დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საწესდებო ორგანოებში საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობის შექმნისა და მისი სტრუქტურის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.02.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №95
სარეგისტრაციო კოდი 000000430.02(0).000.000648 172
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 28/02/1994
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.02.1994 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საწესდებო ორგანოებში საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობის შექმნისა და მისი სტრუქტურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №95
1994 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საწესდებო ორგანოებში საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობის შექმნისა და მისი სტრუქტურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს რესპუბლიკის ინტერესების ეფექტიანი დაცვის მიზნით შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობა თანამეგობრობის საწესდებო ორგანოებში (ქ. მინსკი, ბელარუსის რესპუბლიკა).
2. დაწესდეს, რომ:
– წარმომადგენლობის ძირითადი მიზნები და ამოცანები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს რესპუბლიკის მონაწილეობის რეკომენდაციებისა და ოპტიმალური ვარიანტების შემუშავება, თანამეგობრობის ფარგლებში სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხასიათის ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შემმუშავებელ ჯგუფებში რესპუბლიკის ექსპერტთა, აგრეთვე მის საწესდებო ორგანოებში რესპუბლიკის წარმომადგენელთა მუშაობის კოორდინაცია; რესპუბლიკის ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა თანამეგობრობის ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის პრობლემატიკის შესახებ შესაბამისი ინფორმაციით; სხვა ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან მუშაობა ორმხრივი ურთიერთმოქმედების ოპტიმიზაციისათვის მრავალმხრივი თანამშრომლობის გათვალისწინებით;
– წარმომადგენლობა არის იურიდიული პირი, აქვს საკუთარი ბეჭედი, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი დასახელებით, ანგარიშსწორების ანგარიში საბანკო დაწესებულებებში, მათ შორის სავალუტო.
3. დამტკიცდეს მუდმივი წარმომადგენლობის სტრუქტურა, დანართის თანახმად.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია
დანართი
სტრუქტურა
საქართველოს რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობისა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საწესდებო ორგანოებში
მუდმივ წარმომადგენელი - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი.
მოადგილეები ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში:
პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის საკითხები – 2 საშტატო ერთეული;
მრჩეველი – 5 საშტატო ერთეული;
ექსპერტი – 5 საშტატო ერთეული;
ტექნიკური პერსონალი – 3 საშტატო ერთეული;