გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/24656-25
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/09/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე N 2/24656-25

330210325011793574

განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების

წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე

 2025 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

  თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე     ზაალ მარუაშვილი

განმცხადებელი (მოვალე) – შპს „დელტა-ენერჯი“

წარმომადგენელი – დირექტორი, გიორგი ზღუდაძე

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე,

 გამოარკვია:

2025 წლის 9 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „დელტა-ენერჯის“ დირექტორმა, გიორგი ზღუდაძემ შპს „დელტა-ენერჯის“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ კომპანია სამეწარმეო საქმიანობას აღარ ახორციელებს და არც მომავალში აპირებს რაიმე საქმიანობის განხორციელებას. კომპანიას არ გააჩნია დებიტორული მოთხოვნები, უზრუნველყოფილი კრედიტორული, სამომავლო, პირობითი და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებები, ასევე, არ აქვს მიმდინარე ხელშეკრულებები და არ ჰყავს დასაქმებულები. არაუზრუნველყოფილ კრედიტორს კი წარმოადგენს სსიპ – შემოსავლების სამსახური, ჯამური დავალიანება – 3812.43 ლარი. კომპანია ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, ასევე არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება ან ფულადი სახსრები, რომლითაც მოხდება კანონით დადგენილი საპროცესო ხარჯების დაფარვა.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „დელტა-ენერჯის“ უარი უნდა ეთქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა; ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას; გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში; დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა; ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება; ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას. ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს „დელტა-ენერჯის“ არ გააჩნია რაიმე სახის აქტივი, უძრავ-მოძრავი ქონება ან/და თანხა საბანკო ანგარიშზე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული კანონის მოყვანილ ნორმათა ვერც ერთი მიზანი და ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი. ამდენად, არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 დაადგინა:

1. შპს „დელტა-ენერჯის“ (ს.ნ.401997274) უარი ეთქვას გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/), ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე.

3. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, განჩინების საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

 მოსამართლე  ზაალ მარუაშვილი