საქართველოს რესპუბლიკაში საბანკო სისტემის სრულყოფის შესახებ
მიღების თარიღი 12.08.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №253
სარეგისტრაციო კოდი 220090000.08.002.000021 114
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 8, 31/08/1994
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.08.1994 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკაში საბანკო სისტემის სრულყოფის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის
ბრძანებულება №253
1994 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკაში საბანკო სისტემის სრულყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის ანტიკრიზისული პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე აგებული და რეალურ ფინანსურ გარემოზე ორიენტირებული ორიარუსიანი საბანკო სისტემის ჩამოყალიბების მიზნით:
1. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტების რეკომენდაციათა გათვალისწინებით შეიმუშაოს ეროვნული ბანკის, ბანკებისა და საბანკო საქმიანობის, აგრეთვე სავალუტო რეგულირებისა და კონტროლის შესახებ კანონების, სხვა აუცილებელი საკანონმდებლო აქტების პროექტები და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან შეთანხმების შემდეგ 1994 წლის 1 ოქტომბრამდე წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს განსახილველად.
2. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის და კომერციული ბანკების წინადადებების ანალიზის საფუძველზე უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს არსებული ნორმატიული ბაზის სრულყოფა და კომერციული ბანკების საქმიანობაზე ზედამხედველობა განახორციელოს მხოლოდ მის მიერ დამტკიცებული ლიმიტებისა და ნორმატივების განუხრელი დაცვით, შეიმუშაოს და აამოქმედოს ნორმატივების მიღების, საბანკო დაწესებულებებამდე დაყვანის და მათი - შესრულების კონტროლის მექანიზმები.
3. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა სახელმწიფო კომერციული ბანკების წინადადებებისა და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის რეკომენდაციების გათვალისწინებით უზრუნველყოს, თითოეული ბანკის თავისებურებებიდან გამომდინარე, მათი აქციონირების პროექტების შემუშავება; ამავე დროს მხედველობაში იქნეს მიღებული უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები.
4. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა 1994 წლის ბოლომდე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროგაერთიანების ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით უზრუნველყოს რესპუბლიკაში საბანკო ანგარიშსწორების სისტემის ძირეული რეორგანიზაცია ტელეკომუნიკაციური საშუალებების ფართო გამოყენებით.
5. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა. 1994 წლის 1 ოქტომბრამდე შეიმუშაოს რესპუბლიკის საბანკო დაწესებულებებში საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშების უნიფიცირებული წესები, რომლებიც საფუძვლად დაედება საბანკო ანგარიშსწორების ახალ სისტემას.
6. მიმოქცევაში ფულადი მასის კონტროლის გაძლიერების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ დააჩქაროს ძირითადი საბიუჯეტო ანგარიშების გადატანა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკში. ამასთან, კლიენტების უშუალო საანგარიშსწორებო მომსახურების ფუნქციას საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი მთლიანად გადასცემს კომერციულ ბანკებს.
7. საქართველოს რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციამ ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად 1994 წლის 1 ოქტომბრამდე შეიმუშაოს კომერციული ბანკების დაბეგვრის ინსტრუქცია მათი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით.
8. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფის მიზნით ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს მათი შექმნისა და ფუნქციონირების ახალი წესების აღრიცხვა-ანგარიშგების სათანადო სისტემის დამკვიდრებით
9. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკსა მინისტრთა კაბინეტს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებაზე შეზღუდვების თანდათანობით მოხსნის მიზნით მიიღონ ქმედითი ზომები ბანკების ნაღდ ფულზე გაზრდილი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებისათვის, ამასთან, ყოველნაირად შეუწყონ ხელი უნაღდო ანგარიშსწორების გავრცელებას როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირების ოპერაციებში.
10. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკთან ერთად მიიღოს ქმედითი ზომები იმ მეურნე სუბიექტების საქმიანობის აღსაკვეთად, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ლიცენზიის გარეშე ახორციელებენ ფიზიკური და იურიდიული პირების დროებით თავისუფალი სახსრების მოზიდვასა და განთავსებას, აგრეთვე ნაღდი ვალუტის გადაცვლის ოპერაციებს, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებების შესაბამისად განახორციელოს ამგვარი საქმიანობის მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ღონისძიებები.
11. კომერციული ბანკების საინვესტიციო საქმიანობის გააქტიურების მიზნით მოქმედ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე ნება დაერთოთ მათ განახორციელონ საკუთარი სახსრების ხარჯზე სხვა სახის სამეწარმეო საქმიანობა (გარდა სადაზღვევო საქმიანობისა) როგორც საწარმოების მესაკუთრეებმა, აქციონერებმა (მონაწილეებმა).
12. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა თბილისის მენეჯერთა სკოლასთან ერთად დაინტერესებული ორგანოების მონაწილეობით შეიმუშაოს საბანკო სისტემის კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების რესპუბლიკური ცენტრის დაარსების საკითხი.
საქართველოს სახელმწიფო მეთაური ე .შევარდნაძე