ქალაქ ქუთაისის მმართველობის შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 26.01.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010260000.08.002.000001 76
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1, 29/01/1993
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.1993 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისის მმართველობის შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის
ბრძანებულება №9
1993 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
ქალაქ ქუთაისის მმართველობის შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე
დამტკიცდეს დროებითი დებულება ქალაქ ქუთაისის მმართველობის შესახებ.
საქართველოს სახელმწიფო მეთაური ე. შევარდნაძე
დროებითი დებულება
ქალაქ ქუთაისის მმართველობის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
ქალაქ ქუთაისის მმართველობა არის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს მმართველობის ადგილობრივ ორგანოთა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევამდე.
ქალაქ ქუთაისის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებია სახელმწიფო მმართველობის ორგანო - მერია და ქალაქის სათათბირო.
თავი II
ქალაქ ქუთაისის სახელმწიფო მმართველობის ორგანო, მისი შემადგენლობა, კომპეტენცია და მუშაობის წესი
მუხლი 1🔗. მერია
ქალაქ ქუთაისის სახელმწიფო მმართველობის ორგანო არის მერია, რომელსაც ხელმძღვანელობს ქალაქის მერი.
ქალაქის ტერიტორიაზე მერია წარმართავს ადმინისტრაციულ, საფინანსო, სამეურნეო-ეკონომიკურ და სოციალურ-კულტურულ საქმიანობას.
მერიის სტრუქტურასა და დებულებას შეიმუშავებს ქალაქის მერი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან ერთად, რის შემდეგაც მათ ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური.
მერია შედგება მერის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეებისაგან, მერის კაბინეტის, მერიის კანცელარიისა და სხვა სამსახურებისაგან.
მუხლი 2🔗. ქალაქის მერი
მერი არის ქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირი და იმავდროულად ქალაქის სათათბიროს თავმჯდომარე მერი ხელმძღვანელობს თავის კაბინეტსა და გამოსცემს განკარგულებებს, ბრძანებებს და მათ შესრულებას ავალებს მერიის სამსახურებს.
მერს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. მერი ანგარიშვალდებულია საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის წინაშე.
მუხლი 3🔗. მერის უფლებამოსილებანი
ქალაქის მერი:
ნიშნავს მოადგილეებს, ქმნის მერის კაბინეტს, მერიის სამსახურებს, ნიშნავს მათ ხელმძღვანელებს;
შეიმუშავებს და ამტკიცებს ქალაქის ბიუჯეტს ქალაქის სათათბიროსთან შეთანხმებით;
ქალაქის სათათბიროსთან ერთად შეიმუშავებს წინადადებებს ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების, ბაჟების დაწესების შესახებ;
იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივ საკუთრებაში შემავალ საწარმოებისა და ორგანიზაციების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, აგრეთვე სხვადასხვა სამეურნეო-ეკონომიკური სტრუქტურების შექმნის შესახებ;
ხელმძღვანელობს ქალაქის გენერალური გეგმისა და გარეუბნების ზონების დაგეგმარების პროექტების შემუშავებას; ამტკიცებს ქალაქის, მისი მიკრორაიონებისა და ქალაქთმშენებლობის სხვა კომპლექსების დეტალური დაგეგმარების, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, პროექტებს;
კონტროლს უწევს მშენებლობას ქალაქის ტერიტორიაზე;
ორგანიზაციას უწევს საბინაო, კომუნალური, საგზაო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, განათლების. ჯანმრთელობის დაცვის, ვაჭრობისა და სხვა ობიექტების მშენებლობას მერიისათვის გამოყოფილი სახსრებით;
აწარმოებს საცხოვრებელი სახლების, კომუნალური, კულტურულ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, სოციალური უზრუნველყოფისა და საქალაქო დაქვემდებარების სხვა ობიექტების რეკონსტრუქციის, გაფართოებისა და კეთილმოწყობის სამუშაოებს;
იყენებს და განკარგავს მუნიციპალურ საკუთრებას, ხელს უწყობს ეკონომიკური რეფორმის განხორციელებას და პრივატიზაციას;
შეიმუშავებს ადგილობრივი შემოსავლების გამოყენების, ქალაქის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამებსა და პროგნოზებს;
უზრუნველყოფს გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდას და არასაბიუჯეტო სახსრების მოზიდვას;
რეგისტრაციაში ატარებს საწარმოების, ორგანიზაციების, დაწესებულებების წესდებებს;
ორგანიზაციას უწევს ქალაქში მიწათმოწყობის სამუშაოებს, უზრუნველყოფს მიწის, წყლის, ატმოსფერული ჰაერის, მცენარეული საფარის რაციონალურ გამოყენებას, შეაჩერებს ან კრძალავს იმ ობიექტების მშენებლობას ან ექსპლოატაციას, რომელთა ეკოლოგიური უსაფრთხოებაც არ არის უზრუნველყოფილი;
ხელმძღვანელობს მუნიციპალურ მეურნეობას მიკუთვნებული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საქმიანობას, ისმენს მათი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხვა საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელების ანგარიშს;
ანაწილებს მერიის კუთვნილ საბინაო ფონდს და კონტროლს უწევს საბინაო ფონდისა და სხვა ნაგებობების მდგომარეობას, მათ სწორი ექსპლოატაციას;
იღებს ზომებს ქალაქის კეთილმოწყობის, მოსახლეობის სასურსათო პროდუქტებით, სამრეწველო საქონლითა და მომსახურებით უზრუნველყოფისათვის;
ხელმძღვანელობს ქალაქის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სამსახურებს, იღებს ზომებს მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის;
აწესებს მოსახლეობის მომსახურებასთან დაკავშირებული სახელმწიფო სექტორის საწარმოებისა და ორგანიზაციების მუშაობის დღეებსა და საათებს;
უზრუნველყოფს მოქალაქეთა წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების დროულად და სწორად განხილვასა და გადაწყვეტას, ხელმძღვანელობს ქალაქის მუნიციპალურ პოლიციას და მერიისადმი დაქვემდებარებულ შინაგან საქმეთა ორგანოებს;
მონაწილეობს მართლწესრიგის, სახელმწიფო უშიშროებისა და რესპუბლიკის თავდაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებაში.
მუხლი 4🔗. მერის გადაწყვეტილებები
მერი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს განკარგულებებსა და ბრძანებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ქალაქის ტერიტორიაზე.
მერის გადაწყვეტილება, რომელსაც აქვს ნორმატიული ხასიათი, გამოიცემა განკარგულების სახით, ხოლო ოპერატიული და სხვა მიმდინარე საკითხებზე - ბრძანების სახით.
მერის გადაწყვეტილებების შეჩერება შეუძლია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს, გაუქმება კი - საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, საქართველოს პარლამენტს და სასამართლოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში.
მუხლი 5🔗. მერის პირველი მოადგილე და მისი უფლებამოსილებანი
მერი თავის პირველ მოადგილეს ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის რეგიონების მართვის სამსახურთან შეთანხმებით.
მერის პირველი მოადგილე:
კოორდინაციას უწევს მერიის მიმდინარე საქმიანობას და ამზადებს მერის კაბინეტის სხდომებს;
აძლევს მითითებებს და აკონტროლებს შესაბამის სამსახურებს მერის განკარგულებების შესრულების უზრუნველსაყოფად;
ხელმძღვანელობს მერიის კანცელარიას;
მერის არყოფნის ან მისი გათავისუფლების შემთხვევაში, ანდა თუ მერს დროებით არ შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობები, ან მერის დავალებით ასრულებს მის მოვალეობას.
მუხლი 6🔗. მერის მოადგილეები
მერი ნიშნავს თავის მოადგილეებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის რეგიონების მართვის სამსახურთან შეთანხმებით.
მერის მოადგილეები წარმართავენ მათდამი დაქვემდებარებული სამსახურების საქმიანობას.
მუხლი 7🔗. მერის კაბინეტი
მერის კაბინეტი არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს მერიისათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად.
მერის კაბინეტი ყალიბდება შემდეგი შემადგენლობით: მერი, მერის პირველი მოადგილე, მერის მოადგილეები, მერიის კანცელარიის მმართველი, იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი, სხვა სამსახურის ხელმძღვანელები (მერის წარდგინებით) და ქალაქის სათათბიროს მდივანი.
მერი კაბინეტთან ერთად:
იღებს ქალაქის სათათბიროს რიგგარეშე სხდომის მოწვევის გადაწყვეტილებას;
ამტკიცებს მერიის, მერის კაბინეტის, კანცელარიისა და სხვა საქვეუწყებო სამსახურების დებულებებს;
ამტკიცებს მერიის საქმიანობის ანგარიშს;
აუქმებს მისი საქვეუწყებო სამსახურების გადაწყვეტილებებს, მუნიციპალურ საკუთრებაში შემავალი საწარმოებისა და ორგანიზაციების გადაწყვეტილებებს, თუ ისინი არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას;
იღებს გადაწყვეტილებებს ქალაქის სესხისა და სხვა გრძელვადიანი ვალდებულებების შესახებ;
მერის კაბინეტის მუშაობის ორგანიზაციის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით.
მუხლი 8🔗. მერიის კანცელარია
მერიის კანცელარია აერთიანებს მერიის სამსახურებს, განყოფილებებსა და ტექნიკურ პერსონალს; შეიმუშავებს წინადადებებს, ამზადებს მერის გადაწყვეტილებების პროექტებს და აკონტროლებს მათ შესრულებას.
მერიის კანცელარიას ხელმძღვანელობს მერის პირველი მოადგილე და მის საქმიანობას წარმართავს კანცელარიის მმართველი, რომელსაც ნიშნავს მერი.
მერიის კანცელარიის მუშაობის წესი განისაზღვრება შესაბამის დებულებით.
მუხლი 9🔗. მერიის სამსახურები
მერიის სამსახურები მმართველობის ორგანოებია, რომლებიც წარმართავენ სამეურნეო კომპლექსის სხვადასხვა დარგების საქმიანობას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს ნიშნავს ქალაქის მერი მმართველობის რესპუბლიკურ ორგანოებთან შეთანხმებით.
ქალაქის მუნიციპალური პოლიციის უფროსს ნიშნავს ქალაქის მერი საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით.
შინაგან საქმეთა საქალაქო განყოფილების უფროსს ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ქალაქის მერთან შეთანხმებით.
მერიის სამსახურები, რომლებიც ორმაგ დაქვემდებარებაშია, ემორჩილებიან როგორც ქალაქის მერს, ისე შესაბამის რესპუბლიკურ უწყებას.
მერიის სამსახურები იღებენ გადაწყვეტილებებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
მერიის სამსახურების მუშაობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით.
მერიის დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტისა და საკუთარი სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების ხარჯზე.
თავი III
ქალაქ ქუთაისის სათათბირო, მისი შემადგენლობა, კომპეტენცია და მუშაობის წესი
მუხლი 10🔗. სათათბირო და მისი შემადგენლობა
სათათბიროს წევრებს წარმოადგენენ:
ქალაქის მერი;
ქალაქის საკრებულოს წევრები;
საქართველოს რესპუბლიკაში ოფიციალურად რეგისტრირებული ყველა იმ პოლიტიკური პარტიის თითო წარმომადგენელი, რომელსაც აქვს ქალაქში სტრუქტურული ქვედანაყოფი და არა ყავს წარმომადგენელი ქალაქის საკრებულოში;
საზოგადოებრიობის, ინტელიგენციის, შრომითი კოლექტივების 20 წარმომადგენელი.
ქალაქის სათათბიროს სხდომა - ტარდება სულ ცოტა 3 თვეში ერთხელ, სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სათათბიროს წევრთა საერთო შემადგენლობის ნახევარი მაინც.
მუხლი 11🔗. ქალაქის სათათბიროს კომპეტენცია
სათათბიროს კომპეტენციას განეკუთვნება:
სათათბიროს რეგლამენტის დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
ქალაქის ბიუჯეტის განხილვა;
ქალაქის სათათბიროს მდივნის არჩევა;
ქალაქის მასშტაბით ბაჟების, ადგილობრივი სესხების, გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება.
მუხლი 12🔗. სათათბიროს თავმჯდომარე - ქალაქის მერი
სათათბიროს სხდომებს უძღვება და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ხელს აწერს სათათბიროს თავმჯდომარე - ქალაქის მერი
ქალაქის მერი იწვევს სათათბიროს მორიგ სხდომებს და მერის კაბინეტთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას სათათბიროს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ.
ქალაქის მერს აქვს სათათბიროს გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება, რის შემდეგაც გადაწყვეტილება მისი მიღებიდან ორი კვირის ვადაში უბრუნდება სათათბიროს ხელახალი განხილვისათვის. საკითხის ხელახალი განხილვის შემდეგ სათათბიროს გადაწყვეტილება იძენს კანონის ძალას იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს უჭერს სათათბიროს წევრთა საერთო შემადგენლობის ორი მესამედი.
მუხლი 13🔗. სათათბიროს მდივანი
სათათბირო თავის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს სათათბიროს მდივანს, მდივანი არჩეულად ითვლება, თუ მის კანდიდატურას მხარს უჭერს სათათბიროს წევრთა საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
სათათბიროს მდივანი:
ორგანიზაციას უწევს სათათბიროს სხდომის მოწვევას;
უძღვება სათათბიროს საქმისწარმოებას;
ქალაქის მერის არყოფნის, მის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ან მერის დავალებით უძღვება სათათბიროს სხდომას.
ქალაქის სათათბიროს მდივანი არის მერის კაბინეტის წევრი.
თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სათათბიროს მდივანი წყვეტს სამსახურებრივ საქმიანობას.
ქალაქის სათათბიროს სხვა წევრები მუშაობენ საზოგადოებრივ საწყისებზე.
მუხლი 14🔗. ქალაქის სათათბიროს გადაწყვეტილებები
ქალაქის სათათბიროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მათი ძალაში შესვლის დღიდან სავალდებულოა ქალაქის ტერიტორიაზე.
ქალაქის სათათბიროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, აუქმებს საქართველოს პარლამენტი ან სასამართლო დადგენილი წესით.
მუხლი 15🔗. ქალაქ ქუთაისის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლებამოსილების ვადა
ქალაქის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებას ინარჩუნებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევამდე ან მათი უფლებამოსილების შეწყვეტამდე.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის
ბრძანებულება
„საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის ქალაქ თბილისის მმართველობის ორგანოების უფლებამოსილებათა შესახებ“ დროებით დებულებაში ცვლილეგის შეტანის თაობაზე.