თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/11828-25 მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/11828-25
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/09/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

330210325011440234

საქმე №2/11828-25

 

განჩინება

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

2025 წლის 16 სექტემბერი  

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  თამარ ბურჯანაძე

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი/მოვალე -–შპს „თამ-ველი“ (ს/ნ 206168957);

დირექტორი   – გიორგი ზღუდაძე;

მოთხოვნა – გადახდისუუნარობა/გაკოტრება;

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა  შპს „თამ-ველის“ (ს/ნ 206168957) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა მოვალე შპს „თამ-ველის“ (ს/ნ 206168957) დირექტორმა, გიორგი ზღუდაძემ, შპს „თამ-ველის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით.

განმცხადებლის განმარტებით, შპს “თამ-ველი“ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს, რომლის 100% წილის მმართველს წარმოადგენს შპს „თბილავიამშენი“ (ს.ნ 206125496). კომპანია არ ახორციელებს საქმიანობას, არ ფუნქციონირებს და არ ჰყავს დასაქმებული პირები, საზოგადოების ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება, კომპანია არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად (მოვალის განმარტება, ცნობები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან). კომპანიას გააჩნია დავალიანება სსიპ –შემოსავლების სამსახურის მიმართ (საგადასახადო დავალიანება) 134 934.52 ლარის ოდენობით. შესაბამისად, კომპანიის მიმართ არსებული ვალდებულებების გამო, რომელსაც იგი ვერ ფარავს და კომპანიას აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი, შპს „თამ-ველის“ დირექტორი ითხოვს საწარმოს მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 აპრილის განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში  გამოქვეყნდა 2025 წლის 1 მაისს (16:38 წთ-ზე). ხოლო საკანონმდებლო მაცნეში განჩინება გამოქვეყნდა 2025 წლის 2 მაისს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არც ერთ კრედიტორს არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.  ამავე მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „თამ-ველი“ (ს/ნ 206168957) უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და, შესაბამისად, გაუქმდეს შპს „თამ-ველის“ (ს/ნ 206168957) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ მე-9, მე-19, 48-ე მუხლებით, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.  შპს „თამ-ველი“ (ს/ნ 206168957) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „თამ-ველის“ (ს/ნ 206168957) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში.

3.  განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) განჩინების  გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე                                                  თამარ ბურჯანაძე