შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 22.10.2025
ძალაში შესვლა 01.12.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №27-21
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016841 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 10/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ „საქართველოს მთავრობასა და ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობასა
შორის თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და
სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ერთობლივად წოდებულნი, როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“ და ცალ-ცალკე – „ხელშემკვრელი მხარე“,
აღიარებენ რა საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს,
სურთ რა განავითარონ და გააძლიერონ ორმხრივი ეკონომიკური, სამრეწველო და ტექნოლოგიური თანამშრომლობა ნაცვალგებისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპების საფუძველზე, და
აცნობიერებენ რა ქართულ-სლოვაკური ურთიერთობებისთვის შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს არსებობის აუცილებლობას ორივე ქვეყანაში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
საგანი, მიზანი და განხორციელება
1.1. ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე შეთანხმების საგანს, ზოგადად მიღებული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, წარმოადგენს:
(a) სექტორული საქმიანობის ხელშეწყობა ორმხრივი ეკონომიკური, ტექნიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გასაძლიერებლად;
(b) ბიზნესკონტაქტებისა და შემდგომი შესაძლებლობების ხელშეწყობა და განვითარება;
(c) ეკონომიკური განვითარების მიმართულებით ორმხრივი ინტერესის მქონე სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობა;
(d) თანამშრომლობის განმტკიცება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების საერთო გაფართოების მიზნით.
1.2. თანამშრომლობა, კერძოდ, ორიენტირებული იქნება შემდეგ სფეროებზე და არა მხოლოდ:
(a) მრეწველობა და მშენებლობა;
(b) ტრანსპორტი და ლოგისტიკა;
(c) ენერგეტიკა და მოპოვებითი მრეწველობა;
(d) ტურიზმი;
(e) მცირე და საშუალო ზომის საწარმოები (SMEs);
(f) სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა;
(g) გარემოს დაცვა და წყლის რესურსების მართვა;
(h) ტელეკომუნიკაციები, გაციფრულება, ინოვაციები და ელექტრონული მმართველობა;
(i) საინფორმაციო ტექნოლოგიები;
(j) ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა სფეროები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 2🔗
ეკონომიკური თანამშრომლობა
ხელშემკვრელი მხარეები ესწრაფვიან, თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში, განავითარონ და გააძლიერონ ეკონომიკური თანამშრომლობა ყველა იმ სფეროში, რომელსაც ისინი ორმხრივად საინტერესოდ და სარგებლიანად მიიჩნევენ. ისინი თანხმდებიან წაახალისონ და ხელი შეუწყონ ფართო თანამშრომლობას სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებს შორის, თითოეულ ქვეყანაში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. ამ მიზნით ისინი თანხმდებიან:
(a) გაცვალონ ინფორმაცია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური განვითარებისა და ორმხრივი ვაჭრობის შესახებ;
(b) ხელი შეუწყონ ბიზნეს და საინვესტიციო მისიების ორგანიზებას, სავაჭრო და მარკეტინგული კამპანიების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, ბიზნეს და ინსტიტუციური კავშირების დამყარებას და სხვა ინიციატივებს, რომლებიც გაამარტივებს პოტენციურ პარტნიორებს შორის ბიზნესკონტაქტების დამყარებას;
(c) ერთმანეთს აცნობონ არსებული ან დაგეგმილი სავაჭრო გამოფენების, ბაზრობების, ბიზნესმისიებისა და სხვა სარეკლამო აქტივობების შესახებ;
(d) ხელი შეუწყონ ტექნიკურ ექსპერტებს შორის ინფორმაციის გაცვლას;
(e) შეისწავლონ და განავითარონ ქართულ და სლოვაკურ კომპანიებს შორის თანამშრომლობის შედეგად წარმოშობილი ერთობლივი ბიზნესშესაძლებლობები;
(f) ხელი შეუწყონ და გააფართოონ სამრეწველო, ტექნიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობა;
(g) განავითარონ კავშირები და გააძლიერონ ეკონომიკურ საკითხებზე თანამშრომლობა ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, პროფესიულ გაერთიანებებს, ბიზნესასოციაციებსა და სავაჭრო პალატებს შორის;
(h) გამოავლინონ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის წინაშე არსებული დაბრკოლებები და წარმოადგინონ ზომები მათ აღმოსაფხვრელად;
(i) მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიზნით.
მუხლი 3🔗
ერთობლივი ეკონომიკური კომისია
3.1. თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობისა და მისი ორგანიზების, დამტკიცების, მართვისა და სისტემატური კონტროლის უზრუნველსაყოფად, წინამდებარე დოკუმენტის საფუძველზე იქმნება ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისია (შემდგომში – „ერთობლივი ეკონომიკური კომისია“). ერთობლივი ეკონომიკური კომისია კოორდინაციას გაუწევს და განავითარებს ეკონომიკურ თანამშრომლობას შემდეგი გზებით:
(a) წინამდებარე შეთანხმების საგნის რეალიზაცია;
(b) თანამშრომლობის განვითარება წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ სფეროებში ან შემდგომ ეტაპზე ხელშემკვრელ მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა მიმართულებებით;
(c) წინააღმდეგობების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
3.2. ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომები, ხელშემკვრელ მხარეთა შეთანხმებით, გაიმართება მონაცვლეობით – საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკაში.
3.3. ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში შეიძლება შეიქმნას დამატებითი ტექნიკური და სხვა სამუშაო ჯგუფები, საჭიროებისამებრ, წინამდებარე შეთანხმების ამოცანების შესრულების მიზნით.
3.4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავისი მხრიდან დანიშნავს კომისიის თავმჯდომარეს და თითოეული თავმჯდომარე ერთობლივ ეკონომიკურ კომისიაზე დანიშნავს მდივანს შესაბამისი მხარისთვის.
3.5. ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომების თარიღებსა და დღის წესრიგს განსაზღვრავს მასპინძელი ქვეყანა.
მუხლი 4🔗
საერთაშორისო შეთანხმებები
4.1. წინამდებარე შეთანხმება ზემოქმედებას არ იქონიებს სლოვაკეთის რესპუბლიკის იმ ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკავშირში მისი წევრობიდან. დაუშვებელია წინამდებარე შეთანხმების რომელიმე დებულების სრულად ან ნაწილობრივ გამოყენება ან განმარტება ისე, თითქოს ის აუქმებდეს, ცვლიდეს ან სხვაგვარად ახდენდეს ზემოქმედებას სლოვაკეთის რესპუბლიკის იმ ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულებებიდან ან ევროკავშირის კანონმდებლობიდან.
4.2. წინამდებარე შეთანხმების დებულებები ზემოქმედებას არ ახდენს ხელშემკვრელ მხარეთა იმ უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობს იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომელთა მხარეებიც ისინი არიან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში მათი წევრობიდან.
4.3. წინამდებარე შეთანხმება ფინანსურ ვალდებულებებს არ აკისრებს არც ერთ ხელშემკვრელ მხარეს.
მუხლი 5🔗
დავების გადაწყვეტა
წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დავა გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 6🔗
ცვლილებები
წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, რა წესითაც აღნიშნული შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 7🔗
ძალაში შესვლა, მოქმედების ვადა და შეწყვეტა
7.1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეების მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
7.2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2025 წლის 22 ოქტომბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, სლოვაკურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
მთავრობის სახელით
სლოვაკეთის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით