საბანკო დაწესებულებებიდან ნაღდი ფულის გატანის ნორმების შესახებ

მიღების თარიღი 14.02.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №86
სარეგისტრაციო კოდი 000000090.02(0).000.000646 108
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 28/02/1994
303 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საბანკო დაწესებულებებიდან ნაღდი ფულის გატანის ნორმების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №86 1994 წლის 14 თებერვალი ქ. თბილისი საბანკო დაწესებულებებიდან ნაღდი ფულის გატანის ნორმების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაურის 1993 წლის 29 ნოემბრის №240 ბრძანებულების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. დაუწესდეს ბანკიდან სამეურნეო საჭიროებისა და საწვავის შესაძენად ნაღდი ფულის გატანის ნორმები ნაღდი ფულის შემოსავლების არმქონე ორგანიზაციებს: ა) საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს სამეურნეო საჭიროებისათვის საწვავის, კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ ასიგნებათა არა უმეტეს 30 პროცენტისა; ბ) სახელწმიფო საწარმოებსა და ორგანიზაციებს სამეურნეო ხარჯებისათვის – სამეურნეო საქმიანობისაგან წინა თვეს მიღებული შემოსავლების 1 პროცენტის ფარგლებში, საწვავის შესაძენად – სამეურნეო საქმიანობისაგან წინა თვეს მიღებული შემოსავლების 10 პროცენტის ფარგლებში (იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო საწარმოები ძირითადად მარაგდებიან ცენტრალიზებულად, უნაღდო ანგარიშსწორებით). საწვავის შეძენის აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება პურისა და ფქვილის გადაზიდვით დაკავებულ ავტოსატრანსპორტო საწარმოებზე, სახანძრო დაცვის სამსახურზე, სასწრაფო დახმარების სადგურზე, სადეზინფექციო სადგურსა და სანიტარული დასუფთავების რაიონულ სამსახურებზე; გ) ასოციაციებს, ფირმებს, კოოპერატივებს, საიჯარო საწარმოებსა და სხვა არასახელმწიფო ორგანიზაციებს – მათი მმართველობის ორგანოების მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს სამეურნეო საქმიანობისაგან წინა თვეს მიღებული შემოსავლების 1 პროცენტისა სამეურნეო საჭიროებისათვის და 10 პროცენტისა საწვავის შესყიდვისათვის. 2. საწარმოები და ორგანიზაციები (საკუთრების ფორმის მიუხედავად) სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯებისათვის ნაღდი ფულის გატანას ახორციელებენ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული ნორმების გათვალისწინებით და ჩეკში განცხადებული მიზნობრიობის მკაცრი დაცვით. 3. საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატამ სისტემატური კონტროლი დააწესოს მივლინების საჭიროებისათვის გატანილი სახსრების მიზნობრივად და კანონიერად ხარჯვისადმი. 4. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ერთი კვირის ვადაში წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს განსახილველად სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ნორმები. 5. ყველა სამეურნეო სუბიექტისათვის (გარდა საბიუჯეტო დაწესებულებებისა) ხელფასის გაცემა განხორციელდეს ამ მიზნით ჩეკში აღნიშნული თანხის ფარგლებში, იმ პირობით რომ ჩეკთან ერთად ბანკში წარადგენენ საგადასახადო დავალებას ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის, ჩარიცხვაზე ჩეკში აღნიშნული თანხის არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობით. საწარმო და საგადასახადო ინსპექცია გადასახდელი თანხის ოდენობას აზუსტებს საანგარიშგებო პერიოდის დამთავრების შემდეგ. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                   ო. ფაცაცია