საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორგანიზაციის პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფის შესახებ

მიღების თარიღი 23.12.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №400
სარეგისტრაციო კოდი 470010000.08(0).020.004044 32
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 12, 30/12/1994
540 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორგანიზაციის პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბ რ ძ ა ნ ე ბ უ ლ ე ბ ა №400 1994 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორგანიზაციის პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორგანიზაციის პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი ბაზის მომზადება, სამედიცინო დახმარების ორგანიზაციებისა და დამხმარე სტრუქტურებისათვის ხელის შეწყობა, რეორგანიზაციის მთელი სამუშაოების წარმართვა ფართო საჯაროობის პირობებში. ამასთან დაკავშირებით: 1. 1995 წლის 1 იანვრიდან შემოღებულ იქნეს სამედიცინო სავალდებულო გადასახდელების შემდეგი წესები: საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი დაწესებულება, საკუთრების ფორმის მიუხედავად, ყოველთვიურად რიცხავს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ფონდში ფაქტობრივად დარიცხული ხელფასის 3 პროცენტს, რომელიც აღინიშნება ხარჯებში ცალკე მუხლად ჩანაწერით -  „დარიცხვა ხელფასზე - სამედიცინო დახმარებაზე სავალდებულო გადასახდელი“. საქართველოს რესპუბლიკის ნებისმიერი მოქალაქე ან მასთან გათანაბრებული პირი ყველა სახის შემოსავლიდან, გარდა სტიპენდიების, პენსიების და დახმარებებისა, სავალდებულო წესით იხდის 1 პროცენტს სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამების დასაფინანსებლად. დამტკიცდეს ფონდის წყაროებად: - სახელმწიფო ბიუჯეტი; - საწარმოო დაწესებულებებისათვის მიზნობრივი სავალდებულო გადასახადები; - დასაქმებული მოსახლეობის შემოსავლებიდან დაწესებული მიზნობრივი სავალდებულო გადასახადები; - ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის გამოშვებისათვის მოგებიდან დაწესებული გადასახადები; - ჯანმრთელობისათვის მავნე შრომისა და საყოფაცხოვრებო პირობების შექმნისათვის საწარმოო დაწესებულებათა საკუთარი ან მასთან გათანაბრებული სახსრებიდან და ცალკეული ინდივიდების პირადი შემოსავლებიდან საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად ჯარიმის სახით ამოღებული სახსრები; - შემოწირულობანი საზოგადოებრივი ორგანიზაციების (ფონდების), შრომითი კოლექტივებისა და ცალკეული მოქალაქეებისაგან დროებით თავისუფალი ფინანსური სახსრების დადგენილ წესით გამოყენებისაგან მიღებული შემოსავალი 2. 1996 წლის ბოლომდე ყველა სამედიცინო დაწესებულება, საკუთრების ფორმის მიუხედავად, აგრეთვე სამედიცინო ინდუსტრიით და სერვისით, სამკურნალო საშუალების და ავადმყოფის მოვლის საგნების შემოტანით და ვაჭრობით დასაქმებული სახელმწიფო საწარმოები გათავისუფლდნენ ყოველგვარი მუნიციპალური და უწყებრივი მოსაკრებლებისაგან და სავალუტო შემოსავლების ეროვნული ბანკისათვის სავალდებულო მიყიდვისაგან. სამედიცინო დაწესებულებების, სამედიცინო პროფილის სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების მიერ წარმოებული სამედიცინო პროდუქციის და მომსახურების რეალიზაციიდან შემოსავალები, რომლებიც გამოყენებული იქნება საკუთარი განვითარებისათვის, გათავისუფლდეს საბიუჯეტო გადასახადისაგან. 3. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს: დროულად განახორციელოს ყველა სამედიცინო დაწესებულებების ლიცენზირება დადგენილი წესით. არ დაუშვას არააკრედიტებული სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირება. განახორციელოს მკაცრი კონტროლი მათში სამედიცინო სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფისადმი; უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ფონდის წარმოქმნისა და ხარჯვის კონტროლი; უზრუნველყოს საქართველოში შემოტანილი და საქართველოდან გატანილი მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საგნების აღრიცხვა და ხარისხის კონტროლი; უზრუნველყოს სამედიცინო დარგის მუშაკთა სერტიფიკაცია დადგენილი წესის შესაბამისად. 4. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტს უზრუნველყოს საქართველოში სამედიცინო აპარატურის, მედიკამენტებისა და ავადმყოფის მოვლის საგნების შეუფერხებელი და საბაჟო გადასახდელის გარეშე შემოტანა. 5. ჩაითვალოს ალტერნატიულ სამხედრო სავალდებულო სამსახურად ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში სანიტრად მუშაობა. 6. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წინადადება გარდამავალ პერიოდში სისტემის ოპერატიული მართვის სტრუქტურული სრულყოფის თაობაზე, რაც გულისხმობს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებების ქსელის დარაიონებას ბუნებრივი სამეურნეო ზონების გათვალისწინებით. 7. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა, სამინისტროს: წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად გამოუყოს დამატებითი ფინანსები საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის პროცესში აუცილებელი სამმართველო სტრუქტურების შესაქმნელად; უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორგანიზაციის სამუშაოების ჩატარების დაფინანსება დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად. 8. ყველა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებას და აფთიაქს, განთავსებულს სხვადასხვა უწყებასა ან მუნიციპალურ შენობაში ანდა მის ნაწილში, უსასყიდლოდ გადაეცეს ბალანსიდან ბალანსზე დაკავებული შენობა, ან მისი ნაწილი. 9. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს 1995 წლის თებერვლამდე განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს და წარუდგინოს მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად სამედიცინო განათლების ერთიანი რესპუბლიკური უნიფიცირებული პროგრამა. 10. დაევალოს საქტელერადიო კორპორაციას საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე შემოიღოს სისტემატური გადაცემა ჯანმრთელობის დაცვის რეორგანიზაციის მზადებისა და მიმდინარეობის  პროცესის გასაშუქებლად. 11. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ყოველკვარტლურად წარუდგინოს ანგარიში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს დარგის რეორგანიზაციის სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. საქართველოს სახელმწიფო მეთაური                ე. შევარდნაძე