მზღვეველში ეთიკის ზოგადი პრინციპებისა და პროფესიული ქცევის მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება მოქმედი დაზღვევა და საპენსიო
მიღების თარიღი 03.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №93
სარეგისტრაციო კოდი 290000000.60.072.016100
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/11/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.11.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების თაობაზე ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“, „შპს საქართველოს ამბები“, ნონა ქურდოვანიძე, გელა მთივლიშვილი და ნინო ზურიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მზღვეველში ეთიკის ზოგადი პრინციპებისა და პროფესიული ქცევის მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება
№93
2025 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
მზღვეველში ეთიკის ზოგადი პრინციპებისა და პროფესიული ქცევის მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის, 21-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, ამავე დადგენილების მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მზღვეველში ეთიკის ზოგადი პრინციპები და პროფესიული ქცევის მინიმალური სტანდარტები“ თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
1. მზღვეველი ვალდებულია:
ა) შეიმუშაოს და დაიცვას ეთიკის ზოგადი პრინციპები და პროფესიული ქცევის კოდექსი (შემდგომ – კოდექსი) ამ ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოს კოდექსის გაცნობა ყველა დასაქმებულისთვის;
გ) უზრუნველყოს კოდექსის იმპლემენტაცია სადაზღვევო ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაში და დანერგოს შიდა კონტროლის მექანიზმები მისი აღსრულების უზრუნველსაყოფად.
2. მზღვეველი ვალდებულია წარუდგინოს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს (შემდგომ – სამსახური) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული კოდექსი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეორე პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულება მზღვეველმა უზრუნველყოს არაუგვიანეს 2026 წლის 30 აპრილისა.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი
მზღვეველში ეთიკის ზოგადი პრინციპები და პროფესიული ქცევის მინიმალური სტანდარტები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. სადაზღვევო საქმიანობა, ფინანსურ სექტორში მისი როლისა და საქმიანობის სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით, დაფუძნებულია საზოგადოებრივ ნდობაზე. თავის მხრივ, მზღვეველის ეთიკური ქცევა განაპირობებს მომხმარებლის ნდობის ჩამოყალიბებას სადაზღვევო საქმიანობის მიმართ.
2. ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიზანია მზღვეველში ეთიკის ზოგადი პრინციპებისა და პროფესიული ქცევის მინიმალური სტანდარტების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს მზღვეველების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას, მომხმარებლის უფლებებისა და ინტერესების დაცვას, სადაზღვევო ორგანიზაციების რეპუტაციის განმტკიცებას, გამჭვირვალე, სამართლიანი და კეთილსინდისიერი ურთიერთობების უზრუნველყოფას და სადაზღვევო სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას.
3. ეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მოიცავს ეთიკის ზოგად პრინციპებსა და პროფესიული ქცევის მინიმალურ სტანდარტებს, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს მზღვეველი სადაზღვევო საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე.
4. ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი ეთიკის ზოგადი პრინციპები და პროფესიული ქცევის მინიმალური სტანდარტები შესაბამისობაშია სადაზღვევო საქმიანობის მარეგულირებელ და საყოველთაოდ აღიარებულ ეთიკურ ნორმებთან, ასევე პროფესიული ქცევის საერთაშორისო სტანდარტებთან.
მუხლი 2🔗.
მოქმედების სფერო
1. ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოქმედება ვრცელდება საქართველოში ლიცენზირებულ ყველა მზღვეველზე, მის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და ხელმძღვანელ პირებზე, ასევე მზღვეველში დასაქმებულ პირებზე.
2. მზღვეველი ვალდებულია შეიმუშაოს კოდექსი, რომელიც შეესაბამება ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ პრინციპებსა და მინიმალურ სტანდარტებს და უზრუნველყოფს მათ ეფექტურ აღსრულებას. ამასთან, მზღვეველი უზრუნველყოფს ორგანიზაციაში კოდექსით გათვალისწინებული ზოგადი პრინციპებისა და მინიმალური სტანდარტების დანერგვასა და დაცვას.
მუხლი 3🔗.
ეთიკის ზოგადი პრინციპები
მზღვეველი ვალდებულია:
ა) სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მომხმარებლების, საზოგადოების, საკუთარი დასაქმებულებისა და სადაზღვევო ბაზრის სხვა მონაწილეების მიმართ მოქმედებდეს ეთიკის შემდეგი ზოგადი პრინციპების დაცვით:
ა.ა) კეთილსინდისიერება;
ა.ბ) წინდახედულობა;
ა.გ) გულისხმიერება;
ა.დ) სამართლიანობა;
ა.ე) დისკრიმინაციის აკრძალვა;
ა.ვ) გამჭვირვალობა;
ა.ზ) პატიოსნება.
ბ) მომხმარებლის ინტერესი და პროფესიული ვალდებულებები დააყენოს პირად ინტერესებზე მაღლა, თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი და დაიცვას მომხმარებლის პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაცია;
გ) კონკურენტულ გარემოში იმოქმედოს სამართლიანად, კეთილსინდისიერად და არ შელახოს სადაზღვევო სექტორის ან/და ცალკეული მზღვეველის რეპუტაცია;
დ) იზრუნოს მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების პროფესიული კომპეტენციის გაუმჯობესებაზე;
ე) უზრუნველყოს დასაქმებულთა მიერ დისციპლინის, ზნეობისა და ეთიკის ნორმების დაცვა.
მუხლი 4🔗.
პროფესიული ქცევის მინიმალური სტანდარტები
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას უნდა დაიცვან პროფესიული ქცევის მინიმუმ შემდეგი სტანდარტები:
ა) კანონმდებლობის ცოდნა – სრულად უნდა იცნობდნენ სადაზღვევო საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებსა და რეკომენდაციებს;
ბ) ობიექტურობა – სადაზღვევო მომსახურების გაწევისას უნდა შეინარჩუნონ ობიექტურობა. დაუშვებელია ნებისმიერი სახის საჩუქრის/სარგებლის მოთხოვნა ან მიღება, თუ აღნიშნული საფრთხეს შეუქმნის და გავლენას იქონიებს მზღვეველის მიერ მისაღები გადაწყვეტილების ობიექტურობაზე;
გ) სათანადო ინფორმირება – შეცდომაში არ უნდა შეიყვანონ სხვა პირები ინფორმაციის მიწოდებისას, სადაზღვევო მომსახურების გაწევისას, ხოლო მზღვეველი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სადაზღვევო პროდუქტის ან/და მომსახურების შესახებ სრული, აუცილებელი, გასაგები, უტყუარი და თავისდროული ინფორმაცია;
დ) შესაბამისი ქცევა – არ უნდა განახორციელონ ისეთი ქმედება/ქცევა, რაც მოიცავს არაკეთილსინდისიერ, განზრახ შეცდომაში შეყვანას ან ნებისმიერ სხვა ქმედებას, რაც უარყოფითად აისახება მათ პროფესიულ რეპუტაციაზე, კომპეტენტურობასა და კეთილსინდისიერებაზე.
მუხლი 5🔗.
მომხმარებლის ინტერესის დაცვა
1. მზღვეველი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებელზე ორიენტირებული, სამართლიანი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი მომსახურება.
2. მზღვეველი ვალდებულია:
ა) იმოქმედოს კეთილსინდისიერად გულისხმიერად და წინდახედულად მომხმარებლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე;
ბ) მომხმარებლის მიმართ უზრუნველყოს თანასწორი მოპყრობა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობების, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების ან სხვა ნიშნის მიუხედავად, დაიცვას სამართლიანობის პრინციპები და არ მიანიჭოს რაიმე ნიშნით უპირატესობა ერთი მომხმარებლის ინტერესებს მეორესთან შედარებით;
გ) უზრუნველყოს ხელოვნური ინტელექტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ნებისმიერი სახით და ნებისმიერი მიზნობრიობით გამოყენების შემთხვევაში, ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ეთიკის ზოგადი პრინციპების დაცვა;
დ) მომხმარებელს დროულად მიაწოდოს სადაზღვევო პროდუქტის და მომსახურების შესახებ სრული, აუცილებელი, გასაგები და უტყუარი ინფორმაცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ფორმით, რათა უზრუნველყოს მომხმარებლის მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა;
ე) განახორციელოს მომხმარებლის საჭიროების, მიზნებისა და მოთხოვნების შეფასება და უზრუნველყოს სადაზღვევო მომსახურების მიწოდება იმგვარად, რომ მომხმარებელმა ნათლად გაიგოს სადაზღვევო პროდუქტის დიზაინისა და მომსახურების ძირითადი მახასიათებლები;
ვ) დაიცვას მომხმარებლის ან/და ყოფილი მომხმარებლის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ არსებობს მომხმარებლის თანხმობა ან/და მათი გამჟღავნება ნებადართულია კანონმდებლობით;
ზ) სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ადმინისტრირებისა და მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვის პროცესი წარმართოს დროულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.
მუხლი 6🔗.
ინტერესთა კონფლიქტის მართვა
მზღვეველი ვალდებულია, გაატაროს აუცილებელი ღონისძიებები ინტერესთა კონფლიქტის დროული იდენტიფიცირების, თავიდან აცილებისა და მართვის მიზნით.
მუხლი 7🔗.
პროფესიონალიზმი და კვალიფიკაციის შესაბამისობა
მზღვეველი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს დასაქმებულების შესაბამისი კვალიფიკაცია მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დასაცავად;
ბ) უზრუნველყოს მასთან დასაქმებული პირების სისტემატური განგრძობადი პროფესიული გადამზადება;
გ) შეიმუშაოს და დანერგოს პროფესიული განვითარების მექანიზმ(ებ)ი, რომელიც შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო და ეროვნულ პრაქტიკას;
დ) მუდმივად შეამოწმოს და დარწმუნდეს, რომ მასთან დასაქმებული თითოეული პირის საქმიანობა სრულ შესაბამისობაშია არსებულ კანონმდებლობასთან და ორგანიზაციის შიდა სტანდარტებთან.
მუხლი 8🔗.
პატიოსნება და გამჭვირვალობა
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან, პროფესიულ საქმიანობაში დაიცვან პატიოსნების და გამჭვირვალობის პრინციპები.
2. მზღვეველის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული ყველა ინფორმაცია უნდა იყოს სრული, აუცილებელი, გასაგები, უტყუარი და თავისდროული. დაუშვებელია მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, მათ შორის ინფორმაციის დამალვით, არაზუსტად გადმოცემით ან მისი შერჩევით მიწოდებით.
3. რეკლამა და სარეკლამო მასალა არ უნდა შეიცავდეს ფაქტობრივად მცდარ, ორაზროვან/დამაბნეველ ან გადაჭარბებულ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა იქცეს მომხმარებლის მიერ შეცდომაში შემყვანი/არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
4. მზღვეველის მიერ მომხმარებელთან ურთიერთობის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაზღვევის პირობების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება, მათ შორის: სადაზღვევო რისკების, გამონაკლისების, დაზღვევის ძალაში შესვლის დროის და სხვა არსებით პირობებზე.
5. მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა პროფესიული საქმიანობის დროს არ უნდა დაუშვან ისეთი მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც ზიანს მიაყენებს მომხმარებლის ინტერესს ან შელახავს სადაზღვევო სექტორის სანდოობას.
მუხლი 9🔗.
კეთილსინდისიერება და სამართლიანობა
1. კეთილსინდისიერების პრინციპი წარმოადგენს დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობების საფუძველს და განაპირობებს მხარეთა სანდოობაზე და გულწრფელობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას სადაზღვევო ურთიერთობის ყველა ეტაპზე, მათ შორის, ხელშეკრულების დადებიდან მისი მოქმედების პერიოდში.
2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა ხელი უნდა შეუწყონ დაზღვევის სფეროში ცნობიერების ამაღლებას და უზრუნველყონ დაზღვევის მნიშვნელობის შესახებ სწორი და გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდება ყველა დაინტერესებული პირისთვის.
3. მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ დაუშვებელია არაკეთილსინდისიერი ქმედებით უპირატესობის მიღება, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს სადაზღვევო მომსახურების ხარისხს, მომხმარებლის ინტერესებს და სადაზღვევო სექტორის რეპუტაციას.
4. მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებულნი არიან, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან სამართლიანობის და ობიექტურობის პრინციპები.
მუხლი 10🔗.
აღსრულების მექანიზმი
1. ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამსახური.
2. სამსახური უფლებამოსილია გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის მიზნით.
მუხლი 11🔗.
სანქცია
მზღვეველის ან/და ადმინისტრატორის მიერ ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი ეთიკის ზოგადი პრინციპებისა და პროფესიული ქცევის მინიმალური სტანდარტების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია გამოიყენოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.