📋

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 31.12.2025
მოქმედების პერიოდი 31.12.2025 — 11.02.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №146
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
31.12.2025
11.02.2026
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის  მინისტრის ბრძანება №146 2025 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 8¹ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდება.  მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანება.  მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 13 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდება  თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდება (შემდგომში – წესდება) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის (შემდგომში – აკადემია) სტატუსს, მიზნებსა და ამოცანებს და სტრუქტურას, არეგულირებს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, ასევე აკადემიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗. აკადემიის სტატუსი 1. აკადემია არის სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. აკადემიის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია. აკადემიის შემოკლებული სახელწოდებაა „ეთა“. 2. აკადემიის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. 3. აკადემიას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში, ასევე იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. 4. აკადემიას აქვს აკადემიის დროშა და ემბლემა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 5. აკადემიის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: ETA.EDU.GE, ხოლო ელექტრონული ფოსტის – NDA@ETA.EDU.GE. 6. აკადემიის დღე აღინიშნება 20 აგვისტოს. მუხლი 3🔗. აკადემიის უფლებაუნარიანობა 1. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ. 2. აკადემია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, თავდაცვის კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ამ წესდებისა და შიდა მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტების შესაბამისად. 3. თავდაცვის კოდექსის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, აკადემია ასრულებს ოპერატიული გეგმით/ბრძანებით განსაზღვრულ საბრძოლო ამოცანებს. 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) თანხმობით, აკადემია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. მუხლი 4🔗. აკადემიის მისია აკადემიის მისიას წარმოადგენს ქვეყნისა და სამინისტროს სისტემისთვის ღირსეული, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალის, ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსისა და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევითი საქმიანობის განხორციელების მეშვეობით. მუხლი 5🔗. აკადემიის მიზნები და ამოცანები 1. აკადემიის მიზნები და ამოცანებია: ა) მაღალკვალიფიციური ოფიცრების მომზადება; ბ) საერთაშორისო დონეზე მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების მიღების და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადების შეთავაზების უზრუნველყოფა; გ) იუნკერთა/მსმენელთა პატრიოტული, ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და ზნეობრივი აღზრდა; დ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება; ე) იუნკერის/მსმენელის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა; ვ) სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; ზ) აკადემიაში განათლებისა და მეცნიერული კვლევისათვის აუცილებელი პირობების შექმნა; თ) აკადემიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ი) კანონმდებლობით სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი სხვა მიზნებისა და ამოცანების უზრუნველყოფა. 2. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად აკადემია: ა) ახორციელებს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის შესაბამის აკადემიურ, უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს; ბ) ახორციელებს მომზადებისა და გადამზადების შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს/კურსებს: ბ.ა) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას; ბ.ბ) საკანდიდატო პროგრამას; ბ.გ) რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობით სამხედრო მომზადების პროგრამას; ბ.დ) სასერტიფიკატო კურსებს, მათ შორის, ნატო-ს ინსტიტუციური აკრედიტაციის მოპოვების ხელშეწყობის მიზნით, კონტრტერორიზმისა და ამბოხებულთა წინააღმდეგ ბრძოლის კურსს. გ) უზრუნველყოფს სამინისტროსა და აკადემიის პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების განხორციელებას; დ) ქმნის იუნკერებისათვის/მსმენელებისათვის სწავლის, კვლევისა და თვითგანვითარებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველ გარემოს; ე) მაღალი რისკის შემცველი მეცადინეობების/სწავლებების დროს ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ დამტკიცებული, მაღალი რისკის შემცველი მეცადინეობებისა და სწავლებების უსაფრთხოების ზომების დაცვის შესახებ ინსტრუქციით; ვ) ამყარებს საუნივერსიტეტო სამეცნიერო ურთიერთობებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; ზ) აკადემიურ და სამეცნიერო თანამდებობაზე მოიზიდავს წამყვან სპეციალისტებს, რომლებიც მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებითა და სწავლების ახალი მეთოდების დანერგვით უზრუნველყოფენ სასწავლო პროცესის წარმართვის ხელშეწყობას; თ) შეიმუშავებს პროექტებს და წარუდგენს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს; ი) ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას; კ) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას; ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. თავი II აკადემიის სტრუქტურა და მართვა მუხლი 6🔗. სამინისტროს კომპეტენცია აკადემიის მართვის სფეროში 1. სამინისტრო: ა) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს ამ წესდებას; ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – აკადემიის მეთაურს; გ) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიის განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტების დასახვისა და მათი განხორციელების ვადებისა და რესურსების შესახებ; დ) ითანხმებს და იღებს გადაწყვეტილებას მომზადების და გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამების/კურსების, მათ შორის სამხედრო მიმართულებით, განხორციელების თაობზე; ე) სასწავლო წლის დაწყებამდე ამტკიცებს ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლაში მისაღებ იუნკერთა/მსმენელთა რაოდენობას; ვ) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შექმნის, რეორგანიზაციისა და გაუქმების შესახებ; ზ) აკადემიის მეთაურის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას; თ) უზრუნველყოფს აკადემიის პროგრამულ დაფინანსებას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას; ი) აკადემიის მეთაურის წარდგინებით ამტკიცებს სამოქალაქო პერსონალის საშტატო თანამდებობებისათვის თანამდებობრივ სარგოებს, ასევე მათი დანამატების ოდენობებს და გაცემის წესს; კ) ამტკიცებს აკადემიის მეთაურის მოადგილე – შტაბის უფროსის მიერ წარდგენილ „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით აკადემიისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განსაზღვრულ აკადემიის ბიუჯეტს; ლ) აკადემიის მეთაურის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭოს მიერ შემუშავებულ სტიპენდიების გაცემის კრიტერიუმებსა და მოცულობას; მ) აკადემიის მეთაურის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკითხები, გარდა „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკითხისა, მტკიცდება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ამ წესდებით გათვალისწინებულ საკითხებზე სამინისტროს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სამსახური ან/და თანამდებობის პირი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 7🔗. აკადემიის სტრუქტურა 1. აკადემიის სტრუქტურა შედგება: ა) მართვის ორგანოებისაგან (მმართველი სუბიექტები); ბ) შტაბისაგან; გ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან: გ.ა) ბაკალავრიატი; გ.ბ) მაგისტრატურა. დ) საგანმანათლებლო ერთეულებისაგან: დ.ა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონი; დ.ბ) უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა; დ.გ) სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი; დ.დ) სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილება; დ.ე) დისტანციური სწავლების ცენტრი. ე) აკადემიის ბიბლიოთეკისაგან; ვ) სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისაგან; ზ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური; თ) შიდა აუდიტის სამსახურისაგან; ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისაგან; კ) საგამოცდო ცენტრისაგან. 2. აკადემიას ჰყავს შრომის უსაფრთხოების ოფიცერი, რომელიც ანგარიშვალდებულია აკადემიის მეთაურის წინაშე. მუხლი 8🔗. აკადემიის მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები 1. აკადემიის მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები არიან: ა) აკადემიური საბჭო; ბ) აკადემიის მეთაური; გ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 2. აკადემიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისა და საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები: ა) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები: ა.ა) ბაკალავრიატის ხელმძღვანელი; ა.ბ) ბაკალავრიატის საბჭო; ა.გ) მაგისტრატურის ხელმძღვანელი; ა.დ) მაგისტრატურის საბჭო; ბ) საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები: ბ.ა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური; ბ.ბ) უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსი; ბ.გ) სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის უფროსი; ბ.დ) სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების უფროსი; ბ.ე) დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი. 3. აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევნებს, აკადემიური საბჭოს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ატარებს აკადემიის საარჩევნო კომისია, რომლის შექმნის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ. მუხლი 9🔗. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა და არჩევის წესი 1. აკადემიური საბჭო არის აკადემიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შედგება აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის – აკადემიის მეთაურისაგან და აკადემიური საბჭოს წევრებისაგან. 2. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედის აკადემიის ბაკალავრიატიდან, მაგისტრატურიდან, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურიდან (გარდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონიდან, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლიდან, სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრიდან და დისტანციური სწავლების ცენტრიდან არჩეული/შერჩეული წარმომადგენელი. ბაკალავრიატიდან აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ბაკალავრიატის საბჭოს წევრი, ხოლო მაგისტრატურიდან – მაგისტრატურის საბჭოს წევრი. 3. აკადემიური საბჭოს წევრად თითოეული ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულიდან (ბაკალავრიატიდან და მაგისტრატურიდან) აირჩევა/შეირჩევა 2 წარმომადგენელი, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მინიმუმ ერთი წარმომადგენელი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 4. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლით. 5. აკადემიური საბჭოს არჩეულ წევრთა შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. 6. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა. 7. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, კენჭისყრით გამოვლინდება აკადემიური საბჭოს წევრთა ერთი მესამედი, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2 წლით. აკადემიური საბჭო პირველივე სხდომაზე ცნობს აკადემიური საბჭოს წევრთა უფლებამოსილებას. მუხლი 10🔗. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებანი 1. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, აკადემიური საბჭო: ა) განიხილავს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებს და წარუდგენს აკადემიის მეთაურს; ბ) ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/იუნკერთა სასწავლო ბატალიონის/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების/დისტანციური სწავლების ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს, ხოლო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ან/და სარედაქციო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო-კვლევით პროექტებს; გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას; დ) ამტკიცებს აკადემიის შინაგანაწესს, აკადემიის ეთიკის კოდექსსა და აკადემიის სამოქალაქო პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს; ე) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა, ასევე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულ სპეციალისტთა სამსახურში მიღების წესებს; ვ) ირჩევს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ზ) ამტკიცებს აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევის წესს; თ) განიხილავს წესდების პროექტს; ი) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; კ) სასწავლო წლის დასაწყისში, ბაკალავრიატის საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის; ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაგისტრატურის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში ამტკიცებს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის, ხოლო კოეფიციენტის არმინიჭების შემთხვევაში მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში იყენებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს; მ) ამტკიცებს კრედიტების აღიარების წესს; ნ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს სამინისტროს; ო) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; პ) განიხილავს სტიპენდიების კრიტერიუმებსა და მოცულობას და წარუდგენს აკადემიის მეთაურს; ჟ) ბაკალავრიატის წარდგინებით ამტკიცებს იუნკერთა საბაკალავრო ნაშრომის მომზადების, წარდგენის და დაცვის ინსტრუქციას, ასევე მაგისტრატურის წარდგინებით სამაგისტრო ნაშრომის მომზადების, წარდგენის და დაცვის ინსტრუქციას; რ) ამტკიცებს იუნკერთა/მსმენელთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, პროექტებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს; ს) ამტკიცებს აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსის ყოველწლიურ ანგარიშს; ტ) ამტკიცებს ადმინისტრაციული ფუნქციონირებისათვის აუცილებელ მარეგულირებელ, კონცეპტუალურ და პოლიტიკის დოკუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, ასევე ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ზ“, „ი“, „მ“, „ნ“, „პ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე პროექტებს შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს განსახილველად/დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიური საბჭოს დადგენილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი; მუხლი 11🔗. აკადემიური საბჭოს სხდომის მომზადება და წარმართვა 1. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა აკადემიის მეთაურის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მიერ. 2. აკადემიური საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს აკადემიის მეთაური. 3. აკადემიური საბჭოს წევრებს წინასწარ უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების დროის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ. დღის წესრიგი განთავსდება აკადემიის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე. 4. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. 5. აკადემიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 6. აკადემიური საბჭოს ყველა სხდომაზე წარმოებს სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) მართვის ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი; გ) დამსწრეთა ვინაობა; დ) განხილვის საგანი; ე) სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები; ვ) სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები. 7. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. 8. აკადემიური საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – აკადემიის მეთაური. მუხლი 12🔗. აკადემიის მეთაური 1. აკადემიის მეთაური არის აკადემიის უმაღლესი თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს აკადემიას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, აკადემიის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს ასევე მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსი. 2. აკადემიის მეთაურს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. აკადემიის მეთაური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას. 4. აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და საკონკურსო კომისიის ოქმის შესაბამისად, აკადემიის მეთაური გამოსცემს ბრძანებებს საკონკურსო კომისიის მიერ არჩეული აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დებს ან წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს. 5. აკადემიის მეთაური შესაბამისი ბრძანებით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს ადმინისტრაციულ, აკადემიურ და დამხმარე პერსონალს, გარდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებისა. 6. აკადემიის მეთაური ახორციელებს აკადემიის მოსამსახურეების (სამხედრო მოსამსახურე, პერსონალი, იუნკერი, მსმენელი) ქვეყნის შიგნით მივლინებას და მოსამსახურეების (გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებას. მეთაური, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნის მიზნით, სამხედრო მოსამსახურის კანდიდატურას წარუდგენს მინისტრს. 7. აკადემიის მეთაური ახორციელებს აკადემიის მოსამსახურეების (სამხედრო მოსამსახურე, პერსონალი, იუნკერი, მსმენელი) შვებულებაში გაშვებას. 8. აკადემიის მეთაური სამინისტროსთან შეთანხმებით უფლებამოსილია განახორციელოს აკადემიის სამოქალაქო პერსონალისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემა, აკადემიისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. 9. აკადემიის მეთაური სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს. 10. აკადემიის მეთაური სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევის წესს. 11. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე, პროექტს შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგენს აკადემიის მეთაურის ბრძანებით შექმნილი (მათ შორის აკადემიის აკადემიური საბჭოს წევრებით დაკომპლექტებული) სამუშაო ჯგუფი. 12. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ პირთან გასაფორმებელ კონტრაქტს ამტკიცებს აკადემიის მეთაური. 13. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელ კონტრაქტს მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აკადემიის მეთაური. 14. აკადემიის მეთაური მართავს აკადემიის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს. მუხლი 13🔗. აკადემიის მეთაურის მოადგილეები და მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსი  1. აკადემიის მეთაური აკადემიის მართვას ახორციელებს პირველი მოადგილის, მოადგილისა და აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსის მეშვეობით. 2. აკადემიის მეთაურის დროებით არყოფნის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს აკადემიის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი. 3. აკადემიის მეთაურის პირველ მოადგილეს, მოადგილესა და აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. აკადემიის მეთაურის პირველ მოადგილედ და აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსად შეიძლება დანიშნულ იქნენ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირები, ხოლო მოადგილედ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 5. აკადემიის მეთაურის მოადგილეები და აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსი ანგარიშვალდებულნი არიან აკადემიის მეთაურის წინაშე. 6. აკადემიის მეთაურის მოადგილეებზე და აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსის უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება აკადემიის მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. აკადემიის მეთაურის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს აკადემიის მეთაურის პირველი მოადგილე, ან მოადგილე ან აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსი, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში აკადემიის სამხედრო მოსამსახურე. მუხლი 14🔗. აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსის უფლებამოსილება 1. აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსი ხელმძღვანელობს აკადემიის შტაბში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს და პასუხისმგებელია მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, მათ შორის აკადემიის ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების სტრატეგიასა და აკადემიის საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. 2. აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსი: ა) ამზადებს აკადემიის მომდევნო წლის ბიუჯეტისა და აკადემიის ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის პროექტებს და წარუდგენს აკადემიის მეთაურს სამინისტროში დასამტკიცებლად წარსადგენად; ბ) შეიმუშავებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის მეთაურს; გ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; დ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ე) პასუხისმგებელია აკადემიის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; ვ) პასუხისმგებელია აკადემიის შესყიდვების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაზე; ზ) ასრულებს ამ წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს; თ) უფლებამოსილია აკადემიის სახელით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად, აკადემიის მეთაურთან შეთანხმებით, დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები. მუხლი 15🔗. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. აკადემიის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე აკადემიის იუნკერები/მსმენელები. 2. აკადემიაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით, იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით. 3. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების წესების ჩამოსაყალიბებლად. 4. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს აკადემიური საბჭო 5 წლის ვადით. მუხლი 16🔗. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის ხელმძღვანელი 1. ბაკალავრიატის ხელმძღვანელი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე, აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელსაც აკადემიის მეთაურის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. მაგისტრატურის ხელმძღვანელი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე, აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელსაც აკადემიის მეთაურის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის ხელმძღვანელი: ა) უზრუნველყოფს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე; დ) თავმჯდომარეობს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საბჭოს სხდომებს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 4. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეზე დამატებით ვრცელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სამხედრო მოსამსახურეებისათვის დაკისრებული უფლებები და მოვალეობები. მუხლი 17🔗. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭო  1. ბაკალავრიატის წარმომადგენლობითი ორგანოა ბაკალავრიატის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ბაკალავრიატის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და ბაკალავრიატის მიმართულების უფროსები. 2. მაგისტრატურის წარმომადგენლობითი ორგანოა მაგისტრატურის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის მაგისტრატურის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი. 3. ბაკალავრიატის საბჭო: ა) შეიმუშავებს და აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსს წარუდგენს ბაკალავრიატის ბიუჯეტს; ბ) ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს ბაკალავრიატის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს ბაკალავრიატის სტრუქტურას და წარუდგენს მეთაურს; დ) ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს ბაკალავრიატის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; ე) ახორციელებს ამ წესდებით, აკადემიური საბჭოს მიერ დელეგირებულ და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 4. მაგისტრატურის საბჭო: ა) შეიმუშავებს და აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსს წარუდგენს მაგისტრატურის ბიუჯეტს; ბ) მაგისტრატურის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს მაგისტრატურის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) მაგისტრატურის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს მაგისტრატურის სტრუქტურას და წარუდგენს აკადემიის მეთაურს; დ) მაგისტრატურის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს მაგისტრატურის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; ე) ახორციელებს ამ წესდებით, აკადემიური საბჭოს მიერ დელეგირებულ და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 5. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭო უფლებამოსილია, თუ ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭოს სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი მაინც. 6. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. 7. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭოს ოქმითა და გადაწყვეტილებით. მუხლი 18🔗. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების/დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი 1. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/ დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც აკადემიის მეთაურის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების უფროსი არის სამოქალაქო პირი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიის მეთაური. 3. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების/დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი: ა) უზრუნველყოფს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე; ე) შეიმუშავებს და აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსს წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტის პროექტს; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 19🔗. შტაბის სტრუქტურა 1. შტაბი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან: ა) იურიდიული სამმართველო; ბ) ფინანსების მართვის სამმართველო; გ) შესყიდვების სამმართველო; დ) კანცელარია; ე) G-1 სამსახური; ვ) G-3/G-2 სამსახური; ზ) G-4 სამსახური; თ) G-5 სამსახური; ი) G-6 სამსახური; კ) უზრუნველყოფის სამსახური; ლ) რეკრეაციის ცენტრი; მ) სამხედრო-საგამოფენო სივრცე. 2. შტაბის სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება შტაბის დებულებით. 3. შტაბის დებულებას შეიმუშავებს აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსი და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. მუხლი 20🔗. ბაკალავრიატი 1. ბაკალავრიატი წარმოადგენს აკადემიის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც შედგება მიმართულებებისაგან და ენობრივი მომზადების განყოფილებისაგან. 2. ბაკალავრიატის ხელმძღვანელი არის სამხედრო სტატუსის მქონე პირი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ „პოლკოვნიკის" თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 3. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულებები უზრუნველყოფენ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. 4. ბაკალავრიატში შემავალი განყოფილების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან მიმართულების უფროსებთან. მიმართულების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან ბაკალავრიატის ხელმძღვანელის, აკადემიის მეთაურის მოადგილისა და აკადემიის მეთაურის წინაშე. 5. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულებების უფროსები არიან სამხედრო სტატუსის მქონე პირები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ „ვიცე-პოლკოვნიკის“ თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ასევე ისინი უნდა იყვნენ, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები ან პირები, რომელთაც დასრულებული აქვთ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე (დოქტორანტურა) სწავლის გაგრძელების უფლება. 6. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულების უფროსებს აკადემიის მეთაურის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 7. ბაკალავრიატის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია აკადემიის მეთაურისა და აკადემიის მეთაურის მოადგილის წინაშე. 8. ბაკალავრიატი უზრუნველყოფს: ა) აკადემიის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესის განვითარებას; ბ) სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და ორგანიზებას; გ) ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და მეცნიერული კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრირებას; დ) იუნკერის და აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარების ხელშეწყობას; ე) იუნკერთა მიერ მიღებული განათლების პრაქტიკაში განხორციელების დაგეგმვასა და ხელშეწყობას; ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შემუშავებას და ადგენს შესაბამის პროგრამებსა და გეგმებს; ზ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელთა მომზადებას და მსმენელთათვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებას; თ) ბაკალავრიატის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელებას. 9. ბაკალავრიატის ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება ბაკალავრიატის დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ბაკალავრიატის ხელმძღვანელი. 10. აკადემიის მეთაურის წარდგინებით მინისტრი ნორმატიული აქტით ამტკიცებს ბაკალავრიატის დროშას და ემბლემას. მუხლი 21🔗. მაგისტრატურა 1. მაგისტრატურა წარმოადგენს აკადემიის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც შედგება მიმართულებებისაგან. 2. მაგისტრატურის ხელმძღვანელი არის სამხედრო სტატუსის მქონე პირი რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ „პოლკოვნიკის“ თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 3. მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებები უზრუნველყოფენ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. 4. მაგისტრატურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია აკადემიის მეთაურისა და აკადემიის მეთაურის მოადგილის წინაშე. 5.მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებების უფროსები არიან სამხედრო სტატუსის მქონე  პირები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ „ვიცე-პოლკოვნიკის“ თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ასევე ისინი უნდა იყვნენ, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები ან პირები, რომელთაც დასრულებული აქვთ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე (დოქტორანტურა) სწავლის გაგრძელების უფლება. 6. მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან მაგისტრატურის ხელმძღვანელის, აკადემიის მეთაურის და აკადემიის მეთაურის მოადგილის წინაშე. 7. მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებების უფროსებს, აკადემიის მეთაურის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 8. მაგისტრატურა უზრუნველყოფს: ა) აკადემიის საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესის განვითარების ხელშეწყობას; ბ) სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და ორგანიზებას; გ) ინოვაციური მიდგომების დანერგვას და კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრირებას; დ) მსმენელისა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას; ე) საგანმანათლებლო პროცესის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას; ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შემუშავებას და  ადგენს შესაბამის პროგრამებსა და გეგმებს; ზ) მაგისტრატურის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელებას. 9. აკადემიის მეთაურის წარდგინებით მინისტრი ნორმატიული აქტით ამტკიცებს მაგისტრატურის დროშას და ემბლემას. მუხლი 22🔗. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი 1. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი წარმოადგენს აკადემიის საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან: ა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის შტაბი; ბ) იუნკერთა I კურსი; გ) იუნკერთა II კურსი; დ) იუნკერთა III კურსი; ე) იუნკერთა IV კურსი. 2. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება იუნკერთა სასწავლო ბატალიონის დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური. 3. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი უზრუნველყოფს: ა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირადი შემადგენლობისა და იუნკერთა მართვას; ბ) იუნკერთა სამხედრო მომზადების, წვრთნებისა და სწავლებების დაგეგმვას, ჩატარებასა და მონიტორინგს; გ) იუნკერთა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის კონტროლს; დ) იუნკერთათვის სამხედრო საქმის სწავლა-სწავლების ხარისხის ინტენსიურ ზრდას; ე) იუნკერთა პიროვნული და ზნეობრივი დონის ამაღლებას; ვ) სამხედრო სწავლების განხორციელებას; ზ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირადი შემადგენლობისა და იუნკერთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს; თ) აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვასა და ორგანიზებას. 4. აკადემიის მეთაურის წარდგინებით მინისტრი ნორმატიული აქტით ამტკიცებს: ა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის დროშას და ემბლემას; ბ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის კურსების დროშებს, ალმებს და ემბლემებს. 5. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური ანგარიშვალდებულია აკადემიის მეთაურისა და აკადემიის მეთაურის პირველი მოადგილის წინაშე. მუხლი 23🔗. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა 1. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული. 2. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა უზრუნველყოფს: ა) სამხედრო პროფესიული განათლების განხორციელებას; ბ) აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვასა და ორგანიზებას; გ) სწავლების/სწავლის ხარისხის ზრდას და საქართველოს თავდაცვის ძალების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას; დ) მსმენელთა პროფესიული, ინტელექტუალური, პიროვნული, და ზნეობრივი დონის ამაღლების ხელშეწყობას; ე) აკადემიის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესის განვითარების ხელშეწყობას; ვ) პირადი შემადგენლობის და დამხმარე პერსონალის პროფესიული დონის ამაღლებას; ზ) სამხედრო განათლების მაღალ ხარისხს; თ) აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვასა და ორგანიზებას, კომპეტენციის ფარგლებში; ი) სასწავლო პროგრამების, სასწავლო გეგმების მომზადებას და წარდგენას აკადემიური საბჭოსათვის დამტკიცების მიზნით. 3. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის მეთაურისა და აკადემიის მეთაურის პირველი მოადგილის წინაშე. 4. აკადემიის მეთაურის წარდგინებით მინისტრი ნორმატიული აქტით ამტკიცებს: ა) უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის დროშასა და ემბლემას; ბ) უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის კურსების დროშებს, ალმებსა და ემბლემებს. მუხლი 24🔗. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი 1. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული. 2. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი უზრუნველყოფს: ა) სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვას, ორგანიზებას და მონიტორინგს; ბ) სწავლების/სწავლის ხარისხის ზრდას და საქართველოს თავდაცვის ძალების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას; გ) როგორც სპეციალიზებული, ასევე სხვა მეცადინეობების/ღონისძიებების დაგეგმვას, ჩატარებას, მონიტორინგს, შეფასებასა და ანალიზს; დ) აკადემიის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესის განვითარების ხელშეწყობას; ე) პირადი შემადგენლობის პროფესიული დონის ამაღლების ხელშეწყობას; ვ) სამხედრო განათლების მაღალ ხარისხს.“. 3. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის მეთაურისა და აკადემიის მეთაურის პირველი მოადგილის წინაშე. 4. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის უფროსს აკადემიის მეთაურის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 25🔗. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილება 1. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილება არის აკადემიის საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული. 2. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილება უზრუნველყოფს სპორტული სახეობების შესწავლას, მეცადინეობების/ვარჯიშების ჩატარებას, იუნკრების/მსმენელების/სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური მომზადების მხარდაჭერას, შესაბამისი ტესტირებების, სპორტული ღონისძიებების დაგეგმვას/ჩატარებას.   3. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის მეთაურისა და აკადემიის მეთაურის პირველი მოადგილის წინაშე. 4. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიის მეთაური.     მუხლი 26🔗. დისტანციური სწავლების ცენტრი 1. დისტანციური სწავლების ცენტრი არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული. 2.  დისტანციური სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს: ა) დისტანციური სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კურსების საგანმანათლებლო პროცესის დისტანციურად განხორციელების დაგეგმვას, ორგანიზებას, სასწავლო პროცესის მხარდაჭერასა და კონტროლს; ბ) ცენტრის განვითარების ხელშეწყობას; გ) ინოვაციური და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი დისტანციური კურსების მხარდაჭერას, განახლებასა და დახვეწას; დ) დისტანციური სწავლების პროცესის მონიტორინგის; ე) სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად და სასწავლო კურსებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, საინფორმაციო უზრუნველყოფისათვის აუცილებელი მასალების, გზამკვლევებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას; ვ) დისტანციური სწავლების პოპულარიზაციას, როგორც აკადემიაში, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალებში; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში. 3. დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის მეთაურისა და აკადემიის მეთაურის მოადგილის წინაშე. 4. დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსს აკადემიის მეთაურის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მუხლი 27🔗. აკადემიის ბიბლიოთეკა 1. აკადემიის ბიბლიოთეკა არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული. 2. ბიბლიოთეკის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიის მეთაური. 3. აკადემიის ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს: ა) აკადემიის იუნკერების, მსმენელებუისა და პერსონალის საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლა-ანალიზს, ამ მოთხოვნების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებას; ბ) აკადემიის ზოგადი და სპეციალიზებული საინფორმაციო რესურსებისა და მომსახურების განვითარება-განახლების პროგრამების/პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას; გ) სასწავლო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო პროცესს საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (წიგნები, ჟურნალები, გაზეთები, პატენტები, საავტორო მოწმობები, ტექნიკური კატალოგები, გამოგონებათა აღწერილობები, აუდიო-ვიზუალური და ინფორმაციის სხვა საშუალებები); დ) თანამშრომლობის და ურთიერთმხარდაჭერის ოპტიმალური გარემოს შექმნას, ინფორმაციის აქტიური გაცვლისა და სამუშაო პროცესების მიზანდასახული ოპტიმიზაციის გზით, თანამშრომელთა ტრენინგებით; ე) საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის დაცვის საჭირო პირობების შექმნას; ვ) აკადემიის სასწავლო, საინფორმაციო და სამეცნიერო მოთხოვნილებების საბიბლიოთეკო დოკუმენტებით მომარაგებით შესწავლას, ანალიზსა და მის საფუძველზე მუშაობის ორგანიზებას; ზ) წიგნადი ფონდის პერიოდულ შესწავლას, შემოწმებას, მეორადი შერჩევის გზით გაწმენდას მოქმედი ინსტრუქციის შესაბამისად; თ) გაცვლითი ფონდის შექმნას და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უწყების ბიბლიოთეკების მიერ, მისი გამოყენებისათვის საჭირო პირობების შექმნას. 4.  ბიბლიოთეკის უფროსი ანგარიშვალებულია აკადემიის მეთაურის მოადგილისა და აკადემიის მეთაურის წინაშე. მუხლი 28🔗. აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 1. აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ფუნქციებია: ა) აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა, მისი მხარდაჭერა და სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაცია; ბ) საქართველოს სამეცნიერო წრეებთან ურთიერთობა, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების და სიმპოზიუმების ორგანიზება, იუნკერთა/მსმენელთა და აკადემიის პირადი შემადგენლობის ჩართულობის უზრუნველყოფა, საერთაშორისო საგრანტო პროექტების მოძიება და მასში იუნკერთა/მსმენელთა, ასევე აკადემიის პირადი შემადგენლობის ჩართვა/კოორდინაცია; გ) აკადემიურ პერსონალთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსების დახვეწის/გაუმჯობესების მიზნით; დ) სამეცნიერო კვლევების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში და იუნკერთა/მსმენელთა, ასევე აკადემიის პირადი შემადგენლობის კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 2. აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს აკადემიის მეთაურის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. აკადემიის სამცენიერო-კვლევითი ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის მეთაურის წინაშე. მუხლი 29🔗.  სარედაქციო საბჭოს შემადგენლობა და უფლებამოსილებანი 1. სარედაქციო საბჭო არის აკადემიის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს აკადემიის საგამომცემლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერას. 2. სარედაქციო საბჭო შედგება აკადემიის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ბიბლიოთეკის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, G-3/G-2 სამსახურის წარმომადგენლებისგან. 3. სარედაქციო საბჭოს წევრად თითოეული ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულიდან (ბაკალავრიატიდან და მაგისტრატურიდან) აირჩევა/შეირჩევა 2 წარმომადგენელი, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მინიმუმ ერთი წარმომადგენელი. 4. სარედაქციო საბჭო შედგება თავმჯდომარისა და მინიმუმ 8 წევრისაგან. 5. სარედაქციო საბჭოს შემადგენლობა და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება აკადემიის აკადემიური საბჭოს დადგენილებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. სარედაქციო საბჭო უფლებამოსილია: ა) განახორციელოს საგამომცემლო დოკუმენტების (მათ შორის, მონოგრაფია, სტატია, სახელმძღვანელო და სხვა) შემოწმება და რედაქტირება; ბ) დაამტკიცოს საგამომცემლო დოკუმენტების რედაქტირებული ვერსიები და გადასცეს აკადემიის გამომცემლობას შესაბამისი პროცედურების (მათ შორის დაბეჭვდა, გამოცემა, განთავსება) განხორციელების მიზნით; გ) განახორციელოს საგამომცემლო საქმიანობასთან და დოკუმენტებთან დაკავშირებული დებულებით გათალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები. მუხლი 30🔗. შიდა აუდიტის სამსახური 1. შიდა აუდიტის სამსახური არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული. 2. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან  ათავისუფლებს აკადემიის მეთაური. 3. შიდა აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს: ა) აკადემიის სისტემის ფუნქციონირებას და მართვის პროცედურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ამაღლების ხელშეწყობას; ბ) აკადემიის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასებას; გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას; დ) აკადემიის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასებას; ე) აკადემიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის შეფასებას; ვ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასებას; ზ) აკადემიის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის დაცულობის შეფასებას; თ) განხორციელებული საქმიანობის შედეგად რეკომენდაციების გაცემას და გაცემული რეკომენდაციების და წინადადებების რეალიზაციის მონიტორინგს; ი) სხვა საქმიანობას, რომელიც გამომდინარეობს აკადემიის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის პრინციპებს. 4. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის მეთაურის წინაშე. მუხლი 31🔗. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული. 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიის მეთაური. 3. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უზრუნველყოფს: ა) აკადემიის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეფექტური სისტემის შექმნას,  საზოგადოებასთან სხვადასხვა სახის აქტიურ ურთიერთობას, მათ შორის თანამშრომლობას, აგრეთვე აკადემიისა და მასში მიმდინარე მოვლენების საზოგადოების წინაშე ობიექტურად წარმოჩენას; ბ) სახელისუფლებო სტრუქტურებთან, სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებთან და სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას; გ) აკადემიის მიმართულებების, მათი საქმიანობის, ასევე აკადემიური პერსონალის პოპულარიზაციას; დ) საჭიროებისამებრ პრესკონფერენციების, საგანგებო ბრიფინგების, ინტერვიუების, ასევე სემინარების და ტრეინინგების ორგანიზებას; ე) აკადემიის ვებ-გვერდის მართვას, კომპეტენციის ფარგლებში ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსებას და მუდმივ განახლებას; ვ) აკადემიის სხვადასხვა სტრუქტურების მიერ აკადემიის ემბლემის გამოყენებაზე, საიმიჯო ბეჭდვითი მასალის და სხვა ატრიბუტიკის დამზადების პროცესის კოორდინაციას; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა საქმიანობის განხორციელებას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ამ წესდებას. 4. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის მეთაურის წინაშე. მუხლი 32🔗. საგამოცდო ცენტრი 1. საგამოცდო ცენტრი არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული. 2. საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფს: ა) აკადემიაში ერთიანი საგამოცდო სისტემის შექმნას, საგამოცდო პროცესს და მონიტორინგს; ბ) სწავლის დონის ამაღლების ხელშეწყობას; გ) აკადემიაში შუალედური, სემესტრული დასკვნითი/დამატებითი წერითი ელექტრონული (ტესტური) გამოცდების ორგანიზებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში, გამოცდების პროცესის მარეგულირებელი წესებისა და ინსტრუქციების პროექტების შემუშავებას; ე) ყოველ სემესტრში, აკადემიური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, შუალედური, სემესტრული დასკვნითი/დამატებითი წერითი გამოცდების ჩატარების განრიგის გამოქვეყნებას; ვ) სტუდენტთა შუალედურ, სემესტრულ დასკვნით/დამატებით ელექტრონულ აღრიცხვაზე მონიტორინგის განხორციელებას; ზ) გამოცდის პროცესის, შედეგების ანალიზის განხორციელებას. 3. საგამოცდო ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის მეთაურისა და აკადემიის მეთაურის მოადგილის წინაშე. 4. საგამოცდო ცენტრის უფროსს აკადემიის მეთაურის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. თავი III აკადემიის პერსონალი მუხლი 33🔗. პერსონალი აკადემიის პერსონალს წარმოადგენს ადმინისტრაციულ, აკადემიურ, სამხედრო და დამხმარე თანამდებობზე არჩეული/დანიშნული პირი. მუხლი 34🔗. აკადემიის აკადემიური პერსონალი 1. აკადემიის აკადემიური პერსონალის შემადგენლობაში შედის საშტატო განრიგით გათვალისწინებული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი. 2. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს. 3. ასისტენტი მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით. 4. აკადემიური პერსონალის საათობრივი დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო. მუხლი 35🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესაბამისად. 3. კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და განთავსდეს აკადემიაში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. 4. კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციაში აღინიშნება, კონკურსის ჩატარების პირობები, კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა. მუხლი 36🔗. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები 1. პროფესორად 5 წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესით განსაზღვრულ დამატებით პირობებს. 2. უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა). 3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებულ პროფესორის თანამდებობაზე 5 წელზე მეტი ვადით არჩევის შემთხვევაში პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. ატესტაციის გავლას არ ექვემდებარება პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე არჩეული პროფესორი, რომელიც პროფესორის თანამდებობაზე არჩეულია 5 წელზე მეტი ვადით, მაგრამ პროფესორის თანამდებობაზე არჩევიდან 5 წლის შემდეგ დარჩენილი აქვს უფლებამოსილების 5 წელზე ნაკლები ვადა. 4. ასოცირებულ პროფესორად 4 წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით. 6. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით. 7. აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესაბამისად, აკადემიაში შესაძლებელია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავება. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შესაძლებელია დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია. მუხლი 37🔗. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს კანონმდებლობის და აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით განსაზღვრული პირობებისა და ვადების შესაბამისად. მუხლი 38🔗. აკადემიური წოდებები აკადემიური საბჭო დადგენილი წესის შესაბამისად, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის ანიჭებს საპატიო დოქტორის წოდებას. მუხლი 39🔗. აკადემიური პერსონალის უფლება-მოვალეობები 1. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს აკადემიის მართვაში ამ წესდების შესაბამისად; ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება; გ) განახორციელოს ამ წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია: ა) დაიცვას ამ წესდებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულების მოთხოვნები; ბ) დაიცვას აკადემიის ეთიკის კოდექსი და შინაგანაწესი; გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები. მუხლი 40🔗. აკადემიაში სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნა, სხვა სამხედრო თანამდებობაზე გადაადგილება და თანამდებობიდან გათავისუფლება 1. აკადემიის სამხედრო მოსამსახურეს, აკადემიის მეთაურის წარდგინებით, სამხედრო თანამდებობაზე ნიშნავს, სხვა სამხედრო თანამდებობაზე გადააადგილებს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ხოლო უმაღლესი ოფიცრები ინიშნებიან კანონმდებლობის შესაბამისად. 2. აკადემიის სამხედრო მოსამსახურეზე დამატებით ვრცელდება კანონმდებლობით მათზე დაკისრებული სხვა უფლებები და მოვალეობები. მუხლი 41🔗. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი 1. აკადემიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: აკადემიის მეთაური, აკადემიის მეთაურის პირველი მოადგილე, აკადემიის მეთაურის მოადგილე, აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსი, ბაკალავრიატის ხელმძღვანელი, მაგისტრატურის ხელმძღვანელი, იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსი და აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. 2. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. 3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი/ინსტრუქტორი და უფროსი მასწავლებელი/უფროსი ინსტრუქტორი. 4. მასწავლებელი/ინსტრუქტორი უფლებამოსილია გაუძღვეს პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე. 5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული აკადემიის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები. 6. აკადემიას ჰყავს მრჩეველი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებში და   პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან აკადემიის მეთაურის წინაშე. 7. აკადემია უფლებამოსილია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მუხლი 42🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა აკადემიაში 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება აკადემიაში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე. 3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება აკადემიაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა აკადემიის მეთაურისა. 4. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით, აკადემიის მეთაურის მიერ დამტკიცებული დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი IV აკადემიის იუნკერი/მსმენელი მუხლი 43🔗. აკადემიის იუნკერი/მაგისტრატურის მსმენელი 1. აკადემიაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტი შეიძლება იყოს სამოქალაქო პირი, სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად. აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტს ეწოდება იუნკერი, ხოლო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს მსმენელი და მათზე ვრცელდება შესაბამისი უფლება-მოვალეობები. 2. აკადემიის იუნკერთან/მაგისტრატურის მსმენელთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიძლება შეიზღუდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სტუდენტისათვის დადგენილი უფლებები, მათ შორის, უფლება, აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ბაკალავრიატის/მაგისტრატურის და აკადემიის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში, ასევე, უფლება, თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად, ან ისარგებლოს თვითმმართველობასთან დაკავშირებული სხვა უფლებით. მუხლი 44🔗. აკადემიაში იუნკერთა/მაგისტრატურის მსმენელთა ჩარიცხვის წესი 1. აკადემიაში იუნკერის/მაგისტრატურის მსმენელის სტატუსის მოპოვება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი სტატუსის მოსაპოვებლად უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობებს. 2. იუნკერის/მაგისტრატურის მსმენელის სტატუსის მოპოვება რეგულირდება აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით. მუხლი 45🔗. აკადემიაში უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის მსმენელთა მოვლინების წესი 1. პროფესიული განვითარების პროგრამებზე აკადემიაში უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო პროგრამისა და რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის მსმენელთა მოვლინება ხორციელდება, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე. 2. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამებზე ასევე ირიცხებიან სამოქალაქო პირები. საკანდიდატო პროგრამაზე ჩარიცხვის შემდგომ მათ ენიჭებათ სამხედრო წოდება, ხოლო რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობით სამხედრო მომზადების პროგრამას გადიან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე.“. მუხლი 46🔗. იუნკერის/მსმენელის უფლებები იუნკერს/მსმენელს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევებში; გ) თანაბარ პირობებში ისარგებლოს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით, აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი წესების შესაბამისად; დ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიის აკადემიური და მოწვეული პერსონალის მუშაობის შეფასება; ე) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგები; ვ) იუნკერთან/მსმენელთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 47🔗. იუნკერის/მსმენელის ვალდებულებები იუნკერი/მსმენელი ვალდებულია: ა) აკადემიის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა; ბ) დაემორჩილოს ამ წესდებას, სამხედრო სადისციპლინო წესდებით განსაზღვრულ პასუხისმგებლობის ნორმებს, ეთიკის კოდექსს, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებას, აკადემიის საბჭოების გადაწყვეტილებებს, აკადემიის მეთაურის ბრძანებებს და აკადემიის პერსონალის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ მითითებებს; გ) დადგენილ ვადებში ასრულებდეს სასწავლო გეგმით და პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სახის დავალებას; დ) დაიცვას აკადემიის პრესტიჟი და გაუფრთხილდეს მის ქონებას; ე) შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მასთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაკისრებული სხვა ვალდებულებები; ვ) ვალდებულია აიმაღლოს განათლების ხარისხი, საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ კომპონენტებში ჩართულობით. მუხლი 48🔗. იუნკერის/მსმენელის პასუხისმგებლობა 1. სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე იუნკერის/მსმენელის პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, იუნკერთან/მსმენელთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დამტკიცებული ფუნქცია-მოვალეობებით. 2. იმ მსმენელის პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული პროცედურები, რომელიც არის სამოქალაქო პირი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, იუნკერთან/მსმენელთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აკადემიის შინაგანაწესითა და აკადემიის ეთიკის კოდექსით. მუხლი 49🔗. იუნკერის/მსმენელის სტატუსის შეჩერება, შეწყვეტა და მობილობა 1. იუნკერის/მსმენელის (სტუდენტის) სტატუსის შეჩერების ან მობილობის უფლებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელს, იუნკერს და მაგისტრატურის მსმენელს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესის საფუძველზე. 2. იუნკერის/მსმენელის სტატუსის შეწყვეტა/ამორიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესისა და სამინისტროსა და იუნკერს/მსმენელს შორის გაფორმებული კონტრაქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე. თავი V აკადემიის ქონება, დაფინანსება და სახელმწიფო კონტროლი მუხლი 50🔗. აკადემიის ქონება 1. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცემა ქონება. 2. აკადემიის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 3. აკადემიას უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან გაასხვისოს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 51🔗. აკადემიის ქონებით სარგებლობა 1. აკადემიის ბალანსზე რიცხული ქონება გამოიყენება მხოლოდ ამ წესდებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. 2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით აკადემიას შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, აკადემიის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) სხვა გადაწყვეტილებები აკადემიის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. მუხლი 52🔗. აკადემიის დაფინანსება 1. აკადემიის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები; ბ) გრანტებით მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; დ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება აკადემიის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 53🔗. სახელმწიფო კონტროლი აკადემიის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ახორციელებს აკადემიის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს აკადემიას კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარდგენა. მუხლი 54🔗. აკადემიის ბალანსის შედგენა და შემოწმება 1. აკადემია ვალდებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 2. აკადემიის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. თავი VI აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია მუხლი 55🔗. აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. აკადემიის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. მუხლი 56🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი წესდებაში ცვლილების პროექტს სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის მეთაური.