1. საკრებულოს ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.

2. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. 2029 წლის არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე 1 პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შექმნან სხვა ფრაქცია, თუ ისინი პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის უპარტიო კანდიდატები, ან თუ ისინი დატოვებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას და გაწევრდებიან სხვა პოლიტიკურ პარტიაში.

3. საკრებულოს ფრაქციაში არ უნდა იყოს საკრებულოს სამ წევრზე ნაკლები.

4. დაუშვებელია ეროვნული, ტერიტორიული ან სხვა კერძო ნიშნით (ეროვნული, რელიგიური, პროფესიული, პირადი ან ტერიტორიული ნიშნით) ფრაქციებად გაერთიანება. ფრაქციას აქვს სახელი.

5.  ფრაქციის შექმნის მსურველი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეიმუშავებენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წესდებას. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს რეგისტრაციის მომენტიდან.

6. ფრაქციის წესდებით განისაზღვრება ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, წესდებაში ცვლილებების შეტანის პროცედურა.

7. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გაერთიანდეს ფრაქციაში ან ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით მიიღოს ახალი წევრი ფრაქციაში ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.

8. ფრაქციებს რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხების და ეთიკის  კომისიის  წარდგინებით.  ფრაქციის  რეგისტრაციისათვის  საჭიროა   ფრაქციის  თავმჯდომარის  წერილობითი განცხადება, ფრაქციის დაფუძნების სხდომის ოქმი და ფრაქციის წესდება.

9. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს, რომელიც ფრაქციის რეგისტრაციისათვის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო  საკითხების და ეთიკის კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარისა და ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს ფრაქციის მიერ მიღებული  ფრაქციის წესდება, ფრაქციის დაფუძნების სხდომის ოქმი.

10. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე დაუყოვნებლივ განიხილავს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა  და ეთიკის კომისია (ხოლო მუდმივი  კომისიის შექმნამდე – დროებითი სამანდატო კომისია) და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს ბიუროს ფორმირებამდე, საკრებულოს). საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია დროებითი სამანდატო კომისის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. საკრებულო, საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მოგვიანებით დაფუძნებული ფრაქციის რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე-9 პუნქტით  განსაზღვრული განცხადება, ფრაქციის დაფუძნების სხდომის ოქმი და ფრაქციის წესდება გადაეცემა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო  საკითხთა  და ეთიკის კომისიას. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია განცხადების, ფრაქციის დაფუძნების სხდომის ოქმის და ფრაქციის წესდების წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს ფრაქციის დაფუძნების შესაბამისობას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 30-ე მუხლის მოთხოვნებთან და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი შეიტანება საკრებულოს უახლოეს სხდომის დღის წესრიგში და განიხილება რიგგარეშედ. საკრებულო საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო  საკითხთა და ეთიკის კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში დასკვნას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხების და ეთიკის კომისიის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, საკრებულო ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. საკრებულოს მიერ ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად.

11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანოებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად.

12. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანოში ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობაზე წარდგენილი წევრი საქმიანობას წყვეტს ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შესახებ განცხადების მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. ფრაქციას უფლება აქვს, ახალი კანდიდატურა წარადგინოს.

13. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებისთვის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.

14. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია ხელახლა, ახალი კვოტების შესაბამისად წარადგინოს ფრაქციის წევრები მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის ორგანოში.

15. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხებისა და ეთიკის კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხებისა და ეთიკის კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულო