„ქალაქ რუსთავის მმართველობის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 17 მაისის №174 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №38
1997 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
„ქალაქ რუსთავის მმართველობის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 17 მაისის №174 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
ქალაქ რუსთავის მერიის სტრუქტურების დახვეწის მიზნით, არსებული რეალობის გათვალისწინებით, „ქ. რუსთავის მმართველობის შესახებ“ ახალი დებულების დამტკიცებამდე, „ქალაქ რუსთავის მმართველობის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 17 მაისის № 174 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა“ შეიცვალოს სიტყვით „საქართველო“.
2. დებულების ტექსტში სიტყვები „საქართველოს სახელმწიფოს მეთაური“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პრეზიდენტი“.
3. დებულების ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი“.
4. დებულების ტექსტში სიტყვები „მერის პირველი მოადგილე“ და „მოადგილეები“ შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით „ვიცე-მერი - ქალაქის პრემიერი“ და „ვიცე-მერი და ვიცე-პრემიერები“.
5. დებულების მე-4 მუხლის მე-3 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მერიის სტრუქტურას შეიმუშავებს ქალაქის მერი საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთან შეთანხმებით და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. მერია შედგება მერის, მერის კაბინეტის, მერიის აპარატის, მერიის სამსახურების, დეპარტამენტებისა და მუნიციპალიტეტებისაგან“.
6. დებულების მე-4 მუხლის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქალაქ რუსთავის მერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის წარდგინებით. მერი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის წინაშე“,
7. დებულების მე-6 მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მერის უფლებამოსილება
ქ. რუსთავის მერი:
ნიშნავს და ათავისუფლებს ვიცე-მერებს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთან შეთანხმებით, ქმნის მერის კაბინეტს და მერიის აპარატს, განსაზღვრავს მათ შემადგენლობას და შეაქვს მასში ცვლილებები“.
8. დებულების მე-6 მუხლის მე-11 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
უზრუნველყოფს საქართველოს კანონებისა და საქართველოს პარლამენტის სხვა აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის და ქალაქის სათათბიროს გადაწყვეტილებათა შესრულებას“;
9. დებულების მე-8 მუხლის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მერის კაბინეტის შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შედიან მერი, ვიცე-მერები, ვიცე-პრემიერები, მერიის აპარატის უფროსი, ქალაქ რუსთავის სათათბიროს მდივანი, აგრეთვე მერიის სამსახურების ხელმძღვანელები და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტების თავმჯდომარეები მერის წარდგინებით“.
10. დებულების მე-8 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-11, 22-ე და 33-ე აბზაცები.
11. დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ვიცე-მერები
მერი ნიშნავს და ათავისუფლებს ვიცე-მერებს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთან და საქართველოს პრეზიდენტის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურთან შეთანხმებით.
ვიცე-მერი - ქალაქ რუსთავის პრემიერი მერის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მერის მოვალეობებს; ხელმძღვანელობს ქალაქ რუსთავის წარმოება-დაწესებულებათა ფუნქციონირებას, ქალაქის ტრანსპორტის, მშენებლობის, არქიტექტურისა და კომუნალური სამსახურების მუშაობას და მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფას, აკონტროლებს დაქვემდებარებული სამსახურებისა და დეპარტამენტების საქმიანობას.
ვიცე-მერი - ეკონომიკისა და ეკონომიკური რეფორმების საკითხებში ხელმძღვანელობს ქალაქში ეკონომიკური რეფორმების ღონისძიებათა კომპლექსურ განხორციელებას; დაქვემდებარებულ სამსახურებთან ერთად პასუხისმგებელია ქალაქის მრეწველობისა და სხვა დარგების ეკონომიკური განვითარების, საგადასახადო და საფინანსო დისციპლინის დაცვისათვის“.
12. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. ვიცე-პრემიერები
მერი პრემიერის წარდგინებითა და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს ვიცე-პრემიერებს.
ვიცე-პრემიერები მერის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ მათდამი დაქვემდებარებულ დარგებს; ამზადებენ და წარუდგენენ ქალაქ რუსთავის მერსა და მერის კაბინეტს წინადადებებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზაციასა და კონტროლს უწევენ მერის, პრემიერისა და მერის კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას“.
13. დებულების მე-12 მუხლის მე-3 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მერიის აპარატის უფროსს ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მერი საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთან და სახელმწიფო კანცელარიის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურთან შეთანხმებით“.
14. დებულების მე-13 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 ნაწილი.
15. დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. სათათბირო და მისი შემადგენლობა
სათათბიროს შემადგენლობაში შედიან:
ქალაქის მერი;
ვიცე-მერები;
საქართველოში რეგისტრირებული ყველა იმ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების თითო წარმომადგენელი, რომელთაც აქვთ ქალაქში სტრუქტურული ქვედანაყოფი;
ქალაქ რუსთავის წარმოება-დაწესებულებებისა და შრომითი კოლექტივების 30 წარმომადგენელი“.
16. ქალაქ რუსთავის მერმა მ. ტყეშელაშვილმა „ადგილობრივი თვითმმართველობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ შეიტანოს სათანადო ცვლილებები და წარმოადგინოს დასამტკიცებლად „ქ. რუსთავის მმართველობის შესახებ“ დებულების ახალი რედაქცია.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე