საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 11.11.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №477
სარეგისტრაციო კოდი 490150000.80(0).200.000088 2
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 11, 30/11/1995
336 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შექმნის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება №477 1995 წლის 11 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შექმნის შესახებ ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმის ხელმძღვანელი კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველოს ტერიტორია არჩეულია კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების ერთ-ერთ გზად. ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმთან, მის დამაარსებელ კომპანიებთან, საერთაშორისო საფინანსო, საბანკო და საინვესტიციო სტრუქტურებთან, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან შეთანხმებით მიზანშეწონილად ჩაითვალოს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შექმნა. საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ამოცანაა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნავთობსადენის და ნავთობის ტრანსპორტირების სხვა საშუალებების აღდგენა, მშენებლობა, ნავთობის ტრანსპორტირება, მისი გადამუშავება, რეალიზაცია, აგრეთვე შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული საფინანსო, საბანკო, საინვესტიციო, სადაზღვევო, სხვა საქმიანობის კოორდინაცია და წარმართვა. ამ ამოცანიდან გამომდინარე: 1. შეიქმნას საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია. კორპორაციის ფორმა, სტრუქტურა, სტატუსი, მონაწილეები და სხვა განისაზღვროს სპეციალური ბრძანებულებით. 2. დაინიშნოს გიორგი ჭანტურია საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტად და მიენიჭოს მას საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულის სტატუსი. 3. საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფოს სახელით აწარმოოს მოლაპარაკებები, მოამზადოს და ხელი მოაწეროს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და დოკუმენტს, წარმართოს და გადაწყვიტოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ორგანიზაციასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული ამავე დროს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში. 4. მიზანშეწონილად ჩაითვალოს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის სახელმწიფო წილში წარმოდგენილი იყვნენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები; სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტი, დეპარტამენტები „საქენერგო“, „საქგაზი“, „საქნავთობი“, კონცერნი „საქნავთობპროდუქტები“, არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტი, კავშირგაბმულობის სამინისტრო, საზღვაო-სანაოსნო დეპარტამენტი, ქ. თბილისის მერია, ქ. ფოთის მერია, ქ. ბათუმისა და ქ. ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურები, ქ. ბათუმის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა, სამთომეტალურგიული მრეწველობის სახელმწიფო კონცერნი, მაგისტრალური ნავთობსადენების საწარმოო გაერთიანება. 5. საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ იქნენ აგრეთვე აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია, რუსეთის ნავთობის კომპანია „ლუკოილი“, აზერბაიჯან-საქართველოს ერთობლივი კომპანია „ინტერსისტემა“ და სხვა ნავთობის საერთაშორისო კომპანიები, საბანკო, საფინანსო, საინვესტიციო, სადაზღვევო სტრუქტურები. 6. საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულმა, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტმა გ. ჭანტურიამ ორი კვირის ვადაში განსახილველად და დასამტკიცებლად წარმოადგინოს წინადადებანი ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ორგანიზაციასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 7. საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა აღმოუჩინონ სათანადო დახმარება საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში. საქართველოს სახელმწიფო მეთაური                ე. შევარდნაძე