აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება№ 1-1/352
2025 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ30.0 – კმ 42.0 მონაკვეთის (ლოტი III) მშენებლობის პროექტის ფარგლებში ახორციელებს 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „პალიასტომი-2“-ის №105-107 საყრდენებს შორის უბნის რეკონსტრუქციის (გადატანის) სამუშაოების პროექტს (შემდგომში – პროექტი), რომელიც მოიცავს 220 კვ-იანი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „პალიასტომი - 2“-ის №105-107 საპროექტო საყრდენების გადატანას საავტომობილო გზის სამშენებლო ბუფერიდან. 220 კვ-იანი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „პალიასტომი - 2“-ის №105-107 საყრდენების რეკონსტრუქცია (გადატანა) ითვალისწინებს N105, N106 და N107 IIB220-1 ტიპის 3 შუალედური რკინა-ბეტონის საყრდენის დემონტაჟს. ამჟამინდელი მდგომარეობით, №106 და №107 შუალედური რკინა-ბეტონის საყრდენი ვერ უზრუნველყოფს სადენებსა და საპროექტო საავტომობილო გზის ზედაპირის ნიშნულს შორის დადგენილი მინიმალური ვერტიკალური გაბარიტის დაცვას. ასევე, ელექტროდანადგარების მოწყობის წესების (IIYE-6) მიხედვით I კატეგორიის საავტომობილო გზის გადაკვეთა უნდა განხორციელდეს ანკერული საყრდენების გამოყენებით. 220 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „პალიასტომი-2“-ის N105-107 საყრდენების რეკოსნტრუქცია (გადატანა) ხორციელდება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას,“ დეპარტამენტსა და შპს „ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი კომპანიის ფილიალი საქართველოში“-ს (ს/ნ 205368029) შორის 2024 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული №194 ხელშეკრულების საფუძველზე. პროექტი შემუშავებულია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნორმების, „35-750 კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ტექნოლოგიური პროექტირების ნორმების“, IIYE-6 1987 წ. ელექტროდანადგარების მოწყობის წესების და სხვა ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების ყველა პირობის შექმნას.
პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა შეფასების ანგარიში, რომელშიც გათვალისწიწებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ გიორგი ქამუშაძის (პ/ნ 26001037970), ირინა ქამუშაძის ((პ/ნ 26001016676) და მარიამ ქამუშაძის (პ/ნ 26001037768) თანასაკუთრებაში არსებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4 448 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N27.11.42.172) ნაწილის 108 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის პროექტის განხორციელებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ 30.0 - კმ 42.0 მონაკვეთის (ლოტი III) მშენებლობის პროექტის ფარგლებში დეპარტამენტი ახორციელებს 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „პალიასტომი-2“-ის №105-107 საყრდენებს შორის უბნის რეკონსტრუქციის (გადატანის) სამუშაოების პროექტს.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4 448 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N27.11.42.172) მესაკუთრეები არიან: გიორგი ქამუშაძე (პ/ნ 26001037970), ირინა ქამუშაძე (პ/ნ 26001016676) და მარიამ ქამუშაძე (პ/ნ 26001037768).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გიორგი ქამუშაძის, ირინა ქამუშაძის და მარიამ ქამუშაძის თანასაკუთრებაში არსებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4448 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N27.11.42.172) ნაწილი – 108 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო უძრავი ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2025 წლის 26 სექტემბრის ოქმის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ 30.0 – კმ 42.0 მონაკვეთის (ლოტი III) მშენებლობის პროექტის ფარგლებში 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „პალიასტომი-2“-ის №105-107 საყრდენებს შორის უბნის რეკონსტრუქციის (გადატანის) სამუშაოების პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ: გიორგი ქამუშაძის (პნ 26001037970), ირინა ქამუშაძის (პ/ნ 26001016676) და მარიამ ქამუშაძის (პ/ნ 26001037768) თანასაკუთრებაში არსებულ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4448 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.11.42.172) ნაწილზე – 108 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი