„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 30 ნოემბრის N561 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№311
სარეგისტრაციო კოდი
010210040.08.002.017084
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №311

2025 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 30 ნოემბრის N561 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №561 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 30/11/2022, 010210040.08.002.017078) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესი“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესი

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესი (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (შემდეგში – ადმინისტრაცია) სტაჟიორთა მიღების პირობებსა და სტაჟირების გავლის წესს.

მუხლი 2. სტაჟირების მიზანი

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, ადმინისტრაცია ახალგაზრდა სპეციალისტებს უქმნის დამოუკიდებელი მუშაობისა და პროფესიული ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სტაჟირება − ადმინისტრაციაში სამუშაოს შესრულება შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისათვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად;

ბ) სტაჟიორობის კანდიდატი – ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის მსურველი პირი, რომელიც ამ წესის თანახმად წარმოადგენს განცხადებას;

გ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ადმინისტრაციაში სამუშაოს ასრულებს შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

დ) სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი – ადმინისტრაციის შესაბამისი მოსამსახურე, რომელიც ხელს უწყობს სტაჟიორს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში;

ე) სტაჟიორის შეფასება – სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის მიერ სტაჟიორის შეფასება ამ წესით განსაზღვრული სტაჟიორთა შეფასების ფორმის შესაბამისად;

ვ) სტაჟიორის შრომის ანაზღაურება – ანაზღაურება, რომელსაც სტაჟიორი იღებს სტაჟირების გავლის პერიოდში.

მუხლი 4 . სტაჟიორთა კვოტა

1. სტაჟიორთა რიცხოვნობას, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების/სხვა შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით, განსაზღვრავს ადმინისტრაციის უფროსი.

2. სტაჟიორთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს ადმინისტრაციის მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 20%-ს.

თავი II. სტაჟიორობის კანდიდატისათვის

დადგენილი მოთხოვნები და კონკურსი

მუხლი 5. კონკურსის გამოცხადება და ძირითადი მოთხოვნები

1. ადმინისტრაციაში სტაჟიორთა კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრაციის უფროსი.

2. სტაჟირება შესაძლებელია გამოცხადდეს ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირთა მოთხოვნის საფუძველზე.

3. სტაჟიორთა კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება განთავსდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge). შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) საჯარო დაწესებულების დასახელებას;

ბ) კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირისათვის წაყენებულ მოთხოვნებს;

გ) კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას და მათი წარდგენის ვადას;

დ) სტაჟიორის მოვალეობებს;

ე) სტაჟირების ვადას;

ვ) სტაჟიორის შრომის ანაზღაურების ოდენობას;

ზ) კონკურსის ეტაპებს.

4. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, შეიძლება შეიცავდეს აგრეთვე სხვა, დამატებით ინფორმაციას.

5. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა კონკურსის გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს მთავრობის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) რეზიუმე (CV);

ბ) უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან/და უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), მეორე ან მესამე საფეხურზე, ან პროფესიული განათლების საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) სწავლის დამადასტურებელი ცნობა.

6. განაცხადის გამოგზავნით სტაჟიორობის კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს; ამასთანავე, აცხადებს თანხმობას სტაჟიორის შერჩევის მიზნით, განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დამუშავების, ასევე, ამავე კონკურსის ფარგლებში კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიების/გადამოწმების თაობაზე.

7. სტაჟიორობის კანდიდატი უფლებამოსილია, განაცხადში შეიტანოს ცვლილება ადმინისტრაციის მიერ განაცხადების წარდგენისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.

8. სტაჟიორობის კანდიდატი ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენისას უთითებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ სტრუქტურულ ერთეულს/თანამდებობის პირს, სადაც/რომელთანაც სურს სტაჟირების გავლა. ამასთანავე, მას უფლება აქვს, კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი წარადგინოს სტაჟირების მხოლოდ ერთ სტრუქტურულ ერთეულში/თანამდებობის პირთან გასავლელად.

9. სტაჟიორობის კანდიდატის კვალიფიკაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზედაც სწავლობს, უნდა შეესატყვისებოდეს ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/თანამდებობის პირის საქმიანობის მიმართულებას.

მუხლი ​6. სტაჟიორად მიღების წინაპირობები

1. ადმინისტრაციაში სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იცის სახელმწიფო ენა;

ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), მეორე ან მესამე საფეხურზე, ან პროფესიული განათლების (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) საფეხურზე, ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი ან პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხური.

2. პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:

ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის;

ბ) საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის გათავისუფლებიდან ერთი წელი არ გასულა;

გ) სტაჟიორად მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას;

დ) სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება.

მუხლი 7. სტაჟირების კომისია

1. ადმინისტრაციაში სტაჟიორობის კანდიდატთა შეფასებისა და სტაჟიორთა შერჩევის მიზნით იქმნება სტაჟირების კომისია (შემდეგში – კომისია). კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარისა და წევრებისაგან.

2. კომისიის თავმჯდომარეა ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. კომისიის შემადგენლობაში შედიან: იმ სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი/თანამდებობის პირი, რომელშიც/რომელთანაც გამოცხადებულია კონკურსი, ასევე კომისიის სხვა წევრები. კომისიის შემადგენლობას ბრძანებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის იმავე ბრძანებით კომისიის წევრთა შორის განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას, აგრეთვე კომისიის მდივანი.

3. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კონკურსთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას, საჭირო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალების მომზადებას.

4. კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა უმრავლესობა.

5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით. ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.

მუხლი 8. კონკურსის ეტაპები, ჩატარების ფორმა და პირობები

1. კონკურსის ეტაპებია:

ა) სტაჟიორობის კანდიდატის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ბ) სტაჟიორობის კანდიდატის შეფასება მასთან გასაუბრების გზით;

გ) კონკურსის შედეგების შეტყობინება.

2. კონკურსის ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია.

3. კონკურსის პირველ ეტაპზე დგინდება სტაჟიორობის კანდიდატის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადის (დოკუმენტაციასთან ერთად) ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

4. კომისია სტაჟიორობის კანდიდატთან გასაუბრების შედეგად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) სტაჟიორობის კანდიდატის სტაჟიორად მიღების შესახებ;

ბ) სტაჟიორობის კანდიდატის სტაჟიორად მიღებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ.

5. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, კომისიის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სტაჟიორობის კანდიდატს აცნობებს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ არაუგვიანეს 7 დღის ვადაში.

6. სტაჟიორობის კანდიდატმა, სტაჟიორად მიღების შემთხვევაში, ადმინისტრაციაში უნდა წარადგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაცია.

7. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სტაჟიორობის კანდიდატი ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში/თანამდებობის პირთან სტაჟიორად მიიღება ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებით და სტაჟიორთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იდება სტაჟირების ხელშეკრულება (შემდეგში − ხელშეკრულება).

8. ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის შემთხვევაში, შესაძლებელია სტაჟიორმა სტაჟირების გავლა ადმინისტრაციის სხვა სტრუქტურულ ერთეულში განაგრძოს. სტაჟიორს უფლება აქვს უარი განაცხადოს სტაჟირების გავლის ადმინისტრაციის სხვა სტრუქტურულ ერთეულში გაგრძელებაზე.

თავი III. სტაჟირების ვადა და სამუშაო განრიგი

 მუხლი 9. სტაჟირების ვადა

1. პირის მიერ ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 და არაუმეტეს 12 თვით, რაც მას ხელს არ უშლის, შესაბამისი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გახდეს სხვა საჯარო დაწესებულების სტაჟიორი.

2. სტაჟიორს უფლება აქვს ადმინისტრაციაში სტაჟირება გაიაროს რამდენჯერმე, მათ შორის, ადმინისტრაციის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში, თუმცა სტაჟირების გავლის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

3. სტაჟირების ვადა ითვლება საჯარო სამსახურის სტაჟში.

მუხლი 10. სტაჟიორის სამუშაო განრიგი

1. სტაჟიორის სამუშაო კვირის ხანგრძლივობაა 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. სამუშაო დრო იწყება 10:00 საათზე და სრულდება 19:00 საათზე. შესვენების დროა 13:00 საათიდან 14:00 საათამდე.

2. იმ სტაჟიორისათვის, რომელიც უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების ერთ-ერთ საფეხურზე სწავლობს, შეიძლება დადგინდეს მის სასწავლო გრაფიკთან ადაპტირებული სამუშაო განრიგი.

თავი IV. სტაჟიორთა შეფასება

მუხლი 11. სტაჟიორთა შეფასების პროცედურა

1. სტაჟიორთა შეფასების კრიტერიუმები, შეფასების პერიოდულობა და სტაჟიორთა შეფასების ფორმა განისაზღვრება ამ წესის N1 (საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟიორთა შეფასების კრიტერიუმები და შეფასების პერიოდულობა) და N2 (სტაჟიორთა შეფასების ფორმა) დანართების შესაბამისად.

2. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, სტაჟიორის თანხმობით, ადმინისტრაციის უფროსის მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება იმავე ან სხვა სტრუქტურულ ერთეულში/თანამდებობის პირთან სტაჟირების გაგრძელების თაობაზე.

თავი V. სტაჟიორისა და ადმინისტრაციის

უფლება-მოვალეობები

მუხლი 12. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები

1. სტაჟირების გავლის პერიოდში სტაჟიორს უფლება აქვს უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით:

ა) გაეცნოს ადმინისტრაციისა და მისი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სათანადო საკითხებზე გადაწყვეტილებების მომზადებაში;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, ელექტრონული და სხვა საშუალებებით;

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

2. სტაჟიორი ვალდებულია:

ა) განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალება, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;

ბ) იხელმძღვანელოს ადმინისტრაციისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით;

გ) მონაწილეობა მიიღოს ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობაში სტაჟირების სპეციფიკის გათვალისწინებით;

დ) შეასრულოს ამ წესით დადგენილი მოთხოვნები, დაიცვას ადმინისტრაციის შინაგანაწესი, ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და სხვა აქტები, რომლებიც, მათი შინაარსისა და სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით, სტაჟიორზე სრულად ან ნაწილობრივ ვრცელდება.

3. სტაჟიორს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციაში მის საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და მის მიმართ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. სტაჟიორის შრომის ანაზღაურება, უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სტაჟიორთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულებით.

მუხლი 13. ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობები

1. ადმინისტრაცია სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.

2. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ხელს უწყობს სტაჟიორს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. აძლევს დავალებებს, აფასებს მის მიერ შესრულებულ დავალებებს და უზრუნველყოფს შესაბამის უკუკავშირს.

3. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი სტაჟიორს უზრუნველყოფს მიცემული დავალებების შესასრულებლად აუცილებელი, შესაბამისი თემატიკის სასწავლო მასალით.

4. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი საჭიროების შემთხვევაში ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს აწვდის ინფორმაციას სტაჟიორის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზების შესახებ.

5. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს მას შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.

6. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელმა არ უნდა დაუშვას სტაჟიორის ჩაბმა ისეთ სამუშაო პროცესში, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სტაჟიორის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

7. დაკისრებული ვალდებულებების სტაჟიორის მიერ სისტემატურად შეუსრულებლობის შემთხვევაში, სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია, დასვას საკითხი სტაჟირების შეწყვეტის თაობაზე.

8. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი აფასებს სტაჟიორს ამ წესის N1 და N2 დანართების შესაბამისად.

9. სტაჟირების მიმდინარეობის საერთო კოორდინაციას ახორციელებს ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

10. სტაჟირების დასრულების შემდეგ პირს ეძლევა ცნობა ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის შესახებ.

თავი VI. სტაჟიორის მივლინება

მუხლი 14. სტაჟიორის მივლინება და მისი ანაზღაურების წესი

1. ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სტაჟიორი სამუშაოს შესასრულებლად გაგზავნილ იქნეს მივლინებით.

2. სტაჟიორს აუნაზღაურდება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები. სტაჟიორს მივლინების პერიოდში უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება.

3. სტაჟიორის მივლინებით გაგზავნის წესი, მისი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობა და პირობები, აგრეთვე მასთან დაკავშირებული სხვა სოციალური გარანტიები, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

თავი VII. სტაჟირების შეწყვეტა

მუხლი 15. სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლები

1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:

ა) სტაჟიორის პირადი განცხადება;

ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა;

გ) ადმინისტრაციის რეორგანიზაცია ან ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაცია;

დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით სტაჟიორის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ვ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ზ) სტაჟიორის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

თ) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა;

ი) სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა;

კ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დადასტურება, გარდა სტაჟიორის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებისათვის თავის არიდება;

ლ) გარდაცვალება;

მ) ხელშეკრულების მხარეთა წერილობითი შეთანხმება.

2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრაციის უფროსი.

დანართი №1

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟიორთა შეფასების კრიტერიუმები და შეფასების პერიოდულობა

1. ადმინისტრაციაში სტაჟიორთა შეფასება ხორციელდება კანონიერების, სამართლიანობის, ობიექტურობის, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობის, ნდობის, საჯარო დაწესებულებისა და სტაჟიორის ინტერესთა თანაზომიერების პრინციპების დაცვით, სტაჟიორსა და ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.

2. სტაჟიორთა შეფასების პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

3. სტაჟირების ვადის დასრულებისას სტაჟიორის შეფასება სავალდებულოა. სტაჟიორის შეფასება შესაძლებელია სტაჟირების პერიოდში, სტაჟირების დაწყებიდან არანაკლებ სამი თვის გასვლის შემდეგ.

4. სტაჟიორს ამ წესის N2 დანართით განსაზღვრული ფორმით (შემდეგში − შეფასების ფორმა) აფასებს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი და შეფასების ფორმას წარუდგენს ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს.

5. სტაჟიორის შეფასების მიზნით, შეფასების ფორმაში მიეთითება ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალებები (ფუნქციები) და მათ შესასრულებლად საჭირო კომპეტენციები.

6. სტაჟიორი შეფასების ფორმაში მითითებული კომპონენტების მიხედვით ფასდება 1-დან 3-მდე ქულით, აქედან:

ა) 3 ქულა არის საუკეთესო შეფასება − მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, სტაჟიორი მკვეთრად გამოირჩევა მიღწეული შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევების ათვისებით;

ბ) 2 ქულა არის კარგი შეფასება − მოვალეობა ან/და სამუშაო კარგად შესრულდა, სტაჟიორი გამოირჩევა მიღწეული შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევების ათვისებით;

გ) 1 ქულა არის არადამაკმაყოფილებელი შეფასება − მოვალეობა არ შესრულდა, სტაჟიორი ვერ აღწევს შედეგებს ან/და არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევების ათვისებით.

7. სტაჟიორის შეფასების საბოლოო ქულა მიიღება შეფასების ფორმით გათვალისწინებული კომპონენტების მიხედვით შეფასების ქულათა საშუალო არითმეტიკულის გამოთვლით. მიღებული ქულები დამრგვალდება (0.5-ზე ნაკლები − ქვედა მთელ რიცხვამდე, ხოლო 0.5 და მასზე მეტი − ზედა მთელ რიცხვამდე).

8. სტაჟიორთა შეფასების ფორმას ხელს აწერენ სტაჟიორი და სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი.

9. შეფასების ფორმა ინახება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში.

დანართი №2

სტაჟიორთა შეფასების ფორმა

სტაჟიორის სახელი, გვარი:  
სტრუქტურული ერთეული, რომელშიც გაიარა სტაჟირება/თანამდებობის პირი, რომელთანაც გაიარა სტაჟირება:  
უშუალო ხელმძღვანელი (სახელი, გვარი, თანამდებობა):  
შეფასების პერიოდი:  
1 სტაჟიორის დავალებები (ფუნქციები) ქულა
1
2
3
4
5
2 კომპეტენციები
1 შედეგზე ორიენტაცია
2 წესებისა და პროცედურების დაცვა
3 ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და ანალიზი
4 ეფექტიანი კომუნიკაცია
5 დეტალებზე ორიენტირების უნარი
საშუალო ქულა:
საბოლოო ქულა:
სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის კომენტარი:  
სტაჟიორის კომენტარი:
სტაჟიორის ხელმოწერა:
თარიღი:  
უშუალო ხელმძღვანელის ხელმოწერა:  
თარიღი: