„ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი“
მიღების თარიღი 20.05.2015
ძალაში შესვლა 14.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №UNTC-56540
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016835 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 07/10/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ კონვენცია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ შეთანხმება სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენცია საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი“
ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი
მუხლების ჩამონათვალი
თავი I: შესავალი და ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗: შემოკლებული განსაზღვრებები
მუხლი 2🔗: საგანი
მუხლი 3🔗: კომპეტენტური ორგანო
მუხლი 4🔗: საერთაშორისო რეესტრი
თავი II: განაცხადი და საერთაშორისო რეგისტრაცია
მუხლი 5🔗: განაცხადი
მუხლი 6🔗: საერთაშორისო რეგისტრაცია
მუხლი 7🔗: მოსაკრებლები
მუხლი 8🔗: საერთაშორისო რეგისტრაციების მოქმედების ვადა
თავი III: დაცვა
მუხლი 9🔗: დაცვის ვალდებულება
მუხლი 10🔗: დაცვა ხელშემკვრელი მხარეების კანონების ან სხვა დოკუმენტების შესაბამისად
მუხლი 11🔗: დაცვა რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებებთან და გეოგრაფიულ აღნიშვნებთან მიმართებაში
მუხლი 12🔗: დაცვა, რომელიც ხელს უშლის გვარეობით ობიექტად გადაქცევას
მუხლი 13🔗: გარანტიები სხვა უფლებებთან მიმართებაში
მუხლი 14🔗: სააღსრულებო პროცედურები და სამართლებრივი დაცვის საშუალებები
თავი IV: უარი და სხვა ქმედებები საერთაშორისო რეგისტრაციასთან დაკავშირებით
მუხლი 15🔗: უარი
მუხლი 16🔗: უარის გამოხმობა
მუხლი 17🔗: გარდამავალი პერიოდი
მუხლი 18🔗: შეტყობინება დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებით
მუხლი 19🔗: ბათილად გამოცხადება
მუხლი 20🔗: ცვლილებები და სხვა ჩანაწერები საერთაშორისო რეესტრში
თავი V: ადმინისტრაციული დებულებები
მუხლი 21🔗: ლისაბონის კავშირის წევრები
მუხლი 22🔗: სპეციალური კავშირის ასამბლეა
მუხლი 23🔗: საერთაშორისო ბიურო
მუხლი 24🔗: ფინანსები
მუხლი 25🔗: რეგულაციები
თავი VI: გადასინჯვა და ცვლილება
მუხლი 26🔗: გადასინჯვა
მუხლი 27🔗: ასამბლეის მიერ გარკვეული მუხლებში ცვლილებების შეტანა
თავი VII: დასკვნითი დებულებები
მუხლი 28🔗: წინამდებარე აქტში მონაწილეობა
მუხლი 29🔗: რატიფიკაციისა და შეერთების ძალაში შესვლის თარიღი
მუხლი 30🔗: დათქმების აკრძალვა
მუხლი 31🔗: ლისაბონის შეთანხმებისა და 1967 წლის აქტის გამოყენება
მუხლი 32🔗: დენონსაცია
მუხლი 33🔗: წინამდებარე აქტის ენები; ხელმოწერა
მუხლი 34🔗: დეპოზიტარი
თავი I
შესავალი და ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
შემოკლებული განსაზღვრებები
წინამდებარე აქტის მიზნებისათვის, თუ სხვაგვარად პირდაპირ არ არის მითითებული:
(i) „ლისაბონის შეთანხმება“ ნიშნავს 1958 წლის 31 ოქტომბრის ლისაბონის შეთანხმებას ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ;
(ii) „1967 წლის აქტი“ ნიშნავს ლისაბონის შეთანხმებას, რომელიც გადასინჯულია სტოკჰოლმში, 1967 წლის 14 ივლისს და შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს;
(iii) „წინამდებარე აქტი“ ნიშნავს ლისაბონის შეთანხმებას ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ, როგორც ეს დადგენილია წინამდებარე აქტით;
(iv) „რეგულაციები“ ნიშნავს 25-ე მუხლში მითითებულ რეგულაციებს;
(v) „პარიზის კონვენცია“ ნიშნავს 1883 წლის 20 მარტის სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ პარიზის კონვენციას, მასში შეტანილი ცვლილებებითა და შესწორებებით;
(vi) „ადგილწარმოშობის დასახელება“ ნიშნავს 2(1)(i) მუხლში მითითებულ დასახელებას;
(vii) „გეოგრაფიული აღნიშვნა“ ნიშნავს 2(1)(ii) მუხლში მითითებულ აღნიშვნას;
(viii) „საერთაშორისო რეესტრი“ ნიშნავს საერთაშორისო რეესტრს, რომელსაც აწარმოებს საერთაშორისო ბიურო მე-4 მუხლის შესაბამისად, როგორც მონაცემების ოფიციალურ კრებულს ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო რეგისტრაციასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის საშუალებებში ინახება ასეთი მონაცემები;
(ix) „საერთაშორისო რეგისტრაცია“ ნიშნავს საერთაშორისო რეგისტრაციას, რომელიც დაფიქსირებულია საერთაშორისო რეესტრში;
(x) „განაცხადი“ ნიშნავს საერთაშორისო რეგისტრაციისთვის შეტანილ განაცხადს;
(xi) „რეგისტრირებული“ ნიშნავს წინამდებარე აქტის შესაბამისად საერთაშორისო რეესტრში შეტანილ ჩანაწერს;
(xii) „წარმოშობის გეოგრაფიული ადგილი“ ნიშნავს 2(2) მუხლში მითითებულ გეოგრაფიულ ადგილს;
(xiii) „ტრანსსასაზღვრო გეოგრაფიული ადგილი“ ნიშნავს გეოგრაფიულ ადგილს, რომელიც მდებარეობს ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე ან მოიცავს, ესაზღვრება მას;
(xiv) „ხელშემკვრელი მხარე“ ნიშნავს ამ აქტის მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოს ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას;
(xv) „წარმოშობის ხელშემკვრელი მხარე“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, სადაც მდებარეობს წარმოშობის გეოგრაფიული ადგილი ან ხელშემკვრელ მხარეებს, სადაც მდებარეობს წარმოშობის ტრანსსასაზღვრო გეოგრაფიული ადგილი;
(xvi) „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ სუბიექტს;
(xvii) „ბენეფიციარები“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომლებსაც უფლება აქვთ წარმოშობის ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად გამოიყენონ ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა;
(xviii) „სამთავრობათშორისო ორგანიზაცია“ ნიშნავს სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომელიც უფლებამოსილია გახდეს წინამდებარე აქტის მხარე 28(1)(iii) მუხლის შესაბამისად;
(xix) „ორგანიზაცია“ ნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას;
(xx) „გენერალური დირექტორი“ ნიშნავს ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს;
(xxi) „საერთაშორისო ბიურო“ ნიშნავს ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროს.
მუხლი 2🔗
საგანი
(1) [ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები] წინამდებარე აქტი გამოიყენება შემდეგთან მიმართებაში:
(i) წარმოშობის ხელშემკვრელ მხარეში დაცული ნებისმიერი დასახელება, რომელიც წარმოადგენს ან შეიცავს გეოგრაფიული ადგილის სახელს ან სხვა დასახელება, რომელიც ცნობილია როგორც მითითება ამგვარ ადგილზე და რომელიც აღნიშავს, რომ საქონელი წარმოშობილია ამ გეოგრაფიული ადგილიდან, თუ საქონლის ხარისხი ან მახასიათებლები ექსკლუზიურად ან არსებითად განპირობებულია გეოგრაფიული გარემოთი, მათ შორის, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით, და რომელმაც საქონელს შეუქმნა თავისი რეპუტაცია; ისევე, როგორც
(ii) წარმოშობის ხელშემკვრელ მხარეში დაცული ნებისმიერი აღნიშვნა, რომელიც წარმოადგენს ან შეიცავს გეოგრაფიული ადგილის სახელს ან სხვა აღნიშვნა, რომელიც ცნობილია როგორც მითითება ამგვარ ადგილზე, და რომელიც აიდენტიფიცირებს საქონელს, როგორც წარმოშობილს ამგვარი გეოგრაფიული ადგილიდან, თუ საქონლის ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებელი არსებითად განპირობებულია მისი გეოგრაფიული წარმოშობით.
(2) [წარმოშობის შესაძლო გეოგრაფიული ადგილები] წარმოშობის გეოგრაფიული ადგილი, როგორც ის განსაზღვრულია (1) პუნქტში, შეიძლება მოიცავდეს წარმოშობის ხელშემკვრელი მხარის მთელ ტერიტორიას ან წარმოშობის ხელშემკვრელი მხარის რეგიონს, რაიონს ან ადგილს. ეს არ გამორიცხავს წინამდებარე აქტის გამოყენებას წარმოშობის გეოგრაფიულ ადგილთან მიმართებაში, როგორც ის განსაზღვრულია (1) პუნქტში, რომელიც მოიცავს ტრანსსასაზღვრო გეოგრაფიული ადგილის მთლიან ტერიტორიას ან მის ნაწილს.
მუხლი 3🔗
კომპეტენტური ორგანო
თითოეული ხელშემკვრელი მხარემ უნდა განსაზღვროს ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თავის ტერიტორიაზე წინამდებარე აქტის გამოყენებაზე და საერთაშორისო ბიუროსთან კომუნიკაციაზე წინამდებარე აქტისა და რეგულაციების შესაბამისად. ხელშემკვრელი მხარე ამგვარი კომპეტენტური ორგანოს სახელწოდებასა და საკონტაქტო მონაცემებს აცნობებს საერთაშორისო ბიუროს, როგორც ეს მითითებულია რეგულაციებში.
მუხლი 4🔗
საერთაშორისო რეესტრი
საერთაშორისო ბიურო აწარმოებს საერთაშორისო რეესტრს, რომელშიც აღირიცხება საერთაშორისო რეგისტრაციები შესრულებული წინამდებარე აქტის, ლისაბონის შეთანხმებისა და 1967 წლის აქტის, ან ორივე დოკუმენტის შესაბამისად, და აღნიშნულ საერთაშორისო რეგისტრაციებთან დაკავშირებული მონაცემები.
თავი II
განაცხადი და საერთაშორისო რეგისტრაცია
მუხლი 5🔗
განაცხადი
(1) [განაცხადის წარდგენის ადგილი] განაცხადები წარედგინება საერთაშორისო ბიუროს.
(2) [კომპეტენტური ორგანოს მიერ წარდგენილი განაცხადი] პუნქტი (3) მიხედვით, განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ წარედგინება კომპეტენტური ორგანოს მიერ:
(i) ბენეფიციარების სახელით; ან
(ii) იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელით, რომელიც, წარმოშობის ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, სარგებლობს სამართლებრივი უფლებამოსილებით დაიცვას ბენეფიციართა უფლებები ან ადგილწარმოშობის დასახელებასთან ან გეოგრაფიულ აღნიშვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებები.
(3) [პირდაპირ შეტანილი განაცხადი]
(a) პუნქტი (4) შეუზღუდავად, თუ წარმოშობის ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით ნებადართულია, განაცხადი შეიძლება შეიტანონ ბენეფიციარებმა ან (2) (ii) პუნქტში მითითებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა;
(b) (a) ქვეპუნქტი გამოიყენება, თუ არსებობს ხელშემკვრელი მხარის განცხადება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ნებადართულია თავისი კანონმდებლობით. ასეთი განცხადება შეიძლება გაკეთდეს ხელშემკვრელი მხარის მიერ თავისი სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემის მომენტში ან შემდგომში, ნებისმიერ დროს. თუ განცხადება გაკეთდება სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემის მომენტში, ის ძალაში შევა ამ ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებაში წინამდებარე აქტის ძალაში შესვლისთანავე. თუ განცხადება გაკეთდება ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებაში წინამდებარე აქტის ძალაში შესვლის შემდეგ, ის ძალაში შევა გენერალური დირექტორის მიერ განცხადების მიღების დღიდან სამი თვის შემდეგ.
(4) [შესაძლო ერთობლივი განაცხადი ტრანსსასაზღვრო გეოგრაფიული ადგილის შემთხვევაში] წარმოშობის გეოგრაფიული ადგილის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს ტრანსსასაზღვრო გეოგრაფიულ ადგილს, მოსაზღვრე ხელშემკვრელ მხარეებს, მათ შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, შეუძლიათ შეიტანონ ერთობლივი განაცხადი ერთობლივად განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით.
(5) [სავალდებულო მონაცემები] რეგულაციებით განისაზღვრება განაცხადში შესატანი სავალდებულო მონაცემები, გარდა იმ მონაცემებისა, რომლებიც მითითებულია 6 (3) მუხლში.
(6) [არასავალდებულო მონაცემები] რეგულაციებით შეიძლება განისაზღვროს განაცხადში შესატანი არასავალდებულო მონაცემები,
მუხლი 6🔗
საერთაშორისო რეგისტრაცია
(1) [საერთაშორისო ბიუროს მიერ ჩატარებული ფორმალური ექსპერტიზა] ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ განაცხადის სათანადო ფორმით მიღებისას, როგორც ეს გათვალისწინებულია რეგულაციებით, საერთაშორისო ბიურო ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას დაარეგისტრირებს საერთაშორისო რეესტრში.
(2) [საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი] პუნქტი (3) გათვალისწინებით, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი არის საერთაშორისო ბიუროს მიერ განაცხადის მიღების თარიღი.
(3) [საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი მონაცემების არარსებობის შემთხვევაში] თუ განაცხადი არ შეიცავს ქვემოთ მოცემულ ყველა მონაცემს:
(i) კომპეტენტური ორგანოს დასახელება ან მუხლი 5🔗 (3) შემთხვევაში - განმცხადებლის ან განმცხადებლების საიდენტიფიკაციო მონაცემები;
(ii) ბენეფიციარებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მუხლი 5🔗 (2) (ii) მითითებული ფიზიკური ან იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
(iii) ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლისთვისაც მოითხოვება საერთაშორისო რეგისტრაცია;
(iv) მონაცემები რომელიმე საქონლის ან საქონელთა ჯგუფის შესახებ, რომელთან მიმართებაშიც გამოიყენება ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა;
საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღს წარმოადგენს საერთაშორისო ბიუროს მიერ ბოლო გამოტოვებული მონაცემის მიღების თარიღი;
(4) [საერთაშორისო რეგისტრაციების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და შეტყობინება] საერთაშორისო ბიურო დაუყოვნებლივ აქვეყნებს ინფორმაციას თითოეული საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ და თითოეული ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს აცნობებს საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ.
(5) [საერთაშორისო რეგისტრაციის ძალაში შესვლის თარიღი]
(a) (b) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა დაცული უნდა იქნეს საერთაშორისო რეგისტრაციის დღიდან თითოეულ იმ ხელშემკვრელ მხარეში, რომელსაც უარი არ უთქვამს დაცვაზე მე-15 მუხლის შესაბამისად, ან რომელმაც საერთაშორისო ბიუროს გაუგზავნა შეტყობინება დაცვის მინიჭების შესახებ მე-18 მუხლის შესაბამისად.
(b) ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია განაცხადის მეშვეობით აცნობოს გენერალურ დირექტორს იმის შესახებ, რომ თავისი ეროვნული ან რეგიონული კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა დაცულია განაცხადში მითითებული თარიღიდან, რომელიც არ უნდა იყოს უფრო გვიანდელი, ვიდრე უარისთვის დადგენილი ვადის ბოლო დღე, რომელიც განისაზღვრება რეგულაციებში მუხლი 15🔗 (1) (a) შესაბამისად.
მუხლი 7🔗
მოსაკრებლები
(1) [საერთაშორისო რეგისტრაციის მოსაკრებელი] თითოეული ადგილწარმოშობის დასახელებისა და თითოეული გეოგრაფიული აღნიშვნის საერთაშორისო რეგისტრაცია ექვემდებარება რეგულაციებში მითითებული მოსაკრებლის გადახდას.
(2) [საერთაშორისო რეესტრში სხვა ჩანაწერების გაკეთების საფასური] რეგულაციები განსაზღვრავს მოსაკრებლებს საერთაშორისო რეესტრში სხვა ჩანაწერების გაკეთებისა და საერთაშორისო რეგისტრაციის შინაარსთან დაკავშირებული ამონაწერების, ცნობების ან სხვა ინფორმაციის მიწოდებისთვის.
(3) [მოსაკრებლის შემცირება] ასამბლეა ადგენს შემცირებულ მოსაკრებელს ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნების ცალკეული საერთაშორისო რეგისტრაციებისთვის, კერძოდ, იმ შემთხვევებში, როდესაც წარმოშობის ხელშემკვრელი მხარე წარმოადგენს განვითარებად ქვეყანას ან ნაკლებად განვითარებულ ქვეყანას.
(4) [ინდივიდუალური მოსაკრებელი]
(a) ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია განაცხადის წარდგენის გზით აცნობოს გენერალურ დირექტორს, რომ საერთაშორისო რეგისტრაციით გათვალისწინებული დაცვა მის მიმართ გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადახდილ იქნება მოსაკრებელი საერთაშორისო რეგისტრაციის არსობრივი ექსპერტიზის ხარჯების დასაფარად. ასეთი ინდივიდუალური მოსაკრებლის ოდენობა მითითებული უნდა იქნეს განაცხადში და შეიძლება შეიცვალოს შემდგომი განაცხადებით. აღნიშნული თანხა არ შეიძლება აღემატებოდეს ხელშემკვრელი მხარის ეროვნული ან რეგიონული კანონმდებლობით დაწესებული თანხის ეკვივალენტს, რომელიც შემცირებულია საერთაშორისო პროცედურის შედეგად დაზოგილი ოდენობით. გარდა ამისა, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია განაცხადის წარდგენის გზით აცნობოს გენერალურ დირექტორს, რომ ის მოითხოვს ადმინისტრაციული მოსაკრებლის გადახდას, რომელიც დაკავშირებულია ამ ხელშემკვრელ მხარეში ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ბენეფიციარების მიერ გამოყენებასთან.
(b) ინდივიდუალური მოსაკრებლის გადაუხდელობა, რეგულაციების შესაბამისად, დაცვაზე უარის თქმის ტოლფასია იმ ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებაში, რომელიც მოითხოვს მოსაკრებლის გადახდას.
მუხლი 8🔗
საერთაშორისო რეგისტრაციების მოქმედების ვადა
(1) [დამოკიდებულება] საერთაშორისო რეგისტრაცია მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, ამასთან, მოიაზრება, რომ რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის ვალდებულება აღარ წარმოიშობა, თუ დასახელება, რომელიც წარმოადგენს ადგილწარმოშობის დასახელებას, ან აღნიშვნა, რომელიც წარმოადგენს გეოგრაფიულ აღნიშვნას, აღარ არის დაცული წარმოშობის ხელშემკვრელ მხარეში.
(2) [გაუქმება]
(a) წარმოშობის ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს ან 5 (3) მუხლის შემთხვევაში, ბენეფიციარებს ან 5(2)(ii) მუხლში მითითებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ან წარმოშობის ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს საერთაშორისო ბიუროს შესაბამისი საერთაშორისო რეგისტრაციის გაუქმება.
(b) იმ შემთხვევაში, თუ დასახელება, რომელიც წარმოადგენს რეგისტრირებულ ადგილწარმოშობის დასახელებას, ან აღნიშვნა, რომელიც წარმოადგენს რეგისტრირებულ გეოგრაფიულ აღნიშვნას, აღარ არის დაცული წარმოშობის ხელშემკვრელ მხარეში, წარმოშობის ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო მოითხოვს საერთაშორისო რეგისტრაციის გაუქმებას.
თავი III
დაცვა
მუხლი 9🔗
დაცვის ვალდებულება
თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაიცავს რეგისტრირებულ ადგილწარმოშობის დასახელებებსა და გეოგრაფიულ აღნიშვნებს თავის ტერიტორიაზე, თავისი სამართლებრივი სისტემისა და პრაქტიკის ფარგლებში, ამასთანავე, წინამდებარე აქტის პირობების შესაბამისად, დაცვის უზრუნველყოფაზე ნებისმიერი უარის, დაცვაზე უარის თქმის, დაცვის არაკანონიერად გამოცხადების ან გაუქმების გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება ძალაში შევიდეს მის ტერიტორიასთან მიმართებაში, და იმ ურთიერთშეთანხმებაზე დაყრდნობით, რომ ხელშემკვრელ მხარეებს, რომლებიც თავიანთ ეროვნულ ან რეგიონულ კანონმდებლობაში ერთმანეთისგან არ განასხვავებენ ადგილწარმოშობის დასახელებებსა და გეოგრაფიულ აღნიშვნებს, არ მოეთხოვებათ ამგვარი განსხვავების დაწესება თავიანთ ეროვნულ ან რეგიონულ კანონმდებლობაში.
მუხლი 10🔗
დაცვა ხელშემკვრელი მხარეების კანონების ან სხვა დოკუმენტების შესაბამისად
(1) [სამართლებრივი დაცვის ფორმა] თითოეული ხელშემკვრელი მხარე დამოუკიდებლად ირჩევს კანონმდებლობის ტიპს, რომლის მეშვეობითაც ის უზრუნველყოფს წინამდებარე აქტით გათვალისწინებულ დაცვას, იმ პირობით, რომ ეს კანონმდებლობა უნდა პასუხობდეს წინამდებარე აქტით გათვალისწინებულ არსებით მოთხოვნებს.
(2) [დაცვა სხვა დოკუმენტების შესაბამისად] წინამდებარე აქტის დებულებები არანაირ ზემოქმედებას არ იქონიებს სხვა სახის დაცვაზე, რომლის უზრუნველყოფაც შეუძლია ხელშემკვრელ მხარეს რეგისტრირებულ წარმოშობის დასახელებებთან ან რეგისტრირებულ გეოგრაფიულ აღნიშვნებთან მიმართებაში თავისი ეროვნული ან რეგიონული კანონმდებლობის ან სხვა საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად.
(3) [სხვა დოკუმენტებთან მიმართება] წინამდებარე აქტის არცერთი პუქტი არ ამცირებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც ხელშემკვრელ მხარეებს აკისრიათ ერთმანეთის მიმართ ნებისმიერი სხვა საერთაშორისო დოკუმენტის საფუძველზე, და ასევე არ ზღუდავს ნებისმიერ უფლებას, რომელიც ხელშემკვრელ მხარეს გააჩნია სხვა საერთაშორისო დოკუმენტის შესაბამისად.
მუხლი 11🔗
დაცვა რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებებთან და გეოგრაფიულ აღნიშვნებთან მიმართებაში
(1) [დაცვის შინაარსი] წინამდებარე აქტის დებულებების გათვალისწინებით, რეგისტრირებულ ადგილწარმოშობის დასახელებასთან ან რეგისტრირებულ გეოგრაფიულ აღნიშვნასთან მიმართებაში, თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს სამართლებრივ საშუალებებს, რათა თავიდან აიცილოს:
(a) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენება
(i) იმ საქონელთან მიმართებაში, რომელიც იმავე ტიპისაა, როგორიც ის საქონელი, რომელზეც ვრცელდება ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, და რომელიც არ არის წარმოშობილი წარმოშობის გეოგრაფიულ ადგილზე ან არ აკმაყოფილებს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების სხვა შესაბამის მოთხოვნებს;
(ii) იმ საქონელთან მიმართებაში, რომელიც არ არის იმავე ტიპის, როგორიც ის საქონელი, რომელზეც ვრცელდება ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, ან მომსახურებასთან მიმართებაში, თუ ამგვარი გამოყენება მიუთითებს ან გულისხმობს კავშირს ამ საქონელსა თუ მომსახურებასა და ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ბენეფიციარებს შორის და სავარაუდოდ ზიანს მიაყენებს მათ ინტერესებს, ან შესაბამის ხელშემკვრელ მხარეში ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეპუტაციის გამო, ამგვარი გამოყენება სავარაუდოდ შელახავს, ან უსამართლო გზით შეასუსტებს ამ რეპუტაციას, ან შესაძლებელს გახდის ამ რეპუტაციიდან არაკეთილსინდისერი სარგებლის მიღებას;
(b) ნებისმიერი სხვა პრაქტიკა, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებლები საქონლის ბუნების, ნამდვილი წარმომავლობის ან წყაროს შესახებ.
(2) [დაცვის შინაარსი გამოყენების გარკვეულ ტიპებთან მიმართებაში] (1)(a) პუნქტი ასევე ვრცელდება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენებაზე, რომელიც მისი იმიტაციის ტოლფასია, მაშინაც კი, თუ მითითებულია საქონლის ნამდვილი წარმომავლობა, ან თუ ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა გამოიყენება თარგმნილი ფორმით, ან თან ახლავს ტერმინები, როგორიცაა „სტილი“, „ტიპი“, „სახეობა“, „წარმოებული“, „იმიტაცია“, „მეთოდი“, „როგორც იწარმოება“, „მსგავსი“, „ანალოგიური“, სხვა
[1].
(3) [გამოყენება სასაქონლო ნიშანში] 13(1) მუხლის შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარე ex officio, თუ მისი კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა, ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, თავისი მოვალეობების შესაბამისად უარს იტყვის რეგისტრაციაზე, ან გააუქმებს უფრო გვიანდელი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას, თუ სასაქონლო ნიშნის გამოყენება გამოიწვევს ამ მუხლის (1) პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევას.
მუხლი 12🔗
დაცვა, რომელიც ხელს უშლის გვარეობით ცნებად გადაქცევას
წინამდებარე აქტის დებულებების გათვალისწინებით, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებები და რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნები რომელიმე ხელშემკვრელ მხარეში არ შეიძლება გადაიქცეს გვარეობით ცნებად[2].
მუხლი 13🔗
გარანტიები სხვა უფლებებთან მიმართებაში
(1) [ადრინდელი სასაქონლო ნიშნის უფლებები] წინამდებარე აქტის დებულებები ზიანს არ უნდა აყენებდეს ადრინდელ სასაქონლო ნიშანს, რომელზეც წარდგენილ იქნა განაცხადი, ან რომელიც რეგისტრირებულ იქნა კეთილსინდისიერად, ან მოპოვებულ იქნა ხელშემკვრელ მხარეში კეთილსინდისიერი გამოყენების გზით. თუ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა ითვალისწინებს შეზღუდულ გამონაკლისს სასაქონლო ნიშნით მინიჭებულ უფლებისგან, რასაც შედეგად მოჰყვება ის, რომ გარკვეულ გარემოებებში, ამგვარ ადრინდელ სასაქონლო ნიშანს არ შეუძლია მისცეს მის მფლობელს უფლება ხელი შეუშალოს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისთვის ან გეოგრაფიული აღნიშვნისთვის დაცვის მინიჭებას ან მის გამოყენებას ამ ხელშემკვრელ მხარეში, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა არანაირი სხვა გზით არ უნდა ზღუდავდეს აღნიშნული სასაქონლო ნიშნით მინიჭებულ უფლებებს.
(2) [კომერციულ საქმიანობაში გამოყენებული პირადი სახელი] წინამდებარე აქტის დებულებები არ ზღუდავს ნებისმიერი პირის უფლებას სავაჭრო საქმიანობის განხორციელებისას გამოიყენოს თავისი სახელი ან თავისი წინამორბედის სახელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სახელი გამოიყენება ისეთი წესით, რასაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
(3) [მცენარის სახეობის ან ცხოველის ჯიშის დასახელებაზე დაფუძნებული უფლებები] წინამდებარე აქტის დებულებები არ ზღუდავს რომელიმე პირის უფლებას სავაჭრო საქმიანობის განხორციელებისას გამოიყენოს მცენარის სახეობის ან ცხოველის ჯიშის დასახელება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მცენარის სახეობის ან ცხოველის ჯიშის დასახელება გამოიყენება ისეთი ფორმით, რასაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
(4) [გარანტიები დაცვაზე უარის გამოხმობის ან დაცვის მინიჭების შესახებ შეტყობინების შემთხვევაში], ამ მუხლში მითითებული წესის შესაბამისად, ადრინდელი სასაქონლო ნიშნის ან სხვა უფლების გამოყენების საფუძველზე, თუ ხელშემკვრელმა მხარემ უარი თქვა მე-15 მუხლის მიხედვით საერთაშორისო რეგისტრაციის შედეგებზე, უნდა განაცხადოს აღნიშნული უარის გამოხმობის შესახებ მე-16 მუხლის შესაბამისად, ან დაცვის მინიჭების შესახებ მე-18 მუხლის შესაბამისად. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვამ ზიანი არ უნდა მიაყენოს ასეთი უფლების ან სასაქონლო ნიშნის გამოყენებას, თუ დაცვა მინიჭებული არ ყოფილა გაბათილების, მოქმედების ვადის გაუგრძელებლობის, გაუქმების ან ანულირების შემდეგ.
მუხლი 14🔗
სააღსრულებო პროცედურები და სამართლებრივი დაცვის საშუალებები
თითოეული ხელშემკვრელი მხარე ხელმისაწვდომს გახდის ეფექტიან სამართლებრივ საშუალებებს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების დასაცავად და უზრუნველყოფს, რომ მათ დასაცავად სამართლებრივი პროცედურების ინიცირება შეეძლოს სახელმწიფო ორგანოს ან ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი, სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაცია, მისი სამართლებრივი სისტემიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე.
თავი IV
უარი და სხვა ქმედებები საერთაშორისო რეგისტრაციებთან დაკავშირებით
მუხლი 15🔗
უარი
(1) [უარი საერთაშორისო რეგისტრაციაზე]
(a) რეგულაციებით განსაზღვრულ ვადაში, ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ შეიძლება აცნობოს საერთაშორისო ბიუროს მის ტერიტორიაზე საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედებაზე უარის თქმის შესახებ. უარის თქმის შესახებ შეტყობინება შეიძლება მომზადდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ, ex officio, თუ მისი კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა, ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით;
(b) უარის შესახებ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს უარის თქმის საფუძველი.
(2) [დაცვა სხვა დოკუმენტების შესაბამისად] უარის შესახებ შეტყობინება ზიანს არ უნდა აყენებდეს ნებისმიერ სხვა ტიპის დაცვას, რომელიც შეიძლება 10 (2) მუხლის შესაბამისად მიენიჭოს ხელშემკვრელ მხარეში შესაბამის დასახელებას ან აღნიშვნას, რომელსაც შეეხება უარი.
(3) [დაინტერესებული მხარეებისთვის შესაძლებლობის მიცემის ვალდებულება] ყველა იმ პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს საერთაშორისო რეგისტრაცია, თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მისცეს გონივრული შესაძლებლობა კომპეტენტური ორგანოსგან მოითხოვოს საერთაშორისო რეგისტრაციაზე უარის თქმა და აღნიშნულის თაობაზე შეტყობინების გაგზავნა.
(4) [უარის რეგისტრაცია, გამოქვეყნება და შეტყობინება] საერთაშორისო ბიუროს საერთაშორისო რეესტრში შეაქვს ჩანაწერი უარისა და მისი საფუძვლების შესახებ. იგი აქვეყნებს უარს და უარის საფუძვლებს და უარის შესახებ შეტყობინებას უგზავნის წარმოშობის ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს ან, თუ განცხადება შეტანილია უშუალოდ 5 (3) მუხლის შესაბამისად, ბენეფიციარებს ან მე-5(2)(ii) მუხლის მითითებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ასევე წარმოშობის ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს.
(5) [ეროვნული რეჟიმი] თითოეული ხელშემკვრელი მხარე იმ დაინტერესებულ მხარეებს, რომლებსაც შეეხებათ უარი, უზრუნველყოფს სასამართლო და ადმინისტრაციული დაცვის ისეთივე საშუალებებით, რომლებიც ხელმისაწვდომია მისი მოქალაქეებისთვის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვაზე მიღებულ უარყოფით გადაწყვეტილებასთან მიმართებაში.
მუხლი 16🔗
უარის გამოხმობა
დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული უარყოფითი გადაწყვეტილება შეიძლება გამოხმობილ იქნეს რეგულაციებში განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად. უარის გამოხმობის შესახებ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი საერთაშორისო რეესტრში.
მუხლი 17🔗
გარდამავალი პერიოდი
(1) [გარდამავალი პერიოდის დადგენის შესაძლებლობა] მე-13 მუხლის შეზღუდვის გარეშე, თუ ხელშემკვრელ მხარეს უარი არ უთქვამს საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების აღიარებაზე, მესამე მხარის მიერ წინასწარი გამოყენების საფუძვლით, ან გამოიხმო ამგვარი უარი, ან გააგზავნა შეტყობინება დაცვის მინიჭების შესახებ, მას შეუძლია, თუ მისი კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას იძლევა, დაადგინოს განსაზღვრული ვადა ასეთი გამოყენების შეწყვეტისთვის, როგორც ეს მითითებულია რეგულაციებში.
(2) [შეტყობინება გარდამავალი პერიოდის შესახებ] ხელშემკვრელი მხარე ატყობინებს საერთაშორისო ბიუროს ნებისმიერი ასეთი პერიოდის შესახებ, რეგულაციებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 18🔗
შეტყობინება დაცვის მინიჭების შესახებ
ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია საერთაშორისო ბიუროს აცნობოს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნისთვის დაცვის მინიჭების შესახებ. საერთაშორისო ბიურო საერთაშორისო რეესტრში გააკეთებს ჩანაწერს ნებისმიერი ასეთი შეტყობინების შესახებ და გამოაქვეყნებს მას.
მუხლი 19🔗
ბათილად გამოცხადება
(1) [უფლებათა დაცვის შესაძლებლობა] ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე საერთაშორისო რეგისტრაცია მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება გამოცხადდეს ბათილად მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარებს მიეცემათ თავიანთი უფლებების დაცვის შესაძლებლობა. ასეთი შესაძლებლობა ასევე უნდა მიეცეს 5(2)(ii) მუხლში მითითებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
(2) [შეტყობინება, ჩანაწერის გაკეთება და გამოქვეყნება] ხელშემკვრელი მხარე საერთაშორისო რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ აცნობებს საერთაშორისო ბიუროს, რომელიც საერთაშორისო რეესტრში გააკეთებს ჩანაწერს ბათილობის შესახებ და გამოაქვეყნებს მას.
(3) [დაცვა სხვა დოკუმენტების შესაბამისად] ბათილად ცნობა არ უნდა აყენებდეს ზიანს ნებისმიერი სხვა სახის დაცვას, რომელიც 10(2) მუხლის შესაბამისად შეიძლება მიენიჭოს დასახელებას ან აღნიშვნას იმ ხელშემკვრელ მხარეში, რომელმაც ბათილად გამოაცხადა საერთაშორისო რეგისტრაცია.
მუხლი 20🔗
ცვლილებები და სხვა ჩანაწერები საერთაშორისო რეესტრში
საერთაშორისო რეგისტრაციებისა და საერთაშორისო რეესტრში შეტანილი სხვა ჩანაწერების ცვლილების პროცედურები უნდა განისაზღვროს რეგულაციებით.
თავი V
ადმინისტრაციული დებულებები
მუხლი 21🔗
ლისაბონის კავშირის წევრები
ხელშემკვრელი მხარეები წარმოადგენენ იმავე სპეციალური კავშირის წევრებს, რომლის წევრებიც არიან ლისაბონის შეთანხმების ან 1967 წლის აქტის მონაწილე სახელმწიფოები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ლისაბონის შეთანხმების ან 1967 წლის აქტის მონაწილეები.
მუხლი 22🔗
სპეციალური კავშირის ასამბლეა
(1) [კომპოზიცია]
(a) ხელშემკვრელი მხარეები წარმოადგენენ იმავე ასამბლეის წევრებს, რომლის წევრებიც არიან 1967 წლის აქტის მონაწილე სახელმწიფოები;
(b) თითოეული ხელშემკვრელი მხარე წარმოდგენილი იქნება ერთი დელეგატით, რომელსაც შეიძლება დახმარება გაუწიონ მოადგილეებმა, მრჩევლებმა და ექსპერტებმა;
(c) თითოეული დელეგაცია თავად დაფარავს თავის ხარჯებს.
(2) [ამოცანები]
(a) ასამბლეა:
(i) განიხილავს ყველა საკითხს, რომელიც შეეხება სპეციალური კავშირის ფუნქციონირებასა და განვითარებას და წინამდებარე აქტის განხორციელებას;
(ii) გენერალურ დირექტორს აძლევს მითითებებს 26 (1) მუხლში მითითებული გადასინჯვის კონფერენციების მომზადების მიზნით, ამასთან, სათანადო ყურადღებას უთმობს სპეციალური კავშირის იმ წევრების მიერ გაკეთებულ ნებისმიერ შენიშვნას, რომლებმაც არ მოახდინეს წინამდებარე აქტის რატიფიცირება ან არ მიუერთდნენ მას;
(iii) ცვლილებები შეაქვს რეგულაციებში;
(iv) განიხილავს და ამტკიცებს გენერალური დირექტორის მოხსენებებს და საქმიანობას სპეციალური კავშირის შესახებ და აძლევს მას ყველა საჭირო მითითებას სპეციალური კავშირის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;
(v) განსაზღვრავს სპეციალური კავშირის პროგრამას და ამტკიცებს მის ორწლიან ბიუჯეტს, ასევე ამტკიცებს მის საბოლოო ანგარიშებს;
(vi) იღებს სპეციალური კავშირის ფინანსურ რეგულაციებს;
(vii) ქმნის ისეთ კომიტეტებს და სამუშაო ჯგუფებს, რომლებსაც მიზანშეწონილად ჩათვლის სპეციალური კავშირის მიზნების მისაღწევად;
(viii) განსაზღვრავს რომელი სახელმწიფოები, მთავრობათაშორისი და არასამთავრობო ორგანიზაციები დაიშვებიან მის შეხვედრებზე დამკვირვებლების სახით;
(ix) იღებს ცვლილებებს 22-ე-24-ე და 27-ე მუხლებში;
(x) ახორციელებს ნებისმიერ სხვა შესაბამის ქმედებას სპეციალური კავშირის მიზნების მისაღწევად და ასრულებს ნებისმიერ სხვა ფუნქციას, რომელიც საჭიროა წინამდებარე აქტის შესაბამისად;
(b) იმ საკითხებზე, რომლებიც ასევე წარმოადგენს ინტერესის საგანს სხვა კავშირებისთვის, რომელთა ადმინისტრაციულ ფუნქციებს ასრულებს ორგანიზაცია, ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის მოსაზრების მოსმენის შემდეგ.
(3) [კვორუმი] (a) ასამბლეის წევრთა ნახევარი, რომლებსაც აქვთ ხმის მიცემის უფლება მოცემულ საკითხზე, ქმნის კვორუმს აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრის მიზნებისათვის.
(b) მიუხედავად (a) ქვეპუნქტის დებულებებისა, თუ რომელიმე სხდომაზე ასამბლეის იმ წევრთა რაოდენობა, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფოებს და სარგებლობენ მოცემულ საკითხზე ხმის მიცემის უფლებით, ასამბლეის წევრთა ნახევარზე ნაკლებია, მაგრამ ტოლია ან არა ნაკლებია, ვიდრე ასამბლეის იმ წევრთა ერთი მესამედის, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფოებს და აქვთ მოცემულ საკითხზე ხმის მიცემის უფლება, ასამბლეას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები, გარდა იმ გადაწყვეტილებებისა, რომლებიც ეხება მის პროცედურას. ყველა ასეთი გადაწყვეტილება ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულდება ქვემოთ მოცემული პირობები. საერთაშორისო ბიურო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების შესახებ ატყობინებს ასამბლეის იმ წევრებს, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფოებს და სარგებლობენ მოცემულ საკითხზე ხმის მიცემის უფლებით, მაგრამ არ ესწრებიან სხდომას და მოუწოდებს მათ, შეტყობინების თარიღიდან 3 თვის განმავლობაში წერილობით აცნობონ მონაწილეობენ თუ არა ისინი ხმის მიცემის პროცესში ან იკავებენ თუ არა თავს ხმის მიცემისგან. თუ ამ ვადის გასვლისას, იმ წევრთა რაოდენობა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ხმის მიცემის პროცესში, ან თავი შეიკავეს ხმის მიცემისგან, მიაღწევს იმ რაოდენობას, რომელიც აკლდა კვორუმის მიღწევას, ასეთი გადაწყვეტილებები ძალაში შევა იმ პირობით, რომ ამავე დროს მიღწეულ იქნება ხმების საჭირო უმრავლესობა.
(4) [გადაწყვეტილებების მიღება ასამბლეაში] (a) ასამბლეა შეეცდება მიიღოს თავისი გადაწყვეტილებები კონსენსუსის გზით.
(b) თუ შეუძლებელია კონსენსუსის გზით გადაწყვეტილების მიღება, სადავო საკითხი გადაწყდება კენჭისყრით. ასეთ შემთხვევაში:
(i) თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს, აქვს ერთი ხმა და ხმას აძლევს მხოლოდ საკუთარი სახელით; და
(ii) ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც წარმოადგენს სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას, შეუძლია, თავისი წევრი სახელმწიფოების ნაცვლად მისცეს იმდენი ხმა, რამდენი წევრი სახელმწიფოცაა მის შემადგენლობაში, რომლებიც არიან წინამდებარე აქტის მონაწილეები. არც ერთი ასეთი სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია არ მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში, თუ მისი რომელიმე წევრი სახელმწიფო გამოიყენებს ხმის მიცემის უფლებას და პირიქით.
(c) საკითხებზე, რომლებიც შეეხება მხოლოდ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც შებოჭილნი არიან 1967 წლის აქტით, ხმის უფლება არ ექნებათ იმ ხელშემკვრელ მხარეებს, რომლებიც არ არიან შებოჭილნი 1967 წლის აქტით, ხოლო საკითხებზე, რომლებიც შეეხება მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეებს, მხოლოდ ეს უკანასკნელნი ისარგებლებენ ხმის უფლებით.
(5) [ხმების უმრავლესობა] (a) 25(2) და 27(2) მუხლების გათვალისწინებით, ასამბლეა გადაწყვეტილებებს იღებს მიცემული ხმების ორი მესამედის უმრავლესობით.
(b) თავის შეკავება ხმის მიცემად არ ჩაითვლება.
(6) [სხდომები]
(a) ასამბლეა იკრიბება გენერალური დირექტორის მოწვევით და, განსაკუთრებული გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, იმავე დროს და იმავე ადგილას, როგორც ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა.
(b) ასამბლეა იკრიბება რიგგარეშე სესიაზე გენერალური დირექტორის მოწვევით, ასამბლეის წევრთა ერთი მეოთხედის მოთხოვნით ან გენერალური დირექტორის ინიციატივით.
(c) ყოველი სხდომის დღის წესრიგს ამზადებს გენერალური დირექტორი.
(7) [საპროცედურო წესები] ასამბლეა იღებს თავის საპროცედურო წესებს.
მუხლი 23🔗
საერთაშორისო ბიურო
(1) [ადმინისტრაციული ამოცანები]
(a) საერთაშორისო რეგისტრაციასა და მასთან დაკავშირებულ მოვალეობებს, ისევე როგორც ყველა სხვა ადმინისტრაციულ ამოცანას, რომელიც შეეხება სპეციალურ კავშირს, ახორციელებს საერთაშორისო ბიურო.
(b) კერძოდ, საერთაშორისო ბიურო ამზადებს შეხვედრებს და უზრუნველყოფს ასამბლეის სამდივნოს და იმ კომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც შეიძლება შეიქმნას ასამბლეის მიერ.
(c) გენერალური დირექტორი არის სპეციალური კავშირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირი და წარმოადგენს სპეციალურ კავშირს.
(2) [საერთაშორისო ბიუროს როლი ასამბლეასა და სხვა შეხვედრებზე] გენერალური დირექტორი და მის მიერ დანიშნული ნებისმიერი თანამშრომელი მონაწილეობს ხმის უფლების გარეშე ასამბლეის, ასამბლეის მიერ შექმნილი კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების ყველა შეხვედრაში. ასეთი ორგანოს მდივანს წარმოადგენს გენერალური დირექტორი ან მის მიერ დანიშნული თანამშრომელი, მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად.
(3) [კონფერენციები]
(a) საერთაშორისო ბიურო, ასამბლეის მითითებების შესაბამისად, მოამზადებს ნებისმიერ გადასინჯვის კონფერენციას.
(b) საერთაშორისო ბიუროს შეუძლია გაიაროს კონსულტაცია სამთავრობათაშორისო და საერთაშორისო და ეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან აღნიშნული კონფერენციის მომზადებასთან დაკავშირებით.
(c) გენერალური დირექტორი და მის მიერ დანიშნული პირები ხმის უფლების გარეშე მონაწილეობენ გადასინჯვის კონფერენციებზე გამართულ განხილვებში.
(4) [სხვა ამოცანები] საერთაშორისო ბიურო ასრულებს წინამდებარე აქტთან დაკავშირებით მისთვის დაკისრებულ სხვა დავალებებს.
მუხლი 24🔗
ფინანსები
(1) [ბიუჯეტი] სპეციალური კავშირის შემოსავალი და ხარჯები სამართლიანად და გამჭვირვალედ აისახება ორგანიზაციის ბიუჯეტში.
(2) [ბიუჯეტის დაფინანსების წყაროები] სპეციალური კავშირი შემოსავლებს იღებს შემდეგი წყაროებიდან:
(i) 7 (1) და (2) მუხლის შესაბამისად მიღებული მოსაკრებლები;
(ii) საერთაშორისო ბიუროს პუბლიკაციების გაყიდვიდან ან ჰონორარის სახით მიღებული შემოსავლები;
(iii) საჩუქრები, ანდერძით დატოვებული სახსრები და სუბსიდიები;
(iv) ქირა, ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი და სხვა, მათ შორის, სხვადასხვა შემოსავალი;
(v) ხელშემკვრელი მხარეების სპეციალური შენატანები ან ნებისმიერი ალტერნატიული სახსრები, მიღებული ხელშემკვრელი მხარეებისგან ან ბენეფიციარებისგან, ან ორივესგან, თუ, და იმ მოცულობით, რა მოცულობითაც (i)-დან (iv) პუნქტებში მითითებული წყაროებიდან მიღებული სახსრები საკმარისი არ არის ხარჯების დასაფარად, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ასამბლეა.
(3) [მოსაკრებლების განსაზღვრა; ბიუჯეტის დონე] (a) (2) პუნქტში მითითებული მოსაკრებლების ოდენობებს განსაზღვრავს ასამბლეა გენერალური დირექტორის წინადადების საფუძველზე ისეთი წესით, რომ (2) პუნქტში მითითებული სხვა წყაროებიდან მიღებულ შემოსავალთან ერთად, სპეციალური კავშირის შემოსავალი, ნორმალურ პირობებში, საკმარისი იყოს საერთაშორისო ბიუროს საერთაშორისო სარეგისტრაციო სამსახურის ფუნქციონირების ხარჯების დასაფარად.
(b) თუ ორგანიზაციის პროგრამა და ბიუჯეტი არ იქნა მიღებული ახალი ფინანსური პერიოდის დაწყებამდე, გენერალური დირექტორის უფლებამოსილება, იკისროს ვალდებულებები და განახორციელოს გადახდები, იქნება იმავე დონეზე, როგორც წინა ფინანსურ პერიოდში.
(4) [მე-(2)(v) პუნქტში მითითებული სპეციალური შენატანების განსაზღვრა] თავისი შენატანის განსაზღვრის მიზნით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე მიეკუთვნება იმავე კლასს, რომელსაც ის ეკუთვნის პარიზის კონვენციის კონტექსტში, ან, თუ ის არ წარმოადგენს პარიზის კონვენციის ხელშემკვრელ მხარეს – იმ კლასს, რომელსაც ის მიეკუთვნებოდა იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა პარიზის კონვენციის ხელშემკვრელი მხარე. თუ ასამბლეა ერთსულოვნად არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას, ჩაითვლება, რომ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციები მიეკუთვნებიან შენატანების I (პირველ) კლასს. შენატანი ნაწილობრივ გამოანგარიშებულ იქნება ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილი რეგისტრაციების რაოდენობის მიხედვით, ასამბლეის გადაწყვეტილების შესაბამისად.
(5) [სამუშაო კაპიტალის ფონდი] სპეციალურ კავშირს აქვს სამუშაო კაპიტალის ფონდი, რომელიც იქმნება სპეციალური კავშირის თითოეული წევრის მიერ წინასწარ განხორციელებული გადახდებით, სპეციალური კავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად. თუ ფონდის სახსრები არასაკმარისი გახდება, ასამბლეას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მისი გაზრდის შესახებ. პროპორციას და გადახდის პირობებს ადგენს ასამბლეა გენერალური დირექტორის წინადადების საფუძველზე. თუ რომელიმე ფინანსურ პერიოდში, სპეციალური კავშირის შემოსავლები ხარჯებს გადააჭარბებს, სამუშაო კაპიტალის ფონდში საავანსო გადახდები შეიძლება დაუბრუნდეს თითოეულ წევრს მათ მიერ განხორციელებული საწყისი გადახდების პროპორციულად, გენერალური დირექტორის წინადადების საფუძველზე და ასამბლეის გადაწყვეტილების შესაბამისად.
(6) [ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საავანსო გადახდები]
(a) შტაბ-ბინის შესახებ შეთანხმებაში იმ სახელმწიფოსთან, რომლის ტერიტორიაზეც ორგანიზაციას აქვს თავისი შტაბ-ბინა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ის, რომ როდესაც საბრუნავი კაპიტალის ფონდი არასაკმარისია, ეს სახელმწიფო გასცემს ავანსებს. ამ ავანსების ოდენობა და მათი გაცემის პირობები თითოეულ შემთხვევაში წარმოადგენს ამ სახელმწიფოსა და ორგანიზაციას შორის ცალკე შეთანხმების საგანს.
(b) (a) ქვეპუნქტში მითითებულ სახელმწიფოს და ორგანიზაციას უფლება აქვს წერილობითი შეტყობინების გზით განახორციელოს ავანსების გაცემის ვალდებულების დენონსირება. დენონსაცია ძალაში შედის იმ წლის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ, როდესაც გაიგზავნა შეტყობინება.
(7) [ფინანსური ანგარიშების აუდიტი] ფინანსური ანგარიშების აუდიტი განხორციელდება სპეციალური კავშირის ერთი ან რამდენიმე წევრი სახელმწიფოს ან გარე აუდიტორის მიერ, როგორც ეს გათვალისწინებულია ორგანიზაციის ფინანსური რეგლამენტით. ისინი, მათივე თანხმობით, ინიშნებიან ასამბლეის მიერ.
მუხლი 25🔗
რეგულაციები
(1) [საგანი] ამ აქტის განხორციელების დეტალები განისაზღვრება რეგულაციებით.
(2) [ცვლილებები რეგულაციების გარკვეულ დებულებებში]
(a) ასამბლეამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ცვლილებები რეგულაციების გარკვეულ დებულებებში შევიდეს მხოლოდ ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ან მხოლოდ ხმების სამი მეოთხედის უმრავლესობით.
(b) იმისათვის, რომ ერთსულოვნად ან ხმების სამი მეოთხედის უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნა აღარ გამოიყენებოდეს რეგულაციების რომელიმე დებულებაში ცვლილების შეტანის მიზნით, საჭიროა ერთსულოვანი თანხმობა.
(c) იმისათვის, რომ ერთსულოვნად ან ხმების სამი მეოთხედის უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნა მომავალში გამოყენებულ იქნაეს რეგულაციების რომელიმე დებულებაში ცვლილების შეტანის მიზნით, საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ხმების სამი მეოთხედის უმრავლესობით.
(3) [კოლიზია წინამდებარე აქტსა და რეგულაციებს შორის] წინამდებარე აქტისა და რეგულაციების დებულებებს შორის კოლიზიის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება წინამდებარე აქტის დებულებებს.
თავი VI
გადასინჯვა და ცვლილება
მუხლი 26🔗
გადასინჯვა
(1) [გადასინჯვასთან დაკავშირებული კონფერენციები] წინამდებარე აქტი შეიძლება გადაისინჯოს ხელშემკვრელი მხარეების დიპლომატიური კონფერენციების მიერ. ნებისმიერი დიპლომატიური კონფერენციის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ასამბლეა.
(2) [გარკვეული მუხლების გადასინჯვა ან შესწორება] 22-ე–24-ე და 27-ე მუხლებში შეიძლება შევიდეს ცვლილებები გადასინჯვის კონფერენციის ან ასამბლეის მიერ 27-ე მუხლის დებულებების შესაბამისად.
მუხლი 27🔗
ასამბლეის მიერ გარკვეული მუხლებში ცვლილებების შეტანა
(1) [წინადადებები ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით]
(a) წინადადებები 22-ე–24-ე მუხლებში და წინამდებარე მუხლში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით შეიძლება ინიცირებულ იქნეს ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის ან გენერალური დირექტორის მიერ.
(b) ასეთი წინადადებები გენერალური დირექტორის მიერ ეცნობება ხელშემკვრელ მხარეებს, ასამბლეის მიერ მათ განხილვამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე.
(2) [ხმების უმრავლესობა] (1) პუნქტში მითითებულ მუხლებში ნებისმიერი ცვლილების მიღება მოითხოვს ხმების სამი მეოთხედის უმრავლესობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 22-ე მუხლსა და წინამდებარე პუნქტში ცვლილების მიღება მოითხოვს ხმების ოთხი მეხუთედის უმრავლესობას.
(3) [ძალაში შესვლა]
(a) გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამოიყენება (b) ქვეპუნქტი, (1) პუნქტში მითითებულ მუხლებში ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის ერთი თვის შემდეგ იმ დღიდან, რაც გენერალური დირექტორი მიიღებს თანხმობას იმ ხელშემკვრელი მხარეების სამი მეოთხედისგან, რომლებიც ცვლილების მიღების მომენტში იყვნენ ასამბლეის წევრები და ჰქონდათ ხმის უფლება ცვლილებასთან დაკავშირებით. აღნიშნული თანხმობა უნდა იყოს მოქმედი ხელშემკვრელი მხარეების კონისტიტუციური პროცედურების შესაბამისად.
(b) ნებისმიერი ცვლილება 22 (3) ან (4) მუხლში ან ამ ქვეპუნქტში არ შევა ძალაში, თუ ასამბლეის მიერ მისი მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში რომელიმე ხელშემკვრელი მხარე აცნობებს გენერალურ დირექტორს, რომ ის არ იღებს ასეთ შესწორებას.
(c) ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ძალაში შედის ამ პუნქტის დებულებების შესაბამისად, სავალდებულოა ყველა სახელმწიფოსა და სამთავრობათაშორისო ორგანიზაციისთვის, რომლებიც არიან ხელშემკვრელი მხარეები ცვლილების ძალაში შესვლის მომენტში, ან რომლებიც გახდებიან ხელშემკვრელი მხარეები მოგვიანებით.
თავი VII
დასკვნითი დებულებები
მუხლი 28🔗
წინამდებარე აქტში მონაწილეობა
(1) [მონაწილეობის უფლება] წინამდებარე აქტის 29-ე მუხლისა და ამ მუხლის (2) და (3) პუნქტების გათვალისწინებით;
(i) ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არის პარიზის კონვენციის მხარე, შეუძლია ხელი მოაწეროს წინამდებარე აქტს და გახდეს მისი მხარე;
(ii) ორგანიზაციის ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს შეუძლია ხელი მოაწეროს და გახდეს წინამდებარე აქტის მხარე, თუ იგი აცხადებს, რომ მისი კანონმდებლობა შეესაბამება პარიზის კონვენციის დებულებებს ადგილწარმოშობის დასახელებების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და სასაქონლო ნიშნების შესახებ;
(iii) ნებისმიერ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას შეუძლია ხელი მოაწეროს და გახდეს წინამდებარე აქტის მხარე, იმ პირობით, თუ ამ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის მინიმუმ ერთი წევრი სახელმწიფო პარიზის კონვენციის მხარეა და იმ პირობით, თუ სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ იგი სათანადოდ უფლებამოსილია, თავისი შიდა პროცედურების შესაბამისად, გახდეს წინამდებარე აქტის მხარე და რომ, სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი ხელშეკრულების თანახმად, მოქმედებს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა.
(2) [რატიფიკაცია ან შეერთების] (1) პუნქტში მითითებულ ნებისმიერ სახელმწიფოს ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას შეუძლია შესანახად გადასცეს:
(i) სარატიფიკაციო დოკუმენტი, თუ მას ხელი აქვს მოწერილი წინამდებარე აქტზე; ან
(ii) შეერთების დოკუმენტი, თუ მას ხელი არ მოუწერია წინამდებარე აქტზე.
(3) [შესანახად გადაცემის თარიღი] (a) (b) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სარატიფიკაციო დოკუმენტის ან შეერთების დოკუმენტის შესანახად გადაცემის თარიღს წარმოადგენს თარიღი, როდესაც მოხდა აღნიშნული დოკუმენტის შესანახად გადაცემა.
(b) სარატიფიკაციო ან შეერთების დოკუმენტის შესანახად გადაცემის თარიღი ნებისმიერი იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც წარმოადგენს სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოს და რომლის მიმართაც ადგილწარმოშობის დასახელებების ან გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა შეიძლება მოპოვებულ იქნეს მხოლოდ იმ კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც მოქმედებს ამ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს შორის, იქნება ის თარიღი, როდესაც მოხდა ამ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის სარატიფიკაციო ან შეერთების დოკუმენტის შესანახად გადაცემა, თუ ეს თარიღი უფრო გვიანდელია, ვიდრე ის თარიღი, როდესაც მოხდა აღნიშნული სახელმწიფოს დოკუმენტის შესანახად გადაცემა. თუმცა, ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება იმ სახელმწიფოებთან მიმართებაში, რომლებიც არიან ლისაბონის შეთანხმების ან 1967 წლის აქტის მონაწილეები და ზიანს არ უნდა აყენებდეს 31-ე მუხლის გამოყენებას ამ სახელმწიფოებთან მიმართებაში.
მუხლი 29🔗
რატიფიკაციისა და შეერთების ძალაში შესვლის თარიღი
(1) [გასათვალისწინებელი დოკუმენტები] ამ მუხლის მიზნებისთვის, მხედველობაში მიიღება მხოლოდ რატიფიკაციის ან შეერთების ის დოკუმენტები, რომლებიც შესანახად გადაცემულია 28 (1) მუხლში მითითებული სახელმწიფოების ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ და რომლებსაც აქვთ ძალაში შესვლის თარიღი 28 (3) მუხლის შესაბამისად.
(2) [წინამდებარე აქტის ძალაში შესვლა] წინამდებარე აქტი ძალაში შევა სამი თვის შემდეგ იმ თარიღიდან, როცა 28-ე მუხლში მითითებული ხუთი უფლებამოსილი მხარე შესანახად გადასცემს თავის სარატიფიკაციო ან შეერთების დოკუმენტებს.
(3) [რატიფიკაციისა და შეერთების ძალაში შესვლა] (a) ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციისთვის, რომელმაც შესანახად გადასცა თავისი სარატიფიკაციო ან შეერთების დოკუმენტი წინამდებარე აქტის ძალაში შესვლამდე სამი თვით ან უფრო მეტი ხნით ადრე, წინამდებარე აქტი გახდება სავალდებულო წინამდებარე აქტის ძალაში შესვლის თარიღში.
(b) წინამდებარე აქტი სავალდებულო გახდება ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსთვის ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციისთვის სამი თვის შემდეგ იმ თარიღიდან, როდესაც მან შესანახად გადასცა თავისი სარატიფიკაციო ან შეერთების დოკუმენტი ან შეერთების დოკუმენტში მითითებულ ნებისმიერ შემდგომ თარიღში.
(4) [საერთაშორისო რეგისტრაციები, რომლებიც განხორციელდა შეერთებამდე] შეერთების პროცესში მყოფი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო თუ ხელშემკვრელი მხარე წარმოადგენს სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას – იმ ტერიტორიაზე, სადაც მოქმედებს ამ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი ხელშეკრულება – წინამდებარე აქტის დებულებები გამოიყენება იმ ადგილწარმოშობის დასახელებების ან გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართ, რომლებიც უკვე რეგისტრირებულია წინამდებარე აქტის შესაბამისად, შეერთების ძალაში შესვლის მომენტიდან, 7 (4) მუხლის, ისევე როგორც IV თავის დებულებების რომლებიც გამოიყენება mutatis mutandis. შეერთების პროცესში მყოფ სახელმწიფოს ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას შეუძლია ასევე მიუთითოს, თავისი სარატიფიკაციო ან შეერთების დოკუმენტისთვის თანდართულ განცხადებაში 15 (1) მუხლში მითითებული ვადის და მე-17 მუხლში მითითებული ვადების გაგრძელების შესახებ, რეგულაციებში განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 30🔗
დათქმების აკრძალვა
დაუშვებელია რაიმე დათქმა წინამდებარე აქტთან მიმართებაში.
მუხლი 31🔗
ლისაბონის შეთანხმებისა და 1967 წლის აქტის გამოყენება
(1) [ურთიერთობა როგორც წინამდებარე აქტის, ისე ლისაბონის შეთანხმების ან 1967 წლის აქტის მონაწილე სახელმწიფოებს შორის] როგორც წინამდებარე აქტის, ისე ლისაბონის შეთანხმების ან 1967 წლის აქტის მონაწილე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა რეგულირდება მხოლოდ წინამდებარე აქტით. თუმცა, ლისაბონის შეთანხმების ან 1967 წლის აქტის მიხედვით მოქმედი ადგილწარმოშობის დასახელებების საერთაშორისო რეგისტრაციებთან დაკავშირებით, სახელმწიფოები უზრუნველყოფენ იმაზე არანაკლებ დაცვას, რომელიც გათვალისწინებულია ლისაბონის შეთანხმებით ან 1967 წლის აქტით.
(2) [ურთიერთობა როგორც წინამდებარე აქტის, ისე ლისაბონის შეთანხმების ან 1967 წლის აქტის მონაწილე სახელმწიფოებს შორის, და ლისაბონის შეთანხმების ან 1967 წლის აქტის მონაწილე იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც არ არიან წინამდებარე აქტის მონაწილეები] როგორც წინამდებარე აქტის, ასევე ლისაბონის შეთანხმების ან 1967 წლის აქტის მონაწილე ნებისმიერი სახელმწიფო გააგრძელებს ლისაბონის შეთანხმების ან 1967 წლის აქტის გამოყენებას ლისაბონის შეთანხმების ან 1967 წლის აქტის მონაწილე იმ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში, რომლებიც არ არიან წინამდებარე აქტის მონაწილეები.
მუხლი 32🔗
დენონსაცია
(1) [შეტყობინება] ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წინამდებარე აქტის დენონსირება გენერალური დირექტორისათვის გაგზავნილი შეტყობინების გზით.
(2) [ძალაში შესვლის თარიღი] დენონსაცია ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან ერთი წლის შემდეგ ან შეტყობინებაში მითითებულ ნებისმიერ შემდგომ თარიღში. ის ზემოქმედებას არ იქონიებს წინამდებარე აქტის გამოყენებაზე ნებისმიერ იმ განაცხადთან მიმართებაში, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა და ნებისმიერ საერთაშორისო რეგისტრაციასთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია დენონსაციის განმახორციელებელ ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებაში დენონსაციის ძალაში შესვლის მომენტისთვის.
მუხლი 33🔗
წინამდებარე აქტის ენები; ხელმოწერა
(1) [ორიგინალი ტექსტები; ოფიციალური ტექსტები]
(a) წინამდებარე აქტი ხელმოწერილი უნდა იქნეს ერთ დედნად, ინგლისურ, არაბულ, ჩინურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა ექნება.
(b) ოფიციალურ ტექსტებს ასამბლეის მიერ განსაზღვრულ სხვა ენებზე ამტკიცებს გენერალური დირექტორი, დაინტერესებულ მთავრობებთან კონსულტაციის შემდეგ.
(2) [ხელმოწერის ვადა] წინამდებარე აქტი ხელმოწერისთვის ღია იქნება ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, მისი მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში.
მუხლი 34🔗
დეპოზიტარი
გენერალური დირექტორი წარმოადგენს წინამდებარე აქტის დეპოზიტარს.
[1] შეთანხმებული განცხადება 11(2) მუხლთან დაკავშირებით: წინამდებარე აქტის მიზნებისთვის, მოაზრებულია, რომ, როდესაც იმ დასახელების ან აღნიშვნის ცალკეულ ელემენტებს, რომლებიც წარმოადგენს ადგილწარმოშობის დასახელებასა და გეოგრაფიულ აღნიშვნას, აქვს გვარეობითი ხასიათი წარმოშობის ხელშემკვრელ მხარეში, მათი დაცვა წინამდებარე პუნქტის შესაბამისად სხვა ხელშემკვრელ მხარეებში არ უნდა იყოს მოთხოვნილი. უფრო მეტი სიცხადისთვის, ხელშემკვრელ მხარეებში სასაქონლო ნიშნის დაცვაზე უარის თქმა ან მისი გაუქმება, ან მე-11 მუხლის დებულებების დარღვევა, არ შეიძლება ეფუძნებოდეს იმ ელემენტს, რომელსაც აქვს გვარეობითი ხასიათი.
[2] შეთანხმებული განცხადება მე-12 მუხლთან დაკავშირებით: წინამდებარე აქტის მიზნებისთვის, არსებობს თანხმობა, რომ მე-12 მუხლი არ ზღუდავს წინამდებარე აქტის დებულებების გამოყენებას წინასწარ გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან საერთაშორისო რეგისტრაციამდე, დასახელება ან აღნიშვნა, რომელიც წარმოადგენს ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას, შეიძლება უკვე, მთლიანად ან ნაწილობრივ, იყოს გვარეობითი ცნება რომელიმე ხელშემკვრელ მხარეში, გარდა წარმოშობის ხელშემკვრელი მხარისა, მაგალითად, გამომდინარე იქიდან, რომ დასახელება ან აღნიშვნა, ან მისი ნაწილი, ყოვედღიურ ენაში დამკვიდრებულ ტერმინის იდენტურია, როგორც ამ ხელშემკვრელ მხარეში საქონლის ან მომსახურების ჩვეულებრივი სახელწოდება, ან ამ ხელშემკვრელი მხარის ყურძნის ჯიშის საყოველთაოდ დამკვიდრებული სახელის იდენტურია.