საბანკო დაწესებულებებიდან ნაღდი ფულის გატანაზე შეზღუდვების მოხსნისა და ფულად-საკრედიტო რეგულირების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანებულება №329
1994 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
1. მოიხსნას იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებიდან ნაღდი ფულის ნიშნების გატანაზე არსებული ყოველგვარი შეზღუდვა.
2. გაუქმდეს ბანკებიდან ნაღდი ფულის გამოტანის შეზღუდვაზე დღეს მოქმედი ყველა ნორმატიული აქტი.
3. რესპუბლიკის ყველა იურიდიულმა პირმა მკაცრად დაიცვას მათი კუთვნილი ფულადი სახსრების მომსახურე საბანკო დაწესებულებებში საკუთარ ანგარიშებზე სავალდებულო შენახვის არსებული წესი. ამასთან, მომსახურე საბანკო დაწესებულების მიერ დამტკიცებული სალაროს ლიმიტს ზევით არსებული ნაღდი ფულის ნაშთი შეტანილ იქნეს შესაბამის ბანკში ან კავშირგაბმულობის საწარმოში არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა; სოფლად განლაგებულ საწარმოებს უფლება აქვთ ჩააბარონ ამონაგები არა უგვიანეს მესამე სამუშაო დღისა.
4. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ფულად-საკრედიტო რეგულირების ზოგიერთი საგანგებო ღონისძიების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 27 ნოემბრის № 240 ბრძანებულების თანახმად იუსტიციის სამინისტროს წარმოდგენილი აქვს წინადადებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
5. ბრძანებულება გამოქვეყნდეს რესპუბლიკურ პრესაში.
საქართველოს სახელმწიფო მეთაური ე. შევარდნაძე