურთა შემადგენლობა
მილიციის უმცროსი ლეიტენანტი, შინაგანი სამსახურის უმცროსი ლეიტენანტი;
მილიციის ლეიტენანტი, შინაგანი სამსახურის ლეიტენანტი;
მილიციის უფროსი ლეიტენანტი, შინაგანი სამსახურის უფროსი ლეიტენანტი;
მილიციის კაპიტანი, შინაგანი სამსახურის კაპიტანი.
უფროს მეთაურთა შემადგენლობა
მილიციის მაიორი, შინაგანი სამსახურის მაიორი;
მილიციის პოდპოლკოვნიკი, შინაგანი სამსახურის პოდპოლკოვნიკი;
მილიციის პოლკოვნიკი, შინაგანი სამსახურის პოლკოვნიკი.
უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობა
მილიციის გენერალ-მაიორი, შინაგანი სამსახურის გენერალ-მაიორი;
მილიციის გენერალ-ლეიტენანტი, შინაგანი სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი.
18. ოფიცრის პირველად სპეციალური წოდებას ანიჭებს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი.
19. გენერლის სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.
20. რიგოსანთა და უმცროს მეთაურთა შემადგენლობის სპეციალურ წოდებებს ანიჭებენ შინაგან საქმეთა ორგანოების ის ხელმძღვანელები, რომლებსაც ამ პირთა კატეგორიის სამსახურში მიღების უფლება აქვთ.
21. ოფიცერთა შემადგენლობის სპეციალური წოდებებს, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით, ანიჭებს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი.
ოფიცერთა შემადგენლობის სპეციალური წოდებებს მაიორის წოდების ჩათვლით, ანიჭებენ. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროები, შინაგანი ჯარების, ქ. თბილისის, სატრანსპორტო მილიციის სამმართველოები და მილიციის სპეციალური უმაღლესი სკოლა.
ოფიცერთა შემადგენლობის სპეციალურ წოდებებს კაპიტნის წოდების ჩათვლით ანიჭებენ ქუთაისისა და გორის შინაგან საქმეთა სამმართველოები, გამასწორებელ საქმეთა, დაცვისა და სახანძრო დაცვის სამმართველოები.
22. ოფიცერთა შემადგენლობის უფრო მაღალი სპეციალური წოდებები ენიჭება რიგითობის წესით არსებულ წოდებაში სამსახურის პერიოდის არანაკლებ:
უმცროსი ლეიტენანტი – 1 წლისა
ლეიტენანტი – 2 წლისა
უფროსი ლეიტენანტი – 2 წლისა
კაპიტანი – 3 წლისა
მაიორი – 3 წლისა
პოდპოლკოვნიკი – 4 წლისა
განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლოა მორიგი სპეციალური წოდება მიენიჭოს დადგენილ ვადებზე ადრე, როგორც თანამშრომლის წახალისების ერთ-ერთი ფორმის გამოსაყენებლად.
მორიგი წოდების მინიჭება დაკავებული თანამდებობით გათვალისწინებული წოდების უმაღლესი ზღვრის ერთი საფეხურით ზემოთ (გარდა პოლკოვნიკის წოდებისა) დაშვებულია სამსახურის გავლის პერიოდში მხოლოდ ერთხელ, იმის შემდეგ, როდესაც მუშაკს გაუვა წინა წოდების ტარების ერთ-ნახევარი ვადა. ასევე მხოლოდ ერთხელ შეიძლება მიენიჭოს მორიგი წოდება ვადაზე ადრე იმის შემდეგ, როდესაც შესრულდება წინა წოდების ტარების ვადის ნახევარი.
23. იმისათვის, რომ ოფიცერს მიენიჭოს მორიგი უფრო მაღალი სპეციალური წოდება, საჭიროა შესრულდეს შემდეგი საერთო პირობები:
- იმსახუროს დადგენილი ვადა იმ წოდებისა, რომელიც აქვს მინიჭებული;
ის წოდება, რომელიც უნდა მიენიჭოს, შეესაბამება დაკავებული თანამდებობით გათვალისწინებულ უმაღლეს წოდებას, ან მასზე დაბალია;
- მიიღოს დადებითი ატესტაცია.
მორიგ წოდებაში ყოფნისას სამსახურის ვადა გამოითვლება ამ წოდების ბრძანებით მინიჭების დღიდან.
მუშაკს, რომელსაც შეეფარდა დისციპლინური სასჯელი, მორიგი წოდება არ მიენიჭება ამ სასჯელის ვადის დამთავრებამდე ან მისი ვადაზე ადრე ბრძანებით მოხსნამდე.
აკრძალულია წოდებების მინიჭებისათვის დამატებითი შეზღუდვების შემოღება.
მუშაკის მორიგ წოდებაზე დაგვიანებით წარდგენისათვის მის უშუალო უფროსს დაეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა.
მუშაკებს კაპიტნისა და მაიორის წოდებებით, რომლებიც წელთა ნამსახურობით გადიან პენსიაზე, შეიძლება მიენიჭოთ შესაბამისად მაიორის და პოდ-პოლკოვნიკის წოდებები მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ წინა წოდებაში მათ იმსახურეს ამ წოდების ტარების არა ნაკლებ ერთი დადგენილი ვადისა და მორიგი მისანიჭებელი წოდება მხოლოდ ერთი საფეხურით აღემატება მათ მიერ დაკავებულ თანამდებობით გათვალისწინებული წოდების უმაღლეს ზღვარს.
თანამდებობრივ პირთა მიერ ფიცის დადების წესი
24. შინაგან საქმეთა ორგანოების ყველა მუშაკი თანამდებობაზე დანიშვნისას დებს ფიცს.
25. ფიცის დადება ეწყობა საზეიმო ვითარებაში, დანაყოფის ხელმძღვანელობისა და პირადი შემადგენლობის თანდასწრებით.
26. დანაყოფის პირადი შემადგენლობა მწყობრში იმყოფება. ცერემონიის დასაწყისში ეძლევა ბრძანება: „სმენა სწორდი შუისაკენ!“ და ხელმძღვანელს მოახსენებენ. ცერემონიალისათვის მზადყოფნის შესახებ.
27. დანაყოფის ხელმძღვანელი. ესალმება მწყობრს, შეახსენებს სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის, ღირსების კოდექსის მოთხოვნათა ზუსტად შესრულების აუცილებლობის შესახებ და მიუთითებს, რათა დაიწყონ ფიცის დადება.
28. ფიცის დასადებად. მუშაკი გამოდის მწყობრიდან, დგება მის წინ, ხმამაღლა წარმოთქვამს ფიცს და ხელს აწერს ფურცელს ფიცის ტექსტით. დანაყოფის ხელმძღვანელის მილოცვაზე პასუხობს: „ვემსახურები საქართველოს რესპუბლიკას“ და ბრუნდება მწყობრში.
როდესაც ფიცა დებს მუშაკთა დიდი რიცხვი, ერთი მათგანი კითხულობს ფიცის ტექსტს, ხოლო დანარჩენები იმეორებენ მას, ფიცის დადებისას თითოეული მუშაკი ასახელებს თავის სახელსა და გვარს.
29. ფიცის დადების დამთავრებისას დანაყოფის ხელმძღვანელი: მილოცვით მიმართავს ყველა ფიცმიღებული მუშაკს.
30. მუშაკები, რომლებმაც დადგენილ ვადაში ვერ დადეს ფიცი მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, აკეთებენ ამას დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ დანიშნულ სხვა დროს.
31. ხელმოწერილი ფიცის ტექსტი ინახება მუშაკთა პირად საქმეებში.
32. დანაყოფის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია იმისათვის, რომ მუშაკებმა ზუსტად დაიცვან ფიცის დადების ეს წესი
III. სამსახურის პირობები
33. შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკებისათვის დადგენილია 8 საათიანი სამუშაო დღე, ანუ 40-საათიანი სამუშაო კვირა. აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ისინი შეიძლება ჩაებან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში სამუშაოს ხანგრძლივობის დადგენილი ნორმის ზემოთ. ზეგანაკვეთური, აგრეთვე ღამით და უქმე დღეებში მუშაობისათვის შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკებს მიეცემათ სათანადო ფულადი კომპენსაცია, კომპენსაციის გადახდის წესი და განაკვეთები დადგენილია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ.
მუშაკთა ცვლიანი გრაფიკის მიხედვით ორგანიზებული მუშაობის შემთხვევაში სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის დროს სამუშაო დროის ხანგრძლივობა – აღსარიცხ პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს სამუშაო საათების ნორმირებული ოდენობას.
შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკთა გამოყენება არასამუშაო საათებში, სხვადასხვა მასობრივ-საზოგადოებრივი ღონისძიებების დროს, რომლებშიც მონაწილეობა არ გამომდინარეობს მათი პირდაპირი სამსახურებრივი მოვალეობებიდან, უნდა ხდებოდეს სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე და ითვალისწინებდეს გარკვეულ დამატებით ფულად ანაზღაურებას ამ ღონისძიებათა ორგანიზატორი დაწესებულებების ხარჯზე.
34. შინაგან საქმეთა ორგანოების შინაგანაწესს ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი.
35. შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკებს:
ა. უფლება აქვთ ხელმძღვანელობის თანხმობით თავისი ძირითადი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება შეუთავსონ პედაგოგიურ საქმიანობას.
ბ. აკრძალული აქვთ მონაწილეობა მიიღონ სამეწარმეო საქმიანობაში.
36. აკრძალულია შინაგან საქმეთა ორგანოების ერთისა და იმავე დანაყოფში იმ პირების მუშაობა, რომლებიც ერთმანეთთან ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფებიან (მშობლები, მეუღლეები, ძმები, დები, შვილები), იმ შემთხვევაში თუ ერთი სამსახურებრივად უშუალოდ ექვემდებარება ან მუშაობს მეორის კონტროლს დაქვემდებარებულ თანამდებობებზე. იგივე აკრძალვა ვრცელდება მეუღლის ახლო ნათესავების შემთხვევაშიც.
37. შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკებს გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროების სასწავლებლების შეუძლიათ ისწავლონ სხვა სასწავლო დაწესებულებებში საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის ნებართვით.
მუშაკები, რომლებიც სწავლობენ სამსახურიდან მოუწყვეტლად, სარგებლობენ ამ სასწავლო დაწესებულებაში ყველა უფლებითა და შეღავათით.
38. შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის დადგენილი დრო ჩაითვლება საერთო შრომის სტაჟში და საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სპეციალობით მუშაობის სტაჟში.
შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურში ყოფნის დრო ჩაითვლება მუშაკის განუწყვეტელი შრომის სტაჟში, რაც საჭიროა პენსიის დანიშვნისათვის, თუ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნისა და სხვა სამუშაოზე ან სასწავლებელში შესვლის შორის გასული პერიოდი არ აღემატება 3 თვეს.
39. შინაგან საქმეთა ორგანოების ორსული ან ბავშვიანი თანამშრომელი ქალები სარგებლობენ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით, ორსული და ბავშვიანი ქალებისათვის დადგენილი ყველა უფლებითა და შეღავათით.
40. შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკებს ეძლევათ ფორმის ტანსაცმელი უფასოდ ან სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია დადგენილი წესით.
41. შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკს პირადობის მოწმობის წარდგენით უფლება აქვს უფასოდ იმგზავროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით (ტაქსისა და საჰაერო ტრანსპორტის გარდა) საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში.
42. გადაცდომის ან დანაშაულის ჩადენისათვის შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკი დადგენილი წესით მიეცემა დისციპლინურ, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში. თუ მის მოქმედებას მოჰყვა მატერიალური ზარალი, მას ეკისრება აგრეთვე მატერიალური პასუხისმგებლობა.
ორგანოს მუშაკის წახალისებისა და დასჯის, მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით ან შეუსრულებლობით მიყენებული სახელმწიფოსათვის ზარალის ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა.
43. ავადმყოფობის დროს შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკი თავისუფლდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ შრომისუუნარობის ფურცლის საფუძველზე. განთავისუფლების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს უწყვეტად ოთხ თვეს ან წყვეტილად ხუთ თვეს წელიწადში. ამ ვადების გადაცილების შემთხვევაში სამედიცინო კომისია შემოწმების შემდეგ ღებულობს გადაწყვეტილებას შემდგომი სამსახურისათვის მუშაკის გამოსადეგობის შესახებ.
სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული ჭრილობების, კონტუზიების ან სხვა დაზიანებების მკურნალობის დრო არ იზღუდება.
44. შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკს ეძლევა შვებულებები:
- ყოველწლიური შვებულება,
- სასწავლო შვებულება,
- სასწავლო დაწესებულების დამთავრებასთან დაკავშირებული შვებულება.
ნებადართულია აგრეთვე შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკთა მოკლევადიან შვებულებაში გაშვება.
მუშაობის პირობებთან დაკავშირებით სოციალური და სხვა დამატებითი შვებულებები მილიციის მუშაკს მიეცემა საერთო საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.
45. შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკს ყოველწლიური შვებულება მიეცემა მისი სამსახურის სტაჟის შესაბამისად შემდეგი წესით:
- 30 კალენდარული დღე – შინაგან საქმეთა ორგანოებში 10 წლამდე მუშაობის სტაჟის მქონეს,
- 35 კალენდარული დღე – შინაგან საქმეთა ორგანოებში 10-დან 20 წლამდე მუშაობის სტაჟის მქონეს,
- 45 კალენდარული დღე შინაგან საქმეთა ორგანოებში 20 და მეტი წლის სტაჟის მქონეს.
შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკს, რომელსაც მოპოვებული აქვს უფლება გავიდეს შვებულებაში 45 კალენდარულ დღეზე შეუძლია შვებულება დაყოს ორ ნაწილად, ამასთან შვებულების ერთი ნაწილი არ უნდა იყოს 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკის ყოველწლიურ შვებულებაში ყოფნის დროს ავადმყოფობის შემთხვევაში, მას შვებულების ხანგრძლივობა უნდა გაუგრძელდეს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ ავადმყოფობის დღეთა იმ რაოდენობით, რომელიც დადასტურებულია სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული შრომისუუნარობის ფურცლით.
46. სამსახურში ახლად მიღებულ პირებს პირველი შვებულება მიეცემათ შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის პერიოდის პროპორციულად: სამსახურის ყოველ თვეზე-ორნახევარი კალენდარული სამუშაო დღის გაანგარიშებით. შვებულება, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 10 დღე-ღამეს, მუშაკის სურვილით შეიძლება დაერთოს მთლიან მორიგ შვებულებას მომდევნო წელს.
47. მოკლევადიანი შვებულება ხელფასის შენარჩუნებით მიეცემა მუშაკს განსაკუთრებული საპატიო მიზეზით, ვადით 10 კალენდარულ დღემდე, იმ დროის გარეშე, რომელიც ესაჭიროება მას შვებულების ადგილამდე ჩასვლისა და უკან დაბრუნებისათვის.
48. დაუსწრებლად სწავლებისას მუშაკს სასწავლო შვებულება მიეცემა სასწავლო დაწესებულებების გეგმებით გათვალისწინებულ დროს.
49. პირებს, რომლებმაც დაამთავრეს შინაგან საქმეთა ორგანოების სპეციალური სასწავლებლების სტაციონარი, შვებულება მიეცემათ 30 კალენდარული დღის ხანგრძლივობით და ჩაეთვლებათ იგი მიმდინარე წლის მორიგ შვებულებად.
50. მოკლევადიანი და სასწავლო შვებულებები არ ჩაითვლება მორიგი შვებულების ვადაში.
51. შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან გასულ პირს მიეცემა ფულადი კომპენსაცია მის მიერ გამოუყენებელი შვებულების ნაცვლად.
52. შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკებს შვებულება მიეცემათ იმ ორგანოს ან დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, სადაც ისინი მუშაობენ.
53. შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები ექვემდებარებიან ატესტაციას, მუშაკთა ატესტაციის წესს ადგენს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის წინადადებით.
54. შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკთა შეღავათებს სამსახურის შეცვლასთან დაკავშირებით სხვა ადგილზე გამგზავრების, საცხოვრებელი ფართო ბის ქირის გადახდის, შვებულებით სარგებლობის, აგრეთვე სხვა შეღავათების შესახებ ადგენს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
55. შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახური დაწესებულია მამაკაცებისათვის 55 წლის ასაკამდე, ქალებისათვის 50 წლის ასაკამდე.
სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, უწყებრივი სამსახურების, ორგანოებისა და დანაყოფების ხელმძღვანელების შუამდგომლობის საფუძველზე, უფლებამოსილია მუშაკის სურვილისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით გაუგრძელოს სამსახურის ვადა: მამაკაცებს – 60 წლის ასაკამდე, ქალებს 55 წლის ასაკამდე.
ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სასწავლებლების პედაგოგ-მასწავლებელთა შემადგენლობაზე. ამ პირებმა შეიძლება განაგრძონ პედაგოგიური საქმიანობა უფრო მეტ ასაკამდე, ვიდრე ეს გათვალისწინებულია სხვა კატეგორიის მუშაკებისათვის, თუ ამას ხელს არ უშლის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
56. შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკებს უფლება აქვს მიიღონ პენსია წელთა სამსახურების მიხედვით, თუ მათი ამ ორგანოებში სამსახურის სტაჟი შეადგენს 20 და მეტ წელს.
ინვალიდობის შემთხვევაში შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკს უფლება აქვს მიიღოს პენსია ინვალიდობის გამო ნამსახურები წლების რაოდენობისაგან დამოუკიდებლად.
შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკის დაღუპვის ან სიკვდილის გამო, მისი ოჯახი სარგებლობს უფლებით პენსია მარჩენალის დაკარგვასთან დაკავშირებით.
პენსიების ოდენობას და მათი დანიშვნის წესს ადგენენ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
IV. შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკთა წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა
57. სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულების ინიციატივის გამოჩენისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სტიმულირებისათვის შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკებისათვის გათვალისწინებულია შემდეგი სახის წახალისებები:
- მადლობის გამოცხადება,
- ფულადი ჯილდო,
- ფასიანი საჩუქარი,
- საპატიო სიგელი,
- დაჯილდოება „წარჩინებული სამსახურის ნიშნით“,
- მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება დადგენილ ვადაზე ადრე-ან დაკავებული თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული წოდების ერთი საფეხურით ზემოთ მორიგი წოდების მინიჭება, დისციპლინური სასჯელის ვადაზე ადრე მოხსნა, განსაკუთრებული მიღწევებისათვის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.
„წარჩინებული სამსახურის ნიშანს“ აფუძნებს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ამტკიცებს ამ ნიშნის დებულებას.
შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკთა მიმართ წახალისების გამოყენების წესს ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი.
58. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის ან მაკომპრომეტირებული გადაცდომების ჩადენისათვის შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლებს დაედებათ შემდეგი სასჯელები:
- შენიშვნა,
- საყვედური,
- სასტიკი საყვედური,
- გამოცხადება არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის შესახებ,
- მორიგი სპეციალური წოდების მინიჭების შეჩერება 6 თვემდე,
- „წარჩინებული სამსახურის ნიშნის“ ჩამორთმევა,
- დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა,
- სპეციალური წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება,
- შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნა,
- დაპატიმრება 3-დან 10 დღე-ღამემდე ჰაუპტვახში მოთავსებით.
შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკს არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია ერთი წელი, ან თუ ამგვარ ქმედებას აქვს დენადი ხასიათი, მისი გამოვლენის შემდეგ გასულია 2 თვე.
შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები, რომლებიც დაინიშნენ თანამდებობაზე საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ, შეიძლება განთავისუფლდნენ ამ თანამდებობიდან მხოლოდ მისივე დადგენილებით. შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლების მიმართ დისციპლინური სასჯელების გამოყენების წესს ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი.
V. შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნა
59. შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკის სამსახურიდან დათხოვნა ხდება შემდეგი მიზეზების გამო:
- საპენსიო ასაკის მიღწევისას:
- თუ იგი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობით აღარ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და ამავე დროს არ არსებობს მისი სხვა თანამდებობაზე გამოყენების საშუალება;
- პირადი სურვილით, თუ ამის შესახებ ორი თვით ადრე გააფრთხილეს თანამდებობაზე დამნიშვნელი ხელმძღვანელი ან წინასწარ ურთიერთშეთანხმებულ ვადაში;
- შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ არ არსებობს სხვა თანამდებობაზე მისი გამოყენების საშუალება;
ატესტაციის შემდეგ დადგენილი სამსახურეობრივი შეუსაბამობის გამო;
შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკის ღირსების დისკრედიტაციისათვის;
დისციპლინის დარღვევისათვის;
ჩადენილი დანაშაულისათვის სასამართლოს განაჩენის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით;
უკანონოდ დათხოვნილი მუშაკის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს მისი სხვა თანამდებობაზე გამოყენების საშუალება;
სხვა სისტემის დაწესებულებაში წარმოებაში ან ორგანიზაციაში სამუშაოდ გადასვლასთან დაკავშირებით.
60. შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკთა სამსახურიდან დათხოვნის უფლებით სარგებლობენ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, საუწყებო სამსახურების, ორგანოებისა და დანაყოფების ხელმძღვანელები მათ მიერ დანიშნული მუშაკების მიმართ.
საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი სარგებლობს უფლებით დაითხოვოს სამსახურიდან მუშაკთა ღირსების დისკრედიტაციისათვის ის პირებიც, რომლებიც იყვნენ დანიშნული თანამდებობაზე სამინისტროს მისი დაქვემდებარების ორგანოებისა და დანაყოფების ხელმძღვანელების მიერ.
61. ამ დებულების გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი.
VI. ცალკეული კატეგორიის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირთა მიერ სამსახურის გავლის თავისებურებანი
26. მეთაურთა შემადგენლობის პირები შეიძლება მიავლინონ სხვა სამინისტროსა და უწყებაში, ან მათდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებაში, ორგანიზაციაში. სპეციალური სამუშაოებისა და მოვალეობების შესასრულებლად შინაგან საქმეთა ორგანოების კადრებში დატოვებით.
მივლინება ხდება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების საფუძველზე დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების წარდგინებით და შინაგან საქმეთა მინისტრთა შეთანხმებით.
63, შინაგან საქმეთა ორგანოების მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებიც მივლინებული არიან სხვა სამინისტროებსა და უწყებებში ან მათდამი დაქვემდებარებული დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, სამსახურს გადიან წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით და სარგებლობენ შინაგან საქმეთა ორგანოებში მოსამსახურე პირთათვის დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით. მათი უზრუნველყოფა მივლინებაში ყოფნის პერიოდში ხდება შესაბამისი სამინისტროსა და უწყების ხარჯზე.
64, აღნიშნული პირების დანიშვნა და გადაადგილება ხდება შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელობის მიერ რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით. მათი ფულადი ანაზღაურება ხდება რესპუბლიკის მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
65. რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებსაც აირჩევენ ხელისუფლების ორგანოებში, შეიძლება მიავლინონ აღნიშნული ორგანოებში შესაბამისი უფლებამოსილების ვადით. მივლინება ფორმდება რესპუბლიკის, ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მინისტრების მიერ.
66. 65-ე პუნქტში მითითებულ პირთა აუცილებელი მატერიალური და სხვა სახის უზრუნველყოფა ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯზე, ხოლო ფულადი ანაზღაურება მათ ენიშნებათ შესაბამის არჩევით ორგანოში დადგენილი ოდენობით, თუ ეს ხელფასი ნაკლებია იმ ხელფასზე, რომელსაც ის არჩევამდე იღებდა. განსხვავება უნაზღაურდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯზე.
დროებითი ინსტრუქცია
შინაგან საქმეთა ორგანოების კადრების შერჩევის შესახებ
I. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე ინსტრუქცია განსაზღვრავს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებში სამუშაოდ მისაღები კანდიდატთა მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, კადრების შერჩევისათვის საჭირო სამუშაოს ორგანიზაციისა და დაგეგმვის წესს, კანდიდატის სპეციალური შემოწმების ჩატარებას, მისი შედეგების შეფასებას და სათანადო გადაწყვეტილების მიღებას.
2. შერჩევის ძირითად მიზანს წარმოადგენს კანდიდატის საქმიანი და პირადი თვისებების შესაბამისობის გამოვლენა იმ მოთხოვნილებებთან, რომლებიც წაყენებული აქვთ შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკებს სამსახურებრივი საქმიანობის კონკრეტულ უბანზე.
3. რიგით და მეთაურთა შემადგენლობის თანამდებობებზე მიიღებიან 30 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც ფლობენ სახელმწიფო ენას, განათლებითა და პირადი თვისებების, საქმიანი და ფიზიკური მომზადების, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით უნარი შესწევთ შეასრულონ შინაგან საქმეთა ორგანოების თანამდებობის პირის მოვალეობანი. წვევამდელები შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურში არ მიიღებიან.
4. საპასუხისმგებლო თანამდებობებზე და აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამეურნეო, საწარმოო, საგეგმო-ეკონომიკურ, საინჟინრო-ტექნიკურ და სამედიცინო ქვედანაყოფებში ნებადართულია 35 წლის ასაკამდე პირთა მიღება, თუ მათ სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის მომენტში ექნებათ უფლება გავიდნენ პენსიაზე წელთა ნამსახურების მიხედვით.
5. რიგოსანთა და უმცროს მეთაურთა შემადგენლობის თანამდებობებზე მიიღებიან არა ნაკლებ საშუალო განათლების მქონე პირები.
შრომა-გასწორების დაწესებულებების კონტროლიორების და სახანძრო დანაყოფებში მეხანძრეების თანამდებობებზე შეიძლება იმ პირების მიღება, რომელთაც არასრული საშუალო განათლება აქვთ და ამავე დროს სწავლობენ საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ან სპეციალურ სასწავლებელში.
6. საშუალო და უფროს მეთაურთა შემადგენლობის თანამდებობებზე მიიღებიან მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირები.
საგამოძიებო ქვეგანყოფილებაში მიიღებიან მხოლოდ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირები.
საშუალო მეთაურთა შემადგენლობის თანამდებობებზე სამწყობრო და საბადრაგო ქვედანაყოფებში, სამედიცინო გამოსაფხიზლებლებში, დროებითი დაკავების იზოლატორებში, მიმღებ-გამანაწილებლებში, შრომა-გასწორების დაწესებულებებში შეიძლება საშუალო სპეციალური განათლების მქონე პირების მიღება, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება მიღებულ იქნენ საშუალო ზოგადი განათლების მქონე პირები მე-7 ქვედანაყოფსა და საფელდიეგერო სამსახურში.
7. აკრძალულია ახლო ნათესაურ კავშირში მყოფი პირების (მშობლები, მეუღლეები, ძმები, დები) მიღება ერთსა და იმავე შინაგან საქმეთა ორგანოების თუ ერთი სამსახურებრივად უშუალოდ ექვემდებარება ან კონტროლს უწევს მეორეს.
II. სამსახურში კანდიდატთა შერჩევის ორგანიზაცია
ზ. შინაგან საქმეთა უწყებრივი სამსახურის, ორგანოებისა და დანაყოფების, კადრების აპარატის ხელმძღვანელთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამსახურებრივი ამოცანაა. სამსახურში კანდიდატთა შერჩევა, რაზეც დიდად არის დამოკიდებული შინაგან საქმეთა ორგანოების ბრძოლისუნარიანობის დონე.
9. კანდიდატების შერჩევისა და წინასწარი შესწავლის ორგანიზება. ეკისრებათ იმ ადგილობრივ შინაგან საქმეთა ორგანოების ხელმძღვანელებს, სადაც ინიშნება კანდიდატი. ამ მუშაობას ისინი ახორციელებენ საკადრო აპარატებთან მჭიდრო კავშირში.
10. ადგილობრივი შინაგან საქმეთა ორგანოები შერჩეულ კანდიდატს, მასალებს მის შესახებ წარუდგენენ საკადრო აპარატების შესასწავლად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
11. საკადრო აპარატი შეისწავლის სამსახურში მისაღები კანდიდატებს მათი ადრინდელი საქმიანობის (სხვა დაწესებულებებში მუშაობა, სწავლის ან სამხედრო სამსახურის გავლა) შესახებ ოფიციალურად წარმოდგენილი დახასიათების, დადგენილი სპეციალური, სამედიცინო შემოწმებების და სათანადო შინაგან საქმეთა ორგანოების ხელმძღვანელების მიერ ჩატარებული პირადი გასაუბრებების მიხედვით განუმარტავს კანდიდატს მომავალი მუშაობის ხასიათს. და სამსახურის ძირითადი პირობებს (არანორმირებული სამუშაო დრო, მუშაობა დასვენების ან უქმე დღეებში და აგრეთვე არსებული შეღავათები და უპირატესობანი).
12. გასაუბრების შედეგად დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შედგება დასკვნა სათანადო ფორმით კანდიდატის კონკრეტულ თანამდებობაზე მიღების შესახებ.
13. შემოსული მასალების საფუძველზე იქმნება პირადი საქმე, რომელიც ინახება საკადრო აპარატში.
14. აღნიშნული მასალების საფუძველზე კანდიდატს ნიშნავენ. თანამდებობაზე დროებით, 3 თვის გამოსაცდელი ვადით.
გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 5 დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა ორგანოს ხელმძღვანელი შესაბამის საკადრო აპარატში აგზავნის დახასიათებას კანდიდატის თანამდებობაზე დამტკიცებისა და პირველადი სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ, ან მისი თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ.
III. კანდიდატის სპეციალური შემოწმება
15. სპეციალური შემოწმება შინაგან საქმეთა ორგანოებში სამუშაოდ მისაღები პირების შესწავლის საშუალებაა და ტარდება ცნობების დასაზუსტებლად თვით კანდიდატებისა და მისი ახლო ნათესავების (დედა, მამა, და-ძმა, შვილები და მეუღლე) შესახებ.
16. სპეციალური შემოწმება ტარდება დადგენილი გეგმით და ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის მიერ ოპერატიულ-საცნობარო აღრიცხვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მე-7 სამმართველოს ქვედანაყოფების მონაცემებით.
შინაგან საქმეთა ორგანოებში მისაღებ პირთათვის გათვალისწინებულია სრული და არასრული სპეციალური შემოწმება, რომელიც ტარდება, მხოლოდ შინაგან საქმეთა ორგანოების ოპერატიული საშუალებებით.
17. სრული სპეციალური შემოწმება ტარდება იმ პირთა მიმართ, რომლებიც:
- მიიღებიან სამსახურში რიგით და მეთაურთა შემადგენლობის თანამდებობებზე და აგრეთვე სწავლისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლო დაწესებულებებში;
- მიიღებიან როგორც მუშები ან მოსამსახურეები საიდუმლო სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ თანამდებობებზე და აგრეთვე იმ თანამდებობებზე, რომლებიც ითვალისწინებენ მათ დაშვებას ოპერატიული და საგამოძიებო მუშაობით დაკავებულ მუშაკთა სათავსოებში.
18. არასრული სპეციალური შემოწმება ტარდება მუშა-მოსამსახურეთა თანამდებობებზე მისაღებ პირთა მიმართ, რომელთა მომავალი საქმიანობა არ არის დაკავშირებული საიდუმლო ხასიათის საქმიანობასთან.
19. სრული სპეციალური შემოწმება ტარდება კანდიდატის, მისი მეუღლის და ახლო ნათესავების მიმართ, მათი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით. აუცილებელ შემთხვევებში ხორციელდება კანდიდატის დაბადების, საცხოვრებლის, მუშაობისა და სწავლის ადგილების დაზუსტება სათანადო შინაგან საქმეთა ორგანოების, მმაჩისა და სამისამართო ბიუროების მეშვეობით მათთვის დამახასიათებელი ცნობების დადგენით.
20. არასრული სპეციალური შემოწმება კანდიდატის, მისი მეუღლის და ახლო ნათესავების მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ კანდიდატთან ერთად, ტარდება საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით.
21. სპეციალური შემოწმების დამთავრების შემდეგ კადრების აპარატის მუშაკი ადგენს დასკვნას სპეცშემოწმების შედეგების შესახებ.
22. სისხლის სამართლის პასუხისგებაში ნამყოფი პირები შინაგან საქმეთა ორგანოებში სასამსახუროდ არ მიიღებიან, იმ პირთა გარდა, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეები შეწყვეტილი იყო დანაშაულის შემთხვევისა ან ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო.
არ მიიღებიან აგრეთვე ის პირები, რომელთა ახლო ნათესავები არიან მსჯავრდებული მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ან სასამართლოს მიერ ცნობილი არიან როგორც განსაკუთრებით საშიში რეციდივისტები.
სამსახურში მიღებაზე უარის თქმის მოტივები ამ შემთხვევაში კანდიდატს არ ეცნობება.
23. კანდიდატის მეუღლის, ახლო ნათესავების მიმართ ნასამართლობისა ან სხვა უარყოფითი ხასიათის მონაცემების მიღების შემთხვევაში სპეცშემოწმების დასკვნაში უნდა იქნეს დასაბუთებული ამ კანდიდატის სამსახურში მიღების შესაძლებლობა ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების, ნათესაური კავშირის სიახლოვის, მომავალი სამსახურის ხასიათის, კანდიდატზე შესაძლო უარყოფითი გავლენის, ნასამართლევი ნათესავისაგან მატერიალური ან სხვა სახის დამოკიდებულების გათვალისწინებით.
24. ახალ გარემოებათა წარმოშობისას (დაქორწინება, ბავშვებისა და სხვა ახლო ნათესავების დამდგარი სრულწლოვანება და სხვა) ტარდება ინსტრუქციის ამ კარით გათვალისწინებული დამატებითი შემოწმება, რომლის შედეგებს ახსენებენ შესაბამის ხელმძღვანელს, დამატებითი დოკუმენტები კი დაერთვის სპეცშემოწმების მასალებს.
25. რიგოსანთა და მეთაურთა შემადგენლობის პირები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ წერილობითი პატაკით აცნობონ უშუალო ხელმძღვანელს ოჯახური მდგომარეობაში მომხდარი ცვლილებების ან ახლო ნათესავების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
26. სპეციალური შემოწმების მასალები იმ კანდიდატებისა, რომლებიც არ იქნენ მიღებული სამსახურში, 6 თვის შემდეგ ნადგურდება.