ეროვნული ფულადი ერთეულის - ლარის მიმოქცევაში დამკვიდრების გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის
ბრძანებულება №364
1995 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
ეროვნული ფულადი ერთეულის – ლარის მიმოქცევაში დამკვიდრების გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ
ბოლო დროს რესპუბლიკის ეკონომიკაში პოზიტიური ძვრები შეინიშნება. ხელისუფლების მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების შედეგად მიღწეულ იქნა ფინანსური სფეროს გარკვეული სტაბილიზაცია. უკვე ერთ წელზე მეტია აღარ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ფულადი ემისიის ხარჯზე დაბალანსება, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ფასების ლიბერალიზაციამ, საგადასახადო, საბაჟო სისტემების სრულყოფამ, პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებამ რადიკალურად შეიცვალა - ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. გადალახულ იქნა ფულადი ემისიის ხარჯზე რეფინანსირების გზით მეურნეობის ცალკეული დარგების გაუმართლებელი დაკრედიტება. ბანკებს შორის ანგარიშსწორება დაეფუძნა მათ ანგარიშებზე ფაქტიურად რიცხულ ფულად სახსრებს. ამოქმედდა ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონი, რომელმაც უზრუნველყო რეალური საპროცენტო განაკვეთების ჩამოყალიბება ეროვნულმა ბანკმა შექმნა სავალუტო რეზერვი, რამაც შესაძლებელი გახადა მოქნილი საკურსო პოლიტიკის გატარება თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და ეროვნული ბანკის შეთანხმებულმა მოქმედებამ შედეგი გამოიღო. მკვეთრად დაეცა ინფლაციის თვიური ტემპი, უკვე ერთი წელია რაც სტაბილურია კუპონის კურსი თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტების მიმართ.
ეკონომიკურმა სტაბილიზაციამ არსებითად შეცვალა ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო ფინანსურ წრეებში, რაც გამოიხატა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს სარეზერვო და სარეაბილიტაციო კრედიტების გამოყოფაში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და სხვა საკრედიტო ინსტიტუტების მიერ ცალკეული სექტორალური პროგრამების დაფინანსებაში.
ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას თან სდევდა ხელისუფლების უკომპრომისო ბრძოლა კრიმინოგენური სიტუაციის გაუმჯობესებისა და ცხოვრების ყველა სფეროში სახელმწიფოებრივი წესრიგის აღდგენისათვის.
ყოველივე ზემოთქმულმა შესაძლებელი გახადა ეროვნული ფულადი ერთეულის შემოღება, რომელმაც უნდა შექმნას წარმოების რეაბილიტაციის და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების წინაპირობა.
მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის - ლარის დამკვიდრების უზრუნველყოფის მიზნით:
1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ეროვნულ მეურნეობაში მიღწეული ძვრებისა და მიმდინარე ფულადი რეფორმის მოთხოვნათა გათვალისწინებით სრულყოს რესპუბლიკის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის მოქმედი პროგრამა, რომლის უპირველეს პრიორიტეტად მიჩნეულ იქნეს მატერიალური წარმოების სფეროს სწრაფი რეაბილიტაცია.
2. რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა ეროვნულ ბანკთან ერთად დაასრულოს მოლაპარაკება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სტრუქტურული გარდაქმნების გაფართოებული დაფინანსების პროგრამის განხორციელების მიზნით საქართველოსათვის მორიგი შეღავათიანი კრედიტის მისაღებად, გაღრმავდეს კონტაქტები მსოფლიო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან საქართველოსათვის შემდგომი სექტორალური კრედიტების გამოყოფის მიზნით.
3. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ მოქმედი ფულადი ნიშნების გამოცვლის დაწყების პერიოდისათვის რეგულირებადი ფასებისა და ტარიფების გადაანგარიშება მოახდინოს ლარის მიმართ კუპონის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.
სამინისტროებმა და უწყებებმა მკაცრი კონტროლი დააწესონ მათ დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ საქონლისა და მომსახურების ფასების ლარის მიმართ კუპონის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად
გადაანგარიშებისადმი.
4. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა და ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე გააგრძელონ მიზანდასახული მუშაობა ქვეყანაში ფულადი ბაზრის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და უცხოური ვალუტის გაცვლითი ოპერაციების საბანკო სისტემაში მოქცევისათვის.
5. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ ეროვნულ ბანკთან ერთად უზრუნველყოს სახაზინო ვალდებულებების გამოშვება და განთავსება რესპუბლიკის ბიუჯეტის დეფიციტის შევსებისა და ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებისათვის.
6. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროსა და შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად მის ხელთ არსებული ყველა რეზერვის მობილიზაციის ხარჯზე 1 ნოემბრამდე წარმოადგინოს წინადადება საბიუჯეტო სფეროში ხელფასების მომატებისა და პენსიების გაზრდის შესახებ.
7. რესპუბლიკის ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მომსახურების მიზნით ეროვნულმა ბანკმა ხელი შეუწყოს მოქმედი კომერციული ბანკების რეკაპიტალიზაციასა და წვრილი საბანკო დაწესებულებების გამსხვილებას.
8. ეროვნული ფულადი ერთეულის უზრუნველყოფის მიზნით ეროვნულ ბანკს დაეკისროს ქვეყნის ოქროსა და სავალუტო რეზერვების საიმედო შენახვა და ეფექტიანი მართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9. რესპუბლიკის საბანკო სისტემის მიმართ მოსახლეობის ფართო მასების ნდობის აღდგენის მიზნით მინისტრთა კაბინეტმა და ეროვნულმა ბანკმა განახორციელონ ღონისძიებანი ანაბრების სავალდებულო დაზღვევის ერთიანი სისტემის შესაქმნელად.
10. დაევალოს ფინანსთა სამინისტროს განიხილოს ლარის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადებამდე ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში მოქალაქეთა ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის შესაძლებლობის საკითხი და შეიმუშაოს მექანიზმი ინდექსირებადი სახსრების სახაზინო თამასუქების და მიზნობრივი ობლიგაციების ფორმით მეანაბრეთა წინაშე სამთავრობო ვალდებულებების სარეალიზაციოდ.
საქართველოს სახელმწიფო მეთაური ე. შევარდნაძე