რესპუბლიკაში საგადამხდელო დისციპლინის გამტკიცების, ანგარიშსწორების მოწესრიგებისა ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის
ბრძანებულება №287
1994 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
რესპუბლიკაში საგადამხდელო დისციპლინის გამტკიცების, ანგარიშსწორების მოწესრიგებისა ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ
რესპუბლიკაში საგადამხდელო დისციპლინის განმტკიცების, სახელმწიფო შემოსავლების ბიუჯეტში დროული და სრული შეტანისათვის გადამხდელების პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით:
1. საქართველოს რესპუბლიკაში სავალუტო, საექსპორტო-საიმპორტო და სხვა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის განსაკუთრებული კონტროლის, მეურნე სუბიექტების სავალუტო შემოსავლების სრული და დროული მოზიდვისათვის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურში შეიქმნას სპეციალური უფლებებით აღჭურვილი სავალუტო და საექსპორტო კონტროლის სამმართველო.
2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა უმოკლეს ვადაში დაამტკიცოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის სავალუტო და საექსპორტო კონტროლის სამმართველოს დებულება.
3. სავალუტო და საექსპორტო კონტროლის სხვადასხვა ორგანოები და აგენტები (ბანკები, საბაჟო ორგანოები, საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტი, ეკონომიკის სამინისტრო და სხვა) ვალდებული არიან ხელი შეუწყონ სავალუტო და საექსპორტო კონტროლის სამმართველოს თავისი ფუნქციების შესრულებისას და უფლებამოსილების განხორციელების დროს მიაწოდონ მას სავალუტო, საექსპორტო-საიმპორტო და სხვა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, საბუთები, ანგარიშგებები და სხვა.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახური უფლებამოსილია დადგენილი წესით მისცეს წინადადებები სავალუტო, საექსპორტო-საიმპორტო და სხვა საგარეო-ეკონომიკური ოპერაციების განხორციელების, საუწყებო ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან მათი გაუქმების შესახებ.
4. ბიუჯეტთან დროული ანგარიშსწორების, მომუშავეთა შრომის ანაზღაურების, საქონელსა და მომსახურებაზე ანგარიშსწორების უზრუნველყოფის მიზნით ანგარიშსწორების (მიმდინარე) ანგარიშებზე საკუპონე სახსრების უკმარისობისას მეურნე სუბიექტები ვალდებული არიან გაყიდონ მათ სავალუტო ანგარიშებზე არსებული სახსრები და გადარიცხონ ამოგებული კუპონები ანგარიშსწორების (მიმდინარე) ანგარიშებზე.
ზემოხსენებული სახსრების უკმარისობისას ბიუჯეტის წინაშე ვალდებულების შესრულების მიზნით საგადასახადო ორგანოებმა უზრუნველყონ სახსრების ამოღება მეურნე სუბიექტების დებიტორებიდან და გარანტიის მიმცემი ორგანიზაციებიდან.
5. ბანკები და სხვა საკრედიტო დაწესებულებები გადასახადის გადამხდელებს უხსნიან ანგარიშსწორების (მიმდინარე) ანგარიშებს მხოლოდ მათ მიერ საგადასახადო ორგანოში აღრიცხვაზე აყვანის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში, ხოლო სავალუტო-სასესხო, სადეპოზიტო და სხვა ანგარიშებს, - მათ მიერ იმ საბუთის
წარდგენის შემდეგ, რომელიც ადასტურებს გადასახადის გადამხდელის განზრახვის შეტყობინებას საგადასახადო ორგანოსათვის გახსნას ბანაკში შესაბამისი (ანგარიშსწორების და მიმდინარეს გარდა) ანგარიშები და 5 დღის ვადაში აცნობებენ ამ საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელისათვის ზემოაღნიშნული ანგარიშების გახსნის თაობაზე.
ანგარიშსწორების (მიმდინარე, სავალუტო, სასესხო-სადეპოზიტო და სხვა) ანგარიშების გახსნის საგადასახადო ორგანოებისათვის შეტყობინების გარეშე ბანკებსა და საკრედიტო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის ფაქტების გამოვლენისას საწარმოების, ორგანიზაციების, დაწესებულებების, ბანკებისა და სხვა საკრედიტო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების, აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იურიდიულ პირად ჩამოყალიბების გარეშე რეგისტრირებული მეწარმეების - ფიზიკური პირების მიმართ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მიერ გამოიყენება ადმინისტრაციული ჯარიმა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კომერციული ბანკებისა და სხვა საკრედიტო დაწესებულებების მიერ გადამხდელებისათვის ანგარიშსწორების ან სხვა ანგარიშების გახსნის წესის განმეორებით დარღვევის ფაქტების გამოვლენისას საგადასახადო ორგანოები ამის შესახებ აცნობებენ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის წესით გათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად. საგადასახადო ორგანოების მიერ საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის აღნიშნული ანგარიშების გახსნის წესის განმეორებითი დარღვევის ფაქტების გამოვლენა არის კომერციული ბანკის, საწარმოს, ორგანიზაციის, საკრედიტო ან სხვა დაწესებულების ლიკვიდაციის და მათ მიერ მიღებული შემოსავლის სახელმწიფოს სასარგებლოდ ამოღების შესახებ დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
6. დადგინდეს, რომ ყველა მეურნე სუბიექტს ბანკში ან სხვა საკრედიტო დაწესებულებაში ძირითადი საქმიანობის ოპერაციების განხორციელების მიზნით შეიძლება ჰქონდეს ერთი ანგარიშსწორების (მიმდინარე) საბიუჯეტო და სავალუტო ანგარიში.
7. დაწესდეს, რომ გადასახადის გადამხდელები ვალდებული არიან ყოველკვარტალურად წარადგინონ საგადასახადო ორგანოებში ინფორმაცია როგორც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ განლაგებულ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში ყველა გახსნილი ანგარიშის (სავალუტო, სასესხო, სადეპოზიტო და სხვათა ჩათვლით) შესახებ; ამასთან, მიუთითონ იმ ბანკებისა და სხვა საკრედიტო დაწესებულებების დასახელება და ადგილმდებარეობა, რომლებშიც გახსნილია ეს ანგარიშები.
8. დაწესდეს, რომ საგადასახადო ორგანოების მიერ შემოწმების შედეგად უცხოურ ვალუტაში გამოვლენილი დამალული ან შემცირებული უცხოური ვალუტით მიღებული შემოსავლის (მოგების) თანხები შეიტანება ბიუჯეტში ეროვნული ვალუტით, შემოსავლის (მოგების) დამალვის ან შემცირების ფაქტის გამოვლენის დღისათვის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით.
9. დაწესდეს, რომ საწარმოს, დაწესებულებისა და სხვა ორგანიზაციის ანგარიშსწორების, მიმდინარე ან სხვა ანგარიშებზე (სასესხო და სადეპოზიტოს გარდა) 10 კალენდარული დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტის სახსრების არარსებობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ უდავო წესით ჩამოწერონ გადასახადის და სხვა სავალდებულო გადასახდელების ნარჩენი, კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმებისა და სხვა სანქციების თანხები მიმდინარე სავალუტო ანგარიშიდან მათზე ფულადი სახსრების ნაშთების ფარგლებში ან უცხოურ ვალუტაში შემდგომი შემოსულობები ეროვნული ვალუტის ეკვივალენტური თანხაში, რომლებიც
უდავო წესით ექვემდებარება ჩამოწერას, ან მისი არასაკმარისი ნაწილი უცხოური ვალუტის მიმართ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონის კურსის მიყენებით, რაც დაფიქსირებულია საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურისა და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს მიერ მიმდინარე სავალუტო ანგარიშიდან სახსრების ჩამოწერის თაობაზე საინკასო დავალების წარდგენის დღისათვის.
სადეპოზიტო ანგარიშზე სახსრების არსებობისას საგადასახადო ორგანოები წარუდგენენ საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს მოთხოვნას სადეპოზიტო ანგარიშიდან ანგარიშსწორების ანგარიშზე სახსრების გადატანის თაობაზე და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში 10 კალენდარული დღის განმავლობაში ჩამოწერენ ამ სახსრებს სადეპოზიტო ანგარიშიდან ზემოთ აღნიშნული წესის შესაბამისად.
10. დაწესდეს, რომ თუ საწარმოები გადახდის ვადის დადგომიდან სამი თვის განმავლობაში არ გადაიხდიან გადასახადებსა და სხვა სავალდებულო გადასახდელებს, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან ერთი კვირის ვადაში აცნობონ ამის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს.
ასეთი ინფორმაციის მიღებისას საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო საქართველოს რესპუბლიკის ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით იღებს გადამჭრელ ზომებს საწარმოს გაკოტრებულად ცნობაზე საქმის აღძვრის შესახებ.
11. დაწესდეს, რომ მეურნე სუბიექტების მიერ, მათ შორის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების გარეშე, საქმიანობის განხორციელებისას ნაღდი ფულით მუშაობასთან დაკავშირებული პირობების, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკაში სალაროს ოპერაციების წარმოების წესების დაუცველობისას გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საფინანსო-სანქციები.
12. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით 1994 წლის ბოლომდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს ის საჭირო ნორმატიული დოკუმენტები, რომლებიც დაარეგულირებენ მოსახლეობასთან სავაჭრო ოპერაციების, აგრეთვე მომსახურების განხორციელების დროს ფულადი ანგარიშსწორებისას მხოლოდ საკონტროლო-საკასო აპარატების გამოყენების მოთხოვნების დაცვას.
13. ეს ბრძანებულება გამოქვეყნდეს რესპუბლიკურ პრესაში.
საქართველოს სახელმწიფო მეთაური ე. შევარდნაძე