პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

მიღების თარიღი 29.05.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №178
სარეგისტრაციო კოდი 010110030.08.002.000016 1
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 5, 29/05/1994
1,220 სიტყვა · ~6 წთ
⚖️ სასამართლო გადაწყვეტილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება №178 1994 წლის 29 მაისი ქ. თბილისი პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესის შემდგომი მოწესრიგებისა და ამ პროცესში საწარმოს მუშაკების უფლებათა გაფართოების მიზნით „სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში დამატებითი ცვლილებების შეტანამდე: 1. დამტკიცდეს „დებულება პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროს საწარმოების მუშაკთათვის, ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ“ (დანართი № 1) 1.1.  ეს დებულება ძალაშია ბრძანებულებაზე ხელმოწერიდან ერთი წლის განმავლობაში. 2. დამტკიცდეს „დებულება სახელმწიფო საწარმოების (გაერთიანებების) გარდაქმნის გზით შექმნილი სააქციო საზოგადოების პრივატიზაციის პროცესში საწარმოთა მუშაკის უფლებათა გაფართოების, აქციათა პაკეტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ“ (დანართი № 2), 2.1.  მიღებულ იქნეს ცნობად, რომ აღნიშნული დებულება არ ვრცელდება ფოთისა და ბათუმის პორტების სააქციო საზოგადოებებზე. საქართველოს სახელმწიფო მეთაური      ე. შევარდნაძე დებულება პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ საპრივატიზაციოდ დამტკიცებული ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტების (შემდგომ ტექსტში - „ობიექტები“) მუშაკთა მიერ შექმნილი დროებით ამხანაგობებზე (შემდგომ ტექსტში - „ამხანაგობა“) პირდაპირი მიყიდვის წესს. ამ წესით პრივატიზებას ექვემდებარება ის ობიექტები, რომელთა პრივატიზებაც არ ხდება აქციონირების გზით. 2. იმ ობიექტების ნუსხას, რომელთა მიმართაც დროებით არ ვრცელდება ამ დებულებით განსაზღვრული პირდაპირ მიყიდვის წესი, ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი 1994 წლის 1 სექტემბრამდე. 3. ობიექტის პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება მხოლოდ მუშაკთა მიერ შექმნილ ამხანაგობაზე, რომელიც აერთიანებს ობიექტში მომუშავეთა 50 პროცენტზე მეტს. 4. ამხანაგობა შეიძლება აერთიანებდეს აგრეთვე „სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით მყიდველად ცნობილ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. 5. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო (შემდგომ ტექსტში - „სახელმწიფო ქონების მართვის ორგანო“) ამ წესით პრივატიზებადი ცალკეული ობიექტების მიმართ შეიმუშავებს მოთხოვნებს, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს: - გარკვეული სახის პროდუქციის, სახალხო მოხმარების საქონლით ვაჭრობისა და მომსახურების ვალდებულებას; - განსაზღვრული დროის განმავლობაში ობიექტის სხვა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მიყიდვის შეზღუდვებს; - ობიექტის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების და კეთილმოწყობის (კაპიტალური შეკეთების) ვადებს არა უმეტეს ერთი წლისა; 6. ობიექტს პირდაპირი გაყიდვისათვის ამზადებს საპრივატიზებო კომისია, რომელიც იქმნება „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თანახმად. 7. ინფორმაცია ამ წესით საპრივატიზებოდ გამზადებული ობიექტის შესახებ დადგენილი წესისა და ფორმის მიხედვით ქვეყნდება პრესაში. 8) პრესაში ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ობიექტის მუშაკებს ეგზავნებათ შეტყობინება და უფლება ეძლევათ მიიღონ გადაწყვეტილება დადგენილი წესით ამხანაგობის შექმნის შესახებ. ამხანაგობა ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან ორი კვირის ვადაში განცხადებით მიმართოს სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოს. 9. გადაწყვეტილება ამხანაგობის ჩამოყალიბების შესახებ მიიღება, თუ კრებას ესწრება საწარმოს მუშაკთა არანაკლებ ორი მესამედი (1994 წლის 1 მარტის სიითი შემადგენლობიდან) და გადაწყვეტილებას ხმა მისცა საწარმოს მუშაკთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. - გარემოს დაცვითი ღონისძიებების ჩატარებას; - განსაკუთრებულ შემთხვევაში სხვა პირობებს, ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით. 10. სახელმწიფო ქონების მართვის ორგანო ვალდებულია განცხადების მიღებიდან ორი კვირის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ობიექტის გაყიდვის შესახებ და აცნობოს ამხანაგობას. 11. ამხანაგობა ვალდებულია ობიექტის პრივატიზებაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან 20 დღის განმავლობაში უზრუნველყოს ობიექტის გასაყიდი ფასის არანაკლებ ნახევრის და არა უმეტეს 65 პროცენტის დაფარვა, მათ შორის 10 პროცენტი, როგორც წესი, დაიფარება ნაღდი ანგარიშსწორებით. ობიექტის საფასურის დარჩენილი ნაწილი ამხანაგობამ უნდა აანაზღაუროს საპრივატიზაციო ბარათებით, რესპუბლიკაში საპრივატიზაციო ბარათების გავრცელების შემდეგ დადგენილი წესით და ვადებში. 12. იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობა დადგენილი წესით და ვადაში არ შემოიტანს განცხადებას ან ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი თანხის გადახდას, სახელმწიფო ქონების მართვის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას. ასეთი ობიექტის კონკურსის ან აუქციონის წესით პრივატიზების შესახებ. 13. თანხის სრულად დაფარვის შემდეგ სახელმწიფო ქონების მართვის ორგანო აფორმებს ხელშეკრულებას იმ ვადით, რომელიც გათვალისწინებულია წინასწარ გამოცხადებული პირობების შესასრულებლად. 14. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ამხანაგობა ვალდებულია ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის დადგენის მიზნით ადგილობრივ მმართველობით ორგანოში გატარდეს რეგისტრაციაში არსებული წესით. 15. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების გამოვლენის შემთხვევაში მყიდველი ღებულობს გაფრთხილებას წერილობითი სახით და ჯარიმდება შეძენილ ქონებაზე გადახდილი თანხის (დაფიქსირებული გაყიდვის დღისათვის მყარ ვალუტაში) 10 პროცენტის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ინფლაციის გათვალისწინებით. 16. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში გაფორმებული ხელშეკრულება ჩაითვლება ბათილად დადგენილი წესის შესაბამისად. 17. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში ამხანაგობას არ აუნაზღაურდება შესყიდული ქონების საფასური და შეძენის შემდეგ ობიექტზე გაწეული ხარჯები. 18. ობიექტის საფასურის დარჩენილი ნაწილის საპრივატიზებო ბარათებით ანაზღაურების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ მყიდველზე გაიცემა ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. დებულება სახელმწიფო საწარმოების (გაერთიანებების) გარდაქმნის გზით შექმნილი სააქციო საზოგადოებების პრივატიზაციის პროცესში საწარმოთა მუშაკების უფლებათა გაფართოების, აქციათა პაკეტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის № 288 დადგენილების შესაბამისად 1994 წლის 1 აგვისტომდე დაფუძნებულ, რეგისტრირებულ და მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებულ სააქციო საზოგადოებების მუშაკთა უფლებების გაფართოების წესს. ასეთ სააქციო საზოგადოებებში აქციათა პაკეტები (შემდგომ ტექსტში - „აქციათა პაკეტები“) შეიძლება პირდაპირ მიეყიდოს კონკრეტულ, წინასწარ განსაზღვრულ მყიდველს. 2. იმ ობიექტების ნუსხას, რომელთა მიმართ დროებით არ ვრცელდება ამ დებულებით განსაზღვრული მიყიდვის წესი, ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი 1994 წლის 1 სექტემბრამდე. 3. ჩაითვალოს, რომ დადგენილი წესით სახელმწიფო საწარმოების (გაერთიანებების) გარდაქმნით შექმნილი სააქციო საზოგადოებების ყველა აქცია არის ჩვეულებრივი სახელობითი აქცია. 4. გადაწყვეტილებას აქციათა პაკეტის გაყიდვის შესახებ იღებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო (შემდგომ ტექსტი - „ქონების მართვის სამინისტრო“) შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს (უწყების) ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოს (თუ საწარმო მუნიციპალური საკუთრებაა) მიერ მიწოდებული ნუსხებისა და საპრივატიზებო ობიექტის მუშაკთა (წარმომადგენელთა) საერთო კრების (კონფერენციის) გადაწყვეტილების საფუძველზე. 5. საწარმოს მუშაკებს შეუძლიათ დადგენილი წესით შეისყიდონ სააქციო საზოგადოების აქციების 51 პროცენტამდე, მაგრამ არაუმეტეს 10 პროცენტისა იმ სააქციო საზოგადოებებში, რომელთა აქციების საკონტროლო პაკეტი  (აქციების 51 პროცენტი) დროებით რჩება სახელმწიფო საკუთრებაში. ამასთან, საწარმოს მუშაკთა (წარმომადგენელთა) საერთო კრების (კონფერენციის) გადაწყვეტილების საფუძველზე, ქონების მართვის სამინისტროს სათანადო არგუმენტაციის შემთხვევაში უფლება აქვს მისცეს აქციათა პირდაპირი შესყიდვის უფლება საწარმოს მუშაკთა მიერ განსაზღვრულ და „სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით მყიდველად ცნობილ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს. 6. განსაზღვრული პირობებით აქციათა საკონტროლო პაკეტის მიყიდვისას მყიდველსა და გამყიდველს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს მყიდველის მიერ: - განსაზღვრულ პერიოდში და მოცულობით, თავისუფალი ფასწარმოქმნის პრინციპებით სახელმწიფო შეკვეთების უპირატეს შესრულებას; - პროფილისა და სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებას და სახელშეკრულებო პერიოდში მყიდველის ინიციატივით შემცირებულ ყოველ დასაქმებულ ერთეულზე სამმაგი თვიური მინიმალური ხელფასის ჩარიცხვას შრომისა და დასაქმების ერთიანი რესპუბლიკური ფონდის ანგარიშზე; - ეკოლოგიური მოთხოვნების დაცვას და სხვა სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის, მათ შორის დადგენილ ვადებში და ოდენობით საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გამყიდველი უფლებამოსილია ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ჩათვალოს ბათილად. 7. საწარმოს მუშაკთა საერთო კრება (კონფერენცია) უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საწარმოს მუშაკთა (წარმომადგენელთა) არა ნაკლებ ორი მესამედი (1993 წლის 1 აპრილის სიითი შემადგენლობიდან) და გადაწყვეტილებას ამ წესით აქციათა პაკეტის შესყიდვის შესახებ ხმა მისცა საწარმოს მუშაკთა სიითი შემადგენლობის (წარმომადგენლების) ნახევარზე მეტმა. 8. ამ დებულების შესაბამისად აქციათა შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება საწარმოს მუშაკთა მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს 1994 წლის 1 ნოემბრამდე. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო იხილავს და წყვეტს საკითხს აქციების პირდაპირი მიყიდვის შესახებ. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან. თუ ამ ვადებში საწარმოთა მუშაკების მიერ არ იქნა გამოყენებული ამ წესით მინიჭებული უფლებანი, მაშინ აქციათა გაყიდვა ხორციელდება დადგენილი სხვა წესით. 9. მყიდველმა აქციათა პაკეტის 30 პროცენტის ფასი უნდა დაფაროს საპრივატიზაციო ბარათებით რესპუბლიკაში საპრივატიზაციო ბარათების გავრცელების შემდეგ დადგენილი წესით და ვადებში. დარჩენილი აქციები მყიდველს ეძლევა 30 პროცენტის ფასდაკლებით, მათ შორის გადასახდელი თანხის 30 პროცენტს იხდის სამი თვის ვადაში, გამოისყიდის შესაბამისი რაოდენობის აქციებს, ხოლო აქციათა პაკეტის საფასურის დარჩენილ ნაწილს ფარავს საპრივატიზაციო ბარათების მოქმედების პერიოდში. ამასთან, მყიდველს უფლება ეძლევა ვადამდე გამოისყიდოს აქციათა პაკეტი. განვადების მთელ პერიოდში, გამოსყიდვის მომენტამდე, გამყიდველი მყიდველს გადასცემს გამოუსყიდავი აქციების მართვის უფლებას. დადგენილ ვადებში საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მყიდველი კარგავს გამოუსყიდავი აქციების მართვის და მომავალში შეძენის უფლებას. 10. აქციათა პაკეტის გაყიდვისას თითოეული აქციის და, შესაბამისად, აქციათა პაკეტის საწყისი ფასი იანგარიშება 1993 წლის 1 აპრილის მდგომარეობით აშშ დოლარის კუპონზე გაცვლის კურსით, ანუ სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი და შესაბამისად თითოეული აქციის ნომინალური ღირებულება ითვლება 684-ზე გაყოფით და არსებული წესით ფიქსირდება აშშ დოლარებში. 11. აქციათა საკონტროლო პაკეტის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება განსაზღვრული პირობებით ფორმდება მყიდველის მიერ გადასახდელი თანხის სრულად დაფარვის შემდეგ. 12. ინფორმაცია აქციათა პაკეტის გაყიდვის და მყიდველის შესახებ ქვეყნდება პრესაში.