ქართული პასპორტების გაცემის მიმდინარეობის შესახებ

მიღების თარიღი 11.08.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №310
სარეგისტრაციო კოდი 010110000.08.002.000067 17
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 8, 31/08/1995
291 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ქართული პასპორტების გაცემის მიმდინარეობის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება №310 1995 წლის 11 აგვისტო ქ. თბილისი ქართული პასპორტების გაცემის მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მოქალაქეები სამართლიან უკმაყოფილებას გამოთქვამენ ახალი ქართული პასპორტის მიღების საქმეში არსებული პრობლემების გამო. მათ განსაკუთრებულ სიძნელეებს უქმნის ის გარემოება, რომ ახალი ქართული პასპორტების გაცემა ხდება მხოლოდ თბილისში, ბათუმში, ახალციხესა და მარნეულში. ზემოთ თქმულის გათვალისწინებით და ახალი ქართული პასპორტების გაცემის უკეთ ორგანიზაციის მიზნით: 1. 1995 წლის სექტემბრიდან ახალი ქართული პასპორტები გაცემა მოხდეს: - ქალაქ თბილისის მოსახლეობისათვის - ქ. თბილისში; - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისათვის - ქ. ბათუმში; - იმერეთის მხარის მოსახლეობისათვის - ქ. ქუთაისში; - სამეგრელოსა და ზედა სვანეთის მხარის მოსახლეობისათვის - ქ. ზუგდიდსა და ქ. ფოთში; - ქვემო ქართლის მხარის მოსახლეობისათვის - ქ. რუსთავსა და მარნეულში; - გურიის მხარის მოსახლეობისათვის - ქ. ოზურგეთში; - კახეთის მხარის მოსახლეობისათვის - ქ. თელავსა და ქ. გურჯაანში; - რაჭა-ლეჩხუმის მხარის მოსახლეობისათვის - ამბროლაურში; - მცხეთა-მთიანეთის მხარის მოსახლეობისათვის - ქ. მცხეთაში; - შიდა ქართლის მხარის მოსახლეობისათვის - ქ. გორში; - სამცხე-ჯავახეთის მხარის მოსახლეობისათვის - ქ. ახალციხეში, ახალქალაქში; - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან ლტოლვილი მოსახლეობისათვის - მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში (ქ. თბილისი). 2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა (ო. ფაცაცია), საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა (შ. კვირაია), ფინანსთა (დ. იაკობიძე) და ეკონომიკის (ვ. პაპავა) სამინისტროებთან ერთად 1995 წლის 15 აგვისტომდე განიხილოს და გადაწყვიტოს ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში ახალა ქართული პასპორტების გაცემის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. 3. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებულებმა საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად უზრუნველყონ ადგილებზე ახალი ქართული პასპორტების გაცემისათვის საჭირო ფართობის გამოყოფა და შესაბამისი პირობების შექმნა. 4. აღნიშნული ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატს (პ. მამრაძე, ნ. საჯაია) და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს (შ. კვირაია). 5.საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ ყოველკვირეულად მომახსენოს პასპორტების გაცემის შედეგად ბიუჯეტში შემოსავლების მოცულობის შესახებ. საქართველოს სახელმწიფო მეთაური    ე.შევარდნაძე