საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციის დებულება
მიღების თარიღი 04.10.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №617
სარეგისტრაციო კოდი 000000210.02(0).000.000034 17
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 10, 31/10/1995
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.10.1995 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციის დებულება
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №617
1995 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციის დებულება
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 29 ივლისის № 602 დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებისა და სტრუქტურის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია
საქართველოს ტელევიზიისა რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციის
დებულება
1. ზოგადი დებულებანი
1.1. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაცია (შემდგომში „კორპორაცია“) შექმნილია საქართველოს რესპუბლიკის სახელწმიფოს მეთაურის 1992 წლის 20 ნოემბრის № 7 განკარგულებით საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ბაზაზე.
1.2. კორპორაცია არის „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად მოქმედი რესპუბლიკური მნიშვნელობის ტელერადიოკორპორაცია, რომელიც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოიპოვებს, ამუშავებს და ავრცელებს ინფორმაციას, ქმნის მხატვრულ, დოკუმენტურ, სამეცნიერო-პოპულარულ ფილმებს, გამოსცემს პერიოდულ და სპეციალურ ლიტერატურას. აწარმოებს კინო, ვიდეო და აუდიოპროდუქციას, ეწევა კომერციულ და სხვა საქმიანობას, რაც შეესაბამება კორპორაციის მიზნებს, ამასთან არ ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის მოქმედ კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
1.3. კორპორაციის მთავარი დანიშნულება სახელმწიფოებრიობის განმტკიცება, მისი მორალური და პოლიტიკური ერთიანობისათვის ხელის შეწყობა, საზოგადოებრივი კონსენსუსის უზრუნველყოფა.
1.4. კორპორაცია ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად წარმართავს ტელერადიოსაქმიანობის ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას და არ გამოხატავს არც ერთი პოლიტიკური პარტიისა და ორგანიზაციის ინტერესებს.
1.5. კორპორაცია აღჭურვილია რედაქციის, გამომცემელს, გამავრცელებლისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დაფუძნებულის უფლებებით.
1.6. კორპორაცია არის საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის სამართალმემკვიდრე, მათ შორის იმ საწარმოებისა და ორგანიზაციების ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების ნაწილში, რომლებიც კორპორაციის შექმნის მომენტისათვის დეპარტამენტს ექვემდებარებოდნენ.
1.7. კორპორაცია სატელევიზიო და რადიომაუწყებლობას აწარმოებს ქართულ და სხვა ენებზე საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.
1.8. კორპორაცია არის დამოუკიდებელი სამეურნეო სუბიექტი, რომელიც შექმნილია სახელწმიფო ტელერადიოსაქმიანობის დარგში პროდუქციის წარმოების, მომსახურებისა და სამუშაოების ჩატარების გზით საზოგადოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. იგი არის იურიდიული პირი, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიშები (მათ შორის სავალუტო) ბანკებში, ბეჭედი საქართველოს რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით. შეუძლია თავისი სახელით მოიპოვოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები და იკისროს მოვალეობანი, აღძრას სარჩელი და იყოს მოპასუხე ნებისმიერ სასამართლოში.
1.9. კორპორაცია თვითონ განსაზღვრავს თავისი განვითარების სტრატეგიულ ამოცანებს, საქმიანობის ფორმებსა და საშუალებებს. იგი მის სისტემაში შემავალ იურიდიულ პირებთან (ტელეკომპანია „პირველი არხი“, საინფორმაციო სატელევიზიო სააგენტო, ტელეკომპანია „მე-2 არხი“, რადიოკომპანია, კომპანია „საქართველოს ტელეფილმები“, დასავლეთ საქართველოს ტელერადიოკომპანია „ივერიონი“, ტექნიკური ცენტრი, საინფორმაციო-გამოთვლითი ცენტრი, კომერციული ცენტრი, რუსეთის ფედერაციაში არსებული საქტელერადიოკორპორაციის სააგენტო „სატერა“), ასევე ამ დებულების დამტკიცების შემდეგ კორპორაციაში გაწევრიანებულ სახელმწიფო და დამოუკიდებელ ტელერადიოორგანიზაციებთან ურთიერთობას აგებს პროდუქციის, მომსახურებისა და არა გაწეული ხარჯების მიხედვით ანაწილებს სახელწმიფო-საბიუჯეტო დაფინანსებას ზემოთ ჩამოთვლილ იურიდიულ პირებს შორის.
1.10. კორპორაციის ოფიციალური შემოკლებული დასახელებაა: „საქტელერადიოკორპორაცია“.
1.11. კორპორაციის იურიდიული მისამართია: 380071, საქართველოს რესპუბლიკა, თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. № 68.
2. კორპორაციის ფუნქციები და საქმიანობა
2.1. სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის ფუნქციონირების რეგულირება და ორგანიზაცია საქართველოს რესპუბლიკისა და საზღვარგარეთის სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე.
2.2. ტელერადიომაუწყებლობის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მათი რეალიზაციისათვის ხელის შეწყობა.
2.3. ტელერადიოპროდუქციის შექმნასა და გავრცელებაში ეროვნული ინტერესების პრიორიტეტულობის დაცვა, ამ პროდუქციის საერთო ტექნიკური, შემეცნებითი და მხატვრული დონის ამაღლება.
2.4. კორპორაციის სისტემაში შემავალი კომპანიების საქმიანობის კოორდინაცია, კომპანიებს შორის შიდაკორპორაციული კონკურენციის განვითარება, კონკურსულ საწყისებზე საუკეთესო ტელერადიოპროდუქციის გამოვლენა და გავრცელება.
2.5. საქართველოს რესპუბლიკაში და მის ფარგლებს გარეთ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და მომხმარებლისთვის ოპერატიულად მიწოდება; მხატვრული, დოკუმენტური, სამეცნიერო-პოპულარული ფილმების, ტელე - და რადიოპროგრამების, ლიტერატურული და მუსიკალური ნაწარმოებების შესაქმნელად საწარმოო-შემოქმედებითი პროცესისათვის პირობების უზრუნველყოფა;
2.6. შესყიდვის, გაცვლის ან სხვა გზებით აუდიოვიზუალური პროგრამების, კინოპროდუქციის შეძენა. ამ პროდუქციაზე და ინტელექტუალური საკუთრების სხვა სახეებზე საავტორო უფლების მოპოვება.
2.7. ტელერადიოგადაცემის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და შემოქმედებითი კოლექტივების რეიტინგის დადგენა.
2.8. სარეკლამო პროდუქციის მომზადებაში, განთავსებასა და გავრცელებაში მომსახურების გაწევა, მარკეტინგული და სოციოლოგიური გამოკვლევების ჩატარება.
2.9. გაზეთების, ჟურნალებისა და მათი დამატებების, სპეციალური, მხატვრული და სხვა ბეჭდვითი პროდუქციის გამოშვება და რეალიზაცია.
2.10. სხვადასხვა სახის ინფორმაციის შეგროვების, მომზადების, დამუშავების, წარმოების, გაცვლის, გაყიდვის, გავრცელების ორგანიზაცია, საკუთარი საინფორმაციო ფონდის ჩამოყალიბება.
2.11. ინფორმაციული ხასიათის ყველა სახის ნაბეჭდი, აუდიოვიდეოკინო და სხვა პროდუქციის გამოშვება და გავრცელება, სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო მომსახურება.
2.12. გამოფენების, აუქციონების, ბაზრობების, ლატარიების, ვაჭრობის, კონკურსების, ფესტივალების ორგანიზება და ჩატარება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.13. ტელერადიომაუწყებლობის დარგში სწორი ტექნიკური პოლიტიკის გატარება, ტექნიკური ბაზის გამოყენებისა და განახლება-განვითარების ხელშეწყობა და ორგანიზაცია.
2.14. საქართველოსა და უცხოეთში ტელერადიომაუწყებლობის ქსელების შექმნა, ტელერადიოპროდუქციის შეუფერხებელი გაცვლის ხელშეწყობა და ორგანიზაცია.
2.15. ტელერადიომაუწყებლობის დარგში საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადება, შესაბამისი მოლაპარაკებების გამართვა და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობა.
2.16. თავის დაქვემდებარებაში სახელწმიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების შექმნა, ხელმძღვანელობა, რეორგანიზაცია, გაუქმდება, მათი წესდებებისა და დებულებების დამტკიცება. სახელწმიფო და დამოუკიდებელი ტელე-, რადიო- და ტელერადიოორგანიზაციების წევრად მიღება.
2.17. კადრების შერჩევის, განაწილების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაცია. მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სამსახურებრივი გარანტიების უზრუნველყოფა.
2.18. კულტურის დარგში კორპორაცია ახორციელებს:
2.18.1. კულტურის მატერიალური და სულიერი ფასეულობების:
კინემატოგრაფიული, სასცენო, მუსიკალური და ხელოვნების სხვა ჟანრების ნაწარმოებების შექმნას და გავრცელებას ყველა სახის აუდიოვიზუალური საშუალებებით, მათ შორის ტელერადიომაუწყებლობის მეშვეობით, ასევე საკონცერტო საქმიანობით, მუსიკალური კოლექტივების გასტროლებით, კულტურული და მასობრივი სანახაობითი ღონისძიებების ჩატარებით ან მათში მონაწილეობით;
2.18.2. ყველა სხვა სახის საქმიანობას, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურულ ფასეულობათა შექმნას, ათვისებას, დახვეწას, გავრცელებას, გაცვლას, შენარჩუნებას და დაცვას.
3. კორპორაციის ქონება
3.1. კორპორაციის ქონება საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებაა და კორპორაციას გადაცემული აქვს სამეურნეო გამგებლობაში.
3.2. კორპორაციის ქონებისა და საფინანსო რესურსების ფორმირების წყაროებია:
3.2.1. საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ქონება, რომლის ბაზაზეც შეიქმნა კორპორაცია;
3.2.2. პროდუქციის რეალიზაციის მომსახურებისა და სამუშაოების წარმოების, აგრეთვე ძირითადი და დამხმარე სამეურნეო და კომერციული საქმიანობისაგან მიღებული შემოსავლები;
3.2.3. საამორტიზაციო ანარიცხები;
3.2.4. საბიუჯეტო ასიგნებანი და ბიუჯეტიდან მიღებული დოტაციები;
3.2.5. ბანკის კრედიტები;
3.2.6. ქირა, რომელსაც იღებს კორპორაცია მის ბალანსზე რიცხული და დროებით გამოუყენებელი ქონების იჯარით გაცემის შედეგად;
3.2.7. საქველმოქმედო დახმარებები და შეწირულობანი;
3.2.8. სხვა ორგანიზაციებისაგან დროებითი სარგებლობის განკვარგვის უფლებით მიღებული ქონება;
3.2.9. კორპორაციის მიერ შექმნილი ინტელექტუალური და სხვა არაქონებრივი საკუთრება;
3.2.10. სხვა კანონიერო შემოსავლები.
3.3. კორპორაცია ბიუჯეტისა და დამატებითი წყაროებით მიღებული შემოსავლების საფუძველზე ქმნის ერთიან შემოსავალს.
3.4. კორპორაცია დამოუკიდებელად განკარგავს თავისი საწარმოო-შემოქმედებითი და სამეურნეო საქმიანობით შექმნილ პროდუქციასა და მიღებულ მოგებას, რომელიც მას რჩება საბიუჯეტო თუ სხვა გადასახადებისა და დავალიანებათა დაფარვის შემდეგ.
3.5. კორპორაციას შეუძლია თავისი მოგების ხარჯზე შემდეგ. სარეზერვო და სხვა მიზნობრივი ფონდები საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
4. კორპორაციის საქმიანობის ორგანიზაცია
4.1. კორპორაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს იმ მოთხოვნებით, რომლებსაც საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა უყენებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და სამეურნეო სუბიექტებს.
4.2. კორპორაციას ენიჭება სრული თავისუფლება მართვის სტრუქტურისა და ფორმის განსაზღვრაში, საშტატო განრიგისა და მის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხების გადაწყვეტაში.
4.3. კორპორაციას უფლება აქვს:
4.3.1. მონაწილეობა მიიღოს სახელწმიფო ორგანოებში ტელერადიომაუწყებლობის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში;
4.3.2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამუშაოს ტელერადიომაუწყებლობის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტები და დადგენილი წესით წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში;
4.3.3. თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკება, დადოს ხელშეკრულებები როგორც საქართველოს რესპუბლიკის, ისე საზღვარგარეთის ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
4.3.4. მონაწილეობა მიიღოს ერთობლივი საწარმოების დაარსებაში, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასოციაციებს, საზოგადოებრივი ფონდებისა და სხვა სტრუქტურების შექმნაში;
4.3.5. დააფუძნოს ტელე-, რადიო- და ტელერადიოორგანიზციები, ამასთან ხელშეკრულებით განუსაზღვროს მათ დოტაციური დაფინანსება დასაქმებულთა რიცხხოვნობის შესაბამისად, ხელი შეუწყოს მათ დამოუკიდებელ საქმიანობას და სრულ შემოქმედებით თავისუფლებას;
4.3.6. მიიზიდოს ერთობლივი სატელევიზიო და რადიოპროგრამების შესაქმნელად მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები და გარეშე საწარმოები;
4.3.7. ეწეოდეს არსებული კანონმდებლობით დაშვებულ ყველა სახის კომერციულ საქმიანობას. ამასთან კომერციული საქმიანობითა და არასაბიუჯეტო დაფინანსების სხვა წყაროებით მიღებული შემოსავალი გამოიყენოს ტელერადიოწარმოების სრულყოფისათვის, გადაცემების ხარისხისა და მხატვრული დონი ამაღლების სტიმულირებისათვის. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების, კოლექტივის სოციალურ განვითარებისათვის;
4.3.8. ბარტერული გაცვლის წესით შეიძინო ტელერადიოპროგრამების წარმოებისათვის საჭირო ტექნიკა, კინო, ვიდეოფირები და სხვა მასალები;
4.3.9. შეიძინოს ან იჯარით აიღოს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები თავისი კუთნილი საფინანსო რესურსების, ფულადი დახმარების ან ამ მიზნით ბანკებიდან მიღებული კრედიტების (მათ შორის სავალუტო კრედიტების) ხარჯზე;
4.3.10. განკარგოს კორპორაციის ქონება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და მოქმედი წესით;
4.3.11. განსაზღვროს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ყველა ტექნიკური საშუალებების ფუნქციონირების რეჟიმი, დატვირთვის მოცულობა და წესი მათზე მიკუთვნებულ რადიოსიხშირეებითურთ, საერთო, საკაბელო მაუწყებლობისა და კორპორაციის პროგრამების გავრცელებისა და ტრანსლაციის ქსელების სიხშირული არხებით, რომლებიც გადაცემულია კორპორაციის სარგებლბაში ან შეძენილია მის მიერ;
4.3.12. განსაზღვრო სარეკლამო საქმიანობის წესი;
4.3.13. დაუთმოს სხვა მოსარგებლეებს კორპორაციის პროგრამების მაუწყებლობისაგან თავისუფალი საერთო დრო სახელშეკრულებო საწყისებზე;
4.3.14. შექმნას დროებითი შემოქმედებითი კოლექტივები სხვა ორგანიზაციული სტრუქტურები კორპორაციისათვის გამოყოფილი ან სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრებით;
4.3.15. დადგენილი წესით მოახდინოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთ თავისი ჟურნალისტების აკრედიტება;
4.3.16. საჭიროების შემთხვევაში მიიწვიოს ექსპერტები, სპეციალისტები და კონსულტაციები, მათ შორის უცხოელებიც საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
4.3.17. მოემსახუროს უცოეთის ტელერადიოორგანიზაციებს გადამღები და სამონტაჟო ტექნიკით, ტრანსპორტით, ყურნალისტებით, კავშირგაბმულობით, შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე.
4.3.18. განსაზღვროს საავტორო, სადადგმო და საშემსრულებლო ჰონორარების, აგრეთვე ტელევიზიისა და რადიოსათვის საჭირო ყველა სახის სამუშაოს საზღაურის ოდენობა გამოყოფილი სახსრების ფარგლებში;
4.3.19. განსაზღვროოს და დააწესოს შრომის ანაზღაურების ფორმები და სისტემა ყველა სახის ხელფასისი, ტარიფებს, ჯილდოს, დანამატისა და წანამატის ჩათვლით ისე, რომ დაცული იყოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურის შრომის ანაზღაურების პირობები, თანამდებობრივი სარგოების ოდენობა, დანამატებისა და მატერიალური დახმარებების გაცემის წესი;
4.3.20. განსაზღვროს კორპორაციის მოსამსახურეთა დაქირავების ფორმები და გათავისუფლების წესი, სამუშაო დღის ხანგრძლივობა და განრიგი, დასვენების დღისა და შვებულებების მიცემის წესი „სახელმწიფო სამსახურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.
4.4. კორპორაცია ვალებულია:
4.4.1. დაიცვას „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკს კანონი;
4.4.2. პასუხი აგოს სახელშეკრულებო, საკრედიტო, საანგარიშსწორებო და საგადასახადო ვალდებულებებისა და სხვა სამეურნეო წესების დარღვევისათვის საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად;
4.4.3. აანაზღაუროს მიწით და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, გარემოს დაცვის, წარმოების უსაფრთოების წესების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, თავისი თანამშრომლების, მოსახლეობისა და მომხმარებლების ჯანმრთელობის დაცვის მოთოვნების დაუცველობით მიყენებული ზარალი, აგრეთვე გადაიადოს ჯარიმა კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით;
4.4.4. აწარმოოს თავისი საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება კანონით განსაზღვრული წესით.
კორპორაციის თანამდებობის პირებს სახელმწიფო ანგარიშგების დამახინჰებისათვის ეკისრებათ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.
4.5. კორპორაციის საწარმოო და სამეურნეო საქმიანობის კონტროლსა და რევიზიას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საგადასახადო და სხვა ორგანოები, რომლებსაც საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული აქვთ საწარმოებისა და ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.
5. კორპორაციის მართვა
5.1. კორპორაციის უმაღლესი თანამდებობის პირი არის კორპორაციის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაური.
5.2. კორპორაციის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კორპორაციის თავმჯდომარე.
5.3. კორპორაციის თავმჯდომარე ანგარიშვალებულია სახელმწიფოს მეთაურის წინაშე კორპორაციისა და იმ წარმოება-ორგანიზაციათა საქმიანობისათვის, რომლებიც კორპორაციის სისტემაში შედიან.
5.4. კორპორაციის თავმჯდომარე:
5.4.1. საგანგებო რწმუნების გარეშე მოქმედებს კორპორაციის სახელით და წარმოადგენს კორპორაციის ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებში, საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში, სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;
5.4.2. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად განაგებს კორპორაციის ქონებას, დებს შეთანხმებებს, ხელშეკრულებებს (მათ შორის შრომის ხელშეკრულებებს) და სხვა გარიგებებს, იძლევა მინდობილობებს ასეთი გარიგებების განხორციელებისათვის;
5.4.3. ხსნის ბანკებში ანგარიშსწორებისა და სხვა სახის ანგარიშებს;
5.4.4. ამტკიცებს კორპორაციის საორგანიზაციო სტრუქტურას;
5.4.5. ამტკიცებს კორპორაციის საშტატო განრიგს და უზრუნველყოფს კორპორაციის შტატების შესაბამისობა კორპორაციის საქმიანობის რეალურ მოცულობასთან;
5.4.6. ნიშნავს და ათავისუფლებს კორპორაციის ცენტრალური აპარატის მოსამსაურეებ, დაქვემდებარებული საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს;
5.4.7. ანაწილებს ფუნქციებს პირველ მოადგილესა და მოადგილეებს შორის;
5.4.8. კორპორაციის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებს, ამტკიცებს კორპორაციის მიერ შექმნილ იურიდიულ პირთა წესდებებსა და დებულებებს;
5.4.9. თავისი კომპეტენციის ფარგლებში აჩერებს ან აუქმებს დაქვემდებარებულ საწარმოთა და ორგანიზაციათა ხელმძღვანაელების მიერ გამოცემულ ბრძანებებს, განკარგულებებს და ნორმატიულ აქტებს, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან მოქმედ კანონმდებლობას.
5.5. კორპორაციაში იქმნება დირექტორთა საბჭო, რომლის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს კორპორაციის თავმჯდომარე.
5.6. დირექტორთა საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს დირექტორთა საბჭოს შესახებ დებულების შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს კორპორაციის თავმჯდომარე.
5.7. კორპორაციის თავმდჯომარე თნამდებობის მიხედვით არის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
5.8. დირექტორთა საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროების მიხედვით, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც.
5.9. დირექტორთა საბჭო თავის სხდომაზე იხილავს ტელერადიოპროგრამების შინაარსს, კორპორაციის წარმოებრივი სისტემის დატვისრთვისა და რესურსების დანაწილების გეგმებს; კორპორაციის საერთო ეკონომიკურ, საფინანსო, სოციალურ და საკადრო პოლიტიკას, უმნიშვნელოვანესი ბრძანებებისა და ინსტრუქციების პროექტებს, კორპორაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების, დაქვემდებარებული საწარმოებისა და ორგანზაციების მუშაობის შედეგებს; განსაზღვრავს ტელერადიოპროგრამების დაკვეთის შემოქმედებითი, ტექნიკური, ტექნოლოგიური და ორგანიზაციული შესრულების სტრატეგიას.
5.10. დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებები სრულდება კორპორაციის თავმჯდომარის ბრძანებით.
5.11. კორპორაციის მხატვრულ-შემოქმედებითი საქმიანობის წარმმართველი ორგანოა ექსპერტთა საბჭო, რომელიც იქმნება კორპორაციის კვალიფიკაციური სპეციალისტების, შემოქმედებითი მუშაკების, ასევე შემოქმედებითი კავშირებისა და კულტურის სფეროს სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან. იგი მოქმედებს ექსპერტთა საბჭოს შესახებ დებულების შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს კორპორაციის თავმჯდომარე.
5.12. მოსამსახურისა და კორპორაციის ურთიერთობა ემყარება შრომით ხელშეკრულებას. იგი რეგულირება საქართველო რესპუბლიკის ძირითადი კანონით, საქართველოს რესპუბლიკის კანონით „სახელმწიფო სამსახურის შესახებ“, საქართველოს რესპუბლიკის შრომის კოდექსით, ამ დებულებით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
5.13. კორპორაციის შრომით კოლექტივში შედის ყველა მოქალაქე, რომელიც შრომის ხელშეკრულების თანახმად მონაწილეობს კორპორაციის საქმიანობაში.
5.14. კორპორაციის შრომით კოლექტივს მინიჭებული აქვს საქართვეოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები.
6. კორპორაციის საქმიანობის შეწყვეტა
6.1. კორპორაციის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს მისი ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის (შერწყმა, შეერთება გამოყონა ან სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად გარდაქმნა) გზით საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა და წესის დაცვით.
6.2. კორპორაციის ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შემთვევაში კორპორაციის თანამშრომლებს გარანტირებული უნდა ჰქონდეთ კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებების დაცვა.
6.3. კორპორაციის ქონება მისი ლიკვიდაციის შემთხვევაში ბიუჯეტთან, კრედიტორებთან და კორპორაციის თანამშრომლებთა არსებული წესით ანგარიშსწორების შემდეგ გადაეცემა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს.
7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
7.1. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.