სს - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.12.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
ძალის დაკარგვა 31.12.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.025505 190
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/12/2025
📖 ტერმინთა განმარტებები (22)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
შპს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და შპს ფოთი თიზ კომუნალური მართვა თზკ-ის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ შპს გარდაბნის თბოსადგურ 2-ის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ შპს საქართველოს ფოსტის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სს - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №611
2025 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
სს – საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედების ვადად განისაზღვროს ამოქმედებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სს – საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესი (შემდგომ – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს ამ წესით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების წესს.
2. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება და შემსყიდველის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შემსყიდველი – სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (ს/ნ: 204995176), რომელიც თავისი საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის მიერ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისთვის დადგენილი ამ წესით;
ბ) შესყიდვა – შემსყიდველის მიერ ამ წესის №1 დანართითა და №2 დანართით განსაზღვრული საქონლისა ან/და მომსახურების შესყიდვა;
გ) პირდაპირი შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
დ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალი – https://tenders.procurement.gov.ge;
ე) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – ამ წესის დანართებით გათვალისწინებული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მიზნებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერმინი – „ტენდერი“);
ვ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის პირობები (შემდგომ – პროცედურის პირობები) – შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ განცხადებითა და დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაცია შესყიდვის შესახებ, აგრეთვე შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის მიმართ კომისიის მიერ დადგენილი პირობების/მოთხოვნების ერთობლიობა;
ზ) პრეტენდენტი – პირი, რომელიც მონაწილეობს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში;
თ) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც დადებულ იქნა ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;
ი) წინადადების უზრუნველყოფის გარანტია – წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი გარანტირების მექანიზმი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1%-ის ოდენობით, ხოლო პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდვის შემთხვევაში, სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ის ოდენობით;
კ) წინადადების ფასი – ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების ფასი, რომელსაც პრეტენდენტი უთითებს სისტემის შესაბამის ველში;
ლ) წინადადების ფასის კლების ბიჯი – შემსყიდველის მიერ შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული თანხა, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.4%-დან 2%-მდე ოდენობით (შემდგომ– ბიჯი);
მ) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში შემსყიდველის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული წინადადების ფასი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი/დოკუმენტები;
ნ) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ განცხადებითა და დოკუმენტაციით;
ო) ელექტრონული ვაჭრობა – ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია, შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით. ელექტრონული ვაჭრობა მოიცავს ძირითად დროსა და დამატებით რაუნდებს, სისტემით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, ელექტრონული პროცედურა შესაძლებელია, არ მოიცავდეს ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს;
პ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი – ადმინისტრაციული ორგანოდან წარსადგენი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს შესყიდვის ელექტრონული პროცედურის პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტის მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვა);
ჟ) კომისია – შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც ახორციელებს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას, ასევე უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პირდაპირი შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
რ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგით – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილე ყველა პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას;
ს) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა არშემდგარად, როდესაც არცერთმა პრეტენდენტმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში;
ტ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი დასაბუთებული სხდომის ოქმი;
უ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება;
ფ) შავი სია – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი;
ქ) სისტემის „CMR“ მოდული – ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის წარდგენისათვის სისტემაში განსაზღვრული მოდული (შემდგომ – CMR ).
მუხლი 3🔗. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები
1. შემსყიდველი უფლებამოსილია:
ა) ამ წესის დაცვით, შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომ – ხელშეკრულება);
ბ) ამ წესის შესაბამისად, მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;
გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე შემსყიდველის საქმიანობის მიზნებიდან ან/და ინტერესებიდან გამომდინარე;
დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები მცდარი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობითა და მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისას.
2. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) რაციონალურად, მათ შორის, ეკონომიურად, პროდუქტიულად და ეფექტიანად განახორციელოს შესყიდვები, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება;
გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, სისტემაში ატვირთოს შესაბამისი გადაწყვეტილების დასაბუთებული სხდომის ოქმი. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები;
დ) არ დადოს ხელშეკრულება შავ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელთან.
მუხლი 4🔗. შესყიდვის საშუალებები
1. ამ წესის დანართებით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით ან/და პირდაპირი შესყიდვის საშუალებით.
2. შემსყიდველის მიერ პირდაპირი შესყიდვის საშუალებით შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს, თუ შესყიდვის შესახებ ერთჯერადად დასადები ხელშეკრულების ღირებულება არ აღემატება 50 000 ლარს, გარდა ამ დადგენილების დანართებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
მუხლი 5🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები
1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება შესყიდვასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობებს:
ა) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის წინადადების განხილვას, შერჩევასა და შეფასებას;
ბ) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას;
გ) მიმწოდებლის შერჩევას პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა.
მუხლი 6🔗. შესყიდვების დაგეგმვა
1. ამ წესის დანართებით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ამ წესის შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრული და შემსყიდველის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით დამტკიცებული გეგმის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმა რეგისტრირდება სისტემაში და უნდა შეიცავდეს:
ა) შესყიდვის ობიექტის დასახელებას;
ბ) შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას;
გ) შესყიდვის საშუალებას;
დ) შესყიდვის განხორციელების პერიოდს (მითითებას შესაბამის კვარტალზე);
ე) დაფინანსების წყაროს.
3. ყოველი შესყიდვის განხორციელებამდე სავალდებულოა ბაზრის კვლევის ჩატარება, რომელიც, თავის მხრივ, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების შესაბამისად.
მუხლი 7🔗. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას განსაზღვრავს და ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველის ხელმძღვანელი.
2. კომისია მოქმედებს შემსყიდველის სახელით.
3. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.
4. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისიის გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას.
6. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. ოქმი ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში ხელმოწერისთანავე. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებითა და შეცვლილი ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით.
7. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერის/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით.
მუხლი 8🔗. კომისიის აპარატი
1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომ − აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. აპარატის ფუნქცია არის შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციისა და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის უზრუნველყოფა.
3. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურასთან დაკავშირებით.
4. აპარატი ვალდებულია, ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტისა და ინფორმაციული მასალის შენახვა უზრუნველყოს ხელშეკრულების დადებიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.
მუხლი 9🔗. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ
1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომ − განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით.
2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 (სამი) სამუშაო დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან არანაკლებ 3 (სამი) დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპითა და ბიჯის გათვალისწინებით.
3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) განცხადების ნომერი;
ბ) შემსყიდველის დასახელება;
გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;
დ) წინადადებების მიღების, დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;
ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება (თუ შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ტარდება პრეისკურანტის საფუძველზე – მითითება პრეისკურანტის სავარაუდო და შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებებზე);
ვ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით, თუ მის გარეშე;
ზ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა;
თ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა;
ი) ბიჯის ოდენობა.
4. განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის ან შესყიდვის ელექტრონულ პროცედურასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
5. განცხადების სისტემაში განთავსებისათვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში.
6. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, განცხადება და დოკუმენტაცია შესაძლებელია, განთავსდეს დამატებით ინგლისურ ენაზეც. თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, მათი ინგლისურ ენაზე განთავსება სავალდებულოა.
მუხლი 10🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა
1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) იმ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;
გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სრულ აღწერას, მათ შორის, გეგმებს, ნახაზებს, ესკიზებს (მათი არსებობის შემთხვევაში), ინფორმაციას ხარისხის, ფუნქციონირების, უსაფრთხოების, ზომების, შეფუთვის, ნიშანდებისა და მარკირების, წარმოების მეთოდისა და პროცესის, სიმბოლოების, ტერმინების, შემსყიდველის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნების შესახებ და სხვა;
დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადადების ღირებულება იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);
ე) მითითებას ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების წარდგენის შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
ვ) ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) მითითებას წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი გარანტიის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ.
2. კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებითა და შეცვლილი დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება.
მუხლი 11🔗. ტექნიკური მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი
1. შემსყიდველი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი და შესყიდვის ობიექტი.
2. პრეტენდენტთა მიმართ მოთხოვნები შესაძლებელია, დადგინდეს მათი ცოდნის, გამოცდილების, სანდოობის, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების შეფასების მიზნით.
3. შემსყიდველი უფლებამოსილია, მოითხოვოს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტის/დოკუმენტების წარდგენა, თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტის/დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, რაც უნდა დასაბუთდეს შესყიდვის ელექტრონული პროცედურის პირობებში. ასეთ შემთხვევაში, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე.
4. კომისია ვალდებულია, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები და სხვა მაჩვენებლები შეუსაბამოს საერთაშორისო ან საქართველოს სტანდარტებს. კომისია ვალდებულია, მიუთითოს შესაბამისი გამოყენებული სტანდარტი (არსებობის შემთხვევაში). დაუშვებელია სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალება არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში, აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ტერმინი „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“ და სხვა.
5. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას და ვადას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას, ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია და/ან მისი ბუნებიდან გამომდინარე დაბრუნება შეუძლებელია.
მუხლი 12🔗. წინადადების წარდგენა
1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება, წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე.
2. წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას.
3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის მიერ ატვირთული უნდა იქნეს შესყიდვის ელექტრონული პროცედურების პირობებით განსაზღვრული ყველა დოკუმენტი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან/და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.
5. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით გათვალისწინებულია წინადადების ფასის დღგ-ის გარეშე წარდგენა, პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის დღგ-ის შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
6. ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 13🔗. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია
1. პრეტენდენტი ვალდებულია ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტია, ერთ-ერთი ქვემოთ მითითებული წესითა და ფორმით:
ა) პროცედურის პირობებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადახდითა და აღნიშნულის დამადასტურებელი ქვითრის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად წარდგენით;
ბ) საბანკო გარანტიით, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული საბანკო/სადაზღვევო დაწესებულებიდან.
2. წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ბენეფიციარია შემსყიდველი.
3. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ მოითხოვოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტია.
4. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია დაბრუნებას ექვემდებარება შესაბამისი ხელშეკრულების დადების, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში, რომელიმე შედეგის დადგომიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
5. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი წინადადების უზრუნველყოფის გარანტია არ ექვემდებარება დაბრუნებას, თუ შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია განხორციელდა ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
მუხლი 14🔗. შერჩევა/შეფასება
1. პრეტენდენტის წინადადება ფასდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ.
2. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია წინადადების ყველაზე დაბალი თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა ყველაზე დაბალი წინადადების ფასი.
3. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია პროცედურის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით, ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს/მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.
5. თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ფაილის სახით (რომელიც არ იკითხება), კომისიას უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს სამი სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში წარდგენილი დოკუმენტაცია არ დაზუსტდება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის დაზუსტების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის მოთხოვნასა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად.
8. პრეტენდენტის მიერ როგორც სატენდერო წინადადების, ასევე დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით.
მუხლი 15🔗. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია
1. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ:
ა) იგი შავ სიაშია რეგისტრირებული;
ბ) იგი უარს იტყვის წინადადებაზე ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე;
გ) მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება ელექტრონული პროცედურის განცხადებითა და დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებს;
დ) იგი არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას;
ე) იგი არ წარადგენს ნიმუშს, ექსპერტიზის დასკვნას ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტს/დოკუმეტებს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები არ შეესაბამება პროცედურის პირობებს;
ვ) იგი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტს/დოკუმენტებს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი/დოკუმენტები არ შეესაბამება პროცედურის პირობებს;
ზ) ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს წინადადების ვადის დასრულების დროისთვის არ ექნება მოთხოვნათა სრული დაცვით წარდგენილი წინადადების უზრუნველყოფის გარანტია, პრეტენდენტის შეთავაზება არ განიხილება და კომისიას შეუძლია მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს.
3. ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, კომისია, დადგენილი წესით, აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილია, მიიღოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, თუ მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას.
მუხლი 16🔗. ხელშეკრულება და სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია
1. ამ წესის თანახმად, როგორც ელექტრონული პროცედურის, ასევე პირდაპირი შესყიდვის შედეგად განხორციელებული შესყიდვები, დადებული ხელშეკრულებები და მასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაცია ან/და დოკუმენტები იტვირთება სისტემაში, მათი შედგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
2. პირდაპირი შესყიდვის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ამ ხელშეკრულების ცვლილების ამსახველი დოკუმენტი/დოკუმენტები, აგრეთვე ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იტვირთება სისტემის CMR მოდულის შესაბამის ველში.
3. ამ წესის შესაბამისად, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.
4. ხელშეკრულების ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასს, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი ხელშეკრულების ღირებულებაში ითვალისწინებს წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობას.
5. ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენაზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში, იგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე. ხელშეკრულებას არ სჭირდება თარგმნა, თუ იგი იდება ერთ დოკუმენტად პარალელურად ქართულ და უცხოურ ენებზე.
6. თუ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, შემსყიდველი უფლებამოსილია, მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10%-მდე ოდენობით.
7. თუ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი ან პირდაპირი შესყიდვისას დასადები ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე, დაუშვებელია, პრეტენდენტს/მიმწოდებელს მოეთხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველის მიერ დასაბუთებულია, თუ შესყიდვის ობიექტის რა თავისებურებამ განაპირობა გარანტიის მოთხოვნა.
8. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებამდე, ხოლო პირდაპირი შესყიდვისას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შესაძლებელია შემსყიდველს წარედგინოს ხელშეკრულების დადების შემდეგ, არაუგვიანეს 10 დღისა. გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება.
9. შემსყიდველის გადაწყვეტილებით ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენისაგან შესაძლებელია გათავისუფლდეს პოტენციური მიმწოდებელი, მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის/ მომსახურების ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით.
10. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
11. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
12. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო ინტერნეტით გამოწერის გზით განსახორციელებელი პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში, რა დროსაც ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.
მუხლი 17🔗. ელექტრონული პროცედურის ჩატარება პრეისკურანტის საფუძველზე
1. ელექტრონული პროცედურის მეშვეობით შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ელექტრონული პროცედურის განცხადების პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების ველში უთითებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების ველში – შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებას, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს პრეისკურანტის ღირებულებისაგან.
3. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით.
4. პრეისკურანტის საფუძველზე ელექტრონული პროცედურის ჩატარებისას, კომისია ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციაში თვითონ განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული შესყიდვის ობიექტის ერთეულების ღირებულების დადგენის წესს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების შემდეგ პრეისკურანტში შესყიდვის ობიექტის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას დგინდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში შესაბამისი ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება, აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
დანართი №1
სს – საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (ს/ნ: 204995176) საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული და ამ წესის შესაბამისად შესასყიდი საქონლის ჩამონათვალი
№
დასახელება
ზღვრული ოდენობა
(ლარი)
რეზიდენტი
არარეზიდენტი
1
ქვესადგურებში არსებული პირველადი და მეორადი (სარელეო) ელექტრომოწყობილობები (მათ შორის, ამომრთველები, გამთიშველები და სხვა) და მათი დემონტაჟი-მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები, გარდა ამ ცხრილის მე-2 გრაფაში აღნიშნულისა.
არაუმეტეს
100 000
2
ქვესადგურებში არსებული ძალოვანი, დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორები და მათი დემონტაჟი-მონტაჟისათვის საჭირო მომსახურება და მასალა-მოწყობილობები.
0
ზღვრის გარეშე
3
ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობილობა და მისი დემონტაჟი-მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები.
დადგენილი ზოგადი ზღვრული ოდენობა
4
ქვესადგურებში სარელეო დაცვის, უჯრედის მართვისა და სასისტემო ავტომატიკის მოწყობილობა და მისი დემონტაჟი-მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები.
არაუმეტეს 100 000
არარეზიდენტებისთვის და მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენლებისთვის ზღვრის გარეშე
5
ელექტრომრიცხველი და მისი დამონტაჟებისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები.
დადგენილი ზოგადი ზღვრული ოდენობა
6
მზომი ხელსაწყოები და მისი სამონტაჟო მასალა-მოწყობილობები.
არაუმეტეს
10 000
ზღვრის გარეშე
7
ქვესადგურის მართვის სისტემა, მისი პროგრამული და არაპროგრამული მოწყობილობები, მისი მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები (მათ შორის, სადენები და კაბელები).
დადგენილი ზოგადი ზღვრული ოდენობა
8
ენერგოობიექტების პროექტირებისა და ექსპლუატაციისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლიცენზიები.
0
ზღვრის გარეშე
9
ლაბორატორიისათვის საჭირო: საზომი ხელსაწყოები და მათი ნაწილები, დანადგარები, ქიმიური რეაგენტები, სახარჯი და სხვა ლაბორატორიული მასალები.
არაუმეტეს
10 000
10
სამშენებლო მასალები, მათ შორის, მაგრამ არაშემოფარგლული შემდეგით:
ა) ხრეში;
ბ) ქვიშა;
გ) ღორღი;
დ) ბალასტი;
ე) ცემენტი;
ვ) ბეტონი;
ზ) არმატურა.
წლის განმავლობაში
არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი)
დანართი №2
სს – საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (ს/ნ: 204995176) საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული და ამ წესის შესაბამისად შესასყიდი მომსახურების ჩამონათვალი
№
დასახელება
ზღვრული ოდენობა
(ლარი)
რეზიდენტი
არარეზიდენტი
1
ქვესადგურების ან ხაზის მშენებლობის ტერიტორიაზე გადამცემი და გამანაწილებელი მოწყობილობის, აგრეთვე კონსტრუქციების რემონტი, დემონტაჟი, განახლება და მონტაჟი.
დადგენილი ზოგადი ზღვრული ოდენობა
2
ქვესადგურების ან ხაზის მშენებლობის ტერიტორიაზე გადამცემი და გამანაწილებელი მოწყობილობის, აგრეთვე კონსტრუქციების რემონტის, დემონტაჟის, განახლებისა და მონტაჟის მიზნით დეფექტური აქტებისა და პროექტების მომზადება.
3
ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა, ინსტალირება, ექსპლუატაციაში გაშვება.
4
გადამცემი ხაზისა და მართვის სისტემის მოწყობილობების ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება.
5
გადამცემი ხაზისა და მართვის სისტემის მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და მომსახურება.
6
სასისტემო ავტომატიკისთვის პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და მომსახურება.
7
ელექტროენერგეტიკული მართვისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვის ან/და სერვისის, ქსელთან მიერთების ან/და დისპეტჩერიზაციასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება.
0
ზღვრის გარეშე
8
A კლასის საექსპერტო მომსახურება.
დადგენილი ზოგადი ზღვრული ოდენობა
0
9
ტვირთების სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრასთან დაკავშირებული სატერმინალო (სატრანსპორტო საშუალების ან/და ტვირთის დგომა, დაცლა-დატვირთვა, საწყობში საქონლის დროებითი შენახვა) და საბროკერო (მიწოდებულ ან მისაწოდებელ საქონელზე სასაქონლო დეკლარაციების მომზადება) მომსახურება.
დადგენილი ზოგადი ზღვრული ოდენობა
10
ქვესადგურებში არსებული პირველადი და მეორადი (სარელეო) ელექტრომოწყობილობების, ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობილობის, რკინისა და რკინაბეტონის კონსტრუქციებისა და მათი სათადარიგო ნაწილების, ასევე ქვესადგურებისა და ელ. გადამცემი ხაზების მომსახურე სპეც. ავტოტექნიკისა და მათი ნაწილების, ასევე აღრიცხვის მოწყობილობებისა და მზომი ხელსაწყოების გადაზიდვის მომსახურება.
არაუმეტეს 100 000
11
აღრიცხვის მოწყობილობებისა და მზომი ხელსაწყოების დამოწმება-კალიბრირება-შეკეთება.
დადგენილი ზოგადი ზღვრული ოდენობა
12
ქვესადგურის, ელექტროგადამცემი ხაზის ან/და სხვა სახის მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოებთან დაკავშირებული სპეციალური სამშენებლო ტექნიკისა ან/და ტრანსპორტის დაქირავების მომსახურება.
13
სხვადასხვა პროფესიული ტრენინგი.