საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემაში დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის მინისტრი
ნომერი №05/37
სარეგისტრაციო კოდი 450010000.22.088.016105 4
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 20/01/2026
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.01.2026 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დისციპლინური წარმოების წესი მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემაში დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურის მინისტრის
ბრძანება №05/37
2026 წლის 16 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემაში დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „ჭ“ ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემაში დისციპლინური წარმოების წესი თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაწყებული დისციპლინური წარმოება დასრულდეს იმ წესის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც დაიწყო ეს წარმოება და მასზე არ გავრცელდეს ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მოთხოვნები.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმაკა გურგენიძე
საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემაში დისციპლინური წარმოების წესი
მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო
1. საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დისციპლინური წარმოების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირებში დასაქმებული პირების (მათ შორის, ხელმძღვანელი პირების) დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, დისციპლინური გადაცდომის სახეებსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, დისციპლინური წარმოების წესსა და პირობებს, დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. ეს წესი გამოიყენება სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირში (შემდგომ – დაწესებულება) დასაქმებული იმ პირის მიმართ, რომელზეც არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ან/და სხვა სპეციალური კანონი.
3. დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე, რომელზეც ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ან/და სხვა სპეციალური კანონი, დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებით მოქმედებს შესაბამისი კანონით დადგენილი წესები.
მუხლი 2🔗. მიზანი და პრინციპები
1. ამ წესის მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და ეფექტურად გამოვლენა, დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა და სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას გამოვლენილი დარღვევების პრევენცია.
2. დისციპლინური წარმოება ემყარება კანონიერების პრინციპს.
3. პირს არ შეიძლება განმეორებით დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ერთი და იმავე დისციპლინური გადაცდომისათვის.
4. დისციპლინური წარმოება უნდა ჩატარდეს მიუკერძოებლად და ობიექტურად. პირი არ შეიძლება მონაწილეობდეს დისციპლინურ წარმოებაში, თუ მას აქვს პირადი ინტერესი ან/და თუ არსებობს სხვა რაიმე გარემოება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქმის გადაწყვეტაზე.
5. დისციპლინური წარმოება უნდა მიმდინარეობდეს კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით, აგრეთვე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
6. პირი არ ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირად მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
7. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების მიუხედავად, დაწესებულებაში დასაქმებული პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაუროს ის მატერიალური ზიანი, რომელიც დისციპლინური გადაცდომის შედეგად მიადგა დაწესებულებას ან/და სამინისტროს.
მუხლი 3🔗. დისციპლინური გადაცდომები
1. დაწესებულებაში დასაქმებული პირის დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა:
ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
ბ) სამინისტროსათვის ან/და დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა;
გ) საქართველოს კულტურის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) მიერ დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ;
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების დარღვევა.
2. დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი.
3. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ:
ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;
ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვნად შეეშალა ხელი სამინისტროს ან/და დაწესებულების საქმიანობას;
გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა სამინისტროს ან/და დაწესებულების რეპუტაციას;
დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგა სამინისტროს ან/და დაწესებულებას;
ე) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა სამინისტროს ან/და დაწესებულებაში დასაქმებულ სხვა პირს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს;
ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა;
ზ) პირმა არ შეასრულა ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, მითითება ან დავალება.
4. გადაცდომა, რომელიც არ წარმოადგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, ითვლება მსუბუქ დისციპლინურ გადაცდომად.
მუხლი 4🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დაწესებულებაში დასაქმებულ პირს შეიძლება დაეკისროს შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) შრომის ანაზღაურების 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
დ) თანამდებობიდან გათავისუფლება/შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
2. თანამდებობიდან გათავისუფლება/შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.
3. დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ ჩადენილი ერთი და იმავე გადაცდომისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების განმავლობაში დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ ახალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მას შესაძლებელია დაეკისროს ბოლოს შეფარდებულ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომაზე უფრო მძიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
მუხლი 5🔗. დისციპლინური წარმოების დაწყება
1. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია:
ა) სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობა;
ბ) სამინისტროს სისტემაში განხორციელებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის ან/და მონიტორინგის შედეგები;
გ) ზეპირი ან წერილობითი ფორმით მიღებული განცხადება, წერილი, საჩივარი, ცხელი ხაზიდან შემოსული შეტყობინება, სხვა დოკუმენტი ან ნებისმიერი სახით მიღებული ინფორმაცია ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც ქმნის დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ვარაუდის საფუძველს;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას, დისციპლინური წარმოების დაწყების უფლებამოსილება აქვს მინისტრს ან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას, მინისტრი უფლებამოსილია დაიწყოს დისციპლინური წარმოება სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) უფროსის მიმართვის საფუძველზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მინისტრი გამოსცემს ბრძანებას დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე. ბრძანებაში აღინიშნება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა (თუ გამოვლენილია აღნიშნული პირი), დისციპლინური წარმოების ვადა და გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინური წარმოების დაწყებას.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას, დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია დაიწყოს დისციპლინური წარმოება ამ მუხლის მე-6–მე-8 პუნქტების შესაბამისად.
6. დაწესებულების ხელმძღვანელმა დისციპლინური წარმოების დაწყებამდე წერილობით უნდა მიმართოს დეპარტამენტს და წარუდგინოს დეტალური ინფორმაცია/დოკუმენტაცია იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც შესაძლებელია გახდეს დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას განიხილავს დეპარტამენტი. დეპარტამენტის უფროსი უფლებამოსილია წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე მიმართოს მინისტრს დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, დისციპლინური წარმოება დაიწყება ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით.
8. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების მიმართვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში დეპარტამენტის უფროსის მიერ არ ეცნობა დაწესებულების ხელმძღვანელს დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე, დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია თავად გამოსცეს ბრძანება დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
9. თუ დაწესებულებას არ ჰყავს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული/პირი ან ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე შეუძლებელია დამოუკიდებელი კომისიის შექმნა, დისციპლინური წარმოება დაიწყება ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაწესებულების მიერ სამინისტროსთვის მიმართვის საფუძველზე.
10. დისციპლინური წარმოება იწყება დისციპლინური გადაცდომის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან არ არის გასული 3 წელი.
11. დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებული მასალები და ინფორმაცია კონფიდენციალურია.
მუხლი 6🔗. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული
1. დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე დისციპლინურ წარმოებას ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ერთეულს წარმოადგენს:
ა) ამ წესის მე-5 მუხლის მე-4, მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს დეპარტამენტის შიდა მონიტორინგის სამმართველო;
ბ) ამ წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი დაწესებულების სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული/პირი ან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი კომისია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამოუკიდებელი კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური წარმოების პროცესში უფლებამოსილია:
ა) გამოითხოვოს, შეაგროვოს და შეისწავლოს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანებაში აღნიშნული გარემოებებისა და მასთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
ბ) მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) დაწესებულებაში დასაქმებული ნებისმიერი პირისგან დისციპლინური წარმოებისთვის აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია (მათ შორის, ელექტრონული სამსახურებრივი მოწმობის წამკითხველებზე დაფიქსირებული მონაცემი, ასევე, ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი);
გ) მიიღოს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებები;
დ) მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადასტუროს დისციპლინური გადაცდომის არსებობა ან არარსებობა;
ე) განსაზღვროს დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა;
ვ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას დაუბრკოლებლად შევიდეს დაწესებულების სარგებლობაში არსებულ შენობა-ნაგებობებში და დაათვალიეროს იქ არსებული სივრცე;
ზ) დაწესებულებაში დასაქმებული პირების ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მოპოვებული მასალები დადგენილი წესით გაუგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს;
თ) განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად უზრუნველყოს დისციპლინურ წარმოებაში მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობა, აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით;
ი) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
4. დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირისთვის დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის კანონიერი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად. აღნიშნულის შეუსრულებლობა შესაძლებელია გახდეს პირის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი.
5. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული ვალდებულია:
ა) დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს მას დისციპლინური წარმოების წესი;
ბ) დისციპლინურ წარმოებაში ჩართოს ის პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის შესახებ და შეუძლია წერილობით ან ზეპირად წარადგინოს ახსნა-განმარტება (მოწმე), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ახსნა-განმარტების წარდგენა ეწინააღმდეგება მოწმის ან მისი ოჯახის წევრის ინტერესებს;
გ) დისციპლინური წარმოება ჩაატაროს ამ წესის შესაბამისად დადგენილ ვადებში;
დ) შეასრულოს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
6. დისციპლინური წარმოებისას ახსნა-განმარტების წერილობით ჩამორთმევა დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩამდენი პირისთვის სავალდებულოა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული შეუძლებელია ობიექტური მიზეზების გამო.
7. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, ამ წესითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 7🔗. დისციპლინური წარმოება
1. დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს დისციპლინური წარმოების დაწყებიდან ან პირის იდენტიფიცირებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეტყობინებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს დისციპლინური წარმოების განხორციელების ინტერესებს.
2. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს განუსაზღვრავს წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე ნაკლები.
3. თუ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიერ წარდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება არასრულია ან დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენაა აუცილებელი, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული მას დაუყოვნებლივ აცნობებს აღნიშნულის თაობაზე და განუსაზღვრავს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
4. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული უფლებამოსილია დისციპლინური წარმოებისას მიმართოს მინისტრს/შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის სამსახურიდან ჩამოშორებასთან დაკავშირებით. მინისტრი/შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის სამსახურიდან ჩამოშორებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში სამსახურიდან ჩამოშორებულ პირს უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება.
5. დისციპლინური წარმოების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს.
6. თუ დისციპლინური გადაცდომისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია 1 თვეზე მეტი ვადა, მინისტრი/დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დისციპლინური წარმოების ვადის დამატებით არაუმეტეს 2 თვით გაგრძელების თაობაზე.
მუხლი 8🔗. დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის უფლებები და ვალდებულებები
1. დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს უფლება აქვს:
ა) ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით;
ბ) მოითხოვოს დისციპლინური წარმოების საქმის მასალების გაცნობა;
გ) წარადგინოს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტება;
დ) წარადგინოს მტკიცებულება;
ე) წარადგინოს წერილობითი მოსაზრება დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნასთან დაკავშირებით;
ვ) გამოითხოვოს და გაეცნოს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის მიერ შედგენილ დასკვნას;
ზ) გაასაჩივროს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი ვალდებულია:
ა) მოთხოვნის შემთხვევაში გამოცხადდეს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ერთეულში და წარადგინოს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტება;
ბ) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ერთეულს მიაწოდოს მის ხელთ არსებული სრული, სწორი და ამომწურავი ინფორმაცია;
გ) არ შეუშალოს ხელი დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ერთეულს მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაში.
მუხლი 9🔗. დისციპლინური წარმოების შესახებ დასკვნა
1. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად ადგენს დასკვნას:
ა) დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესახებ;
ბ) დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში უნდა აღინიშნოს:
ა) დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის სახელი და გვარი, დაკავებული თანამდებობა/პოზიცია;
ბ) დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი;
გ) დისციპლინური წარმოების პერიოდში განხორციელებული ღონისძიებები;
დ) სამსახურებრივი ფუნქციები და მოვალეობები, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები, რომლებიც არ შეასრულა/დაარღვია დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენმა პირმა;
ე) დისციპლინური გადაცდომის აღწერა, ჩადენის დრო და ადგილი;
ვ) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის მიერ დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით მოპოვებული სხვა ინფორმაცია;
ზ) პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის კონკრეტული პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების ან შეფარდების შეუძლებლობის შესაბამისი დასაბუთება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში უნდა აღინიშნოს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის მიერ მოპოვებული ინფორმაცია და დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესაბამისი დასაბუთება.
მუხლი 10🔗. დისციპლინური წარმოების შედეგები
1. ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა წარედგინება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს – მინისტრს ან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს.
2. მინისტრი/შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი დასკვნის საფუძველზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე;
ბ) მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – დაწესებულებაში დასაქმებული პირის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე;
გ) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისთვის დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე.
3. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის მიერ დასკვნის განმეორებით წარდგენის შემთხვევაში მინისტრი/შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.
5. თუ დისციპლინურ წარმოებას ატარებს სამინისტროს დეპარტამენტის შიდა მონიტორინგის სამმართველო, დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება არ აქვს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებასთან დაკავშირებით მიიღოს დასკვნაში მითითებულისგან განსხვავებული გადაწყვეტილება ან დასაბუთებული შენიშვნებით დააბრუნოს დასკვნა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დასკვნით გათვალისწინებული შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე.
6. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით;
ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე;
გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა;
დ) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი;
ე) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა;
ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი;
ზ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე.
7. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ბრძანების ასლი ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს, დაწესებულების ხელმძღვანელსა და ინახება დაწესებულებაში დასაქმებული პირის პირად საქმეში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. დისციპლინური წარმოებისას მიღებული ყველა დოკუმენტი, შესაბამის დასკვნასთან ერთად, ინახება დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ერთეულში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. თუ დისციპლინური წარმოების შედეგად არ დადასტურდა დისციპლინური გადაცდომის არსებობა, მინისტრი/შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით წყვეტს დისციპლინურ წარმოებას.
მუხლი 11🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნა
1. ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი უფლებამოსილია, მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ მას არ ჩაუდენია ახალი დისციპლინური გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა.
2. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის თაობაზე გამოიცემა ბრძანება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება ინახება დაწესებულებაში დასაქმებული პირის პირად საქმეში და ეგზავნება შესაბამის თანამშრომელს.
მუხლი 12🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადა
1. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდი:
ა) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მოქმედებს მისი შეფარდების დღიდან 1 წლის განმავლობაში;
ბ) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მოქმედებს მისი შეფარდების დღიდან 1-დან 6 თვის განმავლობაში.
2. პირი დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ ითვლება, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებიდან გასულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ვადა და მას ახალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ შეეფარდა.
მუხლი 13🔗. დისციპლინური წარმოების შეჩერება და შეწყვეტა
1. მინისტრის/შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, დისციპლინური წარმოება შეიძლება შეჩერდეს იმ გარემოებების აღმოფხვრამდე, რომელთა გარეშე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება, მაგრამ არაუმეტეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 3 წლისა. ასევე, დისციპლინური წარმოება ჩერდება, თუ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიმართ იმავე ქმედების გამო დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური წარმოების დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრისთანავე დისციპლინური წარმოება გაგრძელდება.
3. სასამართლოს მიერ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ გამორიცხავს დისციპლინური გადაცდომის ფაქტის არსებობის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესაძლებლობას.
4. სასამართლოს მიერ შესაბამისი გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა გამორიცხავს დისციპლინური გადაცდომის ფაქტის არსებობის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესაძლებლობას.
5. დისციპლინური წარმოება წყდება, თუ აღარ არსებობს დისციპლინური წარმოების ობიექტური საფუძველი, რის შესახებაც მინისტრის/შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.