„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი (თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმება)“
მიღების თარიღი 17.06.2022
ძალაში შესვლა 15.09.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №WT/MIN(22)/33 WT/L/1144
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016834 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 24/09/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი“ „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი“ საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი (თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმება)“
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი (თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმება)
შეთანხმება თევზჭერის სუბსიდიების შესახებ
2022 წლის 17 ივნისის მინისტრთა გადაწყვეტილება
მინისტრთა კონფერენცია;
ითვალისწინებს რა „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების“ X მუხლის პირველ პუნქტს („მსო-ის შეთანხმება“);
იხსენებს რა 2017 წლის ბუენოს-აირესის მსო-ის მეთერთმეტე მინისტრთა კონფერენციაზე წევრთათვის მინიჭებულ მანდატს, რომლის მიხედვითაც შემდეგ მინისტრთა კონფერენციას უნდა მიეღო შეთანხმება ყოვლისმომცველი და ეფექტიანი მარეგულირებელი წესების შესახებ, რომელიც აკრძალავდა თევზჭერის სუბსიდიების განსაზღვრულ ფორმებს, რომელიც ხელს უწყობს ჭარბ წარმოებას და გადამეტებულ თევზჭერას და აღმოფხვრიდა სუბსიდიებს, რომელიც ხელს უწყობს უკანონო, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ თევზჭერას და აღიარებდა, რომ განვითარებად და ნაკლებად განვითარებულ წევრ ქვეყნებთან მიმართებით შესაბამისი და ეფექტიანი სპეციალური და დიფერენცირებული მიდგომა ამ მოლაპარაკებების განუყოფელი ნაწილი უნდა ყოფილიყო.
იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
1. მსო-ის შეთანხმების ცვლილების ოქმი, რომელიც თან ერთვის ამ გადაწყვეტილებას არის მიღებული და წარედგინება წევრებს მიღებისათვის.
2. ოქმი ასევე ღია არის წევრების მიერ მიღებისათვის.
3. ოქმი ძალაში შევა მსო-ის შეთანხმების X მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების შესაბამისად.
4. თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმების 9.4 მუხლის მიუხედავად, წესების მომლაპარაკებელთა ჯგუფი გააგრძელებს მოლაპარაკებებს WT/MIN(21)/W/5 და WT/MIN(22)/W/20 დოკუმენტებში შეუსრულებელი საკითხების საფუძველზე მსო-ის მეცამეტე მინისტრთა კონფერენციისათვის რეკომენდაციების გაწევის მიზნით დამატებით დებულებებთან დაკავშირებით, რითაც მიღწეულ იქნება თევზჭერის სუბსიდიების შესახებ ყოვლისმომცველი შეთანხმება, მათ შორის, თევზჭერის სუბსიდიების განსაზღვრული ფორმების დამატებითი მარეგულირებელი წესების გზით, რომელიც ხელს უწყობს ჭარბ წარმოებას და გადამეტებულ თევზჭერას და აღიარებს, რომ განვითარებად და ნაკლებად განვითარებულ წევრ ქვეყნებთან მიმართებით შესაბამისი და ეფექტიანი სპეციალური და დიფერენცირებული მიდგომა ამ მოლაპარაკებების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.
დანართი
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების
ცვლილების ოქმი
თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმება
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები;
ითვალისწინებენ რა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების („მსო-ის შეთანხმება“) X მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებულ მინისტრთა კონფერენციის გადაწყვეტილებას (WT/MIN(22)/33 – WT/L/1144 დოკუმენტები);
თანხმდებიან შემდეგზე:
1. მსო-ის შეთანხმების დანართი 1A, ამ ოქმის მე-4 პუნქტის შესაბამისად ძალაში შესვლისას, შეიცვლება თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმების ჩამატებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ ოქმის დანართით, სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ შეთანხმების შემდეგ.
2. ამ ოქმის არც ერთ დებულებასთან მიმართებით არ შეიძლება გაკეთდეს დათქმა.
3. ეს ოქმი გახსნილია წევრების მიერ მიღებისათვის.
4. ეს ოქმი ძალაში შევა მსო-ის შეთანხმების X მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.[1]
5. ამ ოქმის დეპოზიტარია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს თითოეულ წევრს დამოწმებულ ასლს და მიღების შესახებ თითოეულ შეტყობინებას მე-3 პუნქტის შესაბამისად.
6. ეს ოქმი დარეგისტრირდება გაეროს წესდების 102-ე მუხლის დებულებათა თანახმად.
შესრულებულია ჟენევაში ორი ათას ოცდაორი წლის ივნისის მეჩვიდმეტე დღეს, ერთ ასლად, ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე. თითოეული ტექსტი ავთენტურია.
დანართი
თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმება
მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო
წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება სუბსიდიებზე, სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ შეთანხმების („SCM შეთანხმება“) 1.1. მუხლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიც ამავე შეთანხმების მე-2 მუხლის გაგებით დამახასიათებელია საზღვაო გარეული თევზჭერისათვის და ზღვაზე თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის.[2] [3] [4]
მუხლი 2🔗. განსაზღვრებები
წინამდებარე შეთანხმების მიზნისათვის:
(a) „თევზი“ ნიშნავს ცოცხალი საზღვაო რესურსების ყველა სახეობას, მიუხედავად გადამუშავებისა;
(b) „თევზჭერა“ ნიშნავს თევზის ძიებას, მიტყუებას, ადგილმდებაროების განსაზღვრას, დაჭერას, მოპოვებას ან რეწვას, ან ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც გონივრული ვარაუდის საფუძველზე შეიძლება დასრულდეს თევზის მიტყუებით, ადგილმდებარეობის განსაზღვრით, დაჭერით, მოპოვებითა ან რეწვით;
(c) „თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობა“ ნიშნავს თევზჭერის მხარდაჭერისა ან მოსამზადებლად განხორციელებულ ნებისმიერ მოქმედებას, მათ შორის თევზის ჩამოცლას, შეფუთვას, გადამუშავებას, გადატვირთვას ან ტრანსპორტირებას, რომელიც მანამდე არ ჩამოცლილა პორტში, ისევე როგორც პერსონალის, საწვავის, აღჭურვილობისა და სხვა მარაგის ზღვაზე მიწოდებას;
(d) „ხომალდი“ ნიშნავს ნებისმიერ ხომალდს, სხვა სახის გემს ან ნავს, რომელიც თევზჭერისა ან თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის გამოიყენება, აღჭურვილია გამოყენებისათვის, ან განზრახულია გამოყენებისათვის;
(e) „ოპერატორი“ ნიშნავს ხომალდის მფლობელს, ან ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც უძღვება, მართავს ან აკონტროლებს ხომალდს.
მუხლი 3🔗. უკანონო, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის ხელშემწყობი სუბსიდიები[5]
3.1. არცერთი წევრი არ გასცემს ან შეინარჩუნებს სუბსიდიას ხომალდისა ან ოპერატორის[6] მიმართ, რომელიც ჩართულია უკანონო, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ („IUU“) თევზჭერასა ან IUU თევზჭერის მხარდამჭერ თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.
3.2. 3.1 მუხლის მიზნებისათვის, ხომალდი ან ოპერატორი IUU თევზჭერაში ჩართულად ჩაითვლება, თუ ამას დადებითად განსაზღვრავს ნებისმიერი შემდეგი პირი:[7] [8]
(a) სანაპირო წევრი, იმ საქმიანობისათვის, რომელიც მის იურისდიქციაში ხორციელდება; ან
(b) დროშის წევრი სახელმწიფო, იმ საქმიანობისათვის, რომელსაც მისი დროშის ხომალდი ახორციელებს; ან
(c) შესაბამისი თევზჭერის მართვის რეგიონული ორგანიზაცია ან მექანიზმი („RFMO/A“), RFMO/A-ის წესებისა და პროცედურების, მათ შორის შესაბამისი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათ შორის დროული შეტყობინებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით, მისი უფლებამოსილების სფეროში შემავალ ზონებსა და სახეობებზე.
3.3. (a) 3.2 მუხლით გათვალისწინებული დადებითად განსაზღვრა[9] მიუთითებს წევრის საბოლოო დასკვნასა და/ან RFMO/A-ის საბოლოო ნუსხაზე, რომლის მიხედვითაც ხომალდი ან ოპერატორი ჩართული იყო IUU თევზჭერაში.
(b) 3.2(a) მუხლის მიზნებისათვის, 3.1 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა გავრცელდება იმ შემთხვევაში, როცა სანაპირო წევრის მიერ განსაზღვრა ეფუძნება შესაბამის ფაქტობრივ ინფორმაციას და სანაპირო სახელმწიფომ დროშის წევრ სახელმწიფოს, და თუ ეს ცნობილია, სუბსიდიის გამცემ წევრს, წარუდგინა შემდეგი:
(i) დროული შეტყობინება, სათანადო არხების საშუალებით, იმის შესახებ, რომ ხომალდი ან ოპერატორი შემდგომი გამოძიების პერიოდით დროებით დაკავებულია ან სანაპირო წევრმა დაიწყო გამოძიება IUU თევზჭერაში ჩართვისათვის, მათ შორის, მითითება ნებისმიერ შესაბამის ინფორმაციაზე, გამოსაყენებელ კანონებზე, რეგულაციებზე, ადმინისტრაციულ პროცედურასა ან სხვა შესაბამის ღონისძიებაზე;
(ii) შესაბამისი ინფორმაციის[10] გაცვლის შესაძლებლობა განსაზღვრამდე, რათა ამგვარი ინფორმაციის გათვალისწინება მოხდეს საბოლოო განსაზღვრისას. სანაპირო წევრს შეუძლია განსაზღვროს ინფორმაციის ამგვარი გაცვლის განხორციელების სახე და დრო; და
(iii) საბოლოო განსაზღვრისა და ნებისმიერი გამოყენებული სანქციების შეტყობინება, მათ შორის, თუ შესაძლებელია, მათი ხანგრძლივობა.
სანაპირო წევრი დადებითად განსაზღვრის თაობაზე შეატყობინებს 9.1 მუხლში მოცემულ კომიტეტს (შეთანხმებაში მოხსენიებული, როგორც „კომიტეტი“).
3.4. სუბსიდიის გამცემმა წევრმა უნდა გაითვალისწინოს ხომალდისა ან ოპერატორის მიერ განხორციელებული IUU თევზჭერის ბუნება, სიმძიმე და განმეორებითობა, როდესაც 3.1 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვის გამოყენების ხანგრძლივობის განსაზღვრა ხდება. 3.1 მუხლის აკრძალვა მოქმედებს სულ მცირე აკრძალვის ამმოქმედებელი განსაზღვრით დამდგარი სანქციის[11] ხანგრძლივობის ვადით ან სულ მცირე იმ ვადით, როცა ხომალდი ან ოპერატორი RFMO/A-ის ნუსხაშია მოცემული, რაც უფრო მეტ ვადას გულისხმობს.
3.5. სუბსიდიის გამცემი წევრი, 3.1 მუხლის თანახმად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ შეატყობინებს კომიტეტს, 8.3 მუხლის შესაბამისად.
3.6. იმ შემთხვევაში, როცა პორტის წევრი სახელმწიფო შეატყობინებს სუბსიდიის გამცემ წევრს აშკარა საფუძვლების შესახებ, რომ მის ერთ-ერთ პორტში ხომალდი ჩართულია IUU თევზჭერაში, სუბსიდიის გამცემი წევრი სათანადოდ გაითვალისწინებს მიღებულ ინფორმაციას და სუბსიდიებთან მიმართებით განახორციელებს მისთვის სათანადო მოქმედებას.
3.7. ყველა წევრი ვალდებულია გააჩნდეს კანონები, რეგულაციები და/ან ადმინისტრაციული პროცედურა, რათა უზრუნველყოს, რომ 3.1 მუხლში მითითებული სუბსიდიები, მათ შორის წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისას არსებული სუბსიდიები, არ იქნეს გაცემული ან შენარჩუნებული.
3.8 წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან 2 წლის განმავლობაში, განვითარებადი წევრი ქვეყნების, მათ შორის, ნაკლებად განვითარებული (“LDC”) ქვეყნების მიერ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონამდე („EEZ“) და ამ ზონაში გაცემული ან შენარჩუნებული სუბსიდიები, გათავისუფლებული იქნება წინამდებარე შეთანხმების 3.1 და 10 მუხლით გათვალისწინებული მოქმედებებისგან.
მუხლი 4🔗. სუბსიდიები იმგვარი სახეობების მიმართ, რომელიც გადამეტებულ თევზჭერას ექვემდებარება
4.1. არცერთი წევრი არ გასცემს ან შეინარჩუნებს სუბსიდიას თევზჭერისა და თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობის მიმართ იმგვარ სახეობებთან დაკავშირებით, რომელიც გადამეტებულ თევზჭერას ექვემდებარება.
4.2. ამ მუხლის მიზნისათვის, თევზის სახეობა გადამეტებულ თევზჭერას ექვემდებარება, თუ ის ამგვარად აღიარებულია სანაპირო წევრის მიერ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მიმდინარე თევზჭერა ან შესაბამისი RFMO/A-ის მიერ მისი უფლებამოსილების სფეროში შემავალი ზონებისა და სახეობების მიმართ, მისთვის ხელმისაწვდომი საუკეთესო სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე.
4.3. 4.1 მუხლის მიუხედავად, წევრს შეუძლია გასცეს ან შეინარჩუნოს 4.1 მუხლში ნახსენები სუბსიდიები, თუ ამგვარი სუბსიდიები ან სხვა ღონისძიებები სახეობის ბიოლოგიურად მდგრად დონემდე[12] აღდგენას ემსახურება.
4.4. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან 2 წლის განმავლობაში, განვითარებადი წევრი ქვეყნების, მათ შორის ნაკლებად განვითარებულ („LDC“) ქვეყნების მიერ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონამდე („EEZ“) და ამ ზონაში გაცემული ან შენარჩუნებული სუბსიდიები, გათავისუფლებული იქნება წინამდებარე შეთანხმების 4.1 და 10 მუხლით გათვალისწინებული მოქმედებებისგან.
მუხლი 5🔗. სხვა სუბსიდიები
5.1. არც ერთი წევრი არ გასცემს ან შეინარჩუნებს სუბსიდიებს თევზჭერისა და თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის, რომელიც სცდება სანაპირო წევრის ან სანაპირო არაწევრის იურისდიქციას და შესაბამისი RFMO/A-ის უფლებამოსილებას.
5.2. წევრი განსაკუთრებულ და სათანადო სიფრთხილეს გამოავლენს იმ ხომალდებისათვის სუბსიდიების გაცემისას, რომელიც ამ წევრის დროშით არ დაცურავს.
5.3. წევრი განსაკუთრებულ და სათანადო სიფრთხილეს გამოავლენს თევზჭერისა და თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის სუბსიდიების გაცემისას იმ სახეობებისათვის, რომლის სტატუსი უცნობია.
მუხლი 6🔗. განსაკუთრებული დებულებები
LDC წევრებისათვის
წევრმა სათანადო სიფრთხილე უნდა გამოავლინოს იმ საკითხებთან მიმართებით, რომელიც LDC წევრს ეხება და LDC წევრის განსაკუთრებული მდგომარეობა უნდა მიიღოს მხედველობაში გადაჭრის გზების ძიებისას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 7🔗. ტექნიკური დახმარება და ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განვითარება
მიზნობრივი ტექნიკური დახმარება და ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განვითარება განვითარებდი წევრი ქვეყნებისათვის, მათ შორის, LDC ქვეყნებისათვის, განხორციელდება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მარეგულირებელი წესების აღსრულების მიზნით. ამ დახმარების მხარდაჭერის მიზნით, ჩამოყალიბდეს მსოის ნებაყოფლობითი დაფინანსების მექანიზმი შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, როგორიცაა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი. მსო-ის წევრების შენატანები მექანიზმში სრულად ნებაყოფლობით საფუძველზე განხორციელდება და არ გამოიყენებს რეგულარულ საბიუჯეტო რესურსებს.
მუხლი 8🔗. შეტყობინება და გამჭვირვალობა
8.1. SCM შეთანხმების 25-ე მუხლის შეუზღუდავად და თევზჭერის სუბსიდიების შეტყობინების გაძლიერებისა და თევზჭერის სუბსიდიების ვალდებულებების უფრო ეფექტიანი ზედამხედველობის მიზნით, თითოეული წევრი ვალდებულია:
(a) SCM შეთანხმების 25-ე მუხლის თანახმად თევზჭერის სუბსიდიების რეგულარული შეტყობინების ფარგლებში წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
[13],
[14] თევზჭერის საქმიანობის ტიპი ან სახე, რომლისთვისაც გაცემულია სუბსიდია;
(b) SCM შეთანხმების 25-ე მუხლის თანახმად თევზჭერის სუბსიდიების რეგულარული შეტყობინების ფარგლებში შეძლებისდაგვარად წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია [12], [13]:
(i) თევზის სახეობების სტატუსი იმ სარეწში, რომლისთვისაც გაიცემა სუბსიდია (მაგ., გადამეტებულ თევზჭერას დაქვემდებარებული, მაქსიმალურად მდგრად თევზჭერას დაქვემდებარებული, არასაკმარის თევზჭერას დაქვემდებარებული) და გამოყენებული ათვლის წერტილები და არის თუ არა ეს სახეობები ზიარი[15] ნებისმიერ სხვა წევრთან ან იმართება RFMO/A-ის მიერ;
(ii) შესაბამისი თევზის სახეობის შენარჩუნებისა და მართვისათვის განხორციელებული ღონისძიებები;
(iii) ფლოტის ტევადობა სარეწში, რომლისთვისაც გაიცემა სუბსიდია;
(iv) სუბსიდიით მოსარგებლე თევზმჭერი ხომალდისა ან ხომალდების სახელი და საიდენტიფიკაციო ნომერი; და
(v) ინფორმაცია კვოტის შესახებ სახეობების ან სახეობათა ჯგუფების მიხედვით სარეწში, რომლისთვისაც გაიცემა სუბსიდია.[16]
8.2. თითოეული წევრი ყოველწლიურად წერილობით შეატყობინებს კომიტეტს ხომალდებისა და ოპერატორების სიას, რომელიც დადებითად განისაზღვრა, როგორც IUU თევზჭერაში ჩართული.
8.3. ყოველი წევრი, წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან ერთი წლის განმავლობაში აცნობებს კომიტეტს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისა და შესრულების უზრუნველყოფის მიზნით უკვე არსებული ან განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე, მათ შორის, მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული აკრძალვების განხორციელების მიზნით გადადგმული ნაბიჯების თაობაზე. ყოველი წევრი ასევე დაუყოვნებლივ აცნობებს კომიტეტს ამგვარი ღონისძიებების მიმართ შემდგომში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილებისა და მე-3 მუხლში მოცემული აკრძალვების განხორციელების მიზნით ახალი ღონისძიებების თაობაზე.
8.4. ყოველი წევრი წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან ერთი წლის განმავლობაში წარუდგენს კომიტეტს საკუთარი თევზჭერის რეჟიმის აღწერას მის კანონებზე, რეგულაციებსა და ადმინისტრაციულ პროცედურაზე მითითებით, რომელიც შეესაბამება წინამდებარე შეთანხმებას და დაუყოვნებლივ აცნობებს კომიტეტს შემდგომში ნებისმიერი ცვლილების შესახებ. ამ ვალდებულების შესრულება წევრს შეუძლია კომიტეტისათვის წევრისა ან სხვა სათანადო ოფიციალური ვებგვერდის განახლებული ელექტრონული ბმულის მიწოდებით, რომელზეც განთავსებული იქნება ეს ინფორმაცია.
8.5. წევრს შეუძლია შეტყობინების გამგზავნი წევრისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვოს ამ მუხლით გათვალისწინებული შეტყობინებებისა და ინფორმაციის შესახებ. შეტყობინების გამგზავნმა წევრმა ამ თხოვნას შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა უპასუხოს წერილობით და ამომწურავად. თუ წევრი ჩათვლის, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული შეტყობინება ან ინფორმაცია არ წარდგენილა, წევრს შეუძლია ეს საკითხი ამ წევრისა ან კომიტეტის წინაშე დასვას.
8.6. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, წევრები წერილობით შეატყობინებენ კომიტეტს ნებისმიერი RFMO/A-ის თაობაზე, რომლის წევრებსაც ისინი წარმოადგენენ. ეს შეტყობინება, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს RFMO/A-ის დამფუძნებელი სამართლებრივი ინსტრუმენტის ტექსტს, მისი უფლებამოსილების სფეროში შემავალ ზონებსა და სახეობებს, ინფორმაციას მართული თევზის სახეობების სტატუსის შესახებ, მისი შენარჩუნებისა და მართვის ღონისძიებების აღწერას, მის IUU თევზჭერის განსაზღვრის წესებსა და პროცედურებს და იმ ხომალდებისა და/ან ოპერატორების განახლებულ სიებს, რომელიც მის მიერ IUU თევზჭერაში ჩართულად განისაზღვრა. ეს შეტყობინება შესაძლოა წარდგენილ იქნეს როგორც ინდივიდუალურად, ისე წევრთა ჯგუფის მიერ. [17] ამ ინფორმაციის ნებისმიერი ცვლილების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კომიტეტს. კომიტეტის სამდივნო შეადგენს ამ მუხლის თანახმად შეტყობინებული RFMO/A-ების სიას.
8.7. წევრები აღიარებენ, რომ ღონისძიების შეტყობინება არ ზღუდავს (a) მის სამართლებრივ სტატუსს 1994 წლის GATT შეთანხმების, SCM შეთანხმებისა ან წინამდებარე შეთანხმების მიხედვით; (b) SCM შეთანხმებით განხორციელებული ღონისძიების შედეგებს; ან (c) თავად ღონისძიების ბუნებას.
8.8. ეს მუხლი არ ადგენს კონფიდენციალური ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებას.
მუხლი 9🔗. ინსტიტუციური მექანიზმები
9.1. წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე იქმნება თევზჭერის სუბსიდიების კომიტეტი, რომელიც შედგება თითოეული წევრის წარმომადგენლებისგან. კომიტეტი ირჩევს თავის თავმჯდომარეს და შეიკრიბება როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმების შესაბამისი დებულებებით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ორჯერ, ნებისმიერი წევრის მოთხოვნით. კომიტეტი განახორციელებს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ან წევრების მიერ მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს და წევრებს მიანიჭებს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან და მისი მიზნების განვრცობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე კონსულტაციების გამართვის შესაძლებლობას. მსო-ის სამდივნო შეასრულებს ამ კომიტეტის სამდივნოს ფუნქციას.
9.2. კომიტეტი სულ მცირე ყოველ ორ წელიწადში ერთხელ შეისწავლის მე-3 და მე-8 მუხლებისა და ამ მუხლის თანახმად წარმოდგენილ მთელ ინფორმაციას.
9.3. კომიტეტი ყოველწლიურად განიხილავს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასა და მოქმედებას მისი მიზნების გათვალისწინებით. კომიტეტი ყოველწლიურად აცნობებს საქონლით ვაჭრობის საბჭოს ამგვარი განხილვით მოცული პერიოდის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
9.4. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს ხუთი წლისა და მას შემდეგ ყოველ სამ წელიწადში ერთხელ კომიტეტი განიხილავს წინამდებარე შეთანხმების მოქმედებას მისი მოქმედების გაუმჯობესებისათვის აუცილებელი ყველა ცვლილების განსაზღვრის მიზნით, მისი მიზნების გათვალისწინებით. კომიტეტმა, საჭიროებისამებრ, საქონლით ვაჭრობის საბჭოს შესაძლოა მიაწოდოს წინამდებარე შეთანხმების ტექსტის ცვლილების წინადადებები, მათ შორის, მისი განხორციელების პროცესში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით.
9.5. კომიტეტი მჭიდრო კავშირს შეინარჩუნებს FAO-სა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თევზჭერის მართვის სფეროში, მათ შორის, შესაბამის RFMO/A-ებთან.
მუხლი 10🔗. დავების მოგვარება
10.1. 1994 წლის GATT-ის XXII და XXIII მუხლების დებულებები, როგორც ეს შემუშავებული და გამოყენებულია დავების მოგვარების შეთანხმებით („DSU“), გავრცელდება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კონსულტაციებისა და დავების მოგვარების მიმართ, თუ წინამდებარე შეთანხმება სხვაგვარ წესს არ ითვალისწინებს.[18]
10.2. პირველი პუნქტის შეუზღუდავად, SCM შეთანხმების მე-4 მუხლის დებულებები [19] გავრცელდება წინამდებარე შეთანხმების მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული კონსულტაციებისა და დავების მოგვარების მიმართ.
მუხლი 11🔗. დასკვნითი დებულებები
11.1. მე-3 და მე-4 მუხლებში მოცემული შემთხვევების გარდა, წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს წევრს გასცეს სუბსიდია კატასტროფის[20] შედეგების შემსუბუქების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ სუბსიდია:
(a) შეზღუდულია კონკრეტული კატასტროფის შედეგების შემსუბუქებით;
(b) შეზღუდულია დაზიანებული გეოგრაფიული ადგილმდებარეობით;
(c) შეზღუდულია ვადით; და
(d) რეკონსტრუქციის სუბსიდიების შემთხვევაში შეზღუდულია დაზიანებული სარეწისა და/ან დაზიანებული ფლოტის კატასტროფამდელ მდგომარეობაში აღდგენით.
11.2. (a) წინამდებარე შეთანხმებას, მათ შორის, წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დასკვნას, რეკომენდაციასა და კომპენსაციას არ ექნება არავითარი სამართლებრივი შედეგი ტერიტორიულ პრეტენზიებსა ან საზღვაო საზღვრის დელიმიტაციასთან მიმართებით;
(b) წინამდებარე შეთანხმების 10 მუხლის თანახმად შექმნილი პანელი არ გააკეთებს დასკვნებს იმ პრეტენზიასთან მიმართებით, რაც მოითხოვდა დასკვნის დაფუძნებას ნებისმიერ წარდგენილ ტერიტორიულ პრეტენზიასა ან საზღვაო საზღვრის დელიმიტაციაზე.[21]
11.3. წინამდებარე შეთანხმება არ უნდა განიმარტოს ან გამოყენებულ იქნეს იმგვარად, რომ შეიზღუდოს წევრთა იურისდიქცია, საერთაშორისო სამართლიდან, მათ შორის, საზღვაო სამართლიდან, წარმოშობილი უფლებები და მოვალეობები.[22]
11.4. თუ სხვაგვარად არაა მოცემული, წინამდებარე შეთანხმება არ გულისხმობს, რომ წევრისათვის სავალდებულოა ან აღიარებს ნებისმიერი RFMO/A-ის ღონისძიებები ან გადაწყვეტილებები, რომლის წევრსა ან მოთანამშრომლე არაწევრსაც არ წარმოადგენს.
11.5. წინამდებარე შეთანხმება არ ცვლის ან აუქმებს SCM შეთანხმებით გათვალისწინებულ ნებისმიერ უფლებასა და ვალდებულებას.
მუხლი 12🔗. შეთანხმების შეწყვეტა იმ შემთხვევაში, თუ ყოვლისმომცველი მარეგულირებელი წესები არ იქნა მიღებული
იმ შემთხვევაში, თუ ყოვლისმომცველი მარეგულირებელი წესები არ იქნა მიღებული წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან ოთხი წლის განმავლობაში და, თუ სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული გენერალური საბჭოს მიერ, წინამდებარე შეთანხმება დაუყოვნებლივ შეწყვეტს მოქმედებას.
[1] მსო-ის შეთანხმების X:3 მუხლის თანახმად, მიღების დოკუმენტების გამოთვლის მიზნებისათვის ევროპის კავშირის მიღების ინსტრუმენტი მისთვის და მისი წევრი ქვეყნებისათვის ჩაითვლება მიღებად, თუ მიღებული იქნება წევრების იმ რაოდენობის მიერ, რაც უტოლდება ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების რაოდენობას, რომლებიც მსო-ის წევრები არიან.
[2] მეტი სიცხადისათვის, აკვაკულტურა და შიდა წყალსატევებში თევზჭერა შეთანხმების მოქმედების სფეროში არ ექცევა.
[3] მეტი სიცხადისათვის, თევზჭერის ხელმისაწვდომობის შეთანხმებებით გათვალისწინებული მთავრობათაშორისი გადახდები არ ჩაითვლება სუბსიდიებად წინამდებარე შეთანხმების გაგებით.
[4] მეტი სიცხადისათვის, წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, სუბსიდია მიეკუთვნება მიმნიჭებელ წევრს, შესაბამისი ხომალდის დროშისა ან რეგისტრაციის ან მიმღების მოქალაქეობის მიუხედავად.
[5] „უკანონო, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი („IUU“) თევზჭერა“ უკავშირდება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)მიერ 2001 წელს მიღებულ „უკანონო, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის პრევენციის, შეკავებისა და აღმოფხვრის საერთაშორისო სამოქმედო გეგმის“ მესამე პუნქტში განსაზღვრულ საქმიანობას.
[6] მე-3 მუხლის მიზნისათვის, ტერმინი „ოპერატორი“ ნიშნავს 2(e) მუხლის გაგებით ოპერატორს IUU თევზჭერის დარღვევისას. მეტი სიცხადისათვის, IUU თევზჭერაში ჩართული ოპერატორებისათვის სუბსიდიების გაცემისა ან შენარჩუნების აკრძალვა ვრცელდება ზღვაზე თევზჭერისა და თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის განკუთვნილ სუბსიდიებზე.
[7] ეს მუხლი არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ წევრებს დაეკისროთ IUU თევზჭერის გამოძიებების დაწყებისა ან IUU თევზჭერის განსაზღვრის განხორციელების ვალდებულება.
[8] ეს მუხლი არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ გავლენა იქონიოს შესაბამის საერთაშორისო ინსტრუმენტებში მოხსენიებული სუბიექტების უფლებამოსილებაზე ან ახალი უფლებები მიენიჭოს ამ სუბიექტებს IUU თევზჭერის განსაზღვრის განხორციელებისას.
[9] ეს მუხლი არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ IUU თევზჭერის განსაზღვრა შეფერხდეს ან მის ნამდვილობასა ან აღსრულებადობაზე გავლენა იქონიოს.
[10] მაგალითად, აქ შეიძლება იგულისხმებოდეს დიალოგისა ან ინფორმაციის წერილობითი გაცვლის შესაძლებლობა ან, თუ ეს მოთხოვნილია დროშის სახელმწიფოსა ან სუბსიდიის გამცემი წევრის მიერ.
[11] სანქციების შეწყვეტა გათვალისწინებულია იმ ორგანოს კანონებითა და პროცედურებით, რომელმაც მოახდინა 3.2 მუხლში მითითებული განსაზღვრა.
[12] ამ პუნქტის მიზნისათვის, ბიოლოგიურად მდგრად დონეს წარმოადგენს დონე, რომელიც განსაზღვრულია სანაპირო სახელმწიფოს წევრის მიერ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მიმდინარე თევზჭერა ან თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობა, იმგვარი ათვლის წერტილების გამოყენებით, როგორიცაა მაქსიმალურად მდგრადი მწარმოებლურობა (“MSY”) ან სხვა ათვლის წერტილები, რომელიც პროპორციულად შეესაბამება თევზის სარეწისათვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას; ან შესაბამისი RFMO/A-ის მიერ მისი უფლებამოსილების სფეროში შემავალი ზონებისა და სახეობების მიმართ.
[13] 8.1 მუხლის მიზნისათვის, წევრები ამ ინფორმაციას წარმოადგენენ SCM შეთანხმების 25-ე მუხლით მოთხოვნილ ინფორმაციაზე დამატებით და როგორც ეს გათვალისწინებულია SCM კომიტეტის მიერ გამოყენებულ ნებისმიერ კითხვარში, მაგალითად G/SCM/6/Rev.1.
[14] LDC წევრებისა და განვითარებადი წევრი ქვეყნებისათვის, რომელთა ყოველწლიური წილი საზღვაო თევზჭერის გლობალური წარმოების 0.8 პროცენტს არ აღემატება, FAO-ის მიერ გამოქვეყნებული და მსო-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ამ ქვეპუნქტში მოცემული დამატებითი ინფორმაციის შეტყობინება შესაძლოა განხორციელდეს ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ.
[15] ტერმინი „ზიარი სახეობები“ უკავშირდება იმ სახეობებს, რომლებიც გვხვდება ორი ან მეტი სანაპირო წევრის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებში ან როგორც განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ისე მის ფარგლებს მიღმა და მის მოსაზღვრე რაიონებში.
[16] მრავალსახეობრივი სარეწებისათვის წევრს სანაცვლოდ შეუძლია წარმოადგინოს სხვა შესაბამისი და ხელმისაწვდომი ინფორმაცია კვოტის შესახებ.
[17] ამ ვალდებულების შესრულება შესაძლებელია შეტყობინების გამგზავნი წევრისა ან სხვა სათანადო ოფიციალური ვებგვერდის განახლებული ელექტრონული ბმულის მიწოდებით, რომელზეც განთავსებული იქნება ეს ინფორმაცია.
[18] 1994 წლის GATT-ის XXII მუხლის 1(b) და 1(c) ქვეპუნქტები და DSU-ის 26-ე მუხლი არ ვრცელდება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ დავების მოგვარებაზე.
[19] ამ მუხლის მიზნებისათვის, SCM შეთანხმების მე-4 მუხლში მოცემული ტერმინი „აკრძალული სუბსიდია“ უკავშირდება სუბსიდიებს, რომლებიც ექვემდებარება წინამდებარე შეთანხმების მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების აკრძალვას.
[20] მეტი სიცხადისათვის, ეს დებულება არ ვრცელდება ეკონომიკურ ან ფინანსურ კრიზისებზე.
[21] ეს შეზღუდვა ასევე გავრცელდება დავების მოგვარების ურთიერთგაგების 25-ე მუხლის თანახმად დაფუძნებულ არბიტრაჟზე.
[22] მათ შორის, RFMO/A-ების წესები და პროცედურები.