„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1273-IVმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
140070000.05.001.102949
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.07.2018, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.018915) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 50-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8.  მოსამსახურეს  ჯანმრთელობის  მდგომარეობის  გამო  შვებულება  ეძლევა ამ კანონის 651 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

2. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 65. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანება

 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;

გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 10 000 (ათი ათასი) ლარი.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ ეს დაზიანება შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს ამ მეხანძრე-მაშველის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, პიროვნული და საქმიანი თვისებებისა და განათლების შესაბამის სხვა თანამდებობაზე დასაქმებას.

3. მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლით განსაზღვრული ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 651 მუხლი:

„მუხლი 651. მოსამსახურისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, უშუალოდ ხანძრის ჩაქრობისას ან/და სამაშველო სამუშაოების/საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას სამინისტროში შექმნილი შესაბამისი სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომლის დროსაც მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ შორის, მის რეაბილიტაციასთან), მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან, საჭიროების შემთხვევაში − მის ტრანსპორტირებასთან, მისი მოვლის უზრუნველყოფასა და სხვა საჭიროებებთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება მოსამსახურის ჯანმრთელობის/სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხასიათის გათვალისწინებით და ის 1 წელს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს სამინისტროში შექმნილი შესაბამისი სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით/ვადით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების დროს მოსამსახურეს აუნაზღაურდება ფულადი სარგო და დანამატი.

2. მოსამსახურეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ანაზღაურებადი შვებულება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, შეიძლება მიეცეს 4 თვის ვადით და ის დაავადების ხასიათის გათვალისწინებით, სამედიცინო დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია გაგრძელდეს მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების დროს მოსამსახურეს აუნაზღაურდება ფულადი სარგო და დანამატი.

3. ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გარანტიები მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში შეიძლება გავრცელდეს:

ა) მოსამსახურის ოჯახის წევრზე;

ბ) შრომისუუნარობის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გათავისუფლებულ/დათხოვნილ პირზე.

4. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის, შრომისუუნარობის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გათავისუფლებული/დათხოვნილი პირის ჯანმრთელობის დაცვასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან, მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურების წესთან, დაფინანსების მეთოდოლოგიასთან, მატერიალური დახმარების გაცემასა და მისი მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრასთან, მის მიერ სამედიცინო დახმარების გაწევის მოთხოვნასა და ამ მოთხოვნის განხილვის წესთან დაკავშირებული საკითხები.“.

4. 66-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, უშუალოდ ხანძრის ჩაქრობისას ან/და სამაშველო სამუშაოების/საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო (საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) ანაზღაურებს.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 თებერვლიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

17 დეკემბერი 2025 წ.

N1273-IVმს-XIმპ