საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების დროებითი ტიპობრივი დებულების შესახებ

მიღების თარიღი 04.09.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №892
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000404 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 9, 30/09/1992
972 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების დროებითი ტიპობრივი დებულების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება N892 1992 წლის 4 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების დროებითი ტიპობრივი დებულების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს: 1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების დროებითი ტიპობრივი დებულება. 2. დაევალოთ სამინისტროებს და უწყებებს შეუსაბამონ თავიანთი დებულებანი ამ დროებით ტიპობრივ დებულებას. 3. ეს დროებითი ტიპობრივი დებულება ძალაში შევიდეს მისი მიღების დღიდან, გარდა 1.3 პუნქტისა, რომელიც ამოქმედდეს 1993 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი                                                                ო. ქვილითაია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი                                                                გ. ბერიძე საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების დროებითი ტიპობრივი დებულება I. ზოგადი დებულებანი 1.1. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროები საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური ორგანოებია. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროები ხელმძღვანელობენ. მათთვის მინდობილი მმართველობის დარგს და პასუხს აგებენ. ამ დარგის მდგომარეობისა და განვითარებისათვის, სახელმწიფო დავალებების შესრულებისა და შესაბამისი დარგის წინაშე დასახული სხვა ამოცანების გადაწყვეტისათვის, ახორციელებენ ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას დარგში და ექვემდებარებიან საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ აქტებს საქართველოს რესპუბლიკის კანონების, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტებისა და დადგენილებების, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების საფუძველზე და შესასრულებლად, ორგანიზაციას უწევენ და ამოწმებენ მათს შესრულებას. 1.2. სამინისტრო არის იურიდული პირი, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიშები ბანკებში, ბეჭედი საქართველოს რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით. 1.3. სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენახვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ცენტრალური აპარატის სტრუქტურას, მუშაკთა რიცხოვნობასა და მათი შესანახი ასიგნებების ოდენობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა. II. სამინისტროს ამოცანები და ძირითადი ფუნქციები სამინისტროს ძირითად ამოცანებს მინდობილ დარგში წარმოადგენს: 2.1. სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექნოლოგიური პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფა. 2.2. დარგის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექნოლოგიური განვითარების სტრატეგიის შემუშავება და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა გრძელვადიანი პროგნოზირების საფუძველზე, მათი რეაგირებისათვის საჭირო წინა პირობების დასახვა და განხორციელებისათვის ხელშეწყობა. 2.3. დარგის პროდუქციაზე, სამუშაოებსა და მომსახურებაზე საშინაო და საგარეო მოთხოვნილებათა შესწავლა. 2.4. დარგში ერთიანი სახელმწიფო საფინანსო, საბიუჯეტო და ფასწარმოქმნის პოლიტიკის განხორციელება. 2.5. პროგრესული საწარმოო სტრუქტურების განვითარების, წარმოების დეცენტრალიზაციის, კონკურენციის გაშლისა და დემონოპოლიზაციის პოლიტიკის განხორციელებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ამ სფეროში სამთავრობო გადაწყვეტილებათა განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების დასახვა. 2.6. ახალი საწარმოებისა და ობიექტების მშენებლობის, მოქმედი საწარმოებისა და ობიექტების ტექნიკური გადაიარაღების, რეკონსტრუქციისა და გაფართოების პროექტების შემუშავების ორგანიზაცია. 2.7. საზღვარგარეთის ქვეყნებთან ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექნოლოგიური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა დარგის ინტერესებიდან გამომდინარე და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა. დასახული ამოცანების გადასაწყვეტად სამინისტროს ენიჭება შემდეგი ფუნქციები: 2.8. დარგის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, მაკროეკონომიკური პროგნოზირება მოკლე და გრძელვადიანი პერიოდისათვის. 2.9. დარგის შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შემუშავების ორგანიზაცია და დადგენილი წესით მთავრობაში წარმოდგენა. 2.10. დარგობრივი ტექნიკურ-ეკონომიკური ნორმების, ნორმატივებისა და სტანდარტების შემუშავების ორგანიზაცია. 2.11. დარგის მასშტაბით კომპლექსური მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მისი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების დასახვა. 2.12. დელეგირებულ უფლებათა ფარგლებში სახელმწიფო ქონების გამოყენების ეფექტიანობის უზრუნველყოფა, ცალკეულ შემთხვევებში მთავრობის დავალებით დროებით სახელმწიფო საწარმოების უშუალო მართვა. 2.13. დარგში ერთიანი სახელმწიფო-საფინანსო, საბიუჯეტო და ფასწარმოქმნის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია. 2.14. დარგის მასშტაბით ანტიმონოპოლიური პოლიტიკისა და პრივატიზების სამუშაოთა განხორციელებისათვის საჭირო წინადადებათა შემუშავება და დადგენილი წესით მთავრობაში წარდგენა. 2.15. დარგობრივი ინფორმაციული ბანკის, ინფორმაციული სისტემების შექმნისა და განვითარების ორგანიზაცია. 2.16. დარგის ტექნოლოგიური განვითარების მეცნიერული უზრუნველყოფის ხელშეწყობა, დარგში სამეცნიერო კვლევების კოორდინირება. 2.17. დარგის იურიდიულ-სამართლებრივი მომსახურების ორგანიზაცია. 2.18. საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა, ამ სფეროში საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური ფუნქციების შესრულება. საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის დახმარების გაწევა პარტნიორების შერჩევასა და საქმიანი ურთიერთობების  დამყარებაში. 2.19. დარგში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია. 2.20. სახელმწიფო შეკვეთების პროექტების ფორმირება და მათი საკონკურსო წესით განაწილება. 2.21. საკადრო პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია (კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაცია სხვადასხვა მეთოდებისა და ფორმების გამოყენებით ადგილზე, უცხოეთში მივლინებით და ა. შ.). 2.22. დარგობრივი მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრამებისა და პროექტების ექსპერტიზის უზრუნველყოფა. 2.23. ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურაში შემავალი თავისი პროფილის სამსახურების (ქვედანაყოფების) საქმიანობის მეთოდური და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა. 2.24. უზრუნველყოს მათზე დელეგირებულ საწარმოებში აღრიცხვა-ანგარიშგების სათანადო დონე, მიიღოს საწარმოებიდან კვარტალური და წლიური საბუღალტრო ანგარიშგება, გააანალიზოს იგი და გამოიყენოს დარგის მართვის ამოცანების შესაბამისად. III. სამინისტროს უფლებამოსილებანი სამინისტროს უფლება აქვს: 3.1. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს დარგის საწარმოების მიერ საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების შესრულებას. 3.2. თავისი დარგის საწარმოებსა და ორგანიზაციებში კონტროლი დააწესოს სახელმწიფო შეკვეთების შესრულებაზე. 3.3. დადგენილი წესით (საკონტრაქტო საფუძველზე) დანიშნოს სახელმწიფო საწარმოს დირექტორი და გაათავისუფლოს იგი თანამდებობიდან კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 3.4. მთავრობაში განსახილველად წარადგინოს შემუშავებული და დადგენილი წესით შეთანხმებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტები. 3.5. მართვის შესაბამის სამთავრობო და სხვა ორგანოებში შეიტანოს წინადადებანი დარგში შემავალი მონოპოლისტი საწარმოების მიმართ. შესაბამის ღონისძიებათა გატარების თაობაზე. 3.6. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკება, დადოს ხელშეკრულებები როგორც რესპუბლიკის, ისე საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. 3.7. სამინისტროებსა და უწყებებს, რომლებსაც აქვთ დარგთაშორისი და ცენტრალური ეკონომიკური, საფინანსო და მართვის სხვა დარგთაშორისი ფუნქციები რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით უფლება აქვთ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მითითებები მისცენ რესპუბლიკის სამინისტროებსა და უწყებებს, მოითხოვონ მათგან სათანადო ინფორმაცია კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში. 3.8. სამინისტროს დადგენილი წესით რესპუბლიკის მთავრობაში შეაქვს წინადადებები ახალი სახელმწიფო საწარმოს შექმნის ან არსებულის რეორგანიზაციის (გაუქმების) თაობაზე. IV. სამინისტროს მართვა 4.1. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებს სათავეში უდგანან მინისტრები, რომლებსაც რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის პრეზიდიუმი. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრები პერსონალურად აგებენ პასუხს იმისათვის, რომ შესაბამისმა სამინისტროებმა შეასრულონ მათთვის დაკისრებული ამოცანები და განახორციელონ თავიანთი ფუნქციები. 4.2. მინისტრს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა. 4.3. ფუნქციებს მინისტრის მოადგილეებს შორის ანაწილებს მინისტრი. 4.4. სამინისტროებში იქმნება კოლეგია, რომელშიც შედიან მინისტრები (კოლეგიის თავმჯდომარე) და მინისტრის მოადგილეები, აგრეთვე სამინისტროს აპარატისა და მისი საქვეუწყებო მსხვილი ორგანიზაციების (საჭიროების მიხედვით) ხელმძღვანელი მუშაკები; სამინისტროს კოლეგიის წევრების რაოდენობასა და პერსონალური შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა. კოლეგიების საქმისწარმოებას და მათ პრაქტიკულ მუშაობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ ღონისძიებებს ახორციელებენ კოლეგიის მდივნები. 4.5. მინისტრს აკისრია პერსონალური პასუხისმგებლობა სამინისტროსათვის მინდობილი დარგის მდგომარეობისა და განვითარებისათვის. იგი განსაზღვრავს მინისტრის მოადგილეების, სამმართველოების, განყოფილებებისა და სხვა ქვეგანაყოფების უფროსების პერსონალურ პასუხისმგებლობას სამინისტროს საქმიანობის შესაბამისი დარგების მიმართ. 4.6.  მინისტრი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებს, მეთოდური მითითებებს. 4.7. სამინისტროს კოლეგია თავის სხდომებზე იხილავს სამინისტროს სამმართველოების, განყოფილებებისა და სხვა ქვედანაყოფების მიერ გაწეული მუშაობის შედეგებს, აგრეთვე მინდობილი დარგის განვითარებისა და საქმიანობის კარდინალური პრობლემებს. 4.8. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ დამტკიცებული სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკთა რიცხოვნობის, სტრუქტურისა და შენახვის ხარჯების ფარგლებში სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგს ამტკიცებს მინისტრი. 4.9. სამმართველოების, განყოფილებების და სხვა ქვედანაყოფების დებულებებს ამტკიცებს სამინისტროს კოლეგია. V. სამინისტროს ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი 5.1. სამინისტროს ლიკვიდაცია ხდება დადგენილი წესის შესაბამისად. 5.2. საბაზრო ურთიერთობათა განვითარების კვალობაზე, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას სამინისტროს ტიპურ დებულებაში შესაბამისი ცვლილებანი.