მცხეთის აღორძინებისა და განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული მცხეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების კომპლექსური პროგრამის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის

ბრძანებულება №412

1995 წლის 10 ოქტომბერი

თბილისი

მცხეთის აღორძინებისა და განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული მცხეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების კომპლექსური პროგრამის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ
მცხეთის, როგორც საქართველოს უძველესი სატახტო ქალაქის, „იუნესკოს“ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრის დაცვისა და აღორძინების მიზნით, აგრეთვე ქალაქ-მუზეუმში ისტორიული გარემოს დეგრადირების მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის მოთხოვნათა შეუსაბამო პროცესების შეჩერების უზრუნველსაყოფად

1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულმა და მცხეთის გამგეობამ უზრუნველყონ მცხეთის აღორძინებისა და განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული მცხეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების კომპლექსური პროგრამის განხორციელება.

2. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ უმოკლეს ვადებში შეიმუშაოს ჯვარ-ბაგინეთის ქალაქთმშენებლობითი რეგულირების ზონაში მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძურის ძეგლის დაცვისა და შენარჩუნების მოთხოვნებით განპირობებული ქონების პრივატიზების საგანგებო წესი. ამ წესის განსაზღვრამდე შეაჩეროს აღნიშნულ ზონაში სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი.

3. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა გამონახოს სათანადო სახსრები მცხეთის აღორძინებისა და განვითარების ფონდის (ქვემოთ „მცხეთის ფონდი“) დასაფინანსებლად და უზრუნველყოს მცხეთის კომპლექსური პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ წინასწარი შეთანხმებით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი გეგმავს 1997 წლიდან „მცხეთის ფონდის“ პროგრამის განსახორციელებლად დონორი ქვეყნებისა და რეგიონალური ბანკების სახსრების მოზიდვას.

5. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს ადრე მიღებული სამთავრობო გადაწყვეტილებების შესაბამისად ჯვრის მონასტრის მიმდებარე ზონაში არსებული სამხედრო ბაზის დემონტაჟის გრაფიკი.

6. „მცხეთის ფონდმა“ და მცხეთის გამგეობამ შეიმუშაონ მცხეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების პროგრამა.

7. „მცხეთის ფონდმა“ განახორციელოს ჯვარ-ბაგინეთის რეგულირების ზონაში ქალაქთმშენებლობითი განვითარების პროცესის ზედამხედველობა და კონტროლი.

8. მიენიჭოს „მცხეთის ფონდს“ ისტორიული ზონის ფარგლებში არსებული უძრავი ქონების შესყიდვის უპირატესი უფლება.

9. კატეგორიულად აიკრძალოს მცხეთის ქალაქ-მუზეუმის ნაკრძალის ტერიტორიაზე რაიმე სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები „მცხეთის ფონდის“ ნებართვის გარეშე.

10. საქართველოს რესპუბლიკის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა უზრუნველყონ მცხეთის აღორძინების, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება.

11. ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოთ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის ხელმძღვანელს პ. მამრაძეს და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატის ხელმძღვანელს ვ. ასათიანს.

 

საქართველოს სახელმწიფო მეთაური                        ე. შევარდნაძე