აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/410
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/11/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა  და  მდგრადი განვითარების  მინისტრის

ა №1-1/410

2025 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის  №1-1/184 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2025 წლის  30 ივლისის №01/697 და რეგიონული  განვითარების სამინისტროს 2025 წლის 1 სექტემბრის №01/1135 განცხადებები – ქალაქ ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას გამზირზე არსებული  ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის,  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს ქალაქებისა და კურორტების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს ქ. ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას გამზირზე არსებული ბულვარის რეაბილიტაციას, რაც გულისხმობს ბულვარისათვის  ისტორიული იერსახის  აღდგენა-დაბრუნებას.  პროექტის მიზანია  ქალაქ ზუგდიდის საზოგადოებრივი სივრცის  გაფართოება და გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის მწვანე  ზონის გაზრდას, მოსახლეობისათვის დასვენებისა და გართობის შესაძლებლობის გაუმჯობესებას, ტურისტულ მიმზიდველობას, ქალაქის  ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ადგილობრივი  ეკონომიკის  სტიმულირებას.  გასათვალისწინებელია, რომ ზუგდიდი საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენს და მისი იერსახის ჩამოყალიბება დაკავშირებულია ქალაქის მრავალსაუკუნოვან ურბანულ განვითარებასთან. ამასთან,  XIX საუკუნეში ზუგდიდი წარმოადგენდა ქართულ-ევროპული ტიპის საქალაქო ცენტრს, რომლის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა  იყო დადიანების სასახლე, მასთან არსებული დეკორატიული ბაღი და სხვადასხვა საზოგადოებრივი, სამოქალაქო შენობა-ნაგებობა, რომელთა ეპიცენტრი იყო ქალაქის შუაგულში არსებული, ძირითადად ჭადრების ხეივნისგან შემდგარი ცენტრალური ბულვარი. ეს ერთობლიობა ქმნიდა ულამაზეს ესთეტიკურ სანახაობას და ისტორიული ქალაქის იერსახეს. საბჭოთა ეპოქაში უხეშად მოხდა ამ ავთენტური ურბანული ქსოვილის დარღვევა და ბულვარის ტერიტორიის ნაწილის განადგურება, სადაც მოეწყო საფეხბურთო სტადიონი და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. გასული საუკუნის 90-იან წლებში კი გაჩნდა თვითნებური სავაჭრო ობიექტები. 2007 წელს სტადიონი გადატანილი იქნა ქალაქის პერიფერიულ ნაწილში და ძველი ისტორიული ბულვარის ტერიტორია გათავისუფლდა უხეში არქიტექტურული ჩარევისგან. შესაბამისად, შეიქმნა გარემოება აღდგეს ზუგდიდის ბულვარის ავთენტური, ისტორიული იერსახე. ამასთან, ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმა, ცენტრალური ნაწილის განაშენიანების სტრატეგიული გეგმა და ბულვარის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს ქალაქის ისტორიულ ნაწილში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ავთენტური იერსახის შესაძლებლობის ფარგლებში აღდგენას, ისტორიული განაშენიანების დაცვითი ზონების გამოყოფას და მის განთავისუფლებას არათავსებადი არქიტექტურული ნაგებობებისგან. ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების მიზნით აუცილებელია  ამ ტერიტორიიდან გატანილ იქნას მხატვრულ-არქიტექტურული თვალსაზრისით არაღირებული ობიექტები. ამასთან,  პროექტის  განხორციელების მიზნით მერიის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათალისწინებულია  პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების  მესაკუთრისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპენასციო თანხის ანაზღაურების საკითხი. ამასთან, პროექტის ფარგლებში ზუგდიდის  მერიის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება  პროექტის ზემოქმედების ქვეშ  მოქცეული, მანანა ქარდავას (პ/ნ 19001004062)  საკუთრებაში არსებული, ქ. ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას გამზირზე №10-ში მდებარე უძრავი ქონების (ს.კ. №43.34.03.301) ნებაყოფლობით  გამოსყიდვაზე, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის პროექტის სრულყოფილ განხორციელებას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეს წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტისათვის საჭირო უძრავი ქონების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება,  საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროებმა  მომართეს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყებისა  და  აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმების და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს შუამდგომლობები ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ქალაქ ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას გამზირზე არსებული  ბულვარის  რეაბილიტაციის  პროექტს.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ  ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე №10-ში  მდებარე 148 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული №1 შენობა-ნაგებობის (106 კვ.მ) მესაკუთრეა  მანანა ქარდავა (პ /ნ 19001004062).  

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა მანანა ქარდავას საკუთრებაში არსებული  ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე №10-ში  მდებარე 148 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1 შენობა-ნაგებობა (106 კვ.მ) ს.კ. №43.34.03.301.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან, თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება  საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის. ვინაიდან ვერ ხერხდება მესაკუთრესთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე შეთანხმების  მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184  ბრძანებით შექმნილი კომისიის 2025 წლის  06 ნოემბრის   სხდომის ოქმის  საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ბულვარის რეაბილიტაციის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ, მანანა ქარდავას (პ /ნ 19001004062)  საკუთრებაში არსებულ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე №10-ში მდებარე 148 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე მდებარე №1 შენობა-ნაგებობაზე (106 კვ.მ)  ს.კ. №43.34.03.301.

2.  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64). 

 

მინისტრი                                                                 მარიამ ქვრივიშვილი