ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება საქმეზე „ოქროიანი საქართველოს წინააღმდეგ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეოთხე სექციის განჩინება
საჩივარი №41015/22
ალინა ოქროიანი საქართველოს წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია) 2025 წლის 22 აპრილს, კომიტეტის სახით, შემდეგი შემადგენლობით:
ჟოლიენ შუკინგი, თავმჯდომარე,
ფერის ვეჰაბოვიჩი,
ლორიენ შემბრი ორლენდი, მოსამართლეები,
და სიმიონ პეტროვსკი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,
გაითვალისწინა რა:
საჩივარი (№41015/22) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2022 წლის 15 აგვისტოს სასამართლოში შეიტანა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქემ, ქ.-ნმა ალინა ოქროიანმა (შემდგომში „მომჩივანი“), დაბადებული 1979 წელს, მცხოვრები თბილისში და რომელსაც წარმოადგენდა ბ.-ნი მ. ტივიშვილი, ადვოკატი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს რუსთავში;
გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისთვის (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ.-ნი ბ. ძამაშვილი, საჩივრის შესახებ შეტყობინებაზე;
მხარეთა მოსაზრებები;
განხილვის შედეგად მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
საქმის არსი
1. საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს უარს მომჩივნის საკასაციო საჩივრის განხილვაზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული მისი უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.
2. 2019 წლის 14 მარტს მომჩივანმა დაიწყო საქმისწარმოება მესამე მხარის წინააღმდეგ ქონებრივ საკითხთან დაკავშირებით და ის ითხოვდა იჯარის ხელშეკრულების გაუქმებას, რომელიც გაფორმებული იყო ორ მხარეს შორის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. ასევე, მომჩივანი სადავო მიწაზე აშენებული შენობის დემონტაჟს ითხოვდა. 2020 წლის 23 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რითაც მთლიანად არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. 2022 წლის 26 იანვარს აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა. ორივე ინსტანციაში მომჩივანმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 915 და 1,200 ლარის (დაახლოებით 320 და 410 ევროს) ოდენობით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების მოთხოვნის გარეშე.
3. 2022 წლის 7 მარტს მომჩივანმა საკასაციო საჩივარი შეიტანა. მან, ასევე, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმ საფუძვლით, რომ ის არასრულწლოვანის მარტოხელა დედა იყო და მან COVID-19-ის პანდემიის შედეგად სამსახური დაკარგა. 2022 წლის 1 აპრილს უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი პროცედურულად ხარვეზიანი იყო, სხვა მიზეზებს შორის, მომჩივნის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. მომჩივანს მიეცა ხუთი დღე ყველა ხარვეზის გამოსწორებისა და 1,525 ლარის (დაახლოებით 550 ევროს) ოდენობის სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის. 2022 წლის 12 აპრილს მომჩივანმა მოითხოვა ვადის გაგრძელება იმისათვის, რომ დაემტკიცებინა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. 2022 წლის 26 აპრილს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა და ბაჟის გადახდისთვის დამატებით 5 დღე მისცა.
4. 2022 წლის 29 აპრილს მომჩივანმა შუამდგომლობა წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების მოთხოვნით. მან აღნიშნა, რომ ის არასრულწლოვანის მარტოხელა დედა იყო, მას არ ჰქონდა სამუშაო და ჰქონდა ფინანსური სირთულეები. სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ მისი შუამდგომლობის დასასაბუთებლად მან შემდეგი დოკუმენტები წარადგინა: 2022 წლის 13 აპრილის წერილი შემოსავლების სამსახურიდან, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2020 წლის თებერვლიდან მას შემოსავალი არ მიუღია; მისი შვილის დაბადების მოწმობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა, რომელიც ადასტურებდა, რომ მას დიაგნოზად დაესვა ექსპრესიული მეტყველების განვითარების დარღვევა.
5. 2022 წლის 23 მაისს უზენაესმა სასამართლომ, მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მხედველობაში მიღების საფუძველზე, მისი მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე არ დააკმაყოფილა, როგორც დაუსაბუთებელი. კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოდგენილი დოკუმენტები არ იყო საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივანს არ შეეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა. მომჩივანს კიდევ ხუთი დღე მიეცა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.
6. 2022 წლის 1 ივნისს მომჩივანმა, ახალი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, შუამდგომლობა ისევ წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების მოთხოვნით. მომდევნო დღეს, უზენაესმა სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ მან არ წარადგინა „უტყუარი მტკიცებულება“ მის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მომჩივანს კიდევ ხუთი დღე მიეცა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. 2022 წლის 6 ივნისს მომჩივანმა წერილი მისწერა უზენაეს სასამართლოს, რომელშიც იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით ჩიოდა. ის ჩიოდა, რომ აღნიშნულით ირღვეოდა მისი უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.
7. 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად დატოვა. გადაწყვეტილება იყო საბოლოო.
8. მომჩივანი დავობდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული მისი უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, რადგან უზენაესმა სასამართლომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად დატოვა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის საფუძვლით.
სასამართლოს შეფასება
9. მთავრობამ გააპროტესტა და განაცხადა, რომ საჩივარი იყო მიუღებელი, რადგან ის აშკარად დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან (ა) მომჩივნის მიერ დაწყებულ სამოქალაქო სამართალწარმოებას არ ჰქონდა წარმატების პერსპექტივა; (ბ) მომჩივანს მიეცა რამდენიმე თვე სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად; (გ) მომჩივნის მოთხოვნები დაუსაბუთებელი იყო; და (დ) მისი საჩივარი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებასთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ განიხილა და ცნო დაუსაბუთებლად. მომჩივანმა საპასუხოდ არ წარადგინა რაიმე მოსაზრება.
10. სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებასთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპები შეჯამებულია საქმეში Zubac v. Croatia ([GC], №40160/12, §§ 76-78, 2018 წლის 5 აპრილი); საქმეში Weissman and Others v. Romania (№63945/00, §§ 33-37, ECHR 2006-VII (ამონარიდები)) და საქმეში Kreuz v. Poland (№28249/95, §§52-57, ECHR 2001‑VI).
11. რაც შეეხება წინამდებარე საქმეს, სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბაჟი გამოთვლილ იქნა სამართალწარმოებაში არსებული თანხის ნორმატიული პროცენტის საფუძველზე. ამასთან, ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებდა ნებისმიერი ასეთი თანხის ზედა ზღვარს. უფრო მეტიც, დავის მონაწილე მხარეებს, რომლებიც ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ იხდიდნენ სახელმწიფო ბაჟს, ჰქონდათ ბაჟის გადახდის გადავადების უფლება ან იმის უფლება, რომ ასეთი გადახდისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებულიყვნენ. საჩივრის განხილვისთვის მსგავსი ტიპის სახელმწიფო ბაჟის დაკისრება არ შეიძლება ჩაითვალოს მომჩივნისთვის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად, რაც, per se, შეუთავსებელია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტთან (იხ., მაგალითად, საქმე Harrison McKee v. Hungary, №22840/07, §§ 34-35, 2014 წლის 3 ივნისი; საქმე Nalbant and Others v. Turkey, №59914/16, §34, 2022 წლის 3 მაისი და საქმე Stoenescu v. Romania, №14166/19, §38, 2023 წლის 28 თებერვალი).
12. რაც შეეხება მომჩივნის კონკრეტულ გარემოებებს, არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნეს ის, რომ მომჩივანს ფაქტობრივად მიეცა სამ თვეზე ცოტა მეტი სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. ამ პერიოდის განმავლობაში, მას არაერთხელ მიეცა შესაძლებლობა დაედასტურებინა, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეეძლო. თუმცა, ის განაგრძობდა მტკიცებას, რომ შემოსავლების სამსახურის ერთი წერილიც კი საკმარისი დასაბუთება იყო იმისა, რომ მას რთული ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს არ განუცხადებია მისი მატერიალური სიდუხჭირის შესახებ, აგრეთვე, არ მოუთხოვია იურიდიული დახმარება. მან სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა პირველი ორი ინსტანციის სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ჩათვლით, როდესაც შემოსავლების სამსახურის თანახმად, ის უკვე აღარ იღებდა რაიმე შემოსავალს. იმ დროს მას არ მოუთხოვია რაიმე გადახდისგან გათავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს არ დაუკონკრეტებიათ, შემოსავლების სამსახურის წერილის გარდა, რა სახის მტკიცებულების წარდგენა ევალებოდა მომჩივანს, სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული სამთვიანი პერიოდის განმავლობაში არცერთ მომენტში მომჩივანს მის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით არაფერი დაუკონკრეტებია, ან საბანკო ანგარიშის ამონაწერი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგენია მისი ფინანსური სირთულეების დამტკიცების მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარემ, რომელიც ითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებას, უნდა გამოიჩინოს საჭირო გულმოდგინება სასამართლოებისთვის თავისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ მტკიცებულებების წარდგენისას და ამ საკითხში კეთილსინდისიერად უნდა ითანამშრომლოს სასამართლოებთან (იხ., საქმე Elcomp sp. z o.o. v. Poland, №37492/05, §41, 2011 წლის 19 აპრილი და საქმე Laçi v. Albania, №28142/17, § 55, 2021 წლის 19 ოქტომბერი).
13. ზემოაღნიშნული მოსაზრებები საკმარისია სასამართლოსთვის იმის შესახებ დასკვნის გასაკეთებლად, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მომჩივნის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ იმის გამო, რომ მომჩივანმა არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, არ იყო არაპროპორციული. აქედან გამომდინარე, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
ამ მიზეზებით, სასამართლო ერთხმად
აცხადებს საჩივარს მიუღებლად.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2025 წლის 15 მაისს.
სიმიონ პეტროვსკი ჟოლიენ შუკინგი
განმწესრიგებლის მოადგილე თავმჯდომარე