კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ცალკეული კომპანიებისა და ბანკების მეანაბრეებისათვის საპრივატიზაციო ბარათების (ვაუჩერების) გაცემის შესახებ
მიღების თარიღი 27.09.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №588
სარეგისტრაციო კოდი 000000090.02(0).001.000027 108
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 9, 29/09/1995
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.09.1995 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ცალკეული კომპანიებისა და ბანკების მეანაბრეებისათვის საპრივატიზაციო ბარათების (ვაუჩერების) გაცემის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №588
1995 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ცალკეული კომპანიებისა და ბანკების მეანაბრეებისათვის საპრივატიზაციო ბარათების (ვაუჩერების) გაცემის შესახებ
„კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ცალკეული კომპანიებისა და ბანკების მეანაბრეთა სოციალური დაცვის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 22 ივნისის № 252 ბრძანებულების პრაქტიკული რეალიზაციის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. მიეცეთ ფინანსური ზარალის ნაწილობრივ ასანაზღაურებლად 180 (ას ოთხმოცი) აშშ დოლარამდე ნომინალური ღირებულების საპრივატიზაციო ბარათები (ვაუჩერები) მეანაბრეებს (თითოეულს), რომლებმაც საკუთარი სავალუტო სახსრები ასესხეს კომპანიებსა და ბანკებს და უკან ვეღარ დაიბრუნეს.
2. მეანაბრეებისათვის საპრივატიზაციო ბარათებით (ვაუჩერებით) ნებაყოფლობითი კომპენსაცია მოხდეს თითოეული სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასაცემი ძირითადი თანხების მიხედვით, მიღებული დივიდენდების გამოკლებით:
- მეანაბრეს, რომელსაც მისაღები აქვს 30 აშშ დოლარამდე – მიეცეს 1 ვაუჩერი;
- 31 დან 60 აშშ დოლარამდე – 2 ვაუჩერი;
- 61-დამ – 90 აშშ დოლარამდე – 3 ვაუჩერი;
- 91-დან – 120 აშშ დოლარამდე 4 ვაუჩერი;
- 121-დან – 150 აშშ დოლარამდე – 5 ვაუჩერი;
- 151-დან – 180 აშშ დოლარამდე – 6 ვაუჩერი.
მეანაბრეებს, რომლებსაც შეტანილ აქვთ თანხები აშშ დოლარისაგან განსხვავებულ ვალუტაში, განესაზღვროთ შეტანის თარიღისათვის აშშ დოლარის კურსის ეკვივალენტით.
3. დაევალოს ახალ ქართულ ბანკს მეანაბრეებზე საპრივატიზაციო ბარათები გასცეს დაქვემდებარებული ფილიალების (ფილიალის) მეშვეობით საქართველოს რესპუბლიკის საფინანსო, საინვესტიციო-სატრანსპორტო და სადაზღვევო კომპანიათა (საზოგადოებათა) კოორდინაციისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარდგენილების საფუძველზე, რომლებიც დამოწმებულ იქნება საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის, საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის, მეანაბრეთა სააქციო საზოგადოებების სამეთვალყურეო საბჭოსა (დირექტორატის) და მეანაბრეთა საინიციატივო ჯგუფების თავმჯდომარეთა მიერ.
4. მეანაბრეებს, რომლებსაც მისაღები აქვთ 180 (ას ოთხმოცი) აშშ დოლარამდე (ჩათვლით) სავალუტო სახსრები, საპრივატიზაციო ბარათების (ვაუჩერების) მიღების შემთხვევაში აბარებენ სასესხო ხელშეკრულების (ქვითარს) დედანს, რომელსაც ზედ უკეთდება წარწერა „კომპენსირებულია“, აღინიშნება მეანაბრის საპასპორტო მონაცემები და ესმევა ბეჭედი, ხოლო იმ მეანაბრეს, რომელსაც მისაღები აქვს 180 (ას ოთხმოცი) აშშ დოლარის ზევით უნარჩუნდება სასესხო ხელშეკრულება (ქვითარი), რომელსაც უკეთდება წარწერა: „კომპენსირებულია 180 (ას ოთხმოცი) აშშ დოლარი“; აღინიშნება მეანაბრის საპასპორტო მონაცემები და ესმევა ბეჭედი. კომპენსაციით მიღებული საპრივატიზაციო ბარათების (ვაუჩერების) ნომინალური ღირებულებების თანხები მეანაბრეთა ძირითად თანხებს.
5. მეანაბრეებისათვის საპრივატიზაციო ბარათების (ვაუჩერების) გაცემა დაიწყოს 1995 წლის 1 ოქტომბრიდან და გაგრძელდეს 30 დეკემბრამდე.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ზ. კერვალიშვილი