შეთანხმება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ხარისხისა და დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ
მიღების თარიღი 15.05.2025
ძალაში შესვლა 23.09.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრობის
სამინისტროს სახელით
ნომერი №33-37
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016843 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 15/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ხარისხისა და დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე პროფესიული განათლების შესახებ ეკატერინე ფიფია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების წესის დამტკიცების შესახებ „უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ“ გლობალური კონვენცია
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ხარისხისა და დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ
შეთანხმება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა
და
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს
შორის
უმაღლესი განათლების ხარისხისა და დიპლომების/სერტიფიკატების
ურთიერთაღიარების შესახებ
განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობისა და ქვეყნებს შორის ტალანტების მობილობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტრო (შემდგომში „მხარეებად“ მოხსენიებულნი) შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მიზანი
შეთანხმების მიზანია ხელი შეუწყოს უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას და უმაღლესი განათლების ხარისხისა და დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარებას საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
მუხლი 2🔗
გამოყენების სფერო
1. შეთანხმება ეხება უმაღლესი განათლების ხარისხებსა და სერტიფიკატებს, რომლებიც გაცემულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების მიერ მინიჭებულ უმაღლესი განათლების ხარისხებსა და სერტიფიკატებს.
2. დეტალური ინფორმაცია რომელიც თან ერთვის ამ შეთანხმებას წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
3. მხარეები გააგრძელებენ კომუნიკაციას და განიხილავენ სამედიცინო განათლების სერტიფიკატებისა და ხარისხების აღიარების საკითხს.
მუხლი 3🔗
ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა
1. წინამდებარე შეთანხმება არ ათავისუფლებს ხარისხებისა და სერტიფიკატების მფლობელებს იმ ვალდებულებისგან, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი მოთხოვნების შესრულებას მიღებასთან დაკავშირებით უმაღლესი განათლების დაწესებულებასა თუ კვლევით ინსტიტუტში.
2. მხარეები უზრუნველყოფენ ხარისხებისა და სერტიფიკატების აღიარების პროცედურის განხორციელებას თითოეული ქვეყნის კანონმდებლობითა და რეგულაციებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად და ამ თემაზე საჭირო ინფორმაციის გაცვლას შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ განსაზღვრული კომპეტენტური ერთეულების მეშვეობით.
3. ხარისხებისა და სერტიფიკატების აღიარება პროფესიული საქმიანობის თვალსაზრისით ექვემდებარება თითოეული მხარის კანონმდებლობას.
მუხლი 4🔗
ხარისხის უზრუნველყოფა
1. წინამდებარე შეთანხმება განხორციელდება ორივე მხარის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე კვალიფიკაციის აღიარების პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც მითითებულია საერთაშორისო დოკუმენტებში, შეთანხმებებსა და კონვენციებში, რომელთა წევრებიც არიან მხარეები.
2. ორივე მხარე უნდა იცავდეს „არადისკრიმინაციული ხარისხის სტანდარტების“ პრინციპს, რომელიც ფოკუსირებულია სწავლის თანაბარი პირობების შექმნაზე და თანაბარი მოთხოვნების წარმოშობაზე, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის, მისაღები მოთხოვნების, სწავლის შინაარსის, სწავლის ხანგრძლივობის, სწავლების მეთოდების, სწავლების ხარისხის და ა.შ. თვალსაზრისით, და უნდა იცნობდეს და ითვალისწინებდეს ქვეყნების უმაღლესი განათლების სისტემების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს.
3. შეთანხმება არ ვრცელდება ტრანსსასაზღვრო მიწოდების გზით მიღებულ სერტიფიკატებსა და ხარისხებზე.
მუხლი 5🔗
ინფორმაციის განახლება
მხარეები დიპლომატიური არხებით აცნობებენ ერთმანეთს განათლების, ხარისხებისა და სერტიფიკატების შესახებ შესაბამისი სახელმწიფო სისტემების ცვლილებების თაობაზე, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმებით.
მუხლი 6🔗
დავების გადაწყვეტა
მხარეებს შორის ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიქმნება წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციის ან გამოყენების შედეგად, გადაწყდება მეგობრულად, მხარეებს შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 7🔗
ცვლილებები
წინამდებარე შეთანხმება შეიძლება შეიცვალოს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს მხარეებს შორის ნოტების გაცვლის გზით დიპლომატიური არხების მეშვეობით. დამტკიცებული ცვლილებები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 8🔗
კომპეტენტური ორგანოები
წინამდებარე შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოები არიან:
ა. საქართველოს შემთხვევაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; და
ბ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემთხვევაში განათლების სამინისტრო.
მუხლი 9🔗
ძალაში შესვლა და შეწყვეტა
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან, რომლითაც მხარეები დიპლომატიური არხებით აცნობებენ ერთმანეთს შესაბამისი დოკუმენტის ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასამართლებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.
2.
წინამდებარე შეთანხმება ფორმდება ხუთი (5) წლის ვადით და ის ავტომატურად განახლდება მომდევნო ხუთი (5) წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რომელიმე მხარე შეწყვეტს შეთანხმებას მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით დიპლომატიური არხების მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმების შეწყვეტა ძალაში შედის მეორე მხარის მიერ შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი თვის შემდეგ.
3. წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად მიღებული უმაღლესი განათლების ხარისხებისა და სერტიფიკატების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებაზე.
4. შეთანხმების დებულებები გამოიყენება საქართველოში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების მიერ, ძალაში შესვლის შემდეგ და ამ შეთანხმების შეწყვეტამდე მინიჭებულ ხარისხებსა და სერტიფიკატებზე.
შესრულებულია ქ. უხანში, 15 მაისს 2025 წელს ორ ორიგინალ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. რომელიმე ტექსტს შორის განსხვავებული ინტერპრეტაციების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.
საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრობის
სამინისტროს სახელით
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის
განათლების სამინისტროს
სახელით
დანართი
ნაწილი 1
უმაღლესი განათლების ხარისხისა და სერტიფიკატების სტრუქტურა საქართველოსა და ჩინეთში
საქართველოს მხრიდან
საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანების №206/ნ და სხვა კანონებისა და დებულებების თანახმად, საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხები მოიცავს ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხებს.
ბაკალავრის ხარისხი
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტს, მიღების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, უფლება აქვს ისწავლოს ბაკალავრის პროგრამაზე. სტუდენტს ბაკალავრის ხარისხი შეიძლება მიენიჭოს მინიმუმ სამიდან ოთხ წლამდე სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, 180-240 ECTS კრედიტისა და სასწავლო პროგრამის სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
მაგისტრის ხარისხი
ბაკალავრის ხარისხის მფლობელს ან ეკვივალენტური განათლების დონის სტუდენტს, მიღების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უფლება აქვს ისწავლოს სამაგისტრო პროგრამაზე. სტუდენტს შეიძლება მიენიჭოს მაგისტრის ხარისხი არანაკლებ ორ წლიანი ვადით სწავლის წარმატებით დასრულებისას არანაკლებ 60 ECTS კრედიტისა და სასწავლო პროგრამის სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევეში.
დოქტორის ხარისხი
მაგისტრის ხარისხის მფლობელს ან სტუდენტს, რომელსაც აქვს ეკვივალენტური განათლების დონე, მიღების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, აქვს დოქტორანტურაში სწავლის უფლება. სტუდენტს შეუძლია დოქტორის ხარისხის მიღება მინიმუმ სამწლიანი სწავლისა და კვლევითი საქმიანობის წარმატებით დასრულების შემდეგ, საგანმანათლებლო კომპონენტში მაქსიმუმ 60 ECTS კრედიტისა და სასწავლო პროგრამის სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
ჩინეთის მხრიდან
ჩინეთის კანონმდებლობის მიხედვით, ჩინეთში უმაღლესი განათლების სერტიფიკატები მოიცავს სპეციალიზირებული საგანმანათლებლო კურსის (ჟუანკე) დასრულების სერტიფიკატებს, რეგულარული საგანმანათლებლო კურსის დასრულების სერტიფიკატებს, მაგისტრატურის საფეხურისა და დოქტორანტურის საფეხურის დასრულების სერტიფიკატებს; უმაღლესი განათლების ხარისხები ჩინეთში მოიცავს ბაკალავრის ხარისხს, მაგისტრის ხარისხს და დოქტორის ხარისხს.
სპეციალიზირებული საგანმანათლებლო კურსის (ჟუანკე) დასრულების სერტიფიკატი
1. საშუალო სკოლის კურსდამთავრებულს ან ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტს, ეროვნული კოლეჯის მისაღები გამოცდის ჩაბარების და მიღების შემდეგ შეუძლია სწავლა გააგრძელოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სტუდენტს შეიძლება მიენიჭოს სპეციალიზირებული საგანმანათლებლო კურსის დასრულების სერტიფიკატი (ჟუანკე) ორ-სამ წლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
2. სტუდენტს ასევე შეუძლია მიიღოს სპეციალიზირებული კურსის დასრულების სერტიფიკატი (ჟუანკე) თვითნასწავლი სტუდენტების ეროვნული გამოცდის ჩაბარების შემდეგ შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობით.
რეგულარული საგანმანათლებლო კურსის დასრულების სერტიფიკატი და ბაკალავრის ხარისხი
1. საშუალო სკოლის კურსდამთავრებულს ან ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტს ეროვნული კოლეჯის მისაღები გამოცდის ჩაბარების შემდეგ და მისაღები მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ შეუძლია სწავლა გააგრძელოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სტუდენტს შეიძლება მიენიჭოს რეგულარული კურსის დასრულების სერტიფიკატი ოთხი ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების პროგრამის დასრულების შემდეგ შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, და შეიძლება მიენიჭოს ბაკალავრის წოდება ხარისხის მოთხოვნების წარმატებით დაკმაყოფილების შემთხვევაში.
2. სტუდენტს ასევე შეუძლია მიიღოს რეგულარული კურსის დასრულების სერტიფიკატი, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თვითნასწავლი სტუდენტების ეროვნული გამოცდის ჩაბარების შემდეგ და უფლება აქვს განაცხადოს და მოიპოვოს ბაკალავრის წოდება ხარისხის მოთხოვნების წარმატებით დაკმაყოფილების შემდეგ.
დასრულების სერტიფიკატი (მაგისტრატურის დონე) და მაგისტრის ხარისხი
1. ბაკალავრიატის ან ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება დაშვებულ იქნეს სამაგისტრო პროგრამაზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან კვლევით ინსტიტუტში მისაღები გამოცდის ჩაბარების შემდეგ, სასწავლებლად და კვლევითი მიზნით ორი ან სამი წლის განმავლობაში და მიენიჭოს დასრულების სერტიფიკატი (მაგისტრატურის დონე) შესაბამისი მოთხოვნების და მაგისტრის ხარისხის წარმატებით დასრულების შემდეგ.
2. ბაკალავრის ხარისხის მფლობელს ან ეკვივალენტური განათლების დონის სტუდენტს ასევე შეუძლია არასრულ განაკვეთზე სწავლის გზით გააკეთოს განაცხადი და მიენიჭოს მაგისტრის წოდება ხარისხის მოთხოვნების წარმატებით დაკმაყოფილების შემდეგ.
დასრულების სერტიფიკატი (დოქტორანტურის დონე) და დოქტორის ხარისხი
1. მაგისტრის ხარისხის მფლობელი ან ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება დაიშვას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან კვლევით ინსტიტუტში მისაღები გამოცდის ჩაბარების შემდეგ სამიდან ოთხ წლამდე სწავლისა და კვლევის მიზნით, და შეიძლება მიენიჭოს დასრულების სერტიფიკატი (დოქტორანტურის დონე) შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხოლო დოქტორის ხარისხი შესაბამისი მოთხოვნების წარმატებით დაკმაყოფილების შემდეგ.
2. მაგისტრის ხარისხის მფლობელს ან ეკვივალენტური განათლების დონის სტუდენტს ასევე შეუძლია, ნახევარ განაკვეთზე სწავლის გზით განაცხადოს და მოიპოვოს დოქტორის წოდება ხარისხის მოთხოვნების წარმატებით დაკმაყოფილების შემდეგ.
3. ზოგიერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც აქვს დოქტორის ხარისხის მინიჭების უფლებამოსილება, გვთავაზობს ბაკალავრიატის შემდეგ პირდაპირ დოქტორანტურის პროგრამებს. კვალიფიციური ბაკალავრის ხარისხის მფლობელს, რომელიც ჩარიცხულია ასეთ პროგრამაში, შეიძლება მიენიჭოს დასრულების სერტიფიკატი (დოქტორანტურის დონე) შესაბამისი მოთხოვნებით, რომლებიც დაკმაყოფილებულია ხუთ წლიანი სწავლის ან კვლევის შემდეგ, ხოლო დოქტორის ხარისხი ხარისხის მოთხოვნების წარმატებით დაკმაყოფილების შემდეგ.
ნაწილი 2
მიღების მოთხოვნები ჩინელი სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
1. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ინარჩუნებენ უფლებას, დაადგინონ კვალიფიკაცია, ქულები და გამოცდის შედეგები, რომლებიც საჭიროა სწავლის ყველა საფეხურზე, საკუთარი წესდების შესაბამისად.
2. საშუალო სკოლის კურსდამთავრებული ან ჩინეთში ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად, იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კონკრეტული მოთხოვნები.
3. სპეციალიზებული საგანმანათლებლო კურსის დამამთავრებელი სერტიფიკატის (ჟუანკე) მფლობელი ან ჩინეთში ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოში ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კონკრეტული მოთხოვნები.
4. ბაკალავრის დიპლომის მფლობელი ან ჩინეთში ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, მისაღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
5. მაგისტრის ხარისხის მფლობელი ან ჩინეთში ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოში დოქტორანტურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, მისაღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციფიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
ნაწილი 3
ჩარიცხვის მოთხოვნები საქართველოს სტუდენტებისთვის ჩინეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებში
1. ჩინეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და კვლევითი ინსტიტუტები ინარჩუნებენ უფლებას დაადგინონ კვალიფიკაცია, ქულები და გამოცდის შედეგები, რომლებიც საჭიროა ყველა სასწავლო კურსზე, საკუთარი რეგულაციების შესაბამისად.
2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი ან საქართველოში ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება ჩაირიცხოს ჩინეთში სპეციალიზებულ საგანმანათლებლო კურსზე, დასრულების სერტიფიკატის (ჟუანკე) მიმნიჭებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, იმ პირობით, თუ დაკმაყოფილებული იქნება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კონკრეტული მოთხოვნები.
3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი ან საქართველოში ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება ჩაირიცხოს ჩინეთში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, სადაც მოიპოვებს რეგულარული კურსის დამამთავრებელ სერტიფიკატს ან/და ბაკალავრის ხარისხს, მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
4. ბაკალავრის დიპლომის მფლობელი ან ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება ჩაირიცხოს ჩინეთში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, სადაც მოიპოვებს დასრულების სერტიფიკატს (მაგისტრატურის საფეხურის) ან/და მაგისტრის ხარისხს, მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან კვლევითი ინსტიტუტის სპეციფიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
5. საქართველოში მაგისტრის ხარისხის მფლობელი ან ეკვივალენტური განათლების დონის მქონე სტუდენტი შეიძლება ჩაირიცხოს ჩინეთში უმაღლესი განათლების პროგრამაზე, სადაც მოიპოვებს დამამთავრებელ სერტიფიკატს (დოქტორანტურის საფეხურის) ან/და დოქტორის ხარისხს, იმ პირობით, თუ დაკმაყოფილებული იქნება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან კვლევითი ინსტიტუტის სპეციფიკური მოთხოვნები.