სატრანსპორტო პოლიციის ერთიანი სამსახურის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 28.12.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №1168
სარეგისტრაციო კოდი 000000370.02(0).000.000454 17
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 12, 31/12/1992
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.1992 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
სატრანსპორტო პოლიციის ერთიანი სამსახურის შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება N1168
1992 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
სატრანსპორტო
პოლიციის
ერთიანი
სამსახურის
შექმნის
შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ რესპუბლიკის რკინიგზაზე ბოლო დროს შეიქმნა მძიმე მდგომარეობა. გახშირდა დატაცების, ყაჩაღობის ფაქტები. ადგილი აქვს ხიდების აფეთქების, რკინიგზის აპარატურის, მოწყობილობისა და სხვა ქონების დატაცებისა და დაზიანების, მოძრავი შემადგენლობის განზრახ წყობიდან გამოყვანის შემთხვევებს.
მარტო 1992 წელს რკინიგზაზე ტვირთების დატაცებით რესპუბლიკამ განიცადა 18 მილიარდი მანეთის ზარალი. ამავე წლის განმავლობაში აფეთქებული და დაზიანებულია 46 დიდი, საშუალო და მცირე ზომის ხიდი.
საქართველოს რკინიგზაზე ამჟამად დაცვას საჭიროებს 62 დიდი ხიდი, 212 საშუალო ხიდი და 46 გვირაბი, ასევე საჭიროებს დაცვას სატვირთო და სამგზავრო შემადგენლობები.
რკინიგზაზე შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების, საქართველოს რკინიგზით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის, სარკინიგზო მაგისტრალების დაცვის მიზნით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფოს მეთაურის - შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, 1992 წლის 13 დეკემბრის განკარგულების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის ერთიანი სისტემის შექმნის მიზნით გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტთან არსებული შეიარაღებული დაცვა.
2. შეიქმნას საქართველოს რკინიგზის ერთიანი პოლიციის სამსახური - სატრანსპორტო პოლიცია, რომელშიც გაერთიანდეს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციისა და საქართველოს რკინიგზის დაცვის სპეციალური გასამხედროებული სამსახური.
3. დაევალოს სატრანსპორტო პოლიციას უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანა, ტვირთების გადაზიდვის სრული უსაფრთხოება და რკინიგზის მაგისტრალების, შენობა-ნაგებობების დაცვა.
4. სატრანსპორტო პოლიციის პირადი შემადგენლობის რიცხოვნობა განისაზღვროს - 3510 ერთეულით, მათ შორის: რკინიგზის ობიექტების დაცვის პოლკის - 2500 ერთეულით, სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოსი - 1010 ერთეულით.
5. სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს რკინიგზის ობიექტების დაცვის პოლკის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურება განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 ივლისის №764 დადგენილების №15 დანართის შესაბამისად. ამასთან ერთად, გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელმწიფოს მეთაურის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის 1992 წლის 13 დეკემბრის განკარგულების მე-3 პუნქტის მოთხოვნა და თანამდებობრივი განაკვეთები გაიზარდოს 20 პროცენტით.
6. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სათანადო გაანგარიშების მიხედვით 1993 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს სატრანსპორტო პოლიციის შენახვის ხარჯები.
7. სატრანსპორტო პოლიციის მთავარმა სამმართველომ და საქართველოს რესპუბლიკის სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტმა განსაზღვრონ რკინიგზის ობიექტების დაცვის პოლკისათვის გადასაცემი ხარჯების, საბრძოლო იარაღის, ტრანსპორტის, ტექნიკისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა ოდენობა.
საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ შესაბამისი გაანგარიშებების საფუძველზე შეიტანოს ცვლილებანი საქართველოს რესპუბლიკის სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტისა და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1993 წლის ბიუჯეტებში.
8. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტმა საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო დაზღვევის კომპანიის მონაწილეობით უმოკლეს ვადაში წარმოადგინონ დასამტკიცებლად სარკინიგზო ტრანსპორტით გადასაზიდი ტვირთების სადაზღვევო დებულება, რომლის მიღებამდე შენარჩუნებულ იქნეს დღეისათვის მოქმედი დაზღვევის წესი.
9. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სარკინიგზო ობიექტების დაცვის პოლკის შექმნასთან დაკავშირებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებანი რესპუბლიკის სატრანსპორტო პოლიციის დებულებაში, 10 დღის ვადაში დაამტკიცოს სარკინიგზო ობიექტების დაცვის პოლკის წესდება, ოპერატიულად დააკომპლექტოს სატრანსპორტო პოლიცია სათანადო კადრებით.
10. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფოს მეთაურის - შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის 1992 წლის 13 დეკემბრის განკარგულებით რკინიგზაზე მგზავრთა და ტვირთების უსაფრთხო გადაადგილების ხელყოფისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების უზრუნველყოფისათვის საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დაევალა ერთი კვირის ვადაში დაამუშაოს და წარადგინოს საქართველოს პარლამენტში განსახილველად წინადადებანი არსებული კანონმდებლობის გადასინჯვის თაობაზე.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი თ. სიგუა