გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ ანგარიშის შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 24.09.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №417
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.025310 217
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/09/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.09.2025 მიღება
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი 01.06.2017
ცვლილება შეტანილია აქტით
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი 01.06.2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე საზღვაო წყლებში აკვაკულტურის გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ წინასწარი მონაცემების გაცვლის ორგანიზების შესახებ“ ოქმი საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების წესის დამტკიცების თაობაზე სამრეწველო ემისიების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ ანგარიშის შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №417
2025 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ ანგარიშის შედგენის წესის
დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 49-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ ანგარიშის შედგენის წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ ანგარიშის შედგენის წესი
მუხლი 1🔗. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ ანგარიშის შედგენის წესის რეგულირების სფერო
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ ანგარიშის შედგენის წესი“ (შემდგომში − წესი), გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-10 მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, განსაზღვრავს ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შინაარსს, აღნიშნულ ანგარიშთან ერთად წარსადგენ სავალდებულო დოკუმენტაციასა და მათ მომზადებასთან/წარდგენასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კოდექსი − გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი;
ბ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტო;
გ) გზშ-ის ანგარიში − კოდექსით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებლის ან/და საქმიანობის განმახორციელებლისთვის კონსულტანტის მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროცესში მომზადებული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს კოდექსითა და ამ წესით გათვალისწინებულ ინფორმაციას;
დ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება − კოდექსის შესაბამისად გამოცემული აქტი, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა;
ე) სკრინინგი − პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობისთვის გზშ-ის ჩატარებისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენის საჭიროებას;
ვ) ექსპლუატაციის პირობის ცვლილება − ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის განსხვავებული ტექნოლოგიით შეცვლას, ექსპლუატაციის პირობების შეცვლას ან/და წარმადობის გაზრდას. ექსპლუატაციის პირობის ცვლილებად მიიჩნევა აგრეთვე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ადგილის გაფართოება, თუ შესაბამისი ტერიტორია საჭიროა საქმიანობის განხორციელებასთან ტექნიკურად ან/და ფუნქციურად დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განსათავსებლად;
ზ) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება − ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ პროცედურის შესაბამისად მიღებული აქტი, რომელიც მის მფლობელს ანიჭებს აღნიშნული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობის (ექსპლუატაციის პირობის ცვლილების) განხორციელების უფლებას.
მუხლი 3🔗. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარდგენის ვალდებულება
1. გზშ-ის ანგარიშის მომზადება სავალდებულოა შემდეგ შემთხვევებში:
ა) კოდექსის პირველი დანართით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად;
ბ) კოდექსის მე-2 დანართით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად თუ სკრინინგის პროცედურის შესაბამისად მიღებული სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე, აღნიშნული საქმიანობა დაექვემდებარება გზშ-ს;
გ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, თუ სკრინინგის პროცედურის შედეგად ექსპლუატაციის პირობის ცვლილებისთვის, კოდექსის 71 მუხლის შესაბამისად, დადგინდება გზშ-ის ანგარიშის წარდგენის საჭიროება.
2. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გზშ-ის ანგარიში და კანონმდებლობით განსაზღვრული თანდართული დოკუმენტები სააგენტოს წარუდგინოს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.
მუხლი 4🔗. გზშ-ის ანგარიშის შინაარსი და სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტები გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე სააგენტოში წარდგენილი გზშ-ის ანგარიში უნდა მომზადდეს კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად და თან უნდა დაერთოს კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილითა და მე-11 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტები.
მუხლი 5🔗. გზშ-ის ანგარიშის შინაარსი და სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტები ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გაცემისას
1. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სააგენტოში წარდგენილი გზშ-ის ანგარიში უნდა მომზადდეს კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრული შინაარსის გათვალისწინებით. კერძოდ, გზშ-ის ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) დაგეგმილი ექსპლუატაციის პირობის ცვლილების აღწერას, კერძოდ:
ა.ა) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების განხორციელების ადგილის აღწერას, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად), აგრეთვე დაგეგმილი ექსპლუატაციის პირობის ცვლილებისთვის გარემოს არსებული მდგომარეობის აღწერას;
ა.ბ) ინფორმაციას მიწის კატეგორიისა და მიწათსარგებლობის ფორმის შესახებ, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების განხორციელებისას;
ა.გ) ინფორმაციას დაგეგმილი ექსპლუატაციის პირობის ცვლილების ფიზიკური მახასიათებლების (სიმძლავრე, მასშტაბი და საწარმოო პროცესი, მათ შორის, შესაძლო საწარმოებელი პროდუქციის ოდენობა, მოთხოვნილი ენერგია, წარმოებისას გამოსაყენებელი მასალა და ბუნებრივი რესურსები და სხვ.) შესახებ;
ა.დ) ინფორმაციას ექსპლუატაციის პირობის ცვლილებით სადემონტაჟო სამუშაოებისა და მეთოდების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ა.ე) ინფორმაციას ექსპლუატაციის პირობის ცვლილებით შესაძლო უარყოფითი შედეგებისა და ემისიების (წყლის, ჰაერის, მიწისა და წიაღისეულის დაბინძურება, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, სითბური გამოსხივება, რადიაცია) შესახებ;
ა.ვ) ინფორმაციას იმ ნარჩენების სახეების, მახასიათებლებისა და რაოდენობის შესახებ, რომლებიც შესაძლოა წარმოიქმნას ექსპლუატაციის პირობის ცვლილებით. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ნარჩენების მართვის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ დამატებით ინფორმაციას;
ბ) ინფორმაციას გარემოს დაცვის მიზნით შეთავაზებული დაგეგმილი ექსპლუატაციის პირობის ცვლილებისა და მისი განხორციელების ადგილის ყველა გონივრული ალტერნატივის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, მათ შორის, უმოქმედობის (ნულოვანი) ალტერნატივის შესახებ, რომელიც გულისხმობს, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების განუხორციელებლობის შემთხვევაში გარემოს არსებული მდგომარეობის აღწერას, რომლის შეფასებაც შესაძლებელია არსებული ინფორმაციის გამოყენებით და მეცნიერულ ცოდნაზე დაყრდნობით;
გ) ინფორმაციას დაგეგმილი ექსპლუატაციის პირობის ცვლილებით გარემოზე შესაძლო მნიშვნელოვანი ზემოქმედების შესახებ, მათ შორის, მოსახლეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბიომრავალფეროვნებაზე (მათ შორის, მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, ჰაბიტატები, ეკოსისტემები), წყალზე (მათ შორის, ჰიდრომორფოლოგიური ცვლილებები, რაოდენობა, ხარისხი), ჰაერზე, ნიადაგზე (მათ შორის, ნიადაგის მოხსნა), მიწაზე (მათ შორის, ორგანული ნივთიერებები, ეროზია, დატკეპნა, დეგრადაცია), კლიმატზე (მათ შორის, სათბურის გაზების ემისია), ლანდშაფტზე, კულტურულ მემკვიდრეობასა (მათ შორის, არქიტექტურული და არქეოლოგიური ასპექტები) და მატერიალურ ფასეულობებზე ზემოქმედების შესახებ;
დ) ინფორმაციას ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპონენტებსა და მათ ურთიერთქმედებაზე დაგეგმილი ექსპლუატაციის პირობის ცვლილებით შესაძლო პირდაპირი და არაპირდაპირი, კუმულაციური, ტრანსსასაზღვრო, მოკლევადიანი და გრძელვადიანი, პოზიტიური და ნეგატიური ზემოქმედების შესახებ, რომელიც გამოწვეულია:
დ.ა) დაგეგმილი ექსპლუატაციის პირობის ცვლილებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებით, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში სადემონტაჟო სამუშაოებით;
დ.ბ) ბუნებრივი რესურსების (განსაკუთრებით − წყლის, ნიადაგის, მიწის, ბიომრავალფეროვნების) გამოყენებით, ამ რესურსების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით;
დ.გ) გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორების ემისიით, ხმაურით, ვიბრაციით, რადიაციით, ნარჩენების განთავსებითა და აღდგენით;
დ.დ) გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე ან კულტურულ მემკვიდრეობაზე ზემოქმედების რისკებით (მაგალითად, ავარიის ან კატასტროფის შემთხვევაში);
დ.ე) სხვა, არსებულ საქმიანობასთან ან დაგეგმილ საქმიანობასთან კუმულაციური ზემოქმედებით;
დ.ვ) ექსპლუატაციის პირობის ცვლილებით კლიმატზე ზემოქმედებითა და კლიმატის ცვლილებით განპირობებული საქმიანობის მოწყვლადობით;
დ.ზ) გამოყენებული ტექნოლოგიით, მასალით ან/და ნივთიერებით;
ე) ინფორმაციას დაგეგმილი ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შედეგად შესაძლო ინციდენტების განსაზღვრისა და მათი შედეგების შეფასების შესახებ, მათ შორის, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების მიხედვით ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების კორექტირებულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც საქმიანობის განმახორციელებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუთანხმებს შესაბამის კომპეტენტურ უწყებას;
ვ) სამოქმედო გეგმას დაგეგმილი ექსპლუატაციის პირობის ცვლილებით გამოწვეული გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების შედეგების, მათი თავიდან აცილების, შემცირების, შერბილებისა და კომპენსაციის ღონისძიებათა შესახებ;
ზ) გარემოზე შეუქცევი ზემოქმედების შეფასებასა და მისი აუცილებლობის დასაბუთებას, რაც გულისხმობს გარემოზე შეუქცევი ზემოქმედებით გამოწვეული დანაკარგისა და მიღებული სარგებლის ურთიერთშეწონას გარემოსდაცვით, კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ ჭრილში;
თ) ინფორმაციას, დაგეგმილი ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შეწყვეტის შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე არსებული გარემოს მდგომარეობის აღდგენის საშუალებების შესახებ;
ი) დაგეგმილი ექსპლუატაციის პირობის ცვლილებით გამოწვეული გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების აღწერას, რომელიც განპირობებულია ავარიისა და კატასტროფის რისკის მიმართ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების მოწყვლადობით;
კ) ინფორმაციას კვლევების მეთოდოლოგიისა და გარემოს შესახებ ინფორმაციის წყაროების თაობაზე;
ლ) ამ პუნქტის „ა“ – „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოკლე არატექნიკურ რეზიუმეს, საზოგადოების ინფორმირების უზრუნველსაყოფად.
2. გზშ-ის ანგარიშში, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შინაარსისა (საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის განსხვავებული ტექნოლოგიით შეცვლა, ექსპლუატაციის პირობების შეცვლა, წარმადობის გაზრდა, საქმიანობის განხორციელების ადგილის გაფართოება) და მისგან გამომდინარე გარემოზე ზემოქმედების გათვალისწინებით, ასევე ასახული უნდა იყოს შემდეგი საკითხები:
ა) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების აღწერა არსებულ საქმიანობასთან შედარებით (მათ შორის, ცხრილის სახით);
ბ) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების საჭიროების დასაბუთება;
გ) დაზუსტებული მანძილი ექსპლუატაციის პირობის ცვლილებით გათვალისწინებული ტერიტორიიდან უახლოეს საცხოვრებელ სახლ(ებ)ამდე (მდებარეობის მითითებით), ასევე ზედაპირული წყლისა და სხვა შესაძლო ზემოქმედებას დაქვემდებარებულ ობიექტებამდე;
დ) ინფორმაცია ობიექტის სიახლოვეს (განსაკუთრებით, 500 მ რადიუსის საზღვრებში) არსებული ნებისმიერი ტიპის საწარმოო, მათ შორის, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების მსგავსი ანალოგიური საქმიანობების/ ობიექტ(ებ)ის შესახებ (მანძილებისა და საქმიანობების მითითებით);
ე) გენგეგმა, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების გათვალისწინებით (შესაბამისი ექსპლიკაციით) და საქმიანობის განხორციელების ადგილის განახლებული/საბოლოო გენგეგმა. ასევე გენგეგმა, რომელზეც დატანილი იქნება მავნე ნივთიერებების გაფრქვევის, ხმაურის გავრცელების წყაროებისა და წყალაღების/წყალჩაშვების წერტილები;
ვ) ინფორმაცია ექსპლუატაციის პირობის ცვლილებით გათვალისწინებული ტექნოლოგიური/ინფრასტრუქტურული დანადგარების/ ობიექტების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) ინფორმაცია მიღებული/წარმოებული პროდუქციის სახეობის, რაოდენობის და დროებითი განთავსების შესახებ. ასევე ინფორმაცია საწარმოს ნედლეულით მომარაგების, ნედლეულის წარმოშობის, რაოდენობის, ტიპის, ნედლეულის დასაწყობების ადგილებისა და პირობების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
თ) ინფორმაცია ექსპლუატაციის პირობის ცვლილებით გათვალისწინებული ნედლეულის შემოტანის/პროდუქციის გატანის პროცედურების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში), მათ შორის, ტრანსპორტირების სქემა, სამოძრაო მარშრუტები (რუკაზე ჩვენებით), ტრანსპორტირების პირობები, სატრანსპორტო ოპერაციების რაოდენობა, ტრანსპორტირების გეგმა-გრაფიკი, საპროექტო ტერიტორიამდე მისასვლელი ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული გზები;
ი) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების განხორციელებისა და ექსპლუატაციის ეტაპზე ნარჩენების წარმოქმნით/გავრცელებით მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასება, მათი შემდგომი მართვის ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში;
კ) ტექნოლოგიის განსხვავებული ტექნოლოგიით ან/და დანადგარის/მოწყობილობის შეცვლის შემთხვევაში − ინფორმაცია გონივრული ტექნოლოგიური ალტერნატივების შესახებ შესაბამისი დასაბუთებით, ხოლო საქმიანობის განხორციელების ადგილის გაფართოების შემთხვევაში − ინფორმაცია ექსპლუტაციის პირობის ცვლილების განხორციელების ტერიტორიის გონივრული ალტერნატივების შესახებ (Shape-ფაილებთან ერთად);
ლ) ინფორმაცია ექსპლუატაციის პირობის ცვლილებით გათვალისწინებული, პროცესში წარმოქმნილი გამონამუშევრის (ფუჭი ქანები/გრუნტი) განთავსების მუდმივი/დროებითი განთავსების ტერიტორიის (სანაყარო) შესახებ, მათ შორის, ალტერნატივების შესახებ, GPS კოორდინატების, გეოინფორმაციული სისტემების Shape-ფაილებთან ერთად, აგრეთვე ინფორმაცია აღნიშნული გამონამუშევრის განთავსების პირობების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
მ) ექსპლუატაციის პირობის ცვლილებით მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასება სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე. ადგილის გაფართოების შემთხვევაში − ინფორმაცია მიწის საკუთრებასა და გამოყენებაზე, საპროექტო არეალში ზემოქმედებას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთებისა და მათი მესაკუთრეების ინფორმირების/შეთანხმების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ბუნებრივი რესურსების შეზღუდვასთან (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ზემოქმედება) დაკავშირებული საკითხები (საჭიროების შემთხვევაში);
ნ) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების გათვალისწინებით შემუშავებული კონკრეტული სახის შემარბილებელი ღონისძიებების შემაჯამებელი გეგმა-გრაფიკი და გარემოსდაცვითი მონიტორინგის შემაჯამებელი გეგმა-გრაფიკი (საკონტროლო წერტილების, მონიტორინგის სიხშირის, მეთოდის და ა. შ. მითითებით);
ო) საქმიანობის განხორციელების ადგილის გაფართოებისას მიწისქვეშა ან/და მიწისზედა კომუნიკაციებთან გადაკვეთის შემთხვევაში − კომუნიკაციების მფლობელებთან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
პ) ინფორმაცია ექსპლუატაციის პირობის ცვლილებისას გამოყენებული ტექნიკისა და მოწყობილობების შესახებ;
ჟ) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შედეგად გამოწვეული ზემოქმედების შეფასება სოციალურ გარემოზე. ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები;
რ) ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული იქნება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შედეგად გარემოზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, შესამცირებლად ან/და შესარბილებლად.
3. თუ ექსპლუატაციის პირობის ცვლილება დაკავშირებულია გეოლოგიურ გარემოზე ზემოქმედებასთან ან ეხება საქმიანობის განხორციელების ადგილის გაფართოებას, გზშ-ის ანგარიშის გეოლოგიის შეფასების ნაწილი უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) გაფართოებული ტერიტორიის გარემოს ფონური მდგომარეობის აღწერა (რელიეფი (გეომორფოლოგია)); გეოლოგიური აგებულება და ტექტონიკა; ჰიდროგეოლოგიური პირობები; საინჟინრო-გეოლოგიური (გეოტექნიკური) პირობების აღწერა, რომელიც, თავის მხრივ, უნდა მოიცავდეს ტერიტორიაზე არსებული საშიში გეოლოგიური პროცესების შეფასებასაც;
ბ) ექსპლუატაციის პირობის ცვლილებით გეოლოგიურ გარემოზე ზემოქმედება, საშიში გეოლოგიური პროცესების შესაძლო გააქტიურების განსაზღვრა, პრევენციული ღონისძიებების მითითებით (იდენტიფიცირებული პროცესები მოცემული უნდა იყოს კოორდინატებში).
4. თუ ექსპლუატაციის პირობის ცვლილება იწვევს ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე ზემოქმედებას, გზშ-ის ანგარიშის ბიომრავალფეროვნების შეფასების ნაწილი უნდა მოცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) კვლევებზე დაყრდნობით მომზადებული ინფორმაცია უშუალოდ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების გავლენის ზონაში არსებულ ბიომრავალფეროვნებაზე (მათ შორის, მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, ჰაბიტატები, ეკოსისტემები, დაცული ტერიტორიები, მათ შორის, საერთაშორისო ქსელში ჩართული დაცული ტერიტორიები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)), განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ სახეობებსა და ჰაბიტატებზე, მათზე შესაძლო ზემოქმედებაზე, ამ ზემოქმედების თავიდან აცილებასა და საკომპენსაციო ღონისძიებებზე;
ბ) ზემოაღნიშნულ კვლევებზე დაყრდნობით, უნდა განისაზღვროს მოსალოდნელი ზემოქმედების სახეები და მასშტაბი, რის შემდეგაც უნდა შემუშავდეს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გეგმა, სადაც სამონიტორინგო დაკვირვებები მოცემული იქნება ბიომრავალფეროვნების ცალკეული კომპონენტისთვის. აღნიშნულ გეგმაში ასევე უნდა აისახოს შემარბილებელი ღონისძიებების ეფექტიანობაზე დაკვირვების საკითხები (საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი შემარბილებელი/ზემოქმედების თავიდან აცილების ან/და საკომპენსაციო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების მიზნით), ასევე, მონიტორინგის ჩატარების სიხშირისა და ვადის/ხანგრძლივობის და სააგენტოსთან პერიოდული ანგარიშგების საკითხები;
გ) დაგეგმილი ექსპლუატაციის პირობის ცვლილების ფარგლებში, მოსაჭრელი ხემცენარეების შესახებ, მათი სახეობების მიხედვით, რაოდენობისა და მოცულობის მითითებით (ე. წ. ტყეკაფის უწყისი), მოხსნილი მცენარეული საფარის მოცულობის, მისი დროებითი დასაწყობებისა (GPS კოორდინატები) და შემდგომი მართვის პირობების შესახებ;
დ) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების განხორციელებით ხეების ჭრის შედეგად ცხოველებსა და ჰაბიტატებზე მოსალოდნელი ზემოქმედებიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს სათანადო საკომპენსაციო ღონისძიებები. ამასთან, გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილ უნდა იქნეს საკომპენსაციო ღონისძიებების გეგმა, რომელიც უნდა მომზადდეს იმ ჰაბიტატებისთვის, რომლებიც ზემოქმედებას (განადგურება, დეგრადაცია, ფრაგმენტაცია) დაექვემდებარება;
ე) დეტალური ინფორმაცია ბიომრავალფეროვნებაზე მოსალოდნელი კუმულაციური ზემოქმედების შესახებ. კერძოდ, არსებული საქმიანობისა და დაგეგმილი ექსპლუატაციის პირობის ცვლილების ერთობლივი ზეგავლენის გათვალისწინებით, შემარბილებელი ღონისძიებების მითითებით.
5. თუ ექსპლუატაციის პირობის ცვლილება დაკავშირებულია ნიადაგზე ზემოქმედებასთან ან ეხება საქმიანობის განხორციელების ადგილის გაფართოებას, გზშ-ის ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) ინფორმაციას ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის სამუშაოების/ გრუნტის სამუშაოებისა და სარეკულტივაციო სამუშაოების შესახებ („ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №424 დადგენილების მოთხოვნათა დაცვით). მათ შორის, მოსახსნელი ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოცულობისა და მისი განთავსების ადგილებისა (მდებარეობის მითითებით − GPS კოორდინატები, Shp ფაილები) და პირობების შესახებ. ზემოქმედების შეფასებას ნიადაგის ნაყოფიერ ფენაზე, გრუნტის ხარისხსა და ბუნებრივ ლანდშაფტზე, შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების მითითებით;
ბ) ინფორმაციას ზემოქმედებას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე სარეკულტივაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ და ინფორმაციას რეკულტივაციის პროცესის მონიტორინგის შესახებ.
6. თუ ექსპლუატაციის პირობის ცვლილება დაკავშირებულია წყალზე ზემოქმედებასთან, გზშ-ის ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) ინფორმაციას ექსპლუატაციის პირობის ცვლილებით გათვალისწინებული ობიექტის წყალმომარაგებისა და წყალარინების შესახებ (მათ შორის, ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ან/და წყალჩაშვების შემთხვევაში, წყალაღებისა და წყალჩაშვების წერტილების GPS კოორდინატები);
ბ) ინფორმაციას ჩამდინარე წყლების (სამეურნეო-ფეკალური, საწარმოო და სანიაღვრე) მართვის საკითხის შესახებ, შესაბამისი სქემატური ნახაზების მითითებით;
გ) ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების შემთხვევაში, გზშ-ის ანგარიშს უნდა დაერთოს ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების (ზდჩ) პროექტი;
დ) შესაძლო ზემოქმედების შეფასებას ზედაპირულ და მიწისქვეშა/ გრუნტის წყლებზე, შესაბამისი შემარბილებელი და პრევენციული ღონისძიებების მითითებით. მათ შორის, ინფორმაციას მიწისქვეშა/გრუნტის წყლების შესაძლო დაბინძურების ადგილებისა და დაბინძურების კონტროლის შესახებ.
7. თუ ექსპლუატაციის პირობის ცვლილება დაკავშირებულია ატმოსფერულ ჰაერზე ზემოქმედებასთან, გზშ-ის ანგარიში უნდა მოიცავდეს ექსპლუატაციის პირობის ცვლილებით მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასებას ატმოსფერულ ჰაერზე, სადაც მოცემული უნდა იყოს:
ა) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გამოყოფისა და გაფრქვევის წყაროები (გენგეგმაზე მითითებით), გაფრქვეული მავნე ნივთიერებები, მათი რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემები, ასევე გაბნევის ანგარიში;
ბ) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიში, რომელსაც უნდა დაერთოს ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების განახლებული პროექტი, საწარმოს ექსპლუატაციის პირობის ცვლილების გათვალისწინებით;
გ) ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენციის მიზნით გათვალისწინებული პრევენციული/შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ (შესაბამისი დასაბუთებით); ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გეგმა;
დ) ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის საკითხები, სადაც გაფრქვევის წყაროებზე „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №413 დადგენილებით განსაზღვრულ მონიტორინგის მოთხოვნებთან ერთად (საჭიროების შემთხვევაში, უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის გათვალისწინებით), გათვალისწინებული იქნება ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მონიტორინგის საკითხები 500-მეტრიან რადიუსში, უახლოეს რეცეპტორთან/მოსახლესთან (500 მეტრის რადიუსის საზღვრებში);
ე) კუმულაციური ზემოქმედების შეფასება ობიექტის სიახლოვეს (განსაკუთრებით, 500 მ რადიუსში) არსებულ ან/და საპროექტო ობიექტებთან, პროფილის, ფუნქციური სტატუსებისა და წარმადობების მითითებით.
8. გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასების ნაწილში, გზშ-ის ანგარიში გარემოს თითოეული კომპონენტისთვის, ექსპლუატაციის პირობის ცვლილებით გარემოზე ზემოქმედების შინაარსის გათვალისწინებით, ასევე უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) კუმულაციური ზემოქმედების შეფასებას გარემოს თითოეული კომპონენტისთვის. ასევე, კუმულაციური ზემოქმედების შემცირებისთვის უნდა განისაზღვროს ეფექტიანი შემარბილებელი ღონისძიებები;
ბ) ხმაურისა და ვიბრაციის გავრცელებით მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასებას. ხმაურის გავრცელების დონეების გაანგარიშებასა და მოდელირებას, შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებებისა და მონიტორინგის საკითხებს. ხმაურის გავრცელებით მოსალოდნელი ზემოქმედება წარმოდგენილ უნდა იქნეს კუმულაციური ზემოქმედების გათვალისწინებით;
გ) ლანდშაფტის ვიზუალური ცვლილებით მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასებასა და შესაბამის შემარბილებელ ღონისძიებებს;
დ) ზემოქმედების შეფასებას ისტორიულ-კულტურულ და არქეოლოგიურ ძეგლებზე.
9. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, განცხადებასა და ამ მუხლის შესაბამისად შედგენილ გზშ-ის ანგარიშთან ერთად, სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნეს კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილითა და მე-11 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტები.
მუხლი 6🔗. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა
სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის მიზნით, მოითხოვოს დამატებითი/დამაზუსტებელი ინფორმაცია, კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების ვადების გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.