კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

მიღების თარიღი 17.12.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1258-IVმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.102989 98
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 25/12/2025
5,978 სიტყვა · ~30 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი
არასრულწლოვანი, რომლის მიმართაც პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, და რომელსაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია 14 წელი
მუხლი 3
კანონიერი წარმომადგენელი
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის 18 წლის ასაკს მიღწეული ახლო ნათესავი, აგრეთვე მეურვე, მზრუნველი, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინტერესების დასაცავად მონაწილეობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში და სარგებლობს არასრულწლოვანის უფლებებით, გარდა იმ უფლებებისა, რომლებითაც, თვით ამ უფლებების ბუნებიდან გამომდინარე, მხოლოდ არასრულწლოვანმა შეიძლება ისარგებლოს
მუხლი 3
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი (შემდგომ − ცენტრი)
ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დებულებას ამტკიცებს და რომლის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მუხლი 3
მულტიდისციპლინური ჯგუფი
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მიზნის მისაღწევად რელევანტური სახელმწიფო უწყებების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებისგან (ექიმი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, განათლების სპეციალისტი, იურისტი და სხვა) შემდგარი ჯგუფი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ, სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების თაობაზე და ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს
მუხლი 3
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი
იმ ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც მიმართულია არასრულწლოვანის ფიზიკური, გონებრივი და სოციალური განვითარებისკენ და ეხმარება მას საზოგადოებაში ინტეგრაციაში
მუხლი 3
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რეაბილიტაციის და სხვა ინტერესები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ბავშვის უფლებათა კოდექსის, და არასრულწლოვანის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, ასევე მისი მოსაზრების გათვალისწინებით
მუხლი 3
არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლი
ცენტრის სტრუქტურული ერთეული, სადაც ამ კანონის IV თავის შესაბამისად ხორციელდება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ღონისძიებები.
მუხლი 3
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)

დოკუმენტის ტექსტი

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ საქართველოს კანონი კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ინდივიდუალური საჭიროებების დადგენით მისი რეაბილიტაცია და მხარდაჭერა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის პრევენცია, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის და ამ პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულებების უფლება-მოვალეობების განსაზღვრა. მუხლი 2🔗. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის წარმართვისა და მონიტორინგის წესს, ამ პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულებების უფლებამოსილებებსა და მათი კოორდინირებული მუშაობისთვის საჭირო პროცედურებს. 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება არასრულწლოვანზე, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, და რომელსაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია 14 წელი. 3. ეს კანონი არ აუქმებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, ბავშვის უფლებათა კოდექსითა და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებს. 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ არასრულწლოვანზე, თუ მას პროკურორის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრში გადამისამართებამდე შეუსრულდა 14 წელი. 5. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანზე, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრში გადამისამართებულ იქნა 14 წლის ასაკის მიღწევამდე, აგრეთვე კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანზე ამ კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტით, მე-18 მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებითა და 22-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და იმავე მუხლების იმავე პუნქტებით განსაზღვრული ვადით. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი – არასრულწლოვანი, რომლის მიმართაც პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, და რომელსაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია 14 წელი; ბ) კანონიერი წარმომადგენელი – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის 18 წლის ასაკს მიღწეული ახლო ნათესავი, აგრეთვე მეურვე, მზრუნველი, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინტერესების დასაცავად მონაწილეობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში და სარგებლობს არასრულწლოვანის უფლებებით, გარდა იმ უფლებებისა, რომლებითაც, თვით ამ უფლებების ბუნებიდან გამომდინარე, მხოლოდ არასრულწლოვანმა შეიძლება ისარგებლოს; გ) ახლო ნათესავი − კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მშობელი, მშვილებელი, მინდობით აღმზრდელი, პაპა, ბებია, და, ძმა; დ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი (შემდგომ − ცენტრი) – ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დებულებას ამტკიცებს და რომლის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი; ე)  მულტიდისციპლინური ჯგუფი – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მიზნის მისაღწევად რელევანტური სახელმწიფო უწყებების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებისგან (ექიმი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, განათლების სპეციალისტი, იურისტი და სხვა) შემდგარი ჯგუფი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ, სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების თაობაზე და ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; ვ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი – იმ ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც მიმართულია არასრულწლოვანის ფიზიკური, გონებრივი და სოციალური განვითარებისკენ და ეხმარება მას საზოგადოებაში ინტეგრაციაში; ზ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რეაბილიტაციის და სხვა ინტერესები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ბავშვის უფლებათა კოდექსის, და არასრულწლოვანის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, ასევე მისი მოსაზრების გათვალისწინებით; თ) არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლი – ცენტრის სტრუქტურული ერთეული, სადაც ამ კანონის IV თავის შესაბამისად ხორციელდება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ღონისძიებები. თავი II კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პრინციპები მუხლი 4🔗. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები. მუხლი 5🔗. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ჰარმონიული განვითარების უფლება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარების უფლება აქვს. მუხლი 6🔗. თანაზომიერება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიმართ გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედების თანაზომიერი, რომლის ჩადენის თაობაზედაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი. გამოყენებული ღონისძიება აგრეთვე უნდა შეესაბამებოდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის პიროვნებას, ასაკს, საგანმანათლებლო, სოციალურ და სხვა საჭიროებებს. მუხლი 7🔗. ყველაზე მსუბუქი ღონისძიების პრიორიტეტულობა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიმართ პირველ რიგში განიხილება შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების გარეშე. გადამისამართება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ უკიდურეს ღონისძიებად იმ შემთხვევაში, თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის განთავსების გარეშე შეუძლებელია, და მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მიზნის მისაღწევად. მუხლი 8🔗. დისკრიმინაციის აკრძალვა აკრძალულია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაცია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნიშნით/ნიშნებით. მუხლი 9🔗. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონაწილეობა 1. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში უშუალოდ ან/და კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის უფლება აქვს. მას აგრეთვე უფლება აქვს, მოუსმინონ და გაითვალისწინონ მისი მოსაზრებები ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. 2. თუ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა ენიჭება იმ მოთხოვნას, რომელიც მეტად შეესაბამება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს. მუხლი 10🔗. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის გაჭიანურების დაუშვებლობა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი ყოველგვარი გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე უნდა მიმდინარეობდეს. მუხლი 11🔗. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისადმი ინდივიდუალური მიდგომა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება მისი ინდივიდუალური მახასიათებლები: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. მუხლი 12🔗. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების დაცულობა 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე უზრუნველყოფილია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების დაცულობა. 2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. დაუშვებელია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემების გამჟღავნება, გარდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თავი III კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემა მუხლი 13🔗. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ეტაპები 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ცენტრში გადამისამართება; ბ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება; გ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვა; დ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფა და განვითარება; ე) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობის მონიტორინგი; ვ) შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელება; ზ) ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება. 2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიმართ შეწყდება ამ კანონით განსაზღვრული პროცედურების განხორციელება, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე ეტაპზე გამოვლინდება მისი ქრონიკული ან დროებითი ფსიქიკური აშლილობა, გონებრივი განვითარების შეფერხება ან სხვაგვარი ფსიქიკური აშლილობა, რის გამოც მას არ შეუძლია თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათის ან მართლწინააღმდეგობის გაცნობიერება ან მისთვის ხელმძღვანელობა. ასეთ შემთხვევაში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი გადაწყდება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 14🔗. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემაში მონაწილე უწყებები/დაწესებულებები და მათი ფუნქციები 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემა აერთიანებს: ა) ცენტრს; ბ) საქართველოს პროკურატურას; გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გამოძიების ორგანოებს; დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო); ე) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მისი მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს/სკოლებს. 2. ცენტრი: ა) წარმართავს და კოორდინაციას უწევს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესს; ბ) ამუშავებს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან დაკავშირებით მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, აფასებს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ გარემოებებსა და საჭიროებებს; გ) ახდენს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ჩართვას შესაბამის სერვისში/პროგრამაში; დ) შეიმუშავებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემის ეფექტიანობისთვის საჭირო სერვისების/პროგრამების კონცეფციებს; ე) უზრუნველყოფს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლისთვის შესაბამისი მხარდამჭერი კონსულტაციის გაწევას; ვ) ხელს უწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის ჩართვას არსებულ სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერ სერვისებში; ზ) ახორციელებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც ახორციელებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ შესაბამისი სერვისის/პროგრამის შესრულების ზედამხედველობასა და მის მიერ მიღწეული შედეგების შეფასებას, აგრეთვე კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანზე დაკვირვებას შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდგომ; თ) აანალიზებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მიღებულ მონაცემებს, ამზადებს შესაბამის ყოველწლიურ ანგარიშებს და აქვეყნებს პერსონალური მონაცემების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით; ი) უზრუნველყოფს ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 3. პროკურორი უზრუნველყოფს: ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ცენტრში გადამისამართებას; ბ) ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გამოძიების ორგანოები უზრუნველყოფენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას. 5. სააგენტო: ა) ცენტრის მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისთვის წარმომადგენლის დანიშვნას; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ალტერნატიული ზრუნვის მიზნით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებას; გ) უზრუნველყოფს ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 6. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები/სკოლები უზრუნველყოფენ: ა) არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობას; ბ) ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. თავი IV კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი მუხლი 15🔗. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის დაწყება 1. 14 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანს, რომლის მიმართაც პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, პროკურორი სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გადაამისამართებს ცენტრში. 2. პროკურორი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ცენტრში გადამისამართების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ამ არასრულწლოვანსა და მის კანონიერ წარმომადგენელს/წარმომადგენელს. 3. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ცენტრში გადამისამართების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ინფორმაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღისა, უკავშირდება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს მასთან შეხვედრის ან/და გასაუბრების მიზნით. 4. თუ ცენტრმა ვერ მოახერხა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის დადგენა ან/და მისი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვება, ცენტრს უფლება აქვს, კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის დასადგენად ან/და მისი საკონტაქტო ინფორმაციის მოსაპოვებლად მიმართოს სხვა კომპეტენტურ უწყებას. 5. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის დადგენის ან/და მისი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, აგრეთვე თუ კანონიერი წარმომადგენელი უარს ამბობს ცენტრთან კომუნიკაციაზე/თანამშრომლობაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს ცენტრს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში, ცენტრი მიმართავს სააგენტოს. ამ მიმართვის საფუძველზე სააგენტო დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს წარმომადგენლის დანიშვნას. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ დანიშნული წარმომადგენელი ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის სახელით და მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად. წარმომადგენელი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებითაც სარგებლობს კანონიერი წარმომადგენელი. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში ცენტრი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის შემდგომი ეტაპების კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე. 8. წარმომადგენელი უფლებამოსილია: ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე გამოთქვას მოსაზრება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საჭიროებების შესახებ; ბ) ურთიერთობა ჰქონდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ახლო ნათესავთან, ადვოკატსა და მეგობართან; გ) კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს აცნობოს ჯანმრთელობის დაცვის, ფსიქოლოგიური ან სოციალური მომსახურებისა და მისი მიღების ხელმისაწვდომი საშუალებების შესახებ; დ) კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს მიაწოდოს ინფორმაცია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ნებისმიერი ეტაპის შესახებ; ე) კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს მიაწოდოს ინფორმაცია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის,  რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის შესახებ; ვ) განახორციელოს სხვა მოქმედებები კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის დასახმარებლად. 9. კანონიერი წარმომადგენლის მიერ ცენტრთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ან/და ცენტრისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში სხვაგვარად ხელის შეშლა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. 10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას, გარდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართებისა. 11. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ყველა ეტაპზე საჭიროების შემთხვევაში სარგებლობს თარჯიმნის მომსახურების უფასოდ მიღების უფლებით. 12. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ყველა ეტაპზე სარგებლობს სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მიღების უფლებით. მუხლი 16🔗. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესახებ ინფორმაციის მიღება 1. ცენტრი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესახებ ინფორმაციას იღებს პროკურორისგან, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისა და მისი კანონიერი წარმომადგენლისგან. ცენტრს უფლება აქვს, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან/მის კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაცია განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, აგრეთვე შეხვედრის მიზნით დაიბაროს ისინი ცენტრში ან/და მივიდეს მათ საცხოვრებელ ადგილას. 2. ცენტრს უფლება აქვს, ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლების განსახორციელებლად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების, მისაღებად მიმართოს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გამოძიების ორგანოს ან/და სხვა ისეთ პირს ან დაწესებულებას, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ცხოვრების, მართლსაწინააღმდეგო ქცევის ისტორიის, აღზრდისა და განვითარების პირობების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოჯახური ვითარების თაობაზე, აგრეთვე სხვა ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მახასიათებლების შესახებ, რომლებიც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი პირი/უწყება/დაწესებულება ვალდებულია ცენტრს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია. მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. 3. ცენტრს უფლება აქვს, ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლების განსახორციელებლად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის მისაღებად მივიდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, გაესაუბროს ამ დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს, მათ შორის, დაწესებულების დირექტორს, მასწავლებელსა და მანდატურს. მუხლი 17🔗. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვა 1. ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ცენტრში გადამისამართების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა ამზადებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომელიც განსაზღვრავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და საჭიროებებს. 2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში აისახება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მახასიათებლები, მათ შორის, ინფორმაცია ამ არასრულწლოვანის ფიზიკური, ემოციური, კოგნიტური განვითარებისა და ქცევითი თავისებურებების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, განათლების, სპორტული, შემოქმედებითი, სახელოვნებო ან სხვა კულტურული საქმიანობის, ოჯახის, საცხოვრებელი გარემოს შესახებ და სხვა საჭირო ინფორმაცია. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში აგრეთვე აისახება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის განსაკუთრებული საჭიროებების, ქცევის თავისებურებების, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის რისკისა და, შესაბამისად, ამ არასრულწლოვანის სათანადო განვითარების, მისი სოციალიზაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის საჭირო სერვისის/პროგრამის შესახებ ინფორმაცია. 3. ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს წარუდგენს მულტიდისციპლინურ ჯგუფს, რომელიც ამ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საჭიროებებზე მორგებულ სერვისს/პროგრამას, მისი შესრულების დროში გაწერილ ინდივიდუალურ გეგმას და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ. 4. მულტიდისციპლინური ჯგუფი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების პროცესში აგრეთვე განიხილავს და წყვეტს, ვინ უნდა უზრუნველყოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონაწილეობა შესაბამის სერვისში/პროგრამაში. 5. თუ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია უზრუნველყოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონაწილეობა შესაბამის სერვისში/პროგრამაში და ეს არ ეწინააღმდეგება ამ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს, პრიორიტეტულად განიხილება კანონიერი წარმომადგენლის მიერ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობის უზრუნველყოფა. 6. თუ კანონიერი წარმომადგენელი ვერ უზრუნველყოფს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობას და კანონიერ წარმომადგენელთან ცხოვრება ეწინააღმდეგება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს, მულტიდისციპლინურ ჯგუფს უფლება აქვს, მიმართოს სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალტერნატიული ზრუნვის მიზნით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის სახელმწიფო ზრუნვაში განსათავსებლად კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ შესაბამისი სერვისის/პროგრამის შესრულებისთვის საჭირო ვადით. ამ შემთხვევაში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ შესაბამისი სერვისის/პროგრამის განხორციელების უზრუნველსაყოფად სააგენტო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ყველა შესაძლო ღონისძიებას. 7. მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სერვისში/პროგრამაში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონაწილეობის საერთო ვადა არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები და 12 თვეზე მეტი. ეს ვადა, საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით, ყოველ ჯერზე შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 თვით. 8. კანონთან კონფლიქტში მყოფი 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვანი, რომელსაც მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სერვისის/პროგრამის შესრულებისას 14 წელი შეუსრულდა, შესაბამის სერვისში/პროგრამაში შეიძლება ჩართული იყოს მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. ამ ვადის გაგრძელება მისი ამოწურვის შემდეგ დაუშვებელია. 9. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისთვის შესაბამისი სერვისის/პროგრამის განსაზღვრისას ამ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების, ინდივიდუალური საჭიროებებისა და მახასიათებლების გათვალისწინებით, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით შეიძლება განისაზღვროს შესაბამის სერვისში/პროგრამაში კანონიერი წარმომადგენლის ან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის სხვა წევრის ჩართულობა. 10. ამ მუხლით განსაზღვრულ მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებათა შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმომადგენელს და პირს/დაწესებულებას/უწყებას, რომლის მიერ ორგანიზებულ სერვისში/პროგრამაში უნდა ჩაერთოს ეს არასრულწლოვანი, აგრეთვე სააგენტოს, თუ იგი ჩართულია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში. 11. მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად. 12. მულტიდისციპლინური ჯგუფის შემადგენლობას და საქმიანობის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მულტიდისციპლინური ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს ცენტრი. მუხლი 18🔗. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის მონიტორინგი 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ შესაბამისი სერვისის/პროგრამის შესრულებას ზედამხედველობს და მის მიერ მიღწეულ შედეგებს აფასებს ცენტრი. 2. ნებისმიერი პირი/დაწესებულება/უწყება, რომლის მიერ ორგანიზებულ სერვისში/პროგრამაში მონაწილეობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი პერიოდულობითა და ფორმით უზრუნველყოფს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონაწილეობისა და მის მიერ მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაციის ცენტრისთვის მიწოდებას. 3. ცენტრი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი პირის/დაწესებულების/უწყების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი ესწრება შესაბამისი სერვისის/პროგრამის მიმდინარეობის პროცესს და გაესაუბრება შესაბამისი სერვისის/პროგრამის მიწოდებისთვის პასუხისმგებელ პირს, დაწესებულების/უწყების წარმომადგენელს, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანსა და მის კანონიერ წარმომადგენელს. 4. ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულებამდე, პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ, ხვდება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე მის კანონიერ წარმომადგენელს, და განიხილავს შესაბამისი სერვისის/პროგრამის მიმდინარეობას, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ მიღწეულ შედეგებს, შესაბამის სერვისში/პროგრამაში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონაწილეობისა და სხვა მონაწილე პირების მიერ აღმოჩენილი დახმარების ეფექტიანობას, შესაძლო დამატებით საჭიროებებსა და სხვა შესაბამის საკითხებს. 5. ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე ამზადებს მონიტორინგის ყოველთვიურ და საბოლოო ანგარიშებს, რომლებშიც შეაქვს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია, მის მიერ მიღწეული შედეგები, შესაბამისი სერვისის/პროგრამის გავლენა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანზე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის დამატებითი საჭიროებები და დამატებითი სერვისი/პროგრამა, რომელში ჩართვასაც შეიძლება საჭიროებდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი. 6. ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ მონიტორინგის ყოველთვიურ და საბოლოო ანგარიშებს წარუდგენს მულტიდისციპლინურ ჯგუფს. მულტიდისციპლინურ ჯგუფს უფლება აქვს, მონიტორინგის შესაბამისი ანგარიშებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრების საფუძველზე შეცვალოს სერვისი/პროგრამა და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ჩართოს სხვა სერვისში/პროგრამაში. ამ გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმომადგენელს და პირს/დაწესებულებას/უწყებას, რომლის მიერ ორგანიზებულ სერვისში/პროგრამაში უნდა ჩაერთოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი, აგრეთვე სააგენტოს, თუ იგი ჩართულია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში. 7. ცენტრი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონიტორინგის განხორციელებას აგრძელებს შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ 1 წლის განმავლობაში. ცენტრს უფლება აქვს, მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია მოიპოვოს ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით. ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე ამზადებს მონიტორინგის კვარტალურ და საბოლოო ანგარიშებს, რომლებსაც წარუდგენს მულტიდისციპლინურ ჯგუფს. შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ 1 წლის განმავლობაში მონიტორინგის წესი ვრცელდება აგრეთვე კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანზე არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დატოვების შემდეგ. 8. მულტიდისციპლინურ ჯგუფს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მონიტორინგის შედეგებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად კვლავ უზრუნველყოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ჩართვა შესაბამის სერვისში/პროგრამაში. 9. ამ კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტითა და 22-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის ვადის დასრულების შემდეგ მონიტორინგის შედეგებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინურ ჯგუფს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად კვლავ უზრუნველყოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ჩართვა შესაბამის სერვისში/პროგრამაში არაუმეტეს 6 თვემდე ვადით. 10. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის მონიტორინგის წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მუხლი 19🔗. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის მიერ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული კანონიერი წარმომადგენლის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. ამასთანავე, ცენტრის მომართვის საფუძველზე სააგენტო გამოყოფს თანამშრომელს, რომელიც შესაბამისი სერვისის/პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად ცენტრთან ერთად აქტიურად იწყებს მუშაობას კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანსა და მის კანონიერ წარმომადგენელთან. თუ აღნიშნულის მიუხედავად, კანონიერი წარმომადგენელი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებას კვლავ არ ასრულებს, სააგენტო ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ალტერნატიული ზრუნვის მიზნით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის სახელმწიფო ზრუნვაში განსათავსებლად ან მიმართავს ცენტრს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასაწყებად. 3. ცენტრის ამ კანონითა და ცენტრის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად ცენტრის თავმჯდომარე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას. მუხლი 20🔗. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლი 1. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლი არის მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულება, რომელშიც ინტენსიური თერაპიული მუშაობითა და კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანზე მორგებული შესაბამისი ინფრასტრუქტურით შექმნილია ყველა პირობა მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფის, საგანმანათლებლო, სარეაბილიტაციო და მხარდაჭერის მიზნების მისაღწევად. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ყოფნის პირობები მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს საოჯახო გარემოსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლისთვის არსებულ გარემოსთან, ამ კანონით გათვალისწინებული სერვისებისა და პროგრამების მიზნების მიღწევის თავისებურებების გათვალისწინებით. 2. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში უზრუნველყოფილი უნდა იყოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო და ფსიქოსოციალური დახმარების სერვისები, აგრეთვე საგანმანათლებლო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი და სხვა კულტურული ღონისძიებების განხორციელებისთვის აუცილებელი პირობები. 3. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში დანერგილი უნდა იყოს სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამები. 4. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანები ერთმანეთისგან განცალკევებით უნდა მოთავსდნენ: ა) მათი სქესის (მდედრობითი სქესისა და მამრობითი სქესის) გათვალისწინებით; ბ) განსხვავებული ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით; გ) ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე გამოკვეთილი მკვეთრად განსხვავებული სერვისის/პროგრამის განხორციელების საჭიროების გათვალისწინებით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის მიუხედავად, სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სპორტულ და სხვა ღონისძიებებში სხვადასხვა სქესის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანები შეიძლება ერთად მონაწილეობდნენ. 6. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თავმჯდომარე. 7. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი სერვისი/პროგრამა, რომლითაც სარგებლობის შესაძლებლობა ექნება კანონთან კონფლიქტში მყოფ იმ არასრულწლოვანსაც, რომელიც გადამისამართებული არ იქნება არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში. 8. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებულ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს უფლება აქვს, თავისუფლად გადაადგილდეს არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის ტერიტორიაზე ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად. 9. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს მისი ქცევისა და მის მიერ მიღწეული დადებითი შედეგების გათვალისწინებით, მისი მოტივირების მიზნით და მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დირექტორის ან მის მიერ განსაზღვრული პირის, აგრეთვე მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული გადამისამართების ვადის ამოწურვამდე შეიძლება მიეცეს უფლება, კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით დროებით დატოვოს არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლი. 10. მულტიდისციპლინური ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე ცენტრს უფლება აქვს, არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელთან/კანონიერ წარმომადგენლებთან დადოს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციის მიზნებიდან გამომდინარე, კანონიერ წარმომადგენელს/კანონიერ წარმომადგენლებს განესაზღვრება/ განესაზღვრებათ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონახულების დამატებითი დრო. კანონიერი წარმომადგენლის/კანონიერი წარმომადგენლების მიერ აღნიშნული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ცენტრს უფლება აქვს, ცალმხრივად გააუქმოს ეს ხელშეკრულება. 11. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დროებით დატოვების წესს, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონახულების საათებსა და პროცედურას, აგრეთვე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 12. საქართველოს იუსტიციის მინისტრი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით განსაზღვრავს არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და სხვა კანონიერი ინტერესების განხორციელებისა და დაცვის პირობებს. 13. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს − ბრძანებებს. 14. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დებულებას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მუხლი 21🔗. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების მიზანია მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რეაბილიტაცია და მხარდაჭერა. 2. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის გადამისამართება ემსახურება მისი უფლებების დაცვას და არ წარმოადგენს მისი დასჯის ღონისძიებას. 3. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში დასაშვებია 10 წლიდან 14 წლამდე ასაკის კანონთან კონფლიქტში მყოფი იმ არასრულწლოვანის გადამისამართება, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება 10 წლიდან 14 წლამდე ასაკში ჩაიდინა. 4. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით მხოლოდ, როგორც უკიდურესი ღონისძიება, იმ შემთხვევაში, თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის განთავსების გარეშე შეუძლებელია, და მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მიზნის მისაღწევად. 5. დაუშვებელია არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის გადამისამართება, თუ მას აქვს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვა. მუხლი 22🔗. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების საფუძველი და წესი 1. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის გადამისამართების საფუძველია შემდეგი გარემოებები: ა) ალტერნატიული ზრუნვის მიზნით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი განთავსებულია სახელმწიფო ზრუნვაში და შესაბამისი სერვისი/პროგრამა ვერ სრულდება; ბ) არსებობს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომართვა; გ) პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შემდეგ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლისთვისაც გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას; დ) პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფმა არასრულწლოვანმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლისთვისაც გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას (მიუხედავად იმისა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ჩართულია თუ არა შესაბამის სერვისში/პროგრამაში). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას არ გამოიყენება ამ კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის ღონისძიება. 3. მულტიდისციპლინური ჯგუფი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადაში განსაზღვრავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისთვის საჭირო სერვისს/პროგრამას, მისი შესრულების დროში გაწერილ ინდივიდუალურ გეგმას და სასამართლოს შუამდგომლობას წარუდგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების საფუძვლის, საჭირო სერვისის/პროგრამისა და მისი შესრულების დროში გაწერილი ინდივიდუალური გეგმის შესახებ ინფორმაცია. 4. სასამართლოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი შესაბამის სერვისში/პროგრამაში ერთვება ამ კანონის მე-17 მუხლით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესი. 5. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება დასაშვებია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების უზრუნველსაყოფად აუცილებელი შესაბამისი ვადით, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა. ეს ვადა მულტიდისციპლინური ჯგუფის მომართვის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს საჭიროებისამებრ, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი შესაბამისი ვადით, ყოველ ჯერზე არაუმეტეს 6 თვით. ამ ვადის გაგრძელების საჭიროებას მულტიდისციპლინური ჯგუფი განიხილავს ამ კანონის 24-ე მუხლით დადგენილი წესით. 6. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 7. კანონთან კონფლიქტში მყოფი 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვანი, რომელსაც არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნისას შეუსრულდა 14 წელი, არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში შეიძლება იმყოფებოდეს მოსამართლის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. ამ ვადის გაგრძელება მისი ამოწურვის შემდეგ დაუშვებელია. მუხლი 23🔗. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო ალტერნატიული ზრუნვის მიზნით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების შემთხვევაში − სააგენტო. კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს ცენტრის უფლებამოსილი პირი. 2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას გადაწყვეტილების აღმასრულებელ პირს უფლება აქვს, მისთვის ამ გადაწყვეტილების აღსრულებაში ხელის შეშლის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები. მუხლი 24🔗. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების ვადის გადასინჯვა და გაგრძელება 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის უფლებამოსილი პირი საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მიმართავს მულტიდისციპლინურ ჯგუფს და წარუდგენს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ მიღწეული დადებითი შედეგების, არსებული სირთულეებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციას. 2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის პერიოდში ნებისმიერ დროს, თუ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ყოფნა არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში აუცილებელი აღარ არის მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მიზნის მისაღწევად, არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის უფლებამოსილი პირი შესაბამისი გარემოების გამოვლენისთანავე მიმართავს მულტიდისციპლინურ ჯგუფს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. 3. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანსა და სხვა პირებთან გასაუბრების, საფუძველზე მულტიდისციპლინური ჯგუფი აფასებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ მიღწეულ დადებით შედეგებს, არსებულ სირთულეებს, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საჭიროებებს, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის აუცილებლობას და მისთვის მიმართვიდან გონივრულ ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში დასრულების შესახებ; ბ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში დასრულების და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ; გ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განხორციელების ვადის არაუმეტეს 6 თვით გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მულტიდისციპლინური ჯგუფი სასამართლოს წარუდგენს შუამდგომლობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის ვადის გაგრძელების საჭიროების, საჭირო სერვისის/პროგრამისა და მისი შესრულების დროში გაწერილი ინდივიდუალური გეგმის შესახებ ინფორმაცია. მუხლი 25🔗. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დატოვება 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ტოვებს არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლს, თუ ამოიწურა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა და ეს ვადა სასამართლომ არ გააგრძელა, აგრეთვე ამ კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ტოვებს არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლს, თუ მას შეუსრულდა 14 წელი, გარდა ამ კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თავი V არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის განათლება მუხლი 26🔗. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის განათლება 1. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლი ვალდებულია შექმნას პირობები, რათა არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებულმა კანონთან კონფლიქტში მყოფმა არასრულწლოვანმა მიიღოს ზოგადი განათლება. 2. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, რომელმაც არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, უნდა შეექმნას პირობები მის შესასწავლად. მუხლი 27🔗. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ზოგადი განათლება 1. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებულ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამით. ეს პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევას. ამ პროგრამაზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და საათობრივი ბადე. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ უზრუნველყოფილი უნდა იყოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელება. 3. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესით. თავი VI კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე პირი მუხლი 28🔗. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე პირის სპეციალიზაცია 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე პირს, მათ შორის, არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის ყველა თანამშრომელს, გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური სწავლება არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში. 2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე პირის, მათ შორის, არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის ყველა თანამშრომლის, სპეციალიზაციის სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო მოსამართლის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. პირი, რომელსაც გავლილი აქვს ბავშვის უფლებათა კოდექსით ან/და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული სპეციალიზაცია, ამ კანონის მიზნებისთვის ითვლება სპეციალიზებულ პირად. თავი VII გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 29🔗. გარდამავალი დებულებები 1. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს მულტიდისციპლინური ჯგუფის შემადგენლობის და საქმიანობის წესის დამტკიცება. 2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით და საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში 2026 წლის 1 მაისამდე უზრუნველყონ ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღება. 3. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს ცენტრისა და არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის ფუნქციონირებისთვის საჭირო სათანადო ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელების გეგმის დამტკიცება. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა უზრუნველყონ ამ მუხლის  მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გეგმის შესრულება. 5. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2026 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს: ა) ცენტრის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება; ბ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის წესის დამტკიცება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად უნდა ითვალისწინებდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის მონიტორინგის წესს, აგრეთვე იმ პირის/დაწესებულების/უწყების მიერ ცენტრისთვის ინფორმაციის მიწოდების პერიოდულობასა და ფორმას, რომლის მიერ ორგანიზებულ სერვისში/პროგრამაში მონაწილეობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი; გ) ცენტრის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნა. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედებისთანავე ცენტრის თავმჯდომარემ უზრუნველყოს ცენტრის მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების დადება. 7. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2026 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დებულების დამტკიცება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად უნდა ითვალისწინებდეს: ა) არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და სხვა კანონიერი ინტერესების განხორციელებისა და დაცვის პირობებს; ბ) არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დროებით დატოვების წესს, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონახულების საათებსა და პროცედურას, აგრეთვე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებებს; გ) არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის უფლებამოსილი პირის მიერ მულტიდისციპლინური ჯგუფისთვის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ მიღწეული დადებითი შედეგების, არსებული სირთულეებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესს. 8. ცენტრის თავმჯდომარემ 2026 წლის 1 ივლისამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ცენტრის ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცება, ხოლო ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედებისთანავე: ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით უზრუნველყოს არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა; ბ) უზრუნველყოს არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების დადება. 9. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა 2026 წლის 1 სექტემბრამდე ერთობლივი ბრძანებით დაამტკიცონ არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების წესი. 10. საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 11. ამ პუნქტის ამოქმედებამდე მიმდინარე კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებული საქმეების წარმოება (კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცედურები) გაგრძელდეს ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის მიზნებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა უზრუნველყოს ცენტრისთვის ამ კანონით გათვალისწინებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების საქმეებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემა. 13. ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, „არასრულწლოვანთა რეფერირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №681 დადგენილებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსის მიერ გამოცემული ბრძანებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ იმავე საკითხზე ბრძანებების გამოცემამდე. მუხლი 30🔗. დასკვნითი დებულებები 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−28-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლები, მე-3 მუხლი (გარდა ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა), მე-4−მე-6 და მე-8−მე-12 მუხლები, მე-13 მუხლი (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა), მე-14 მუხლი (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა), მე-15−მე-19 მუხლები და 28-ე მუხლი (გარდა არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის თანამშრომლების სპეციალიზაციის მოთხოვნის ნაწილისა) ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან. 3. ამ კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი, მე-7 მუხლი, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, მე-20−25-ე მუხლები და 28-ე მუხლი არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის თანამშრომლების სპეციალიზაციის მოთხოვნის ნაწილში ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.  4. ამ კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 26-ე და 27-ე მუხლები ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1258-IVმს-XIმპ