ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება საქმეზე „კალანდია საქართველოს წინააღმდეგ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№27166/21
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/10/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 

მეოთხე სექციის

განჩინება

საჩივარი N27166/21
საქმეზე „მიხეილ კალანდია საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია), 2025 წლის 1 აპრილს, კომიტეტის სახით შემდეგი შემადგენლობით:

          ჟოლიენ შუკინგი, თავმჯდომარე,
          ფერის ვეჰაბოვიჩი,
          ლორიენ შემბრი ორლენდი, მოსამართლეები,
და სიმიონ პეტროვსკი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,

გაითვალისწინა რა:

საჩივარი (N27166/21) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2021 წლის 15 მაისს, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად წარადგინა საქართველოს მოქალაქემ, ბ.-ნმა მიხეილ კალანდიამ (შემდგომში „მომჩივანი“), დაბადებულმა 2000 წელს, რომელიც იმყოფება პატიმრობაში რუსთავში და რომელსაც წარმოადგენდა ბ.-ნი ზ. თოდუა, ადვოკატი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს თბილისში;

გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისთვის (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ.-ნი ბ. ძამაშვილი, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და მე-3 (d) პუნქტების ფარგლებში არსებული პრეტენზიების თაობაზე შეტყობინების შესახებ და საჩივრის დანარჩენი ნაწილის მიუღებლად გამოცხადების შესახებ;

მხარეთა მოსაზრებები;

განხილვის შედეგად მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

საქმის არსი

1. საჩივარი ეხება მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმისწარმოების სავარაუდო უსამართლობას, რომელსაც დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისთვის პატიმრობა მიესაჯა. მის სასამართლო პროცესს, რომელიც ფართოდ გაშუქდა მედიასაშუალებებით, ვინაიდან ეხებოდა თბილისის სკოლაში გარჩევის შედეგად ორი მოზარდის სიკვდილს, წინ უძღოდა საპარლამენტო გამოძიება. საპარლამენტო გამოძიების რეკომენდაციის მიხედვით, სხვა საკითხებს შორის, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესი უნდა დაწყებულიყო. მომჩივანი იშველიებს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ და მე-3 (d) პუნქტებს.

2. 2020 წლის 25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედო ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მიუსაჯა თერთმეტი წლითა და სამი თვით პატიმრობა. მისი მსჯავრდება, მათ შორის, გ.ჯ.-სა და გ.ბ.-ს ჩვენებებს ეყრდნობოდა, რომლებიც ბრალდებულნი იყვნენ და მსჯავრი დაედოთ იმავე ინციდენტთან დაკავშირებით ცალკე სისხლის სამართალწარმოების ეტაპზე. 2020 წლის 21 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოწმეთა მოსმენის გარეშე სრულად უცვლელი დატოვა მომჩივნის მსჯავრდება. 2020 წლის 29 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ მის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა.

3. მომჩივანი კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და მე-3 (d) პუნქტების მიხედვით ჩიოდა, რომ მან ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უზენაესი სასამართლო, მისი მსჯავრდების უცვლელად დატოვებისას, დაეყრდნო გ.ჯ-სა და გ.ბ-ს ჩვენებებს, რომელთა დაკითხვაც მან ვერ შეძლო, ვინაიდან სასამართლო პროცესზე მათ ჩვენებები შეცვალეს. გარდა ამისა, ის ჩიოდა, რომ მისი საქმის სასამართლოში განხილვას წინ უსწრებდა იმავე ფაქტობრივი გარემოებების გამოძიება პარლამენტის სპეციალური საგამოძიებო კომისიის მიერ.

მორიგების პროცედურა

4. 2023 წლის 22 ნოემბერს სასამართლომ საჩივრის შესახებ აცნობა მთავრობას. სასამართლომ მხარეებს შესთავაზა, შეეტყობინებინათ მათი პოზიცია საქმის მორიგებით დასრულებასთან დაკავშირებით და წარედგინათ შეთავაზებები, სურვილის შემთხვევაში, 2024 წლის 14 თებერვლამდე. სასამართლომ აცნობა მომჩივანს, რომ მორიგებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მკაცრად კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო სასამართლოს რეგლამენტის 62-ე წესის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

5. ვინაიდან მხარეებს შორის მორიგების მიღწევის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, 2024 წლის 16 თებერვალს სასამართლომ მთავრობას შესთავზა, რომ წარედგინა თავისი წერილობითი მოსაზრებები საქმის მისაღებობასთან და არსებით მხარესთან დაკავშირებით. შესაბამისი წერილი, რომელიც უთითებდა საჩივრის მთავრობისთვის შეტყობინების შემდგომი პროცედურების შესახებ საინფორმაციო ჩანაწერზე, გაეგზავნა მომჩივნის წარმომადგენელს.

6. 2024 წლის 22 თებერვალს მთავრობამ სასამართლოს შეატყობინა, რომ მომჩივანმა დაარღვია მორიგების შესახებ მოლაპარაკებების კონფიდენციალურობის პირობა და მედიაში გაამჟღავნა, სხვა საკითხებს შორის, მორიგების შეთავაზებასთან დაკავშირებული შინაარსი. მთავრობამ სასამართლოს მიაწოდა მომჩივნის წარმომადგენლის მიერ მედიისთვის მიცემული ინტერვიუების ორი ბმული. პირველ სატელევიზიო ინტერვიუში, 2024 წლის 11 თებერვალს, მან სასამართლოს მიერ დაწყებულ მორიგების პროცედურაზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ მთავრობას სამი დღე ჰქონდა დარჩენილი, რომ წარედგინა მისი შეთავაზება და რომ მომჩივანი ითხოვდა პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლებას. მეორე სატელევიზიო ინტერვიუში, 2024 წლის 19 თებერვალს, მან საზოგადოებას ამცნო მორიგებით დასრულების თაობაზე მთავრობის უარის შესახებ. მან ახსნა, რომ მორიგება, უბრალოდ, მოიაზრებდა მთავრობის მხრიდან მომჩივნის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის აღიარებას.

მთავრობა შეედავა ინდივიდუალური საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენების გამო და სასამართლოს მოსთხოვა საჩივრის უარყოფა.

7. 2024 წლის 8 და 10 მარტს მომჩივანმა წარადგინა მისი არგუმენტები და სასამართლოს მოსთხოვა საჩივრის მისაღებად ცნობა და განხილვის გაგრძელება. მან განაცხადა, რომ მისმა წარმომადგენელმა გაამჟღავნა მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვის ისეთ პროცედურულ ასპექტებს, როგორიცაა ვადები. რაც შეეხება პატიმრობიდან მის უპირობო გათავისუფლებას, ის ამტკიცებდა, რომ ეს მოთხოვნა ცნობილი იყო ფართო საზოგადოებისთვის, ვინაიდან მისი სასამართლო პროცესის საწყისი ეტაპიდანვე აღნიშნული მოთხოვნა მუდმივად ჟღერდებოდა სხვადასხვა უფლებამოსილი ორგანოს წინაშე.

სასამართლოს შეფასება

8. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მორიგებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კონფიდენციალურია. ეს წესი გამეორებულია სასამართლოს რეგლამენტის 62-ე წესის მე-2 პუნქტში. წესი, რომ მორიგებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კონფიდენციალურია, არის აბსოლუტური და არ იძლევა იმის ინდივიდუალური შეფასების საშუალებას, თუ რამდენი დეტალი იქნა გამჟღავნებული (იხ., მრავალ სხვა წყაროს შორის, საქმე Lesnina Veletrgovina d.o.o. v. the former Yugoslav Republic of Macedonia (dec.), N37619/04, 2010 წლის 2 მარტი; საქმე Abbasov and Others v. Azerbaijan (dec.), N36609/08, § 28, 2013 წლის 28 მაისი და საქმე გორგაძე საქართველოს წინააღმდეგ (dec.), N57990/10, § 18, 2014 წლის 2 სექტემბერი და მათში ციტირებული პრეცედენტული სამართალი). ის უკრძალავს მხარეებს მორიგებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას როგორც მედიით, ისე წერილის მეშვეობით, რომელიც შეიძლება წაიკითხოს ხალხის მნიშვნელოვანმა რაოდენობამ, ან ნებისმიერი სხვა საშუალებებით (იხ., Abbasov and Others-ის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 30; ასევე, იხ., საქმე Tsonev v. Bulgaria (dec.), N44885/10, § 26, 2015 წლის 8 დეკემბერი).

9. გარდა ამისა, კონფიდენციალურობის პრინციპის ზოგადი მიზანია მხარეებისა და სასამართლოს დაცვა შესაძლო ზეწოლისგან. შესაბამისად, მორიგების შესახებ მოლაპარაკებების კონფიდენციალურობის ვალდებულების განზრახ დარღვევა შეიძლება ჩაითვალოს საჩივრის შეტანის უფლების ბოროტად გამოყენებად და გამოიწვიოს საჩივრის უარყოფა (იხ., საქმე Hadrabová v. the Czech Republic (dec.), N42165/02, 2007 წლის 25 სექტემბერი; საქმე Miroļubovs and Others v. Latvia, N798/05, § 66, 2009 წლის 15 სექტემბერი; საქმე Benjocki and Others v. Serbia (dec.), NN5958/07, 6561/07, 8093/07 და 9162/07, 2009 წლის 15 დეკემბერი; საქმე Baucal‑Đorđević and Đorđević v. Serbia (dec.), N38540/07, 2013 წლის 2 ივლისი; საქმე Ausad Valimised Mtü v. Estonia (dec.), N40631/14, 2016 წლის 27 სექტემბერი; და საქმე Y and others v. Bulgaria, N1666/19, § 25, 2020 წლის 8 ოქტომბერი; ასევე, იხ., Abbasov and Others-ის საქმე, § 29; გორგაძის საქმე, §§ 19 და 21; და Tsonev-ის საქმე, § 26, ყველა ციტირებულია ზემოთ).

10. უბრუნდება რა წინამდებარე საქმის გარემოებებს, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნის წარმომადგენელმა მორიგებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შესახებ დეტალები, კერძოდ, ინფორმაცია პროცედურულ ეტაპებსა და საქმის მოგვარებასთან დაკავშირებული მხარეთა პოზიციების შესახებ განზრახ გაამჟღავნა. კონვენციის 39-ე მუხლი და სასამართლოს რეგლამენტის 62-ე წესის მე-2 პუნქტი ცალსახად ციტირებული იყო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის წერილში, როდესაც მორიგების პროცედურა დაიწყო (იხ., მე-4 პარაგრაფი ზემოთ). გარდა ამისა, საინფორმაციო ჩანაწერიდან, რომელზეც მიუთითებდა სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის წერილი, ნათელი იყო, რომ მორიგებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მკაცრად კონფიდენციალური იყო (იხ., მე-5 პარაგრაფი ზემოთ). შესაბამისად, მომჩივანსა და მის წარმომადგენელს უნდა სცოდნოდათ ამ მოთხოვნის შესახებ და შეესრულებინათ ის სამართალწარმოების ყველა ეტაპზე. მათ არ შეუსრულებიათ მოთხოვნა და არანაირი დასაბუთება არ წარმოუდგენიათ.

11. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის წარმომადგენლის მხრიდან ასეთი ქცევა წარმოადგენს კონფიდენციალურობის წესის დარღვევას, რომელიც, აგრეთვე, მიჩნეული უნდა იქნეს ინდივიდუალური საჩივრის უფლების დარღვევად სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით (იხ., მე-8-მე-9 პარაგრაფები ზემოთ).

12. აქედან გამომდინარე, საჩივარი მიუღებელია და უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (a) და მე-4 პუნქტების შესაბამისად.

ამ მოტივით სასამართლო ერთხმად

აცხადებს საჩივარს მიუღებლად.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2025 წლის 24 აპრილს.                       

             სიმონ პეტროვსკი                                                                       ჟოლიენ შუკინგი
განმწესრიგებლის მოადგილე                                                                თავმჯდომარე