„საქართველოს მთავრობასა და ელ-სალვადორის რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ“ ჩარჩო შეთანხმება

მიღების თარიღი 27.02.2025
ძალაში შესვლა 01.09.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №123-1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016833 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 29/09/2025
894 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2025 მიღება
01.09.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 07.12.2015 „საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 03.10.2014 „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 30.11.2022 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 22.10.2025

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და ელ-სალვადორის რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ“ ჩარჩო შეთანხმება ჩარჩო შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ელ-სალვადორის რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და ელ-სალვადორის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი; სურთ რა, ხელი შეუწყონ და გააძლიერონ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და განამტკიცონ არსებული მეგობრული ურთიერთობები; ხელმძღვანელობენ რა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით, კერძოდ, სახელმწიფოთა თანამშრომლობის და მეგობრული ურთიერთობების, სუვერენიტეტის პატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპებით; აცნობიერებენ რა მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის ხელშეწყობისა და კოორდინაციის, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ზოგადი პრინციპების განსაზღვრის უდიდეს მნიშვნელობას, განვითარების სფეროში ორივე ქვეყნის ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად; დარწმუნებულნი არიან რა, რომ არსებითად აუცილებელია ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია კონკრეტული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც განსაზღვრავს განვითარების პრინციპებს, სექტორებსა და სფეროებს, ჰორიზონტალური, ორმხრივი და სოლიდარული ურთიერთობების ფორმებსა და სხვა ასპექტებს, რომლებიც დამახასიათებელია ორივე ქვეყნისთვის; კიდევ ერთხელ ადასტურებენ რა, რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს არსებული ოფიციალური თანამშრომლობის მექანიზმი, როგორც მხარეთა შორის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებისა და გაღრმავების საშუალება; შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი I მიზანი 1. წინამდებარე ჩარჩო შეთანხმების მიზანია, ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის სამთავრობო ორგანოებს შორის ორმხრივ თანამშრომლობას, კონკრეტული ღონისძიებების, პროექტებისა და პროგრამების და მხარეთა შორის თანამშრომლობის ნებისმიერი მექანიზმის შემუშავების, მოლაპარაკების, განხორციელებისა და შეფასების საფუძველზე, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან თავიანთი ეროვნული განვითარების სტრატეგიითა და პოლიტიკით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, რაც ხელს შეუწყობს თითოეულ ქვეყანაში არსებული შესაძლებლობების, წარმატებისა და სასარგებლო გამოცდილების გაზიარებას. 2. წინამდებარე ჩარჩო შეთანხმებაზე დაყრდნობით, მხარეებს ასევე შეუძლიათ შეიმუშაონ დოკუმენტები საერთო ინტერესის სფეროებში, რომლებსაც ექნება თავიანთი ფორმალობები. მუხლი II ღონისძიებები, პროექტები და თანამშრომლობის პროგრამები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მხარეები განსაზღვრავენ და შეიმუშავებენ საერთო ინტერესის მქონე ღონისძიებებს, პროექტებსა და თანამშრომლობის პროგრამებს, რომლებიც განისაზღვრება და ჩამოყალიბდება საგარეო საქმეთა სამინისტროების შესაბამისი უწყებების ერთობლივი და კოორდინირებული ძალისხმევით, ასევე დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და სხვა უწყებების მეშვეობით, რომელთა ჩართულობის მიზანშეწონილობა ამ მიზნებისათვის გადაწყდება მხარეთა მიერ. საქართველოს შემთვევაში, სააგენტოებისა და ქვეყნების წინაშე არაანაზღაურებადი თანამშრომლობის პროექტების დაგეგმვაზე, შემუშავებაზე, წარდგენასა და მიღებაზე პასუხისმგებელი პირი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტრო. ელ-სალვადორის რესპუბლიკის შემთხვევაში, სააგენტოებისა და ქვეყნების წინაშე არაანაზღაურებადი თანამშრომლობის პროექტების დაგეგმვაზე, შემუშავებაზე, წარდგენასა და მიღებაზე პასუხისმგებელი პირი იქნება ელ-სალვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (ESCO). მუხლი III თანამშრომლობის სფეროები და სექტორები მხარეთა შორის შეთანხმებულ თანამშრომლობის ღონისძიებებში, პროექტებსა და პროგრამებში, შესაძლებელია, გათვალისწინებულ იქნეს განვითარების ის სექტორები და სფეროები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს მხარეთა ეროვნულ პრიორიტეტებს: a) ეკონომიკის განვითარება; b) მრეწველობის განვითარება; c) განათლება, ინოვაცია, მეცნიერება და ტექნოლოგია; d) კულტურის განვითარება; e) სოციალური დაცვა და ინკლუზია; f) ჯანდაცვა; g) სოფლის მეურნეობის განვითარება; h) ტურიზმის განვითარება; i) უსაფრთხოება; j) გარემო და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია; k) პოლიტიკური თანამშრომლობა; l) სახელმწიფოს მოდერნიზაცია და გაძლიერება; m) ციფრული მმართველობა; და n) სხვა სფეროები, რომლებიც წარმოადგენს მხარეთა საერთო ინტერესის საგანს. მუხლი IV თანამშრომლობის ფორმები წინა მუხლში მითითებულ სექტორებსა და განვითარების სფეროებში თანამშრომლობის ღონისძიებები, პროექტები და პროგრამები შესაძლებელია ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განხორციელდეს შემდეგნაირად:   a) ექსპერტების, მკვლევრების, პროფესიონალებისა და ტექნიკოსების გაცვლით; b) გამოცდილებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების (სასარგებლო ინსტიტუციური გამოცდილების) გაზიარებით; c) სტაჟირების პროგრამის ფარგლებში; d) სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და კონფერენციების ჩატარებით; e) ვიდეოკონფერენციების მოწყობით და/ან ტრენინგებით; f) სტიპენდიებისა და სასწავლო პროგრამების ფარგლებში; და g) მხარეთა მიერ შეთანხმებული ნებისმიერი სხვა ფორმით. მუხლი V კოორდინაციისა და განხორციელების მექანიზმი 1. მხარეებს შეუძლიათ, წარმოადგინონ, მოილაპარაკონ და მიიღონ გადაწყვეტილება ორმხრივი თანამშრომლობის ღონისძიებების, პროექტებისა და პროგრამების თაობაზე, მხარეთა საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ერთობლივი შეხვედრების გამართვით. 2. ამ მიზნით შეიქმნება ტექნიკური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეხვედრებს გამართავს სულ მცირე წელიწადში ერთხელ, უშუალო მონაწილეობით ან ვირტუალურ ფორმატში იმ მიზნით, რომ განხილულ იქნეს და განისაზღვროს ზემოაღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში გასაფორმებელი ინიციატივები. 3. ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში საქართველო წარმოდგენილი იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ელ-სალვადორის რესპუბლიკის ტექნიკური სამუშაო ჯგუფი წარმოდგენილი იქნება ელ-სალვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (ESCO) მიერ. ასევე, შესაძლებელია ტექნიკური მუშაკებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლების თანხლება და მონაწილეობა, რომლებიც ჩართულნი არიან განსახილველად წარდგენილ თანამშრომლობის ღონისძიებებში, პროექტებსა და პროგრამებში. 4. განსახილველად წარდგენილ ღონისძიებებთან, პროექტებსა და პროგრამებთან დაკავშირებული ინიციატივები უნდა აისახოს იმ დოკუმენტებში, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას მისაღწევი მიზნების, განსახორციელებელი სამუშაო პროგრამის, თითოეული მხარისა და პროექტის განმახორციელებელი უწყებების ან ორგანიზაციების ვალდებულებებისა და ტექნიკური და ფინანსური ფუნქციების, მათ შორის, მონიტორინგისა და შეფასების შესახებ. მუხლი VI დაფინანსების პირობები 1. იმ ღონისძიებების, პროექტებისა და პროგრამების განსახორციელებლად, რომლებიც მოწონებული იქნება წინამდებარე ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში და დამტკიცდება თანამშრომლობის საკითხებზე გამართულ ერთობლივ შეხვედრაზე, შესაძლებელია ხარჯების ერთობლივად დაფარვის პირობის გათვალისწინება, მხარეთა ტექნიკურ და ფინანსურ შესაძლებლობებზე დაყრდნობით, ყოველი ინიციატივის შემთხვევაში კონსულტაციის საფუძველზე. 2. თავის მხრივ, მხარეებს შეუძლიათ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და საჭიროებიდან და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მოითხოვონ დაფინანსების სხვა წყაროების მოზიდვაც ზემოაღნიშნულ ვალდებულებათა განსახორციელებლად, სამმხრივი თანამშრომლობის სქემის ფარგლებში. მუხლი VII დავების მოგვარება ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ჩარჩო შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან პირდაპირი მოლაპარაკებების გზით. მუხლი VIII ცვლილებები და დამატებები წინამდებარე ჩარჩო შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტებად და წარმოადგენს ამ ჩარჩო შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის IX მუხლის შესაბამისად. მუხლი IX დასკვნითი დებულებები 1. წინამდებარე ჩარჩო შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ ჩარჩო შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. 2. წინამდებარე ჩარჩო შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს ნებისმიერი მხარის მიერ მეორე მხარისგან ჩარჩო შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი (6) თვის შემდეგ, თითოეული მხარის შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესაბამისად. 3. წინამდებარე ჩარჩო შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა არ იმოქმედებს ზემოაღნიშნული შეტყობინების გაგზავნამდე რომელიმე მხარის მიერ დაწყებულ ღონისძიებებზე, პროექტებსა და პროგრამებზე, რომელთა განხორციელება გაგრძელდება მათ დასრულებამდე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. შესრულებულია ქ. სან სალვადორში, 2025 წლის 27 თებერვალს, ექვს დედნად, ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე ორ ეგზემპლარად. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ ჩარჩო შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურენოვან ტექსტს. საქართველოს მთავრობის სახელით ელ-სალვადორის რესპუბლიკის მთავრობის სახელით ლაშა დარსალია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ადრიანა მირა საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრი