საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის – კავკასიური სახლის შესახებ

მიღების თარიღი 16.05.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №307
სარეგისტრაციო კოდი 000000210.02(0).000.000700 17
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 5, 31/05/1994
253 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის – კავკასიური სახლის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №307 1994 წლის 16 მაისი ქ. თბილისი საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის – კავკასიური სახლის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს წინადადება იმის შესახებ, რომ საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან არსებული კავკასიის ხალხთა კულტურისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის რესპუბლიკური ცენტრის ბაზაზე შეიქმნას საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი. ცენტრი ხელს უწყობს საქართველოს საგარეო და საშინაო კულტურული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, მეზობელ ქვეყნებთან კულტურულ-ინტელექტუალური, სამეცნიერო-ინფორმაციული კავშირების დამყარება-განმტკიცებას, საქართველოსა და კავკასიაში მშვიდობის, დემოკრატიისა და მეცნიერული პროგრესისათვის აუცილებელი სულიერი საფუძვლების შექმნას. კოორდინაციას უწევს საქართველოში მცხოვრები არაქართველი ეთნოსების მონაწილეობას ქვეყნის კულტურულ ცხოვრებასა და კულტურულ პოლიტიკაში. ახორციელებს სამეცნიერო და პრაქტიკულ მოღვაწეობას კულტურისა და ბუნების ეკოლოგიის სფეროში; მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს, კავკასიის, რუსეთის შავი ზღვის აუზისა და სხვა სახელმწიფოთა კულტუროლოგიურ და ეკოლოგიურ საზოგადოებებთან, რომელთა მიზანია კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა მსოფლიოში. ცენტრი ახორციელებს სამეცნიერო-საინფორმაციო და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას ბავშვებსა და მოსწავლე ახალგაზრდობაში. 2. საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი არის საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან არსებული „კავკასიის ხალხთა კულტურისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის რესპუბლიკური ცენტრის“ უფლებამონაცვლე. 3. ცენტრის საქმიანობის დაფინანსების წყაროებად გამოყენებულ იქნეს მიზნობრივი საბიუჯეტო ასიგნებანი, სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული და კანონით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები. 4. ცენტრის მუშაკთა რიცხოვნობა განისაზღვრება 41 ერთეულით. 5. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ 1994 წელს და შემდგომ წლებში ბიუჯეტის ფორმირებისას გაითვალისწინოს ცენტრის შესანახი ასიგნებანი წარმოდგენილი შემოსავლებისა და ხარჯების გაანგარიშების მიხედვით. 6. ცენტრმა ერთი თვის ვადაში წარუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დასამტკიცებლად თავისი წესების პროექტი. 7. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1993 წლის 4 ივნისის № 441 დადგენილება. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის                                                ო. ფაცაცია