1. ყოველ დილას ახალი სამორიგეო ცვლა დაწესებულებაში ცხადდება მოწესრიგებული, ფორმის ტანსაცმლით (უნიფორმით). სამორიგეო ცვლის წარმომადგენლები ესწრებიან საგუშაგოებზე განაწილების თაობაზე ახალი ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით ჩატარებულ შეკრებას. ოპერატიული მორიგე ეცნობა დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, სამორიგეო ცვლის წარმომადგენლებს ოპერატიული მორიგე უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს.
2. ახალი ოპერატიული მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე ცხადდებიან შეკრების დაწყებამდე 30 წუთით ადრე და წინა ოპერატიული მორიგისა და მისი თანაშემწისგან ეცნობიან დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, ამასთანავე, ამოწმებენ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ სამორიგეო გრაფიკს.
3. სამორიგეო ცვლას განაწილებისთვის ამზადებს ოპერატიული მორიგის თანაშემწე, რომელიც უზრუნველყოფს სამორიგეო ცვლის მოწყობას.
4. ოპერატიული მორიგის თანაშემწე კორპუსის ოფიცრებთან ერთად, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული სამორიგეო გრაფიკის მიხედვით, ამოწმებს სამორიგეო ცვლის შემადგენლობის სამსახურში გამოცხადებას, მათ ვიზუალურ მხარეს, ფორმის ტანსაცმელს (უნიფორმას) და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის მზადყოფნას.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომზადების პროცესის დასრულების შემდეგ ოპერატიული მორიგის თანაშემწე მოახსენებს ოპერატიულ მორიგეს ახალი სამორიგეო ცვლის განაწილებისთვის მზადყოფნის შესახებ და იმ მოსამსახურეთა თაობაზე, რომლებიც არ გამოცხადდნენ ცვლაში.
6. ოპერატიული მორიგე, სამართლებრივი რეჟიმის სფეროს კურატორთან კოორდინაციით, ანაწილებს მოსამსახურეებს საგუშაგოებზე, კორპუსის ოფიცრებს გადასცემს საგუშაგო უწყისებს და განაწილებას დასრულებულად აცხადებს.
7. მოსამსახურის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ოპერატიული მორიგე უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას დაწესებულების სარეზერვო ჯგუფიდან ან ავალებს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების განყოფილების შესაბამის მოსამსახურეს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების შესრულებას.
8. განაწილების დასრულების შემდეგ სამორიგეო ცვლა განლაგდება შესაბამის საგუშაგოზე და დღის განრიგით გათვალისწინებული დროის შესაბამისად იწყებს დილის შემოწმებას წინა სამორიგეო ცვლასთან (გრაფიკის მიხედვით) ერთად.
9. საგუშაგოების მიღება-ჩაბარების დროს და მის დაწყებამდე 30 წუთით ადრე წყდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოველგვარი გადაადგილება, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა.
10. დილის შემოწმება ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით ხორციელდება წინა და ახალი ცვლის კორპუსის ოფიცრების, მთავარი ინსპექტორების, უფროსი ინსპექტორებისა და ინსპექტორ-კონტროლიორების მიერ.
11. პირველ რიგში, ხორციელდება დაწესებულების სივრცეების შემოწმება-გადაბარება, შემოწმებაში მონაწილეობენ წინა და ახალი ცვლის კორპუსის ოფიცრები, მთავარი ინსპექტორები, უფროსი ინსპექტორები და ინსპექტორ-კონტროლიორები. შემოწმებისას წინა ცვლის ერთ-ერთი ინსპექტორ-კონტროლიორი განაგრძობს საგუშაგოზე საქმიანობას.
12. სივრცეების შემოწმება ხორციელდება შემდეგნაირად:
ა) მოწმდება სივრცეზე განთავსებული ჰოლები, დერეფნები, განათება, ტელეფონები, საკომუნიკაციო შახტები, დერეფნისა და სახანძრო კიბეზე გამავალი კარები, კიბეების უჯრედების ცხაურები, ჰოლისა და დერეფნის ფანჯრები და ფანჯრის ცხაურები;
ბ) ამ მუხლის მე-11 პუნქტში მითითებული მოსამსახურეები:
ბ.ა) შედიან გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებენ სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;
ბ.ბ) შედიან სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებენ დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს.
13. საკომუნიკაციო შახტის კარი იღება მხოლოდ შემოწმების ან მომსახურების გაწევისთვის საჭირო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, აგრეთვე სანიტარიულ-ჰიგიენური სივრცეების (საშხაპეები, სამრეცხაო, საშრობი) კარები იღება მხოლოდ ექსპლუატაციის პერიოდში.
14. დაწესებულების სივრცეების შემოწმება-გადაბარების დასრულების შემდეგ წინა და ახალი სამორიგეო ცვლის მთავარი ინსპექტორები, უფროსი ინსპექტორები და ინსპექტორ-კონტროლიორები ერთობლივად ახორციელებენ სპეციალური საკნების და ბრალდებულების/მსჯავრდებულების შემოწმება-გადაბარებას, კერძოდ:
ა) საკნის კარის გაღებამდე წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი მოუწოდებს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს მოემზადონ შემოწმებისთვის;
ბ) წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი აღებს საკნის კარს, ბრალდებული/მსჯავრდებული გამოდის საკნიდან, სადაც შედიან წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები, უფროსი ინსპექტორები და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები, რომლებიც:
ბ.ა) ამოწმებენ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, მათ ვიზუალურ მდგომარეობას, კომპეტენციის ფარგლებში გამოჰკითხავენ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ახდენენ მათ გადათვლას, ეცნობიან მათ პრობლემებსა და საჭიროებებს, აფრთხილებენ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს დღის განრიგით გათვალისწინებული აქტივობების თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი ნივთების იდენტიფიცირებისთვის იყენებენ საკნის ბარათს ან/და კარტოთეკას;
ბ.ბ) ამოწმებენ სველი წერტილების მდგომარეობას, განათებას, კედლებს, ფანჯრებს და ფანჯრის გარე ცხაურებს, მაგიდას, სკამებს, საწოლებს, ტუმბოებს, იატაკს, ჭერს, განათებას, ელექტრო-ტექნიკას (არსებობის შემთხვევაში), სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას.
15. წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები, უფროსი ინსპექტორები, აგრეთვე წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები ამოწმებენ დაწესებულების ეზოს, კერძოდ: მოწმდება ეზოს ინვენტარი, ფანჩატურები, გრძელი სკამები, ტელეფონები ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კომუნიკაციისთვის, კორპუსის კედელზე გამავალი ხილული კომუნიკაციები, ეზოში სანიაღვრეები და ჭები, ეზოს კარი, ეზოს გამწვანება, ეზოს სარწყავი სისტემები, შადრევნები, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმები.
16. შემოწმების შედეგები აისახება შესაბამისად, საგუშაგო უწყისსა და სამორიგეო ჟურნალში. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ დებულების დარღვევა ან სხვა ხარვეზი/დაზიანება, ამის თაობაზე დგება ოქმი და შესაბამისი რეაგირებისთვის წარედგინება სამართლებრივი რეჟიმის სფეროს კურატორსა და ოპერატიულ მორიგეს.
17. საკნიდან გამოსვლის შემდეგ წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი კეტავს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს საკანში.
18. საკნების და ბრალდებულების/მსჯავრდებულების შემოწმების დასრულების შემდეგ ხდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობის შედარება წინა ცვლის საგუშაგო უწყისში აღნიშნულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობასთან.
19. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკანში არყოფნის შემთხვევაში, მოწმდება მისი არყოფნის მიზეზები და აისახება საგუშაგო უწყისსა და სამორიგეო ჟურნალში. წინა სამორიგეო ცვლის ოპერატიული მორიგე ახალი სამორიგეო ცვლის ოპერატიულ მორიგეს გადასცემს პროკურორთან, გამომძიებელთან, ადვოკატთან, თარჯიმანთან, პაემანზე, სასამართლო პროცესზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოძახებაზე მოთხოვნის ბარათებს.
20. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკანში არყოფნის მიზეზების გაურკვევლობისას ტარდება ხელახალი შემოწმება. აღნიშნული და სხვა ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება სამართლებრივი რეჟიმის სფეროს კურატორსა და ოპერატიულ მორიგეს.
21. ახალი ცვლის ოპერატიული მორიგე კორპუსის ოფიცერთან ერთად წინა ცვლის ოპერატიული მორიგისგან და კორპუსის ოფიცრისგან იბარებს საკნის ბარათებს, საკომუნიკაციო საშუალებებს, საკნის და დაწესებულების სივრცეების გასაღებებს და მასზე განპიროვნებულ სხვა ნივთებს, ამ მომენტიდან სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება.
22. საგუშაგოს მიღება-გადაბარების თაობაზე წინა და ახალი ცვლის კორპუსის ოფიცრები და მთავარი ინსპექტორები ხელს აწერენ სამორიგეო ჟურნალში, ხოლო წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები – წინა ცვლის საგუშაგო უწყისში. მიღება-გადაბარების შედეგების შესახებ ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორი და კორპუსის ოფიცერი მოახსენებს ოპერატიულ მორიგეს, რომელიც თავის მხრივ მოახსენებს დაწესებულების დირექტორს ან/და სამართლებრივი რეჟიმის სფეროს კურატორს, აგრეთვე აცნობებს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს შტაბს (სამმართველოს).
23. წინა ცვლის კორპუსის ოფიცრები, მთავარი ინსპექტორები, უფროსი ინსპექტორები, ინსპექტორ-კონტროლიორები და ახალი ცვლის კორპუსის ოფიცრები, მთავარი ინსპექტორები, უფროსი ინსპექტორები და ინსპექტორ-კონტროლიორები იკრიბებიან დაქვემდებარების მიხედვით შესაბამის განყოფილების უფროსებთან და მოახსენებენ გადაბარების შედეგების შესახებ. წინა სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები მოახსენებენ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ვითარების, პრობლემების და საქმიანობის შედეგების თაობაზე.
24. მიღებული ინფორმაციისა და ვითარების გათვალისწინებით, შესაბამისი განყოფილების უფროსი, მოსამსახურეებს უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს.
25. შესაბამისი განყოფილების უფროსი წინა სამორიგეო ცვლას ათავისუფლებს მორიგეობიდან, რის შემდეგ წინა სამორიგეო ცვლა თავის საგუშაგო უწყისს აბარებს ოპერატიულ მორიგეს.
26. წინა სამორიგეო ცვლის გათავისუფლების შემდეგ განყოფილების უფროსები ახორციელებენ სამოქმედო ტერიტორიის შემოვლა/დათვალიერებას და საჭიროების შემთხვევაში მთავარ ინსპექტორებს, უფროს ინსპექტორებსა და ინსპექტორ-კონტროლიორებს აძლევენ მითითებებს/დავალებებ